თბილისის ბალეტის ფესტივალის მე-7 სეზონი და Pina Bausch Tanztheater Wuppertal
ავტორები: მაია სიგუა, ილია თავბერიძე
ინტერვიუ ფესტივალის წინ
თბილისის ბალეტის ფესტივალის მეშვიდე სეზონის მთავარი მოვლენა ვუპერტალის Pina Bausch Tanztheater Wuppertal-ის გასტროლი იქნება. ლეგენდარული ცეკვის თეატრი საქართველოს 17-19 ივლისს პირველად ეწვევა და მე-20 საუკუნის გამორჩეული ნოვატორი ქორეოგრაფის, პინა ბაუშის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნამუშევარს – „მაზურკა ფოგოს“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარმოადგენს.
ფესტივალის წინ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო ჟურნალ „არაბესკს“ თეატრის არტისტული მენეჯმენტის დირექტორი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში პინა ბაუშის ასისტენტი რობერტ შტურმი პინა ბაუშის თეატრზე, მის განსაკუთრებულ ენასა და თბილისში დაგეგმილ სტუმრობაზე ესაუბრა.
რობერტ შტურმი: „პინა ბაუში ეძებდა იმას, რაც ადამიანებს გვაკავშირებს.“
თბილისში დიდი მოლოდინია. Tanztheater Wuppertal Pina Bausch პირველად ჩამოდის საქართველოში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პინა ბაუშის შემოქმედებას აქ თაყვანისმცემელთა დიდი აუდიტორია ჰყავს. რამდენადაც ვიცი, პოსტსაბჭოთა სივრცეში თქვენი საგასტროლო გეოგრაფია საკმაოდ შეზღუდულია (თუ არ ჩავთვლით მოსკოვს „პერესტროიკის“ პერიოდიდან და ბალტიის ქვეყნებს). რატომ დათანხმდით ამ მოწვევას და რა მნიშვნელობას ანიჭებთ თბილისის ბალეტის ფესტივალში მონაწილეობას?
ჩვენთვისაც ძალიან ამაღელვებელია იმ ადგილებში სტუმრობა, რომლებსაც პინა ბაუში არასოდეს სწვევია. დასი 53 წლისაა, აქედან ოცდათექვსმეტი წელი პინასთან ერთად იარსება. ვფიქრობ, არაჩვეულებრივია, რომ ჩვენი მუდმივი პარტნიორი ქალაქების – ლონდონის, პარიზის, ნიუ-იორკის და მსგავსი ადგილების გარდა – ასევე მივდივართ ისეთ ადგილებში, სადაც მაყურებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, ცოცხლად განიცადოს, თუ რა არის პინა ბაუში. ცხადია, ის მსოფლიო ფენომენია და ყველგან შეისწავლება, ადამიანები მისი დადგმების ფრაგმენტებს Youtube-ის საშუალებით ეცნობიან, მაგრამ როცა ვმოგზაურობთ, სულ სხვა განცდაა ამ ყველაფრის ცოცხლად ნახვის შესაძლებლობა.
თანაც, ალბათ ჩვენც მეტს გავიგებთ ცეკვის შესახებ თბილისსა და საქართველოში, რომელიც ჩვენგან შორსაა.
თბილისის ბალეტის ფესტივალისთვის შერჩეულია „მაზურკა ფოგო“ – სპექტაკლი, რომელიც 1998 წელს შეიქმნა ლისაბონის მსოფლიო გამოფენა EXPO 98-ისა და გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში. როგორ იკითხება ეს ნამუშევარი დღევანდელ კონტექსტში? შეიცვალა თუ არა მისი აღქმა დროთა განმავლობაში?
