ქართული კინოს მემკვიდრეობა და ახალი ხედვა – თიბისის მხარდაჭერით, კინოდაჯილდოება „ელისო“ გაიმართა
14 ივნისს გურჯაანში მდებარე ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი თანამედროვე ქართული კინოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უკვე მესამედ მასპინძლობს. იქ, სადაც საქართველოს კინემატოგრაფიული წარსული ყველა დეტალში იგრძნობა, კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 წელს უკვე მესამედ ჩატარდა.
„ელისოს“ შექმნის პირველივე დღიდან მისი ერთგული და სტრატეგიული მხარდამჭერია თიბისი. ეს თანამშრომლობა კარგად ეხმიანება თიბისის მთავარ გზავნილს – მთავარია გჯეროდეს. ეს არის რწმენა ახალი შესაძლებლობებისა, საკუთარი ინდივიდუალური გზისა და იმ შემოქმედებითი ძალის, რომელიც კულტურულ მეხსიერებას თანამედროვე რეალობად აქცევს.
„ელისო’’ „ნატო ვაჩნაძის ფონდის“ ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობა და დამოუკიდებელი, თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერაა. გამარჯვებული ავტორების გამოვლენის ცერემონიალი სწორედ ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, რითაც სიმბოლურად კიდევ ერთხელ გადაიკვეთა ქართული კინოს კლასიკური მემკვიდრეობა და ახალი ხედვა.
წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2025 წელს წარმოებული, სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ქართული პროდუქციისა და კოპროდუქციის ფილმები. აღსანიშნავია, რომ ფონდის გადაწყვეტილებით, წელს ნომინაციებს დაემატა საუკეთესო კინომუსიკის კატეგორია. ავტორიტეტულმა ქართულმა და საერთაშორისო ჟიურიმ, რომელსაც ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა, გიორგი შველიძე და ლეა გლობი ხელმძღვანელობდნენ, 2026 წლის გამარჯვებულები მრავალფეროვან ნამუშევრებს შორის გამოავლინა.
წლევანდელი პრემიის მთავარი ჯილდო, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ალექსანდრე კობერიძის „ხმელ ფოთოლს“ გადაეცა. საუკეთესო რეჟისორებად დასახელდნენ თამარ კალანდაძე და ჟულიენ პებრელი ფილმისთვის „ქართლის ცხოვრება“, ხოლო რეჟისორის კატეგორიაში სპეციალური აღნიშვნა ქეთევან ვაშაგაშვილმა მიიღო, ფილმისთვის – „ცხრათვიანი კონტრაქტი“. საუკეთესო მსახიობის ტიტული ნინი იაშვილმა მოიპოვა, ფილმ „ქალაქის ხმაურში“ შესრულებული როლისთვის. ამავე ნომინაციაში ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურეს ტატო ოქრიაშვილმა, საბა წიკლაურმა და რატი აბრამიშვილმა. სამივე მსახიობი ერთმანეთს პარტნიორობას უწევს ფილმში, სახელწოდებით – „მილი“. ამავე ფილმმა პრემია ოპერატორის ნამუშევრისთვისაც მიიღო, რომელიც შალვა სოყურაშვილს გადაეცა. საუკეთესო მონტაჟისთვის ანკა გუჯაბიძე და ლევან ბუთხუზი დაჯილდოვდნენ ფილმისთვის – „თემორე“. საუკეთესო კინომუსიკის ნომინაციაში კი გამარჯვებული გახდა კოტე კალანდაძე, ფილმისთვის – „არავინ არ ჩანს“.
სწორედ ნომინაციების მრავალფეროვნება და სპეციფიკა განსაზღვრავს პრემიის უნიკალურ იდენტობას თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში. „ელისო“ კინოწარმოების პროცესის ყველა მონაწილეს თანაბარ შემოქმედებით ძალად განიხილავს. „ნატო ვაჩნაძის ფონდის“ დამფუძნებლის, ნატალია ჯუღელის თქმით, ფონდის მთავარი ღირებულება კინემატოგრაფისტების მოსმენა და გაძლიერებაა.
„წელს კინოდაჯილდოებამ სტაბილური და მუდმივი სახე მიიღო – მესამე სეზონის წარმატებით დასრულება იმის დასტურია, რომ „ელისო’’ კიდევ დიდხანს იარსებებს. მიხარია, რომ თანამედროვე ავტორების აღნიშვნასთან ერთად, საშუალება გვაქვს, გავიხსენოთ ნანა მჭედლიძე, რომლის დაბადებიდან წელს 100 წელი გავიდა, ასევე მიხეილ კობახიძე, ელდარ შენგელაია და სხვა გამორჩეული კინემატოგრაფისტები. “ელისო” აერთიანებს უამრავ ადამიანს, და ყველაზე ძვირფასი ალბათ ისაა, რომ ყველა მათგანი მნიშვნელოვანია და ყველას ხმა ისმის. ჩვენს სივრცეში ერთნაირად ფასობს მემონტაჟე, ოპერატორი, მსახიობი თუ რეჟისორი და მათი გამარჯვება ერთად თუ ცალ-ცალკე, ყველას გვაძლიერებს. ძალიან ვაფასებ ჩვენს ყველა მხარდამჭერს, კინოში ინვესტიციას რაც მეტი ბიზნესი დაიწყებს, მით უკეთესი იქნება – თავისუფლად, ამაყად და ჯიუტად წინ მიმავალი ქართული კინო კიდევ უფრო მეტ ძალას მოიკრებს.’’
