მედეა – მეხსიერების ფრაგმენტები: თამარ კვესიტაძის ახალი ექსპოზიცია ვენეციაში
ავტორი: ანი თენიეშვილი
თამარ კვესიტაძის ,,მედეა-მეხსიერების ფრაგმენტები” ვენეციაში წარმოდგენილია ეკა ენუქიძისა და ერვე მიქაელოფის მიერ.
გამოფენა მხარდაჭერილია Kornfeld Gallery Berlin-ის, Atelier Visconti-ისა და David Bezhuashvili Education Foundation-ის მიერ. ნამუშევარი პალაცო ბრაგადინისთვის შეიქმნა.
ვენეციის პალაცო ბრაგადინი (Palazzo Bragadin) ქართველი ხელოვანის, თამარ კვესიტაძის ახალ პროექტს – „Medea: Fragments of Memory“ მასპინძლობს. გამოფენა, რომელიც 9 მაისიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება, სპეციალურად ამ ისტორიული სივრცისთვის შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. კვესიტაძე, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე თავისი კინეტიკური და მონუმენტური სკულპტურებითაა ცნობილი, ამჯერად მედეას მითს მეხსიერების, დროისა და ტრანსფორმაციის ჭრილში იკვლევს.
პროექტის ჟღერადობაზე Soundwalk Collective-მა იზრუნა, რომელთა კომპოზიცია „Medea“ შავი ზღვის აუზში ჩაწერილი რადიოტალღებისა და ხმებისგან შედგება. ექსპოზიცია მაყურებელს სთავაზობს არა უბრალოდ მითოლოგიურ თხრობას, არამედ სენსორულ გამოცდილებას, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ერწყმის.
ინტერვიუ თამარ კვესიტაძესთან
- თქვენს ახალ გამოფენაში მედეა არა უბრალოდ პერსონაჟი, არამედ გარკვეული „მდგომარეობაა“. რას გულისხმობთ ამ მდგომარეობაში – ეს რაღაც პერსონალურია, რაც ყველა ადამიანში შეიძლება არსებობდეს, თუ უფრო გლობალური, კულტურული დისლოკაციის განცდა?
– ვფიქრობ, მედეა არის პერსონაჟი, რომელშიც უამრავი უკიდურესობა თანაარსებობს: უდიდესი სიყვარული და სიძულვილი, მაღალი ინტელექტი და ამავდროულად – ძალადობა. ეს არის ტრანსფორმაციის, გადასახლებისა და მიგრაციის განსახიერება. მედეა უპირისპირდება სისტემას, რომელმაც თავად შექმნა, და იწყებს მასთან ბრძოლას.
ჩვენს პროექტში არ გვინდოდა ამ საქციელის მორალური შეფასება, „კარგი“ იყო ის თუ „ცუდი“. ჩვენთვის საინტერესოა, რა ემართება ამ მითს დროსთან მიმართებაში – როგორ ჩნდება იგი, როგორ გადის სხვადასხვა შრეებს და რამდენად განსხვავებულ, ხშირად გამომრიცხავ ინტერპრეტაციებს იძენს საუკუნეების განმავლობაში. ეს არის კოლექტიური მეხსიერების ნაწილი, რომელიც დროს უძლებს.
- გამოფენის სათაურშივე ფიგურირებს „ფრაგმენტაცია“. მედეას მითი თავისთავად მოიცავს მსხვრევის, დანაწევრებისა და დანაკარგის ტრაგიკულ ხაზს. რა როლს თამაშობს ფრაგმენტულობა თქვენს ნამუშევრებში?
– ფრაგმენტაცია და მსხვრევა ჩვენს ქაღალდის პანოებში დიდი დოზითაა გამოყენებული. ასევე, ამ თემას პასუხობს „ფრენელის ლინზები“, რომლებიც ერთგვარი პარალელია იმისა, თუ როგორ ინახავს ჩვენი მეხსიერება წარსულს. ჩვენ არასდროს გვახსოვს წარსული მთლიანობაში – ის ყოველთვის ფრაგმენტებად, ცალკეულ ეპიზოდებად აღმოცენდება ჩვენს გონებაში. სწორედ ეს ნამსხვრევები ქმნის იმ კვალს, რაც საბოლოოდ რჩება.