1998 წელს წარმოდგენილი „მაზურკა ფოგო“ პინა ბაუშის ერთ-ერთ გვიანდელი ნაწარმოებია. ამ დროისთვის მისი შემოქმედება წლებთან ერთად უკვე საკმაოდ განსხვავდებოდა იმ თავდაპირველი ესთეტიკისგან, რომელშიც ის თითქოს ცეკვის დეკონსტრუირებას ახდენდა. „მაზურკა ფოგო“, როგორც ვთქვი, მისი შემოქმედების უკანასკნელი პერიოდიდანაა, როცა ბრუნდება ცეკვა, მეტი სოლოა, მეტი ჯგუფური ეპიზოდია. და – ალბათ პორტუგალიისა და ლისაბონის დამსახურებით – ერთგვარად, მზიანი ნაწარმოებია. ძალიან კარგი კომბინაციაა სიხარულისა და მელანქოლიური თემებისაც კი.
საერთოდ, პინა ბაუშისთვის ტიპურია ადამიანური გრძნობების სრული სპექტრის წარმოდგენა ყველა ნაწარმოებში, როცა საქმე იმ ძირითად ადამიანურ საკითხებთან აქვს, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვაწყდებით. იმ წლების შემდეგ, როცა წარმოდგენები იყო უფრო „ჭუჭყიანი“, არა ნეგატიური (ეს არასწორი სიტყვაა), არამედ რთული, უფრო მეტად პრობლემებში ჩაღრმავებული, გამოჩნდა იმგვარი პიესები, რომელთა შექმნაც 1990-იდან გარდაცვალებამდე დაიწყო – ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ის ამბობდა, რომ სამყარო სულ უფრო და უფრო პრობლემატური ხდება და ადამიანებს ასევე სჭირდებათ სიხარული, სჭირდებათ ცხოვრებისგან სიამოვნების დიდი დოზით მიღება, ცეკვით სიამოვნების მიღება, არსებობით სიამოვნების მიღება. ის ამას განზრახ აკეთებდა.
წარსულში მან მეტისმეტად დიდი დრო დაუთმო პრობლემურ საკითხებს და ამ შემობრუნებით პრობლემების გადაჭრის უფრო პოზიტიური გზა აირჩია: თეატრში მოსული აუდიტორიისთვის დადებითი განცდების გაზიარება და შინ კარგ ხასიათზე გაშვება.
ამ პასუხის შედეგად ასეთი კითხვა გაგვიჩნდა: სიხარულის ის ასპექტი, რომელიც ახსენეთ, ნაწარმოების სახელწოდებაშიც ხომ არ არის მინიშნებული? „მაზურკა ფოგო“, რომელიც თითქოს ისე ჟღერს, როგორც რაღაც სიცოცხლით, ენერგიით სავსე, თუ შეიძლება ასე ითქვას…
მგონი კი… სინამდვილეში, უნდა ვთქვა, რომ პინა ბაუში სათაურებს არასოდეს განმარტავდა და მე არ მინდა რაიმე ინტერპრეტაცია გამომივიდეს მის ნაცვლად. რა თქმა უნდა, „მაზურკა“ მიემართება იმ ცეკვასაც, რომელიც კაბო ვერდეში ძალიან გავრცელებულია. მგონი, ეს ნაწარმოები კაბო ვერდეს კუნძულების ერთგვარი კვლევაცაა და არ ეხება მარტო პორტუგალიას, როგორც ქვეყანას, არამედ ძალიან ბევრი გადაკვეთის წერტილი აქვს ამ კუნძულებთან. ასე რომ, მაზურკა საკმაოდ მძაფრი საკითხია. „ფოგო“ შესაძლოა გეოგრაფიულ ცნებასთან დავაკავშიროთ, ვთქვათ, ვულკანთან… ეს ერთგვარი მრავალშრიანი კომბინაციაა ცეცხლის, ქვეყნისა და ცეკვის. მე ასე მესმის.
გასაგებია. ცნობილია ისიც, რომ პინა ბაუში თავისი დადგმების ერთგვაროვან „სინოფსისს“ არ სთავაზობდა მაყურებელს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაყურებელს თავად ეპოვა დადგმის საკუთარი ინტერპრეტაცია. რადგან „მაზურკა ფოგოს“ ქართველი მაყურებელი პირველად ნახავს, რა არის ის, რაზეც გინდათ, რომ მათ ყურადღება გაამახვილონ?
