fbpx

კლუბი Lost ლონდონელებს “ბინდისფერია სოფელით” დაემშვიდობა


გააზიარე სტატია

ავტორი: ნათია აბრამია

 

ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კლუბი ისეთივე მოულოდნელი ივენთით დაიხურა, როგორიც ეს სივრცე მთელი 8 თვის განმავლობაში იყო. ბოლო დღის ბილეთები რამდენიმე წამში გაიყიდა. გახსნიდან 15 წუთში Lost-ის კარი დაიხურა, თუმცა ხალხის დიდი ნაწილი გათენებამდე შენობასთან იდგა, იმ იმედით, რომ შიგნით მოხვდებოდა.

Lost-მა შექმნა უნიკალური კომბინაცია – რეივი ელეგანტურ სივრცეში. Lost-ის იდეა ნიუ-იორკის Studio 54-ის გაცოცხლება და იმ მაგიური გარემოს დაბრუნება იყო, რომელიც მხოლოდ სოციალური მედიის ერამდე არსებობდა. Lost-ის შესასვლელში, სპეციალურ ჩანთაში ინახება სტუმრის მობილური და ის მხოლოდ გასასვლელში, მას შემდეგ იხსნება, რაც სტუმარი ტერიტორიას ტოვებს. კლუბში დღის ლაინაფი მხოლოდ ადგილზე, დაფაზე წერია და შესვლისას არ იცი, რა დაგხვდება. თან ყველაფერი ძალიან სინემატოგრაფიულია, მაგრამ, ფოტოს ვერ გადაიღებ და ინსტაგრამზე ვერ ატვირთავ. 

კლუბის დამაარსებლის, ფაბიენ რიგალის შექმნილია ლონდონის საიდუმლო კინოთეატრები, სადაც ზოგ სცენაში მსახიობები შემოდიან და მაყურებელთან ინტერაქციას იწყებენ. თავიდან Lost-იც საიდუმლო კლუბი იყო. მისი პოპულარიზაცია პრინციპულად არ ხდებოდა, იქ მარტო ის ხალხი დადიოდა, ვინც  “ლოსტის” შესახებ მეგობრისგან იგებდა. შედიხარ კლუბში, მობილური არ გაქვს, ადრე თუ გვიან მართლა კარგავ მეგობრებს, მათ ვერ ურეკავ… და … Lost-ში იკარგები.

ბოლო ღამე
დახურვის ღამეს სივრცეში დიდი  მოლოდინის განცდა იგრძნობოდა. სტუმრები დაფას უყურებდნენ, სადაც ბოლო სლოტს უბრალოდ “finale” ერქვა. რატომ ეწერა Anman and Friends Lost-ის დაფაზე, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. 

The Dare-ის სეტის დროს სცენაზე გამოჩნდნენ Charli XCX, George Daniel, Olivia Rodrigo და როდესაც ღამემ პიკს მიაღწია, მოულოდნელად ქართული სიმღერა გაისმა. Anman ანამარია ბურდულია Friends კი ლონდონის ქართული სიმღერის გუნდი “იმანო”. ტექნომუსიკის მერე, ყველასათვის მოულოდნელად, მათ “ლალე” შემოსძახეს და Lost რამდენიმე წუთით დაიპყრეს.  “მგზავრულისა” და “ბინდისფერია სოფელის” შემდეგ, სცენაზე ფაბიენ რიგალი ავიდა და იმაზე ილაპარაკა, რომ მუსიკოსები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ, ადამიანური ურთიერთობები და ხელოვნება ტექნოლოგიებს არ უნდა გადავაბაროთ. ხალხის ნაწილი ამას ტაშით შეხვდა, თუმცა ზოგი მუსიკასა და ტექნოლოგიური პრობლემების დავიწყებას ითხოვდა.

კიდევ დიდი ხანი იქნება მსჯელობა იმაზე, Lost-ის ექსპერიმენტი უბრალოდ ერთი ადამიანის ახირება იყო ტექნოლოგიის წინააღმდეგ, თუ რაღაც უფრო სერიოზული მცდელობა. თუმცა Lost იყო ბოლო დროის საუკეთესო კლუბი, რომელმაც უტოპია, რეივი და ესთეტიკა ერთ სივრცეში გააერთიანა. 

