მესი, ხვიჩა და სხვები
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
მშვენივრად გვახსოვს და აღიარებულია კიდეც, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ერთ-ერთი ყველაზე დრამატული იყო ამ ტურნირის ისტორიაში.
მატჩის 79-ე წუთამდე არგენტინა უპირატესობას ფლობდა და იმ მომენტისთვის ალბათ სამხრეთ ამერიკელთა მესამე გოლი უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე ფრანგების მიერ თამაშის შემობრუნება.
მაგრამ მაშინ კილიან მბაპეს აფეთქებამ რამდენიმე წუთში სრულად შეცვალა მატჩის მიმდინარეობა, რომლის ბედიც საბოლოოდ პენალტების სერიაში არგენტინელთა სასარგებლოდ გადაწყდა…
ბევრი ფიქრობდა, რომ მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ლიონელ მესის მზე თანდათანობით ჩაესვენებოდა, თუმცა მისმა ამერიკაში გადანაცვლებამ სრულიად განსხვავებული სურათი წარმოაჩინა.
არგენტინელის მისვლისთანავე „ინტერ მაიამიმ“ კლუბის ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი ტიტული – ლიგების თასი (Leagues Cup) მოიგო. 2024 წელს კი მაიამურმა კლუბმა MLS-ის რეგულარული სეზონის გამარჯვებულის ჯილდო Supporters’ Shield, ისტორიაში პირველად მოიპოვა და ამასთან ერთად ლიგის ქულათა რეკორდიც დაამყარა.
მიუხედავად ამისა, მესის ბევრი ევროპელი თაყვანისმცემლისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც ხშირად ინტერესმოკლებულია არგენტინელი ფეხბურთელის უკანასკნელი წლების თამაში, რისი ძირითადი მიზეზიც წამყვან ევროპულ ლიგებთან შედარებით MLS-ის დაბალ დონესთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დროში ცხრასაათიანი სხვაობაცაა.
კონკრეტულად ქართველებისთვის კი არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რაზედაც ამ წერილის ბოლოში ვისაუბრებთ…
მესის სანაკრებო კარიერაში გარდამტეხი 2021 წელი აღმოჩნდა. მაშინ არგენტინელებმა კოპა ამერიკა მოიგეს და ლეგენდარულმა ფეხბურთელმაც პირველი სანაკრებო ტიტული 34 წლის ასაკში მოიპოვა.
ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი არგენტინისთვის, რომელიც საერთაშორისო ტრიუმფს ათწლეულების განმავლობაში ელოდა.
თუმცა, მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში მესისთვის უკანასკნელ შანსად აღიქმებოდა.
ტურნირი არგენტინამ მოულოდნელი მარცხით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ უმატა თამაშის ხარისხს და გადამწყვეტ მატჩში მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთი დაამარცხა.
ის მატჩი ფრანგებს რომ მოეგოთ, ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ფინალისტი იქნებოდა და მარადონასთან შედარებით მას ერთგვარი „ლუზერის“ სახელი კიდევ ოთხი წლის განმავლობაში და ვინ იცის, სამუდამოდ გაჰყვებოდა ფეხბურთის იმ სპეციალისტების თუ რიგითი მოყვარულების აზრით, რომელნიც ამ თამაშს მშრალი სტატისტიკის კუთხით განიხილავენ.
ასეთი მიდგომა ადვილი ასახსნელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მესიმ შვიდჯერ მოიგო „ოქროს ბურთი“, დაამყარა უამრავი რეკორდი და თითქმის ყველა საკლუბო ტიტული მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონობის გარეშე მისი კარიერა ბევრისთვის არასრულყოფილად გამოიყურებოდა.
რეალობა კი მესიზე სულ სხვაგვარად მეტყველებს, რაც მსოფლიოს უკანასკნელი ოცწლეულის საუკეთესო ფეხბურთელის მისთვის უკვე მეექვსე მუნდიალის სადებიუტო შეხვედრამაც ცხადყო.
არგენტინელთა კაპიტანს ალჟირის ნაკრებთან მატჩში საოცარი დებიუტი გამოუვიდა. მან მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა, რითაც თანამემამულეებს საუკუნის წინანდელი კიდევ ერთი დიდი არგენტინელი გილერმო სტაბილე გაახსენა, რომელმაც ის ტურნირი მექსიკელებთან ასევე ჰეთ-თრიკით გახსნა და საბოლოოდ 8 გოლით მის საუკეთესო ბომბარდირად იქცა.
მესიმ ამავე დროს მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობა 16-მდე გაზარდა და ამ მაჩვენებლით გერმანელ მიროსლავ კლოზეს რეკორდს გაუთანაბრდა.
გარდა ამისა, მესი კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად ერთადერთია, ვისაც ექვს სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშევი.
