fbpx

სად წავიდნენ ბავშვები?


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი

1-ელი ივნისი, როგორც წესი, ფერადი ცარცების, საპნის ბუშტებისა და მოჩვენებითი დღესასწაულის დღეა. თუმცა, თუ თანამედროვე ქალაქის ურბანულ ლანდშაფტს ფხიზელი თვალით დავაკვირდებით, ეს დღე გაცილებით რთულ  პოლიტიკურ კითხვას აჩენს: ვის ეკუთვნის ქალაქი? რა სივრცე დავუტოვეთ ბავშვებს ფიზიკურ სამყაროში და როგორ აყალიბებს არქიტექტურული ძალაუფლება ახალი თაობის სხეულსა და ფსიქიკას? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია ჩვენი პირველი სათამაშო მოედნის – ეზოს გაანალიზება, ოღონდ ნოსტალგიური ილუზიების გარეშე, სადაც 90-იანი წლების თაობის გამოცდილება არა უტოპიური სოლიდარობის სკოლად, არამედ ძალაუფლების მკაცრი იერარქიებისა და სივრცის გადანაწილების პირველ გაკვეთილად უნდა დავინახოთ. მაშინდელი ეზო, თავისი დაუმთავრებელი მშენებლობებითა და მიტოვებული ტერიტორიებით, ფსიქოლოგიურად სწორედ რომ შემოქმედებითი რესურსი იყო. იქ, სადაც არქიტექტურა მთავრდებოდა, იწყებოდა თამაში. სიცარიელე ბავშვს აძლევდა „ქალაქზე უფლებას“ – ანრი ლეფევრის ტერმინი რომ მოვიშველიოთ – რათა საკუთარი წარმოსახვით აეთვისებინა და გარდაექმნა გარემო. დღეს კი ვხედავთ სრულიად განსხვავებულ სურათს, სადაც ურბანული კაპიტალიზმი სიცარიელეს ვეღარ იტანს.

ამ ტრანსფორმაციის ასახსნელად ზუსტია ჟან ბოდრიარის დაკვირვებები თანამედროვე ურბანიზაციაზე. ბოდრიარი აღნიშნავს, რომ პოსტმოდერნულ ეპოქაში სივრცე კარგავს თავის „სიმბოლურ გაცვლით ღირებულებას“ და ხდება წმინდად ფუნქციონალური, წინასწარ კოდირებული სისტემა. ქალაქი იქცევა ჰიპერრეალობად, სადაც ყველაფერს თავისი მკაცრად განსაზღვრული, კომერციული ან კონტროლირებადი დანიშნულება აქვს. ადამიანის და განსაკუთრებით -ბავშვის, სპონტანური ქმედებისთვის ადგილი აღარ რჩება. ბოდრიარის თეორიის მიხედვით, თანამედროვე ურბანიზაცია სხეულებს უბრალოდ კი არ ათავსებს სივრცეში, არამედ მართავს მათ გადაადგილებას. ეზოები, რომლებიც ოდესღაც სოციალიზაციის ღია არეალს წარმოადგენდა, ახლა გადაიქცა ტრანზიტულ ზონებად ან კაპიტალის დაგროვების ფიზიკურ გამოხატულებად. სივრცის ეს „გამოფიტვა“ ბავშვებს ართმევს წარმოსახვის გეოგრაფიას და აიძულებს, მოერგონ უფროსების მიერ თავსმოხვეულ, უკიდურესად პრაგმატულ დღის წესრიგს.

ეს თეორიული ჩარჩო განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება პრაქტიკული, ყოველდღიური მაგალითების ფონზე. 2021 წელს ერთ-ერთ ბათუმის ტიპურ ძველ უბანში, სადაც ძირითადად 9- და 11-სართულიანი კორპუსები დგას, საინტერესო და ამავდროულად, მძიმე სურათი გამოიკვეთა. ადგილობრივ მოსახლეობაში ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ, რომელიც ეზოს ტრანსფორმაციას ეხებოდა, აჩვენა, რომ სივრცე, რომელიც ოდესღაც ბავშვებს ეკუთვნოდათ, სრულიად მიტაცებულია. ეზოს დიდი ნაწილი დაიკავა ახალაშენებულმა ეკლესიამ, ძველი საქანელები აიღეს და დარჩენილი ტერიტორია უზარმაზარ პარკინგად გადაიქცა. ბავშვებს თამაში მანქანებს შორის, გამონაბოლქვსა და მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ. პარადოქსია, მაგრამ გამოკითხულთა 97% აცხადებდა, რომ მათ ყველაზე მეტად სკვერის, გამწვანებისა და უსაფრთხო სათამაშო მოედნის მოწყობა სურდათ. ჩნდება ლოგიკური და მტკივნეული კითხვა: რატომ არ იბრძვიან ეს ადამიანები საკუთარი შვილების უკეთესი მომავლისთვის? რატომ ეგუებიან გარემოს, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ სასიცოცხლო რეკრეაციულ ფუნქციას?