 

ინტერვიუ ანამარია ბურდულთან

როდის და როგორ აღმოჩნდი ლონდონში?

7 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა BBC-ზე დაიწყო მუშაობა. ბევრი სწავლა და შრომა დასჭირდა, რომ ჩემთვის ლონდონში ცხოვრების შანსი მოეცა. მაგრამ ამას მაშინ ვერ ვხედავდი, ვერ ველეოდი თბილისს. სულ ვარომანტიკულებდი საქართველოს, მენატრებოდა ადამიანები, ადგილები და მუსიკა. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა იმან, რომ მენატრებოდა ის ნიუანსებიც, რომლებსაც ალბათ არ მივანიჭებდი დიდ მნიშვნელობას, უცხოეთში რომ არ მეცხოვრა. 

როგორ იპოვე  საკუთარი მუსიკალური ხმა და რა გახდა შენი მთავარი ინსპირაცია?

ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანი მუსიკოსები, რომლებთან ერთადაც დავიწყე ექსპერიმენტი ჩემი ქართულ-ინგლისური ლექსებით. მთავარი ინსპირაცია იყო კოლაბორაცია. ჩემი მეგობრები სხვადასხვა ჟანრში მუშაობენ, სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ. მათთვის ძალიან საინტერესო იყო ქართული ენის ჟღერადობა. ხშირად მათგან ჩემი ლექსებიდანა და გამოთქმებიდან ციტატები მესმოდა  და თავდაჯერება მომეცა, რომ მათ ჰიპ-ჰოპ ექსპერიმენტში ჩავრთულიყავი. 

კარანტინის დროს მათთან ერთად პირველად ჩავწერე ალბომი. 

კოლაბორაცია ხელოვნებაში ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. შემდეგ ეტაპზე ქართველ მეგობრებთან დავიწყე თანამშრომლობა. ანუკა ყიფშიძესთან ერთად გავაკეთეთ სიმღერები ოლიგარქიაზე, მასკულინურ კულტურასა და იმ თემებზე, რაზეც ქართველი მეგობრები ვლაპარაკობთ ხოლმე.

 

რა ეტაპების გავლა დაგჭირდა პროფესიონალურ სცენამდე მისასვლელად?

იდეის განხორციელება ძნელია რესურსის გარეშე, ამიტომ მუდმივად მჭირდებოდა აპლიკაციების შევსება, რომ სხვადასხვა საგრანტო პროექტებით მიმეღო დაფინანსება. ეს პროექტები უბრალოდ კი არ ეხმარება  დამწყებ არტისტებს, აქ შანსი გეძლევა გაიცნო შენნაირი ადამიანები და ბევრი წარმატებული ხელოვანისა და სტუდიის რესურსი გამოიყენო.
მაგალითად, როცა Youth Prom-ის ფარგლებში როიალ ალბერტ ჰოლში ვიმღერე, პროექტის ამოცანა იყო ვოკალისტს ახალგაზრდულ ორკესტრთან ეთანამშრომლა. 

 

რომელი კონცერტი ან პროექტი მიგაჩნია შენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად?

ბოლოზე მოგიყვებით:
ლონდონის სოჰოში, ძველი კინოთეატრის შენობაში, კლუბ Lost-ში სოლო შოუ მქონდა. 

რამდენიმე დღის წინ “ლოსტის” დახურვაზე დამიძახეს,  რომ ჩარლი ექსიექსის და დეარის სეტის დროს უცებ გაგვეშალა ქართული ხალხური სიმღერა რამდენიმე ხმაში. 

ეს კლუბი საიდუმლო სივრცესავით იყო. მისი დამაარსებლის, ფაბიენ რიგალის შექმნილია ლონდონის საიდუმლო კინოთეატრები, სადაც ზოგ სცენაში მსახიობები შემოდიან და მაყურებელთან ინტერაქციას იწყებენ.