დიახ, პინა ბაუშის შემთხვევაში ზუსტად ასე იყო. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მისი უდიდესი სურვილი იყო მაყურებელს რაიმე სპეციფიკური შინაარსის ძებნა არ დაეწყო. სინამდვილეში, ზუსტად ესაა მთავარი მიზეზი, თუ რატომ არასოდეს არაფერს განმარტავდა პროგრამაში ან სადმე სხვაგან – უკიდურესად იშვიათად. მას არ უყვარდა განმარტებები და დრამატურგიული ინტერპრეტაციები. იმედოვნებდა, რომ როცა მაყურებელი მოვიდოდა და სპექტაკლს ნახავდა, თითოეული მათგანი შინ წაიღებდა საკუთარ შთაბეჭდილებას, ფიქრებსა და გრძნობებს.
სწორედ ესაა, ჩემი აზრით, მიზეზი იმისა, თუ რატომ ზემოქმედებს პინა ბაუშის შემოქმედება ნებისმიერი კულტურის წარმომადგენელზე. ჩვენ გვიმოგზაურია აზიიდან სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკამდე, ავსტრალიაში, თურქეთში, ეგვიპტეშიც კი და ყველა ეს ნაწარმოები მუშაობდა, რადგან ისინი ადამიანურ პრობლემებს ეხება. როგორც პინა ბაუში ამბობდა, ის ეძებდა იმ საწყისებს, რაც გვაკავშირებს, და არა იმას, რაც განგვასხვავებს. და მე ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანები იყვნენ იმდენად გახსნილები, რამდენადაც შესაძლებელია, მოვიდნენ, ნახონ, იგრძნონ და შინ ის წაიღონ, რაც თითოეულმა მათგანმა ამ ყველაფრისგან მიიღო.
რაც შეეხება „მაზურკა ფოგოს“ მუსიკას – ეს არ არის ერთი კომპოზიტორის ნამუშევარი, არა? ეს სხვადასხვა კომპოზიციების ერთგვარი კოლაჟია…
დიახ, კოლაჟია…
მუსიკა ამ ნაწარმოებში ატმოსფეროს ქმნის თუ დრამატურგიულ ხერხემლად გვევლინება?
მგონი, ორივე. მუსიკა პინა ბაუშის სპექტაკლებში ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, იცით, ის ქორეოგრაფიას მუსიკაზე არ ქმნიდა. ქორეოგრაფია მეტწილად მასალიდან იბადებოდა, იმ მასალიდან, პატარა ამბებიდან, რომელიც მოცეკვავეებს მოჰქონდათ, პინა ბაუშის მიერ დასმული კითხვების პასუხებად. მოცეკვავეები ისტორიებს იმპროვიზაციებისა და მოძრაობის მეშვეობით ასრულებდნენ, პინა კი სპექტაკლს სწორედ ამ მასალისგან აგებდა. მუსიკა, როგორც წესი, მოგვიანებით ჩნდებოდა. ამიტომ, როცა სოლოებს ხედავთ, ჩვეულებრივ, ისინი მუსიკაზე კი არ არის შექმნილი, მუსიკა სოლოსთვის შემდეგ მოიძებნება, ისეთი, რომელიც მას მოერგება.
საინტერესოა.
დიახ. შემდეგ როცა უყურებ, ხშირად იმდენად ძლიერი და სრულყოფილია, რომ ერთმანეთისგან განცალკევება თითქმის შეუძლებელია. მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის ჩვეულებრივი თანმიმდევრობა, როცა ჯერ მუსიკა შეირჩევა და შემდეგ ქორეოგრაფია იქმნება.
ზუსტად ამის კითხვა გვინდოდა – გამოდის, რომ ქორეოგრაფია თავად პოულობს თავის მუსიკას?
დიახ, სწორედ ასე აღვწერდი.
