fbpx

გზამკვლევი თბილისის იბეროამერიკულ ლიტერატურულ ფესტივალზე


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

თბილისი 11-15 მაისს იბერო-ამერიკულ ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის დამფუძნებელი და კურატორია ცნობილი მთარგმნელი ლანა კალანდია, რომელმაც თანამედროვე ქართულ საზოგადოებას არაერთი მნიშვნელოვანი ესპანურენოვანი ავტორი გააცნო.

რამდენიმე დღის განმავლობაში ფესტივალი მწერლებს, მთარგმნელებს, გამომცემლებსა და მკითხველებს გააერთიანებს. ქართველ აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება შეხვდეს ცნობილ ავტორებს, უკეთ გაიცნოს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული კულტურა და დაესწროს მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს. თბილისს ვენესუელიდან, კუბიდან, პერუდან და ესპანეთიდან გამომცემლები, მწერლები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ეწვევიან, ხოლო დედაქალაქის სხვადასხვა სივრცე ხუთი დღის განმავლობაში ინტერკულტურული დიალოგის პლატფორმად გადაიქცევა. 

ფესტივალი 11 მაისს, 17:00 საათზე გაიხსნება გამოფენით – „იბერო-ამერიკული მწერლები ქართულად“. ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებელი არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს გაეცნობა.

ფესტივალის პროგრამა დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციებს, ავტორებთან შეხვედრებს, ახალი თარგმანების წარდგენასა და სხვადასხვა ისეთ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს, რომლებიც ესპანურენოვან სამყაროს კიდევ უფრო ახლოს გააცნობს ქართველ მკითხველს.  

 

ვინ ეწვევა თბილისს?

საქართველოს დედაქალაქს ლათინური ამერიკიდან, ესპანეთიდან და კუბიდან ცხრა სტუმარი ეწვევა: დავიდ ტოსკანა, ვალერი მაილსი, ხუან კარლოს მენდეს გედესი, როდოლფო ჰასლერი, აურელიო მახორი, ნიკოლას მელინი, ფერნანდო ვარა დე რეი, ხორხე ედუარადო ბენავიდესი, მარკოს გრანადოსი. 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ნობელის პრემიის ლაურეატი, პრადოს მუზეუმის კურატორი, ქართული პოეზიის ესპანელი მთარგმნელები, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ მოვლენად აქცევს. 

ახალი დღე – ახალი ლოკაცია

11-15 მაისის განმავლობაში ფესტივალი სხვადასხვა სივრცეში გაიმართება და  სტუმრებს ყოველდღე ახალი-ახალ შესანიშნავ გარემოს შესთავაზებს. 

  • 11 მაისი, ორშაბათი, – სტამბა, რუფტოპი
  • 12 მაისი, სამშაბათი – საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი (ზანდუკელის ქ. 16) 
  • 13 მაისი, ოთხშაბათი – სასტუმრო რუმსი
  • 14 მაისი, ხუთშაბათი – წინანდალი, კახეთი
  • 15 მაისი, პარასკევი – თეატრი „ჰარაკი“ (პეტრე მელიქიშვილის 20)

 

ლიტერატურული პროგრამა და ძირითადი მიმართულებები

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები თანამედროვე რომანზე, მოთხრობაზე, პოეზიასა და ლიტერატურული თარგმანის გამოწვევებზე. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ საუბრები თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე და მონაწილეობა მიიღონ ავტორებთან საჯარო შეხვედრებში. 

პროგრამა ასევე მოიცავს კინოჩვენებებსა და ესპანური კლასიკური თეატრის წარმოდგენებს.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ახალი ქართული თარგმანების პრეზენტაცია იქნება. მკითხველი გაეცნობა დავიდ ტოსკანას, ხუან კარლოს მენდეს გედესისა და სარა მესას რომანების ქართულ გამოცემებს. 

სამივე ნაწარმოებზე მოგითხრობთ…

 

„სიყვარული“ – სარა მესა

 

თანამედროვე ესპანელი მწერლის, სარა მესას ყველაზე პოპულარული რომანი „სიყვარული“ მრავალშრიანი ნაწარმოებია. იმედით სავსე მთავარი გმირი წარსულის დასავიწყებლად ქალაქიდან დაცარიელებულ სოფელში მიემგზავრება, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი სიმშვიდისთვის ყველაფერს ტოვებს, თუმცა საკუთარ თავთან ურთულესი ბრძოლა თან მიჰყვება? მთავარი გმირი მალევე აღმოაჩენს, რომ სიჩუმესაც შეუძლია შემაშფოთებელი გახდეს. რომანი მკითხველს ნელ-ნელა ითრევს გაუცხოების, მარტოობისა და ემოციური დაძაბულობის სამყაროში, სადაც სიყვარული ხშირად სრულიად განსხვავებულ სახეს იღებს. 