მომეწონა, რომ ადრე თუ გვიან გიწევს  მართლა დაიკარგო “ლოსტში” და მეგობრებს ვერ დაურეკავ, რომ ჰკითხო რომელ სართულზე არიან. ყველაფერი ძალიან სინემატოგრაფიულია, მაგრამ, ფოტოს ვერ გადაიღებ და ინსტაგრამზე ვერ დადებ. გადაღება აქაურ კლუბებში არ არის ხოლმე აკრძალული როგორც, მაგალითად, თბილისში და ბერლინში. ყოველ ღამე რამდენიმე ცნობილი არტისტი უკრავს, მაგრამ წინასწარ არავინ არ იცის, ვინ დახვდება.

ზოგადად ჩემთვის დიდი წნეხია სოციალური მედია. თითქოს არაფერი არ ჩაგეთვლება, თუ გააკეთე და მერე დოკუმენტაცია არ გამოაქვეყნე. ამ პროცესში ხელოვნების სინამდვილე იკარგება.

“ლოსტმა” 90-იანი წლების ნიუ-იორკის, Studio 54-ის იდეა გააცოცხლა და ის მაგიური სივრცე დაგვიბრუნა, რომელიც სოცმედიამდე არსებობდა და დღეს მხოლოდ ასეთ სპეციალურ ლაბორატორიაში შეიძლება შეიქმნას. 

“ლოსტის” პოპულარიზაცია, როგორც ითქვა, პრინციპულად არ ხდებოდა, იქ მარტო ის ხალხი დადიოდა, ვინც მეგობრისგან იგებდა “ლოსტის” პროგრამას. თუმცა ეს დაფარული სამყარო ნელ-ნელა ცნობილი გახდა და პოპულარობის პიკს რომ მიაღწია, მისი დახურვა გადაწყვიტეს, რომ ახლა რაღაც ახალი შექმნან.

იყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ დახურულიყო ეს სივრცე და რამდენიმე დღით ადრე მე მთხოვეს ქართული პოლიფონია შემეზავებინა კლუბურ სეტთან. და სულ ბოლოს მე და ჩემს სკოლელ მუსიკოსს – ჯორდი გრიპს უნდა დაგვეხურა კლუბი სიმღერით ბაგსი მალოუნის მიუზიკლიდან. ბოლოს ნახევარი საათით გადაიდო ეს ნომერი და ჯორდის  ეგონა, რომ ამოვიღეთ პროგრამიდან და  აკუსტიკურად მოგვიწია შესრულება მე და პიანისტს. ფაბიენს ბოლოს ამას რომ ვუხსნიდით, გაგვაჩერა,  პირიქით – უნდოდა,  ასეთი სპონტანური და არეული  რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი.

რა გახდა შენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა მუსიკალურ ინდუსტრიაში?

ჩემი ყველაზე დიდი მინუსი თან ერთგვარი პლუსიც არის. ეს ალბათ  ჩემი ჰიპერაქტიურობა და გაფანტულობაა (ADHD), რის გამოც ჩემ ირგვლივ მუდმივი ქაოსი და დისბალანსია. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები და მუდმივი ექსპერიმენტით ვეძებ გამოსავალს.

თან იმის გამო, რომ თეატრალურ სასწავლებელში ვსწავლობდი და არა მუსიკალურში, ბევრი ტექნიკური უნარი არ მაქვს. ეს თან პრობლემაა, თან ამის გამო სულ ვთანამშრომლობ მუსიკოსებთან. ამასთან ერთად მუსიკაში ის მედიუმი მომაქვს, რომლიდანაც მოვდივარ და საბოლოო ჯამში ყველაფერი თეატრში გადამაქვს

ჩემთვის ქართული ენისა და კულტურის ინსპირაცია უსასრულოა. ხან  იგავ-არაკები შემოდის, ხან ქართული ლექსი ხდება ინსტრუმენტი. მაგალითად, ეს პერფორმანსი “ლოსტში” ლონდონის ქართული ხალხური სიმღერის გუნდთან ერთად შევასრულეთ. თამთა თურმანიძის დაარსებული ჯგუფი “იმანო” რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს შეიქმნა. ლონდონელმა ქართველებმა ერთად სიმღერა ჯერ ანტისამთავრობო პროტესტის დროს დაიწყეს, მერე რეპეტიციები გააგრძელეს, გუნდი შეკრეს და “იმანო” დაირქვეს.

