TAF – ყოველდღიური იმიჯები საბჭოთა საქართველოდან
ავტორი: თეონა ჯაფარიძე
TAF-ის მრავალფეროვანი პროგრამიდან ამჯერად თქვენს ყურადღებას მე-6 პავილიონში, სექცია „გამოფენაში“ წარმოდგენილ ერთ პროექტზე შევაჩერებთ:
“All That Material Culture “ გამოფენა-კვლევაა, რომელიც საბჭოთა საქართველოს პერიოდის (1950-1990) სამრეწველო გრაფიკული დიზაინის ისტორიას აცოცხლებს სამი გრაფიკული დიზაინერის – სევერიან კეცხოველის (1906–1980), ანრი სამაშვილის (1931–2008) და ცოტნე მონიავას (1932–1996) ნამუშევრებით. ეს არის უნიკალური არტეფაქტები მათი საოჯახო არქივებიდან: ღვინისა და ლიმონათის ეტიკეტები, ჩაისა და სიგარეტის კოლოფები თუ სხვადასხვა შესაფუთი მასალები და იმიჯები საბჭოთა ყოველდღიური ყოფიდან.
ექსპოზიციის დიზაინი, რომელიც ლადო ლომიტაშვილს ეკუთვნის (studio Gypsandconcrete), მინიმალისტურია. მაგიდის სიმაღლეზე – მარტივ კონსტრუქციაზე წარმოდგენილი ექსპონატები დამთვალიერებელს უბიძგებს, რომ ჩაერთოს კვლევის პროცესში და სადა პანელზე დამონტაჟებულ ვიდეომონიტორიდან საარქივო ორიგინალებსა და პანელზე დატანილ ტექსტს შეავლოს თვალი.
ვიზიტორთა ჩართულობის ეს პროვოცირება წარმოადგენს სწორედ გამოფენის კურატორულ მიდგომას – „გამოფენას – როგორც კვლევას“ (კურატორი ვია სკანგალე).
როგორც კურატორის მოკლე წერილში ვკითხულობთ, კვლევის პროცესმა აჩვენა, რომ ერთი შეხედვით საბჭოთა ცენზურისთვის ყოვლად უწყინარი დარგი – სამრეწველო გრაფიკა და ამ გრაფიკოსთა ხელწერა რეალურად საბჭოთა იდეოლოგიით ნაკარნახევ ერთგვაროვნებასა და ქართულ კულტურულ იდენტობას შორის რთული ურთიერთობისა და მუდმივი ბრძოლის შედეგია.
დამოუკიდებელი იდეების განხორციელება საბჭოთა კავშირში შეზღუდული იყო. ყველა ეტიკეტი „გოსტისა“ და „ოსტის“ მარეგულირებელი სისტემების გავლით უნდა დამტკიცებულიყო. ეტიკეტის ზომას, სახელწოდებას, სურათის სიუჟეტს საბჭოთა იდეოლოგიის „ესთეტიკური სტანდარტები“ უნდა დაეკმაყოფილებინა. ღვინის ყველა ეტიკეტს „სამტრესტში“ არსებული სახელმწიფო საბჭო ამოწმებდა და არჩეულ, იდეოლოგიურად „სწორ“ ნამუშევრებს მოსკოვში აგზავნიდა დასამტკიცებლად.
შეზღუდვების მიუხედავად ამ სამმა დიზაინერმა ქართული ეთნოგრაფიული სიმბოლოების, დამწერლობისა თუ ორნამენტების გამოყენებით შექმნეს ეტიკეტების, შრიფტების, ფერთა პალიტრისა და დიზაინის განსხვავებული სტილი, ეროვნული კულტურული იდენტობის დახვეწილი ელემენტები საბჭოთა წარმოებაში ჩადეს და იმდროინდელ ყოველდღიურობაში შემოიტანეს.
კურატორი ვია სკანგალე და ცოტნე მონიავას შვილი – ეკა მონიავა აღნიშნავენ, რომ პროექტი მომავალში მასშტაბური გახდება, გაფანტული საარქივო მასალა ერთ დიდ კოლექციად გადაიქცევა და იქ დაცული უნიკალური შრიფტები და კომპოზიციები გრაფიკული დიზაინის საგანმანათლებლო კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მანამდე კი ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში აუცილებლად ნახეთ ცოცხალ ფერებში, დახვეწილ შრიფტებსა და კომპოზიციებში წარმოდგენილი საბჭოთა ყოფის იმიჯები და აღმოაჩინეთ საბჭოთა ცენზურასთან გრაფიკოსების ჩუმი ბრძოლის ნიუანსები.
განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო და მხარს უჭერდა ამ პროექტს. ხაზარაძის ოჯახის ფონდს
cARTveli-ს მეგობრებს:
აბაშიძეების ოჯახს
ავალიანების ოჯახს
დანსტერების ოჯახს
კუხალეიშვილების ოჯახს