ნებისმიერი სახელოვნებო ინიციატივის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობისთვის, მისი სტაბილურობისა და განვითარებისათვის კერძო სექტორის მხარდაჭერა მართლაც ფუნდამენტურ ფაქტორს წარმოადგენს. ამ პასუხისმგებლობასა და კულტურულ კოლაბორაციას სრულად იზიარებს თიბისი. კომპანიას გააზრებული აქვს, რომ მასშტაბური კულტურული ცვლილებების მისაღწევად ბიზნესი სახელოვნებო სფეროს მყარი და სტრატეგიული დასაყრდენი უნდა იყოს.
სწორედ კულტურული პროცესების ინსტიტუციურ მხარდაჭერასა და კინოდაჯილდოება „ელისოსთან“ ღირებულებით თანხვედრაზე საუბრობს თიბისის სახელოვნებო პროექტების კურატორი, მარიამ წიქარიძე:
„თიბისისთვის „ელისო“ მხოლოდ კინოდაჯილდოება არ არის. პროექტი ერთმანეთთან აკავშირებს კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე ქართულ კინოს და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ქართულ კინოს ქმნიან. სწორედ ამიტომ დავინტერესდით ამ ინიციატივით მისი შექმნის პირველივე ეტაპზე, სამი წლის წინ, როდესაც ნატო ვაჩნაძის ფონდმა ეს არაჩვეულებრივი იდეა გაგვიზიარა.
„ელისო“ ძალიან მნიშვნელოვან დროს გაჩნდა. სამი წლის წინაც და დღესაც ქართულ კინოს მხარდაჭერა სჭირდება და პროფესიული აღიარებისა და წახალისების მსგავსი პლატფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ელისო“ ხელოვანების დაფასებასთან ერთად, ახალი შესაძლებლობების და მოტივაციის შექმნასაც ემსახურება. „ელისო” აცოცხლებს ნატო ვაჩნაძის მემკვიდრეობას, ახალ სიცოცხლეს სძენს გურჯაანის კულტურულ ცხოვრებას და თანამედროვე ქართულ კინოს უფრო ფართო აუდიტორიას აცნობს. სწორედ ამ ღირებულებებში ვხედავთ „ელისოსა“ და თიბისის ბუნებრივ თანხვედრას.
კულტურის განვითარება მხოლოდ კულტურული ინსტიტუციების პასუხისმგებლობა არ არის. ბიზნესსაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს იმ პროცესების გაძლიერებაში, რომლებიც საზოგადოების განვითარებასა და შემოქმედებითი სფეროების მხარდაჭერას ემსახურება.
თიბისისთვის კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მნიშვნელოვანია იყოს არა მხოლოდ სპონსორი, არამედ სტაბილური პარტნიორი და მხარდამჭერი პროექტებისა, რომლებიც ქმნის კულტურულ ღირებულებას, ავითარებს პროფესიულ სფეროებს და დადებით გავლენას ახდენს საზოგადოების მომავალზე. „ელისოს“ მხარდაჭერაც სწორედ ამ პასუხისმგებლობისა და ხედვის ნაწილია.
აუცილებლად მინდა ვახსენო, წელს ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემია გადაეცა ნათელა გრიგალაშვილს ქართულ ფოტოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და სასიამოვნო დამთხვევაა, რომ თიბისი კონცეპტის გალერეა სწორედ ახლა, 15 სექტემბრის ჩათვლით მასპინძლობს ნათელა გრიგალაშვილის ძალიან მნიშვნელოვან გამოფენას – „საით მიფრინავ ღრუბელო? ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ”. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ კინოს, არამედ მთლიანად კულტურის სფეროს აძლიერებს და სხვადასხვა დარგის გამორჩეული პროფესიონალების ღვაწლის აღიარების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცევა.”
კულტურული ინიციატივების, განსაკუთრებით კი დაჯილდოებების ყველაზე ხელშესახები და მნიშვნელოვანი შედეგი ის შემოქმედებითი იმპულსია, რომელიც ხელოვანებში მოტივაციასა და წინსვლის სურვილს აცოცხლებს. პრემია „ელისო“ არ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური აღიარებით – პლატფორმა ავტორებისთვის ახალი იდეების განვითარებისა და მომავალი ნაბიჯების გადადგმის რეალურ შესაძლებლობად იქცევა. სწორედ ამ მნიშვნელობაზე საუბრობს ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი“ გამარჯვებული თამარ კალანდაძე:
„ქართულ კულტურულ სივრცეში „ელისო” სუფთა ჰაერივით გაჩნდა მაშინ, როცა ქართველ კინემატოგრაფისტებს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთმანეთის შემოქმედებითი შრომის დაფასება და სამომავლო შემოქმედებითი ძალების მობილიზება. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ჩემთვის სტუდენტობიდანვე ძალიან საყვარელი და მისაბაძი ქართველი და უცხოელი პროფესიონალები, მათ შორის – გერმანელი რეჟისორი, მსახიობი და მთარგმნელი ანგელა შანელეკი. გარდა დიდი მოტივაციისა, ჩემი მომავალი ფილმის პროექტის განვითარების ფაზაში ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადავდგამ „ენკენი ფილმსის” ფულადი ჯილდოს დახმარებით.“
„ელისოს“ წარმატებული სეზონი კიდევ უფრო დიდ მოლოდინს აჩენს მომავალი წლის დაჯილდოებისადმი. ამ პროცესში თიბისის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის გრძელვადიანი ჩართულობა უზრუნველყოფს იმ სტაბილურობას, რომელიც პროექტის მასშტაბების ზრდას სჭირდება, რაც საბოლოოდ ქართული კინოს მომავალ განვითარებას ემსახურება.