რონალდუს კი ჯერჯერობით, მესისგან განსხვავებით, აქამდე ჩატარებულ ყველა ტურნირზე აქვს გოლი გატანილი. თუმცა, პორტუგალიელს ხელი მოეცარა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან სადებიუტო მატჩში. ზოგადად, კრიშტიანუს ამ შეხვედრაში თავი არც არაფრით გამოურჩევია მაყურებლებისთვის მომაბეზრებელი ჟესტიკულაციების გარდა.
ზოგადად, იქნებ დრო მოჭამა კიდეც მისმა მონაწილეობამ პორტუგალიის ნაკრებში? შემთხვევით ხელს ხომ არ უშლის ლეგენდარული ფეხბურთელი გუნდს წინსვლაში?
აღსანიშნავია, რომ კონგომდე პორტუგალიელებს დიდ ტურნირზე გოლი უკანასკნელად 2024 წელს საქართველოს ნაკრებთან ჰქონდათ გაშვებული. იმ მატჩში თავი კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ გამოიჩინეს.
პორტუგალიელთა მსგავსად, წარუმატებელი გამოდგა ესპანელთა სტარტიც, რომელთაც კაბო ვერდესთან ფრედ – 0:0 ითამაშეს.
ფრანგებმა არ დაუშვეს 2002 წლის ჩემპიონატის უდიდესი სენსაციის გამეორება და სენეგალი დამაჯერებლად – 2:0 დაამარცხეს. თუმცა, პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე აფრიკელებს რეალური შანსი გოლად რომ ექციათ, მეორე ნახევარში თამაში შეიძლება განსხვავებული სცენარით წარმართულიყო.
დიდი გამოცანაა ბრაზილიის ნაკრები, რომელიც კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ, თანდათანობით გააუმჯობესებს თამაშის ხარისხს. ამაში კი „პენტაკამპეონს“ მაროკოსთან დაშვებული შეცდომებიდან სწორი დასკვნების გამოტანა შეუწყობს ხელს.
ინგლისი კი შესანიშნავი იყო ხორვატებთან მატჩში, რომლის წინააღმდეგობაც მეორე ტაიმში გატეხა და საბოლოოდ სრულიად სამართლიანად, ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.
არაერთი მატჩი დასრულდა ფრედ. ასეთი დაძაბულობის მიზეზი კი „მეორე ეშელონის გუნდების“ მომზადების ძალზედ მაღალი დონეა. ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს თურქეთის ნაკრების ანგარიშით 0:2 მარცხი ავსტრალიასთან.
ბუნებრივია, რომ წინ არაერთი სიურპრიზი გველის და გერმანიის ნაკრების მიერ კურასაოს მიწასთან გასწორება არც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს წასწევს წინ ფავორიტთა სიაში და არც ფიფას ჩაუთვლის ნაკლად გუნდების რაოდენობის გაზრდის გამო.
განა არ გვახსოვს იგივე გერმანია ადრე საუდის არაბეთს 8:0-ს, ხოლო უნგრეთი კი სალვადორს 10:1-ს როგორ ამარცხებდნენ ტურნირზე ნაკლები გუნდების ასპარეზობისას?
მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის მოიძებნება გუნდი, რომელსაც ანადგურებენ. ჩვენ კი საქართველოს ნაკრებზე, კონკრეტულად კი მიმდინარე მუნდიალზე მის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაზე გვწყდება გული.
განა აშკარა არ არის, რომ ლიონელ მესის საქმეს დღევანდელ ფეხბურთში სწორედ ქართველი ვარსკვლავი აგრძელებს და არგენტინელისგან მასზე ფარული ესტაფეტის გადაცემა სულ რაღაც სამიოდე თვის წინ, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ მატჩში შედგა?
მოდით, სტატისტიკაც მოვიშველიოთ და აღვნიშნოთ, რომ კვარაცხელიამ ევროპაში გატარებულ ოთხ წელიწადში იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ორ-ორჯერ შეძლო, ხოლო ჩემპიონთა ლიგა კი ზედიზედ ორჯერ გუნდის გამოხატული ლიდერის სტატუსით მოიგო. ამ ხნის განმავლობაში მან კიდევ სხვა მრავალი ტიტული დაისაკუთრა და დასახელებულია როგორც იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის, ისე ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ.
ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რომ პარიზელებთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ხვიჩამაც „ინტერ მაიამიში“ გააგრძელოს კარიერა, სადაც მას მესი დაელოდება. ორი ეპოქის გამორჩეული ფეხბურთელი ყველა დროის საუკეთესო შემტევ დუეტს შექმნის და ერთი მარჯვნიდან, მეორე კი მარცხნიდან გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ მოწინააღმდეგე გუნდების მცველებს. მაშინ „ინტერ მაიამი“ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატსაც მოიგებს და ქართველი გულშემატკივრებიც დაიწყებენ ღამეების თევას MLS-ის თამაშების სანახავად…
ამ დუეტის ხილვის მეორე გზა კი ლეგენდარული არგენტინელის „პარი სენ-ჟერმენში“ დაბრუნება იქნება. ვინ იცის, იქნებ ასეც მოხდეს?!