ამ სეზონში თქვენ კოლეგებთან ერთად სპექტაკლის რეპეტიციებს ხელმძღვანელობთ. როგორ ინარჩუნებს ვუპერტალის ცეკვის თეატრი პინა ბაუშის ქორეოგრაფიულ და სცენურ ენას? ავთენტურობასა და ცოცხალ, თანამედროვე თეატრს შორის ზღვარი სად დევს?
ეს ორი რამ ერთმანეთთან განუყოფლადაა დაკავშირებული. პინას ნაწარმოებებისთვის ორივე აუცილებელია. მაგალითად, „მაზურკა ფოგო“ მიმდინარე წლის იანვარში კვლავ სცენაზე გამოვიტანეთ. იქამდე ბოლოს 2019 წელს ვენაში დაიდგა – ანუ ექვს-ნახევარი წლის წინ. სცენაზე ოცი მოცეკვავეა, და მათგან თოთხმეტს ამ სპექტაკლში არასოდეს მიუღია მონაწილეობა. ასე რომ, დასი დიდწილად განახლდა. და პინას ნამუშევრების შენარჩუნება, მგონი, ორივეს მოითხოვს – ავთენტურობასაც და თანამედროვეობასთან კავშირსაც. ეს, რა თქმა უნდა, დასრულებული ნაწარმოებია, პინა ბაუშის დადგმით და ქორეოგრაფიით. მაგრამ თავად პინასა და მისი ორიგინალური ნაწარმოებისადმი ერთგულება მოითხოვს, რომ ახლანდელი დადგმა ისეთივე ცოცხალი და ენერგიით სავსე იყოს, როგორც მაშინ, პირველი მოცეკვავეების შემთხვევაში, რომლებმაც ეს მასალა შექმნეს. შექმნის პროცესი ძალიან ინდივიდუალური და პირადული იყო. და სწორედ ეს ხდის განსაკუთრებულს ამ მასალის ახალი თაობის მოცეკვავეებამდე მიტანას – რომ მათ იპოვონ საკუთარი ინდივიდუალობა, ნამდვილობის ის გზა, რომელიც შემსრულებელს სჭირდება სხვისგან გადმოცემული როლის შესასრულებლად.
ეს ძალიან, ძალიან რთული საქმეა.
პირადად მე უნდა ვაღიარო, რომ გადაცემის ეს პროცესი ძალიან მომწონს. რეალურად, ავთენტურობა აუცილებელია, და თანამედროვეობით, სიცოცხლით სისავსეც მისი ნაწილია. რადგან მგონი, თუ ცოცხალი და ენერგიული არ ხარ, პინა ბაუშის ნამუშევრებში ავთენტური ვერ იქნები. თუ ყველაფერი უბრალო გამეორებად და კოპირებად იქცევა, ეს პინა ბაუში აღარ არის – სცენური პიროვნება მისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მოცეკვავისგან ახალი პიროვნება უნდა შეიქმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ ადამიანში უნდა იპოვო ის, რაც თავდაპირველ განზრახვასთან, ორიგინალურ იდეასთან ჰარმონიაში ფუნქციონირებს.
თქვენ თითქმის უპასუხეთ ჩვენს მომდევნო კითხვას, მაგრამ, მაინც დავსვამთ მას – როგორ მუშაობთ მოცეკვავეებთან, რომლებიც პირადად არ შეხვედრიან ბინა ბაუშს? თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც მასთან უშუალო მუშაობის გამოცდილება აქვს, რა არის ის მთავარი, რასაც ახალ თაობას პირველ რიგში უზიარებთ?
ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, უერთგულონ საქმეს და საკუთარ თავს ერთდროულად. ასე ვპოულობთ გზას, ნაწარმოები დარჩეს იქ, სადაც მისი ადგილია.