 

 

„შავი ქვიშა“ – ხუან კარლოს მენდეს გედესი  

 

ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ტექსტი ქართულ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი. „შავი ქვიშა“ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს წარსულის მარადიულობას. ოჯახიდან გაქცეული მამა ათას ფათერაკს გადაეყრება, შვილი კი მისი გადაწყვეტილების არსში ჩაწვდომას ცდილობს. გაუგებს შვილი მამას? ექნება ამ ძიებას შედეგი? შეიძლება ადამიანი გაექცეს წარსულს? ავტორი  დიდი ოსტატობით აღწერს ადამიანის სულის ქვიშით, დანაშაულით, ავსების პროცესს და შეგვახსენებს, რომ ხშირად ბოროტება გრანდიოზული სულაც არაა, ის ყოველდღიურ არჩევანსა და შიშშიც იმალება ხოლმე.

 

თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს გამორჩეული მექსიკელი მწერალი, დავიდ ტოსკანა ექსცენტრიკულ პერსონაჟებზე გვიამბობს. მათი ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული ვარშავის ჩრდილქვეშ მიედინება. ისინი ოკუპირებულ ნაქალაქარში საკუთარი თავისა და ადამიანურობის გადარჩენას ცდილობენ. მწერალი თითქოს აბალანსებს მკითხველის ემოციებს, ტრაგიკულ პასაჟებს სიყვარულითა და სითბოთი სავსე თხრობის მანერა ერწყმის, რის შედეგადაც ტექსტი ერთდროულად მტკივნეულიცაა და უცნაურად იმედისმომცემიც.  

 

ფესტივალი საერთაშორისო ასპარეზზე

„ალმერიიდან საქართველომდე: შემდეგი ლიტერატურული გაჩერება თბილისი“ – ასე დაასათაურა ყველაზე ავტორიტეტულმა ესპანურენოვანმა ლიტერატურულმა ჟურნალმა თბილისის იბერო-ამერიკული ლიტერატურული ფესტივალის შესახებ სტატია. სტატიაში მკაფიოდაა ხაზგასმული, რომ ფესტივალი არის ლოგიკური და წარმატებული გაგრძელება იმ კულტურული დიალოგისა, რომელიც ალმერიის ფესტივალზე დაიწყო. საქართველოს იქ მონაწილეობამ და ქართული ლიტერატურისადმი გაჩენილმა ინტერესმა ჩაუყარა საფუძველი ამ მასშტაბურ პროექტს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალის მნიშვნელობასა და გრანდიოზულობას ხაზი გაუსვეს ესპანური პრესის სხვა წარმომადგენლებმაც. პერიოდული გამოცემა El Diario და ასევე პოპულარული El Cultural de Canarias ნიკოლას მელინის იბერო-ამერიკულ ფესტივალში მონაწილეობას გამოეხმაურა.

კიდევ რა ელოდებათ სტუმრებს?

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კინოჩვენება, მარიო ვარგას ლიოსას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და ქართული და ესპანური პოეზიის არაერთი შეხვედრა.

ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება ვეფხისტყაოსნის ახლად ილუსტრირებული ესპანური გამოცემის პრეზენტაცია – ქართული ეპოსი კიდევ ერთხელ გაცოცხლდება, ამჯერად ესპანურენოვანი სამყაროსთვის.

 

მხარდამჭერები და პარტნიორები

ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: ესპანეთის საელჩოს ოფისი საქართველოში, ესპანეთის საელჩო თურქეთში, სერვანტესის ინსტიტუტი თურქეთში, მექსიკის, პერუს საელჩოები თურქეთში, აკვალია, GWP, პსპ, კავკასიის უნივერსიტეტი, წინანდლის მამული, სარეკლამო კომპანია დეიზი.

ფესტივალის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ

არ გამოგრჩAT თბილისის პირველი იბერო-ამერიკული ლიტერატურული ფესტივალი და მოიწყვეთ დაუვიწყარი დღეები გენიალურ, საინტერესო ავტორებთან, მთარგმნელებთან და ღონისძიებებთან ერთად. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.