Red Bull Dance Your Style – ფინალისტები გამოვლენილია
Red Bull Dance Your Style – მზადება დიდი ფინალისთვის – გამარჯვებულს 12 ივლისს მაყურებელი გამოავლენს
ქუჩის ცეკვების ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის – 16 ფინალისტი უკვე გამოვლენილია. მონაწილეები დასკვნითი შოუსთვის ემზადებიან, სადაც საუკეთესო მოცეკვავეს გულშემატკივარი დაასახელებს.
შესარჩევ ეტაპზე კი გადაწყვეტილება იაპონელმა არტისტმა Kyoka-მ მიიღო. Red Bull-ის მოცეკვავე თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა. ჰიპ-ჰოპის ცნობილმა არტისტმა მონაწილეები ოთხი კრიტერიუმით შეაფასა – მოძრაობა, რიტმი, კრეატიულობა და ქარიზმა. გამოწვევა იყო მოულოდნელად აჟღერებული მუსიკაც. თითოეულ მონაწილეს იმპროვიზაციისთვის მხოლოდ ერთი წუთი ჰქონდა. მათგან 16 საუკეთესო Kyoka-მ გამოავლინა. ვინ ვის დაუპირისპირდება ფინალში, ეს უკვე მოცეკვავეებს შორის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაირკვა. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
MFALEQSANDRE – TATO the ALIEN
ZKIND – MIDNIGHT
BEKOZAVRI – LILE
LUKA – GUWA HIETO
NEFFLEX – LUCAS
SVANSKI – ZAALY
GG – LOLA
NAE NAE – LZ FLAVA
შესარჩევი ეტაპის შემდეგ იაპონელმა სტუმარმა თავისი გამოცდილება, Red Bull Dance Your Style-ის ფინალისტებთან ერთად, ყველა იმ მოცეკვავეს პირადად გაუზიარა, ვინც ჰიპ-ჰოპით არის დაინტერესებული. „ქალაქის თეატრში“ ვორქშოფი დაგეგმილზე დიდხანს, ორ საათს გაგრძელდა.
უნიკალური სტილითა და გრუვით გამორჩეულ არტისტს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის, Juste Debout-ის გამარჯვებულია.
შესარჩევმა ჩაიარა და ფოკუსი ახლა 16 მონაწილეზეა, ვინც საქართველო Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალში უნდა წარადგინოს. ჩემპიონატის ფორმატი ითვალისწინებს პირისპირ (1-1) ბეთლებს, სადაც მუსიკა სრულიად მოულოდნელად შეირჩევა და ყველაფერი მოცეკვავეების მომენტალურ იმპროვიზაციაზე იქნება დამოკიდებული.
საბოლოო სიტყვას კი მაყურებელი იტყვის. საერთაშორისო წესების მიხედვით, ჩემპიონატს პროფესიონალი ჟიური არ ჰყავს. გულშემატკივარი წყვეტს, ვინ არის საუკეთესო და ვის დაეთმობა სცენა. ფორმატი ასეთია: თითოეულ სტუმარს სპეციალური LED სამაჯური აქვს, სცენა კი წითელ და ლურჯ ფერებად არის გაყოფილი. ყოველი ბეთლის დასრულებისას მაყურებელი თავის ფავორიტს ხმას სამაჯურზე სასურველი ფერის ანთებით აძლევს.
ფსონი ძალიან მაღალია. 12 ივლისს კუს ტბაზე მაყურებლის მიერ არჩეული საუკეთესო მოცეკვავე 24 ოქტომბერს ციურიხში გაემგზავრება და Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შთამბეჭდავ შოუს დაესწროს და ხმის მიცემით გადაწყვიტოს, ვის დაეთმობა სცენა.



