fbpx

ზედიზედ მეორე ტიტულის გამოძახილი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ფეხბურთი რომ ცოცხალი ორგანიზმია, წამდაუწუმ იცვლება და მისი პოპულარობა წლითიწლობით მატულობს, ეს ცნობილია ამბავია. მაგრამ როდესაც ამ უდიდესი ბიზნესისა თუ გასართობის ტრანსფორმაციის საქმეში მოედანზე ორკესტრს ჩვენი თანამემამულე დირიჟორობს, ბუნებრივია, რომ გული სიამაყით გვევსება და განსაკუთრებული ინტერესით ველით მის ასპარეზობას უკვე ეროვნული ნაკრების მაისურით რუმინეთისა და ბაჰრეინის ეროვნულ გუნდებთან დაპირისპირებებში.

ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ თითქოს ფავორიტად კი ითვლებოდა, მაგრამ ამგვარი შეფასების სუბიექტურობა შეხვედრის პირველი წუთებიდანვე გამოაშკარავდა, როდესაც მცველის შეცდომას მყისიერი გოლი მოჰყვა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის კარში.

თუკი ამ გოლამდე თამაში ნებისმიერი ფინალისთვის დამახასიათებელ დაზვერვით რეჟიმში მიმდინარეობდა, აწი პარიზელებს ტაიმის ბოლომდე ანგარიშის გათანაბრება, ლონდონელებს კი მეტოქის მორიგი შეცდომის გამოყენება და უპირატესობის გაორმაგება მართებდათ.

ისე მოხდა, რომ ვერცერთმა გუნდმა მატჩის პირველი ტაიმის დარჩენილ დროში მიზანს ვეღარ მიაღწია და ანგარიში არ შეცვლილა, რაშიც თითოეული მათგანის უდიდესი დამსახურებაა. 

პარიზელები დაუსრულებლად უტევდნენ და მათ ბურთის ფლობის  კოლოსალურ უპირატესობასაც მიაღწიეს, მაგრამ მეტოქის კართან რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს. 

ბუნებრივია, რომ ეს ლონდონელთა დაცვითი ხაზის საოცარი თამაშის შედეგია, რისი მსგავსიც შეიძლება მიმდინარე სეზონში არც კი გვინახავს. „არსენალს“, როგორც ჩანს, კარგად ჰქონდა დამუშავებული საჭიროების შემთხვევაში მჭიდრო პრესინგით მეტოქის ნახევარდაცვის და წინა ხაზებს შორის კავშირის ჩაშლა და ამით მისი შემტევი ტრიოს უგულებელყოფა. 

ამ ამოცანას მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი, თუმცა თავადაც არ შეჰქმნიათ ერთგვარად დაბნეული მეტოქის კარში მეორე ბურთის გატანის შესაძლებლობა, რაც ლუის ენრიკეს გუნდის შესანიშნავი ფსიქოლოგიური მომზადების შედეგიცაა, რადგან მესის, ნეიმარის და მბაპეს პერიოდის „პარი სენ-ჟერმენის“ ან თუნდაც წლევანდელი „რეალის“, „ბარსელონას“ თუ მიუნხენის „ბაიერნის“ მაგალითზე, ჩვენ არაერთხელ გვიხილავს მდევრის როლში მყოფი სუპერკლუბის საბოლოო მარცხი.    

შეჭირვებული პირველი ტაიმის მიუხედავად, აშკარად იგრძნობოდა, რომ პარიზელთა მხსნელი ამ მატჩში, ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის თითოეული დაპირისპირების მსგავსად, ისევ ხვიჩა კვარაცხელია თუ იქნებოდა. აი მის გარეშე კი ფრანგები გოლს რომ ვერ გაიტანდნენ, ეს მოედნიდან ჩვენი თანამემამულის გასვლის შემდეგ დამტკიცდა. 

ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში ფაბიან რუისმა ორჯერ, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც მოახერხა და ბურთი „დაუმალა“ „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერს, რომელმაც ვერ მოითმინა და ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში უსაყვედურა კიდეც თანაგუნდელს, რას ურტყამდი უაზროდ თავს, გამოგეშვა ბურთი ჩემკენ და მერე მე ვიცოდი ჩემი საქმეო…

ხვიჩამ, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში ფეხებში გაუთავებლად ურტყამდნენ, იქნებოდა ეს დრიბლინგის მცდელობების თუ მეტოქის კართან შესრულებული სტანდარტული სიტუაციების დროს, მოედანი 83-ე წუთზე დასისხლიანებული ფეხით დატოვა. 

საინტერესო კი ისაა, რომ წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა პარიზელთა მწვრთნელი დაადანაშაულა ხვიჩას მოედნიდან გაყვანის გამო.

კარაგერის ამგვარ სწორხაზოვან დასკვნაში სწორედ ის დაუნდობელი პრემიერლიგური მიდგომა გამოსჭვივის, ფეხბურთელის „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ ბრძოლაში რომ გამოიხატება. ეტყობა, ყოფილ ლივერპულელს დღეს ხვიჩას წინააღმდეგ რომ ეთამაშა, ისიც არ დააკლებდა ამ უკანასკნელს კამერის მიღმიერ ზღვარგადასულ უხეშობას.

სინამდვილეში კი ლუის ენრიკეს საქციელი ხვიჩასთან დაკავშირებით ამ პიროვნების  სულგრძელობის საუკეთესო გამოხატულებაა, რადგან ესპანელმა სპეციალისტმა მისი გაყვანის შემდეგ პრაქტიკულად შეგნებულად გადაიტანა თამაში პარიზელთათვის საუკეთესო შემთხვევაში თერთმეტმეტრიანების სერიაში, დაიფარა რა წამყვანი მოთამაშე მასზე მონადირე „არსენალის“ მცველებისგან მოსალოდნელი ტრავმის მიყენებისგან. აბა ფორმიდან ამოვარდნილ ბარკოლასა თუ გონსალო რამოსს იქ რომ გოლს არავინ გაატანინებდა, მასზე უკეთ კარაგერს ხომ არ ეცოდინებოდა?!