ამ კოგნიტიური დისონანსის ახსნა ფრანგი სოციოლოგის, პიერ ბურდიეს „სიმბოლური ძალადობისა“ და „ჰაბიტუსის“ ცნებებით შეგვიძლია. ბურდიე ხსნის, რომ ადამიანები ხშირად ითავისებენ და ბუნებრივ მოცემულობად აღიქვამენ იმ ჩაგვრას, რომელიც მათზე ხორციელდება. როდესაც არქიტექტურული ძალაუფლება წლების განმავლობაში გაგრძნობინებს, რომ შენი ხმა უმნიშვნელოა, რომ კაპიტალი ან ინსტიტუცია ყოველთვის გაიმარჯვებს შენს საჭიროებებზე, ყალიბდება დასწავლილი უმწეობა. მოქალაქეები კარგავენ სივრცეზე საკუთრების შეგრძნებას. ისინი აღარ აღიქვამენ თავს ქალაქის თანაშემოქმედებად, არამედ მხოლოდ მორჩილ მომხმარებლებად, რომლებიც ეგუებიან იმას, რასაც ზემოდან სთავაზობენ. ეს არის სისტემური დაღლილობა, სადაც სივრცის დეფიციტი იწვევს სამოქალაქო ნების დეფიციტსაც.

თუმცა, ურბანული სიცარიელე მხოლოდ ფიზიკურ გარემოში არ გამოიხატება; ის გაცილებით უფრო ღრმა და ტრაგიკულ ფორმებს იღებს ჩვენი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ რეალობაში. როდესაც ვსაუბრობთ ბავშვების განვითარებაზე, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ უმძიმეს სტატისტიკას – დღეს საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილობს. ფიზიკური უსაფრთხოების ნაკლებობას თან ერთვის ბაზისური, ეგზისტენციალური შიმშილი. საჯარო სკოლებში ვისმენთ ისტორიებს ბავშვებზე, რომლებიც გულის წასვლამდე სხედან გაკვეთილებზე, რადგან დილით სახლში საუზმე არ ჰქონდათ. როგორ შეიძლება ვისაუბროთ კოგნიტიურ განვითარებაზე, ესთეტიკურ აღქმასა თუ თამაშის უფლებაზე, როდესაც ბავშვის ფიზიოლოგია გადარჩენის რეჟიმშია? ცარიელი კუჭი არის ის მთავარი, უხილავი კედელი, რომელიც ახშობს ყოველგვარ პოტენციალს. ეკონომიკური სიდუხჭირე ოჯახებში მუდმივ სტრესს, გაუცხოებასა და შფოთვას ბადებს, რაც პირდაპირ აისახება ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. სიღარიბე არ არის მხოლოდ ფულის ნაკლებობა, ეს არის არჩევანის, პერსპექტივისა და მომავლის კონფისკაცია.

სწორედ ამიტომ, თანამედროვე, განვითარებული სამყარო შეთანხმდა ერთ მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ პრინციპზე: სახელმწიფოს ვალდებულება ბავშვის წინაშე არ მთავრდება მხოლოდ სკოლის შენობის აშენებით. ევროპის არაერთმა ქვეყანამ (მათ შორის ფინეთმა, ესტონეთმა, შვედეთმა და ჯამში ათეულობით სახელმწიფომ მსოფლიოს გარშემო) საჯარო სკოლებში უფასო კვების პრაქტიკა დანერგა. ეს არ ყოფილა მხოლოდ ქველმოქმედება; ეს იყო კარგად გააზრებული პოლიტიკური და ეკონომიკური ინვესტიცია. კვლევებმა ცალსახად აჩვენა, რომ სკოლებში უფასო კვებამ რადიკალურად გაზარდა აკადემიური მოსწრება, შეამცირა სოციალური უთანასწორობა და ბავშვებს მისცა თანაბარი სასტარტო პირობები. საერთო მაგიდასთან ჯდომა და საკვების მიღება არა მხოლოდ ფიზიკური დანაყრება, არამედ ძლიერი სოციალური აქტიცაა, რომელიც ანგრევს კლასობრივ ბარიერებს და ბავშვს უქმნის განცდას, რომ ის ხილვადია, რომ მასზე ზრუნავენ.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ერთ დიდ მარტივ ჭეშმარიტებამდე დადის: ბავშვები იმსახურებენ საუკეთესოს, არა როგორც პათეტიკურ სადღეგრძელოს ან ცარიელ ლოზუნგს, არამედ როგორც მყარ, უზრუნველყოფილ უფლებას. იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეძლოს ჯანსაღი, მოაზროვნე და შემოქმედებითი თაობის გაზრდა, აუცილებელია ფუნდამენტის შექმნა. ეს ფუნდამენტი კი საარსებო მინიმუმის, ხარისხიანი ჯანდაცვის, სახურავისა და სრულფასოვანი კვების გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ მათ წართმეული ეზოებიც და შეგრძნებაც, რომ სამყარო მათ მიმართ მტრულად არ არის განწყობილი. ქალაქი, რომელიც ზრუნავს თავის ყველაზე მოწყვლად მოქალაქეებზე, ქალაქი, სადაც ბავშვს აქვს უსაფრთხოდ თამაშისა და დანაყრების სივრცე, საბოლოოდ იქცევა ისეთ გარემოდ, რომელში ცხოვრებაც ყველასთვის ღირს. ეს არ არის უტოპია, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც დღესვე შეგვიძლია, თუ სიცარიელეს – ჩვენს ეზოებსა თუ ინსტიტუციებში – გულგრილობის ნაცვლად, პასუხისმგებლობით შევავსებთ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.