ეს სახელი ერთგვარი თამაშია, თან კუთხური კილოკავის სილამაზეს უსვამს ხან, თან იმას ეხმიანება, რომ ემიგრანტებს უსამშობლოებს ეძახიან, ხმის უფლებას ართმევენ და ამასთან თითქოს იდენტობასაც ართმევენ. შეიძლება ვიღაც ჩინოსნისთვის “იმანო” იყოს უსახელო ემიგრანტი, მაგრამ სინამდვილეში არანაირი დისტანცია არ აუფერულებს საკუთარ ფესვებთან კავშირს.

ჰარალე, ოდილაო დელას გაგონება დიჯეის სტენდიდან ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ სიურპრიზები აქ არ დამთავრებულა,  სულ ბოლოს,  როგორც აღვნიშნე, მე და   ჯორდი გრიპს უნდა დაგვეხურა კლუბი ბაგსი მალოუნის სიმღერით. ეს ნომერი ნახევარი საათით გადაიდო და ჯორდის ეგონა, რომ პროგრამიდან ამოვიღეთ. მაგრამ დახურვის დრო იყო, ამიტომ მე და პიანისტმა აკუსტიკურად შევასრულეთ. ფაბიენს რო ვუხსნიდით, გაგვაჩერა და გვითხრა, რომ პირიქით, ასეთი სპონტანური და არეული უნდა ყოფილიყო დახურვა და ძალიან კარგი გამოვიდაო”.

 

რა არის საუკეთესო პროფესიული რჩევა, რომელიც  მიგიღია?
პირველად სპექტაკლში რომ ვმონაწილეობდი, ლონდონში, bush theatre-ში, ერთმა კარგმა  რეჟისორმა მითხრა, თუ კრეატიულ ინდუსტრიაში გინდა მუშაობა, სამი რამე უნდა გქონდეს  – ნიჭი, უსაზღვრო შრომისუნარიანობა და ხალხთან ურთიერთობის უნარიო. სამიდან ორი მაინც თუ არ გაქვს 100 პროცენტით, არაფერი გამოვაო. ადამიანები დახუჭავენ თვალს, ერთი თუ გაკლია და დანარჩენ ორში ძლიერი ხარ, რადგან სამივე იდეალურად არავის გამოსდისო.

შრომით შეიძლება 100 პროცენტამდე გაზარდო  პროდუქტიულობა.  გჭირდება უსაზღვრო ენერგია, რომ დაუღლელად იმუშაო და იყო ორგანიზებული, რომ გენდონ, უნდა დაანახო, რომ განახორციელებ, რასაც ჰპირდები. ხალხთან ურთიერთობაში სიმსუბუქე და დამეგობრების უნარი შეიძლება გამოიმუშაო, თუ ადამიანების მიმართ ინტერესი გაქვს. მაგრამ მესამე, არის ნიჭი, რომელსაც ვერ აკონტროლებ.

რომელ უნარს აფასებ საკუთარ თავში ყველაზე მეტად და რა უნარები სჭირდება დღეს არტისტს?

ჩემთვის მნიშვნელოვანია სულ მახსოვდეს, რომ სერიოზულად არ მივიღო საკუთარი თავი და არ შევწყვიტო თამაში. პრაქტიკულ დონეზე ეს გამოიხატება იმაში, რომ არ ჩავიციკლო ერთ აზრსა და ხედვაზე. ასევე არ უნდა დამავიწყდეს, რომ პროდუქტი არ არის ხელოვნება. ამიტომ არ ვეძებ, მაგალითად,  AI ხრიკებს, რომელიც შრომას ამსუბუქებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია საათები გავატარო ერთი დეტალის დახვეწაში, არ მინდა ეს მომბეზრდეს და არ მინდა სწრაფ შედეგზე ვფიქრობდე, მაშინ, როცა შეგიძლია სრულიად მოჯადოებული იყო პროცესში.