ვენეცია, თავისი მე-15 საუკუნის პალაცოთი, საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა ამ თხრობისთვის. ეს არის ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დგას გაქრობის პირას. ამ ისტორიული ნივთებისა და არქიტექტურის ფონზე, დღევანდელი განცდების წარმოჩენა ხაზს უსვამს იმას, რომ ყველაფერი წარმავალია, თუმცა რაღაც არტეფაქტი ან კვალი კოლექტიურ მეხსიერებაში მაინც ყოველთვის რჩება.
- წარმავლობა და საგნის დაუსრულებელი ბუნება თან სდევს თქვენს შემოქმედებას. საინტერესოა პარალელი თქვენს ადრინდელ მასშტაბურ პროექტებთან, მაგალითად, ჩინეთში, ვუსიში შესრულებულ ბუდისტურ ქანდაკებასთან. როგორ უკავშირდება ერთმანეთს ეს სხვადასხვა გამოცდილება?
– ჩინეთის პროექტი, 18-მეტრიანი ქანდაკება „Sigh“, გრანდიოზული შრომის შედეგი იყო. მასზე ინჟინერთან და ჩემს მეგობართან, პაატა სანაიასთან ერთად ვიმუშავე, რომელთანაც უკვე 27წელია ვთანამშრომლობ. იქ სრულიად განსხვავებულ კულტურასთან მოგვიწია შეჯახება. ჩინელებმა ქანდაკების ირგვლივ ტბა გააკეთეს, დაამატეს ბევრი ფერი და მუსიკა, რაც თავიდან გვაშინებდა. თუმცა, მოგვიანებით მივხვდით, რომ ეს მათი კულტურული აღქმის ნაწილი იყო.
აქაც მივდივართ დროსა და გარემოსთან კავშირში – როგორ ცვლის დრო პროექტს, რა რჩება და რა იკარგება. თუ ჩინეთში მუსიკა თვითონ შეარჩიეს, რაც თავიდან არ მოგვწონდა, დროთა განმავლობაში მივხდით, რომ ზუსტად ი იყო შერჩეული, მათ აღიქვეს, როგორი მუსიკა სჭირდებოდა იქაურობას, ხოლო ვენეციაში Soundwalk Collective-ის მუსიკა ჩვენთვის წამყვანი თემა გახდა, რომელმაც რეალურად მედეამდე მიგვიყვანა. ყველა ჩემს ნამუშევარს, იქნება ეს ვუსიში თუ ვენეციაში, საერთო ლაიტმოტივი აქვს: ციკლური მოძრაობა, რომელიც იწყება, აღწევს კულმინაციას, ირევა და შემდეგ ისევ ლაგდება.
– ხშირად უბრუნდებით თუ არა ძველ იდეებს ან ჩანახატებს? არსებობს თუ არა თქვენთვის „დასრულებული“ ნამუშევარი?
– ვფიქრობ, ყველა ხელოვანს აქვს განცდა, რომ მთავარი ჯერ კიდევ წინ არის. რაც შეეხება წარსულთან დაბრუნებას, ადრე ჩვევად მქონდა – როცა ჩანახატი არ მომეწონებოდა, ვჭმუჭნიდი და ვაგდებდი, ხოლო როდესაც პაატა გავიცანი, ის ამ ფურცლებს მალულად აგროვებდა. წლების განმავლობაში ბევრი დაგროვდა, რასაც დროდადრო ვუბრუნდები და ბევრ საინტერესო რაღაცებს აღმოვაჩენ ხოლმე; არის შემთხვევები, როდესაც ვაახლებ ან ახალ ნამუშევრებს ვუკავშირებ. ესეც ერთგვარი დაბრუნებაა, თუმცა ხელოვანს ყოველთვის ახლის შექმნის სურვილი ამოძრავებს.
438 total views, 2 views today