მატჩის მეორე ტაიმის საწყისი წუთები თითქოს პირველი ნახევრის ლოგიკურ გაგრძელებად იქცა, მაგრამ ცოტა ხანში ლონდონელებს თითქოს მოსწყინდათ მხოლოდ დაცვაში ყოფნა და პრესინგიც საკუთარი ნახევრიდან მოედნის ცენტრისკენ გადასწიეს.

ახლა რთულია იმის მტკიცება, ეს პარიზელთა ტაქტიკაში მაყურებლისთვის შეუმჩნეველი რაიმე  ხრიკის შედეგი თუ „არსენალის“ სიურპრიზი იყო მეტოქისთვის. ფაქტი ერთია, რომ საგოლე ეპიზოდები ამით არცერთ კართან არ მომრავლებულა და ლუის ენრიკეს გუნდს მატჩის გადასარჩენად რაღაც ისეთი უნდა მოემოქმედებინა, რაც მეტოქეს მოულოდნელად ნოკაუტში ჩააგდებდა.

ამას კი სჭირდებოდა ფანტაზია, რომელიც მიკელ არტეტას მიერ შემუშავებულ გაუვალ ზღუდეს ერთხელ მაინც დაამსხვრევდა!

და ეს ზღუდე მარცხენა ფლანგზე გარღვევით ხვიჩა კვარაცხელიამ მოსპო. ასპროცენტიანი პენალტი ფრანგებისთვის საბედნიეროდ დემბელემ ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. ცოტა ხანში კი ხვიჩას შეჩერება ლონდონელებმა უკვე წესის დარღვევითაც ვეღარ შეძლეს. ჩვენ თანამემამულეს ოდნავ დააკლდა თანაგუნდელთა დაწინაურებამდე. ბურთი ძელს მოხვდა, მას კი ნატკენი ფეხით მოედნის დატოვება მოუწია.

ძირითადი დროის დარჩენილ პერიოდში ბარკოლამ და ვიტინიამ ერთგვარი ინერციით, ხვიჩას ნამოღვაწარის შედეგად, „არსენალის“  საკმაოდ დაბნეული ფეხბურთელების კართან თითო-ოროლა მწვავე მომენტი შექმნეს, მაგრამ ამით დამთავრდა.

ამის შემდეგ მხოლოდ „არსენალი“ იყო ახლოს გოლის გატანასთან. განსაკუთრებული ხიფათი კი ლონდონელებმა დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე შექმნეს, რისი გამოყენების შემთხვევაშიც თერთმეტმეტრიანების სერია საერთოდ აღარც შედგებოდა.

მაგრამ ამაზე  საუბარი აწი ყოველგვარ ინტერესს მოკლებულია. მთავარი კი სტატისტიკაა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას სრულ დომინაციაზე მეტყველებს როგორც პარიზულ კლუბში, ისე მთელ მსოფლიოში…

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მსოფლიოს ამჟამინდელი უძლიერესი კლუბის მიერ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებაში. ფინალში შარშანდელი 5:0 ამჯერად აღარ განმეორდა, მაგრამ ესეც ხომ სავსებით ლოგიკურია, როდესაც ტიტულისკენ მიმავალ გზაზე სამ პრემიერლიგურ კლუბს ამარცხებ? 

იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ძლიერს უმართლებს კიდეც. მაგრამ ვინ განაპირობებს ამ სიძლიერეს? 

მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ხვიჩა ლონდონის „არსენალის“ შემადგენლობაში ყოფილიყო. ის, რაც კაი ჰავერცმა ერთხელ ჩაიდინა მარცხენა ფლანგზე პარიზელთა წინააღმდეგ, კვარაცხელია რამდენჯერ გააკეთებდა ანალოგიურს მარკინიოსისა თუ ჰაკიმის წინააღმდეგ?

არსებობს დღეს ხვიჩას შემაჩერებელი დაცვითი ხაზი? იყენებს კი ბოლომდე მის რესურსს პარიზული კლუბი ფაბიან რუისის, დემბელეს თუ დუეს მხრიდან პასების დაგვიანების თუ „დამალვის“ გათვალისწინებით?

მომავალში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვლება და კლუბების შემადგენლობებიც არაა მუდმივი. თუმცა, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში წამყვანი პრემიერლიგური კლუბების ასეთი შერცხვენა სამომავლოდ აუცილებლად გაუათმაგებს ზოგიერთ მათგანს ხვიჩას შეძენის მადას.

შარშან „პარი სენ-ჟერმენმა“ ჯგუფურ ეტაპზე „მანჩესტერ სიტი“ და შემდეგ „ასტონ ვილა“, „ლივერპული“ და „არსენალი“ დაამარცხა. წლეულს კი ძვირფას კოლექციას „ჩელსი“ შემატა და სუპერთასზე „ასტონ ვილას“ ძლევის შემთხვევაში, ბირმინგემულ კლუბსაც გაუორმაგებს შარშანდელ სტატისტიკას.

მაგრამ ეს მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შედგება. 48 გუნდით წარმოდგენილ ტურნირზე კი არა მხოლოდ ქართველ გულშემატკივრებს შეექმნებათ მსოფლიოს დღევანდელი საუკეთესო ფეხბურთელის არყოფნით გამოწვეული დეფიციტის შეგრძნება.

658 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.