 

როგორ ხედავ ამ ინდუსტრიის განვითარებას მომავალში?

როგორც ქვეყნებს შორის უნდა ფიზიკური საზღვრები დაიშალოს, მგონი, ისე ნელ-ნელა მოირყევა საზღვარი თეატრსა და მუსიკას, მოდასა და კინოს შორის და ყველაფერი ეს არის ექსპერიენსი.

კოლაბორაცია, რომელშიც მთავარია გემოვნება, ხედვა და არა პროდუქტი.

რას ნიშნავს დღეს ქართველი არტისტის საერთაშორისო სცენაზე ყოფნა?
ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება ევროპა და საერთაშორისო ასპარეზი. 

მაგრამ, მეორე მხრივ, დასავლეთსაც სჭირდება საქართველო. ჩვენი კულტურა ამდიდრებს თანამედროვე ევროპას და ამ გაზიარებაში ჩვენც ვმდიდრდებით. თან ასე, თითო-თითო ნაბიჯით ვშორდებით კრემლს. ვშორდებით რუსეთის თვალით დანახულ ქართულ კულტურას.

ჩემთვის ძალიან საინტერესოა ქართული პოეზიის თარგმნა ინგლისურად. ასევე ვთარგმნი ქართულ სიმღერებს, მინდა ჩემმა მეგობრებმა მოისმინონ ის მელოდია და შინაარსი, რომელიც მე ბავშვობიდან მამდიდრებდა. მაგალითად, თამაზ ჯორბენაძის “ზამთარია”, რომლის შესრულების სხვადასხვა ვერსია ხშირად მესმოდა პატარაობაში.
 

 

რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ახალგაზრდა არტისტები საერთაშორისო წარმატებისკენ სწრაფვისას უშვებენ?

ერთი პრობლემაა ხელოვნების  ისეთი ნიმუშების შექმნა, როცა  პროცესი არანაირ სიამოვნებას არ განიჭებს, მაგრამ გგონია, რომ უნდა გააკეთო, იმიტომ, რომ გაიყიდება.

მაყურებელს უკეთებ იმას, რაც ტრენდულია, თითქოს თევზაობ, რომ მათი ყურადღება მოიპოვე. 

მეორე პრობლემაა, როცა საერთოდ იგნორირებას უკეთებ იმას, თუ ვინ არის მაყურებელი და რატომ  შეიძლება მას აინტერესებდეს შენი ხელოვნება.

ასევე შეცდომაა, როცა ხელოვნება არის თითქოს დღიური, რომელიც მარტო შენი ემოციების გადახარშვისთვის გჭირდება. ის, რაც გაზიარებისთვის კეთდება, უნდა ითვალისწინებდეს მათ, ვისთვისაც აკეთებ. ჩემი აზრით, მარტო შენთვის შექმნა არის შენი ჰობი, მაგრამ არა ხელოვნება.
 


რას ურჩევდით ახალგაზრდა არტისტებს, რომლებიც ამ სფეროში კარიერის დაწყებას გეგმავენ?

უნდა იპოვო ადამიანები, ვისთან ერთადაც კარგად თამაშობ და საქმე აკეთო მათთან ერთად. ურთიერთობის ქიმია არის ყველაზე მთავარი. 

ბევრი არტისტი აღწევს წარმატებას, მაგრამ ვერ რჩება დამოუკიდებელი.

იმიტომ რომ კარიერა ცალკეა და ხელოვნება ცალკე. ოფისში სიარული და მოსაწყენი საქმეების კეთება შეიძლება იყოს კორპორაციული საქმიანობა, მაგრამ ხელოვნება ვერ შეიქმნება იქ, სადაც შენ არ ხარ თავისუფალი.

ხელოვნება იმიტომ არის პოლიტიკური და დამოუკიდებელი, რომ შენ დავალებას არ ასრულებ, შენ შენი თავის უფალი და პატრონი ხარ და ამ თავისუფლებაში საკუთარ თავს ეძებ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.