თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას 100 ჩანაწერის ვინილების ნაკრებს და კონცერტს
ინოლა გურგულიას შემოქმედება, რომელიც დღემდე ერთდროულად ძალიან ნაცნობი და უცხოა ქართველი მსმენელისთვის, ახალი სიცოცხლით წარსდგა აუდიტორიის წინაშე. მომღერლის, კომპოზიტორისა და პოეტის მუდამ აქტუალური შემოქმედების პატივსაცემად, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლიმიტირებული, 7 ვინილისგან შემდგარი უნიკალური ნაკრები შეიქმნა, რომლიც მის 100 საარქივო ჩანაწერს აერთიანებს. მასში შემვალ სიმღერებს სხვადასხვა თაობის მუსიკოსები, რომელთა რეპერტუარში ინოლას შემოქმედება ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, 27 მაისს, ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილ საღამოზე გააჟღერებენ.
კონცერტში მონაწილეობენ:
ია შუღლიაშვილი, დათო შუღლიაშვილი, თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნოდარიკო ხუციშვილი, სოფო ბათილაშვილი, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, თამრიკო ჭოხონელიძე, რეზო კიკნაძის კვინტეტი, ლუკა თოფურია, ნიკალა ზუბიაშვილი.
“ინოლას ჩანაწერების გამოცემის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, სახლში, ბაბინებს შორის აღმოვაჩინეთ 50-იან წლებში გაკეთებული ჩანაწერი, რომლის არსებობაც დავიწყებული ჰქონდა თვითონ ინოლასაც. მერე, დავიწყე მუშაობა მისი ძველი ჩანაწერების შეგროვებაზე და საბოლოოდ რაოდენობამ 100-ს მიაღწია. ეს, ფაქტობრივად, მისი ყველა ჩანაწერია, რაც გვაქვს”, – დათო შუღლიაშვილი, ინოლა გურგულიას შვილი.
5 ალბომი, რომელიც 7 ვინილზეა ჩაწერილი, ინოლა გურგულიას შემოქმედებასა და ცხოვრებას სხვადასხვა ეტაპებებად ყოფს. მათ შორის ისეთი სიმღერები და ჩანაწერებიცაა, რომლებიც მსმენელისთვის აქამდე უცნობი იყო. სამოყვარულო პირობებში ჩაწერილი სიმღერების ნაწილი რესტავრაციას საჭიროებდა. მათ აუდიორედაქტირებასა და მასტერინგზე ილია ჯღარკავამ იზრუნა.
I ვინილი „გახსოვს?“ – აერთიანებს ადრეულ ჩანაწერებს და ინოლას შემოქმედების საწყის ეტაპს წარმოაჩენს.
II ვინილი – „გამეორება ძნელია“ – მოიცავს კინოს, თეატრისა და ქალაქურ-ხალხურ რეპერტუარს და გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.
III ვინილი – „ბედნიერი ვარ“ – ძირითადად გამოუქვეყნებელ მასალას აერთიანებს. აქვე მოისმენთ ინოლას მიერ მოთხრობილ მისსავე ავტობიოგრაფიის ჩანაწერს.
IV ვინილი – „მოვალ და გიმღერებ“ – ასახავს 2023 წელს აღმოჩენილ ჩანაწერებს.
V ვინილი – „…პირველად იყო სიმღერა“ – მოიცავს შედარებით გვიანდელ
ჩანაწერებს და ემოციურად ავტორის შემოქმედებით შეჯამებად აღიქმება.
“პირველად, როდესაც ინოლას ოჯახმა მისი მუსიკის ახალი ფორმით გაცოცხლების სურვილი გამოთქვა, ჩვენთვის ცხადი გახდა თუ რამდენად საინტერესო შეიძლებოდა გამოსულიყო ისტორიული ჩანაწერების ახალი ფორმით წარდგენა და თანამედროვე მსმენელამდე მიტანა. ვინილის ფორმატი, თავისთავად, განსაკუთრებულ ემოციასა და სიღრმეს ატარებს, რაც ინოლას მუსიკასთან ძალიან ორგანულად აღმოჩნდა დაკავშირებული. ყველაზე მეტად, სწორედ ამან დაგვაინტერესა – შესაძლებლობამ, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც როგორც მუსიკალური, ისე კულტურული და ემოციური გამოცდილება იქნებოდა მსმენელისთვის”, – სოფო კიკვაძე, თიბისი კონცეპტის მარკეტინგის ლიდი.
მომღერლის დამოუკიდებელი ჩანაწერები, მის სიცოცხლეში არასდროს გამოცემულა. მხოლოდ 1999 წელს, კომპაქტდისკად გამოიცა ინოლა გურგულიას უკანასკნელი ჩანაწერები. ეს მისი დამოუკიდებელი შესრულების პირველი და დღემდე ერთადერთი გამოცემა იყო და ახლა სწორედ ეს ჩანაწერებია 7 ვინილისგან შემდგარი კომპლექტის საფინალო ნაწილი.
“ჩვენი ოჯახის ცხოვრება ისე აეგო, რომ ის მიმდინარეობს ინოლათი და ინოლასთან ერთად. ეს შესაძლებლობა, რომ ის სიმღერები, რომლებსაც სახლში ვისმენდით და ვმღეროდით გავუზიაროთ ფართო აუდიტორიას, დიდი სხარულია და, მეორე მხრივ, ველით, რომ მათთვის, ვისთვისაც ინოლას შემოქმედება ახლობელია, ეს დიდი სიურპრიზი იქნება”, – დათო შუღლიაშვილი.
“ჩვენი მიზანი იყო ისეთი კულტურული პროექტის შექმნა, რომელიც ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს. ამ პროცესში თიბისი კონცეპტი პარტნიორებთან ერთად როგორც კრეატიულ, ისე საორგანიზაციო მიმართულებებზე მუშაობდა, რათა საბოლოოდ შექმნილიყო ხარისხიანი და ღირებულებაზე დაფუძნებული პროდუქტი, რომელიც მუსიკის მოყვარულებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენდა” – სოფო კიკვაძე.
თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელები, კონცერტის ბილეთის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.
კონცერტის სტუმრებისთვის, თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, ვინილების ნაკრების შეძენა ადგილზე შესაძლებელი იქნება 15%-იანი ფასდაკლებით.
ნაკრებ ასევე ხელმისაწვდომია მაღაზია „რეტრომანიაში”.
ვინილების ნაკრების რაოდენობა ლიმიტირებულია.





