“ფენიქსები იაგუარების ველზე” – სალომე ბუკიას გამოფენა “კურორტში”
ფოტო: ნინა პაპუნიდი, სანდრო სულაბერიძე
“თვალში ყინული ჩამივარდა,
მიწამ ნაცარი აისხლიტა.
ალმოდებული ჯანღით
ღრუბელი გაიჟღინთა;
ჩამოწვა და ხელისგულები დაგვიწვა.”
ისე კი, Mein Herz brennt არის ჩემი საყვარელი და ობსესიური გერმანული წინადადება.
ჩვენმა თავებმა უთვალავ ბრძოლაში წააგეს და გაიმარჯვეს.
წააგეს და გაიმარჯვეს – მრავალჯერ გამეორება.
გონს მოგება, ეგოს წაგება.
ეგოს წაგება, გონს მოგება.
გამოფენა სხვადასხვა დროის, ადგილისა და გამოცდილების გადაკვეთის წერტილებს იკვლევს. ორმაგი ექსპოზიცია აქ არა მხოლოდ ვიზუალური მეთოდია, არამედ აზროვნების მოდელი. ორი გამოსახულების ერთმანეთზე დადების მსგავსად, ერთმანეთთანაა თბილისისა და რეგიონის სიუჟეტები, ისტორია და აწმყო, რეალობა და ლეგენდა. ამ გადაფარვებში ჩნდება სივრცე, სადაც ფაქტი, მეხსიერება და წარმოსახვა ერთდროულად არსებობს.
ერთ-ერთ ნამუშევარში, ლაითბოქსში, ჩნდება სივრცე, სადაც ფაქტი, მეხსიერება და წარმოსახვა ერთდროულად არსებობს. გადმოცემის თანახმად, წყაროდან შინ მიმავალ ორსულ ქალს შეიარაღებული მტერი შეხვედრია. ქალს გაქცევა უცდია, მდინარისკენ გაბრუნებულა, მაგრამ მეორე ნაპირზე გადახტომა ვერ მოუხერხებია. წყალში, ქვაზე დაცემულა და ქვად ქცეულა. ამ ამბავს უკავშირდება ადგილის სახელწოდება – „დედამოკა“.
დღემდე „დედამოკაზე“ გოგირდოვანი წყალი მოედინება, რომელსაც, სამკურნალო თვისებები აქვს. ნამუშევარში ამ ლეგენდასთან დიალოგშია სხვა დრო და სხვა გამოცდილება – ახალგაზრდა ადამიანების ამბავი, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და ღირსების დასაცავად იბრძოდნენ და იბრძვიან. ისტორია და ლეგენდა აქ ერთმანეთის ახსნას კი არ ცდილობს, არამედ თანაარსებობენ, როგორც ორმაგი ექსპოზიციის ორი ფენა.
თითქოს ყველა წაგებული ისტორიის გმირი ფენიქსს ჰგავს – მათ იციან განწირულობის გარდაუვალობა, მაგრამ მაინც გამოდიან გზაზე, მიუხედავად იმისა, მტერი ჩასაფრებულია თუ არა. ფენიქსის ერთადერთი ჭეშმარიტება თვითწვა და მუდმივი განახლებაა. განადგურება და აღდგენა ერთი და იმავე ციკლის ნაწილია. ახლო წარსულის გახსენება, მისი ხელახლა გათამაშება და მომავლისკენ მიმართული გამოძახილიც გადაფარვის პრინციპით მოქმედებს, სადაც პირადი გამოცდილება და კოლექტიური მეხსიერება თანაარსებობს.
კურორტი ახალგაზრდა ხელოვანების მიერ დაარსებული დამოუკიდებელი და ღია საჯარო სივრცეა, რომელიც ზრუნავს ადგილობრივი სახელოვნებო სცენის განვითარებაზე და უზრუნველყოფს ხელსაყრელ გარემოს ექსპერიმენტებისა და შემოქმედებითი ინიციატივებისთვის. სივრცეში, რომელიც აერთიანებს სახელოსნოებს, გამომცემლობას, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიას, ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები; გამოფენები, ექსპერიმენტული მუსიკის საღამოები, კინოჩვენებები, ლიტერატურული შეკრებები, საჯარო დისკუსიები.
კურორტი მთლიანად იმართება და ფინანსდება თანადამაარსებელი ხელოვანების რესურსებით.
გამოფენა განხორციელდა CivicArt-ის მხარდაჭერით.