პინა ბაუში უკვე მეჩვიდმეტე წელია, რაც ჩვენთან აღარ არის. ამ პროდუქციაში რეპეტიციის მიმართულებით გვყავს რაინერ ბერი, რომელიც ნაწარმოების შექმნის პროცესში მონაწილეობდა და მთელი ეს პროცესი გამოვლილი აქვს. მე დასს ერთი-ორი წლის შემდეგ შევუერთდი, მაგრამ „მაზურკა ფოგოზე“ პინასთანაც და პინას შემდეგაც ბევრი მიმუშავია და, ცხადია, კარგად ვიცი ის. ასევე ჩვენთანაა აზუსა სეიამა-პრიოვილი, რომელიც ამ დადგმაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცეკვავდა. ასე, რომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვსარგებლობთ თავდაპირველი და გამოცდილი მოცეკვავეების ცოდნით პინა ბაუშის შემოქმედების შესახებ. ისინი ამ ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებენ, რაც უმნიშვნელოვანესია მათ წახალისებაში ახლა – თავიანთი გზა იპოვონ იმის საკეთებლად, რაც საჭიროა.
და ბოლო შეკითხვა: ბალანჩინი ამბობდა, რომ მის შემდეგ მისტერ ბის დადგმებს არ უნდა ეცოცხლათ, რადგან მომავალი თაობის ქორეოგრაფები იმავე მუსიკაზე ახალი ნამუშევრების შექმნას შეძლებდნენ. თუმცა დღეს ბალანჩინის რეპერტუარი მსოფლიოს წამყვანი დასების განუყოფელი ნაწილია. პინა ბაუშის შემთხვევაში როგორაა? სხვა კომპანიებშიც სრულდება?
დიახ, რეალურად, ეს პინამ თავად წამოიწყო პარიზის ოპერის საბალეტო დასთან: 1997 წელს მათ გადაიბარეს „საღვთო გაზაფხული“, 2005 წელს – „ორფევსი და ევრიდიკე“, რომელიც, რა თქმა უნდა, საცეკვაო ოპერაა და უფრო მკაფიოდ ქორეოგრაფიული ნაწარმოებია. ახლა, პინას გარდაცვალების შემდეგ, პინა ბაუშის ფონდმა, მისი ვაჟის, სალომონ ბაუშის ხელმძღვანელობით, რომელიც მთელი მისი შემოქმედების მემკვიდრეა, პარიზში და რამდენიმე სხვა ქალაქში Kontakthof და სხვა ნამუშევრები დადგა. არსებობს სპეციალური პროექტებიც, როგორიცაა, მაგალითად, Common Ground. ეს არის „საღვთო გაზაფხული“ სხვადასხვა აფრიკული ქვეყნის წარმომადგენელი მოცეკვავეების მონაწილეობით. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა დასი რეგულარულად ასრულებს პინა ბაუშის ნაწარმოებებს.
ჩვენი დასი მთლიანად პინას შემოქმედებაზეა უწყვეტად ფოკუსირებული. დროდადრო სხვა ქორეოგრაფების ქმნილებებსაც ვასრულებთ და მომავალშიც ასე მოვიქცევით, მაგრამ, ჩვენთვის უმთავრესი მაინც პინა ბაუშის ნაწარმოებების შენარჩუნებაა. მომავალს იმედიანად ვუყურებ – ეს ნაწარმოებები შეინარჩუნებენ თავიანთ ადგილს თეატრალურ სამყაროში, რადგან მათ ცოცხლად შესრულებას ნამდვილად აქვს აზრი: დრო მათ თითქმის არ ეტყობა. მისი შემოქმედება ადამიანური ყოფიერების ძირეულ საკითხებს ეხება და, მგონი, ეს ის საკითხებია, რომლებიც არასოდეს იცვლება. იცვლება პოლიტიკა, ეკონომიკა, ისტორია, ბევრი რამ იცვლება – მაგრამ ძირითადი ადამიანური საკითხები, მგონი, რომ, არა. ნამდვილად არა.
დიდი მადლობა დროის დათმობისა და შესანიშნავი საუბრისთვის. მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას თბილისში.








