fbpx

თბილისის ბალეტის ფესტივალი 5-19 ივლისს გაიმართება


გააზიარე სტატია

 

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. ფესტივალი ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება, მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.

წელს ფესტივალი მეშვიდედ ტარდება.  წინა წლების მსგავსად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად  ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასი.

 

5 ივლისს ფესტივალი პიოტრ ჩაიკოვსკის უკვდავი ბალეტი „გედების ტბით” გაიხსნება. სპექტაკლში წამყვან პარტიებს შეასრულებენ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი მარიამ ლომჯარია და ავსტრალიის ბალეტის წამყვანი სოლისტი დავი რამოსი.

7-8 ივლისს წარმოდგენილი იქნება პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტი მძინარე მზეთუნახავი.

7 ივლისს ქართულ საბალეტო დასთან ერთად სპექტაკლში მთავარ პარტიებს ინგლისის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები – ემა ჰოუსი და აიტორ არიეტა შეასრულებენ, 8 ივლისს კი – საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები – მარიამ ელოშვილი და მასააკი გოტო.

 

10 ივლისს წარმოდგენილი იქნება ალექსანდრ კრეინის ბალეტი  „ლაურენსია“ – ლეგენდარული ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით – საქართველოს სახელმწიფო ბალეტის  წამყვანი სოლისტის – ნინო სამადაშვილის – და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტის – გიორგი ფოცხიშვილის – მონაწილეობით.

 

12 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის პროგრამა დაიხურება საბალეტო გალათი. წარმოდგენილი იქნება ალექსეი რატმანსკის ერთმოქმედებიანი ბალეტი „ლეა“, ალექსანდრ გლაზუნოვის ბალეტ „რაიმონდას“ III მოქმედება და ლუდვიგ მინკუსის ბალეტ „დონ კიხოტის“ გრანდ დივერტისმენტი. გალაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სოლისტები მაია მახათელი, სალომე ლევერაშვილი, გიორგი ფოცხიშვილი (ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები), სლოვაკეთის ნაციონალური ბალეტის სოლისტი ანდრო ფოცხიშვილი, ასტანა ოპერის წამყვანი სოლისტი ბახტიარ ადამჟანი და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტები: ნინო სამადაშვილი, სალომე იარაჯული, მარიამ ლომჯარია, ფილიპო მონტანარი, ლორენცო ლოდი და სხვები.

 

17, 18 და 19 ივლისს ფესტივალი დაიხურება ლეგენდარული პინა ბაუშის საბალეტო დასის – Tanztheater Wuppertal Pina Bausch – დადგმით „Masurca Fogo”. 1998 წელს, EXPO ’98-ისა და ლისაბონის გოეთეს ინსტიტუტის კოპროდუქცია ახლახანს, 2026 წლის იანვარში, ვუპერტალში იქნა წარმოდგენილი.

 

ფესტივალი იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიის ხელშეწყობით.

ფესტივალის წარმდგენები: თიბისი კონცეპტი და VISA

სპონსორები და პარტნიორები: ბალეტის მეგობართა საზოგადოება, ლოქსიტანი, სარაჯიშვილი, შატო მუხრანი, თბილისი მარიოტი, რადიო ფორტუნა, AT.GE.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.