fbpx

რას ვტოვებთ კვალად: ხუთი ხმა VA[A]DS-ის 2026 წლის  ვიზუალური ხელოვნების სადიპლომო პროექტების გამოფენიდან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) კამპუს გალერეაში, 4-იდან 30 ივლისამდე,  ხუთი ახალგაზრდა ავტორის სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. ერთი შეხედვით, ეს ხუთი პროექტი სრულიად განსხვავებულ სამყაროს წარმოადგენს: რელიგია და ქვიარ იდენტობა, ოჯახური თუ სხეულებრივი არქივები, თბილისის ურბანული გარემო და ციფრულისა და ფიზიკურის შეჯახება. თუმცა, ავტორებთან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ეს ხუთივე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხმა, სხვადასხვა პერსპექტივიდან ერთსა და იმავე ფუნდამენტურ კითხვას უბრუნდება: როგორ შევინარჩუნოთ ის, რაც ჩვენს იდენტობას აყალიბებს, როდესაც თავად ეს საყრდენი განიცდის ტრანსფორმაციას?

გამოფენის ხელმძღვანელი და ლექტორი თამუნა ჭაბაშვილი პროექტის წინასიტყვაობაში ამ თანხვედრას ასე აღწერს: ნამუშევრები „ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მონაწილეთა პირად ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით განვითარდა“, თუმცა თითოეული მათგანი პასუხობს „იმ გამოწვევებს, რომლებსაც სტუდენტები არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ პირობებში აწყდებიან“. სწორედ ეს დაძაბულობა – პირადსა და კოლექტიურს, შემთხვევითსა და გარდაუვალს შორის არის ის, რის გააზრებასაც ქვემოთ მოცემული ხუთი ხმით ვცდილობთ.

ლიზი მურვანიძე

ლიზის ნამუშევრები – „ხიდები“, „არქიტექტურული ობიექტები“ და „ნიშნები“  თბილისის ურბანულ ქსოვილს იღებს მასალად: ღამის ფოტოებს, თაბაშირს, საგზაო ნიშნების ფორმებს. მისთვის საინტერესოა ის მომენტი, როცა ფუნქციური საგანი კარგავს თავის თავდაპირველ დანიშნულებას და ხელახლა იბადება როგორც ხელოვნების ობიექტი.

 

შენს ნამუშევრებში ქალაქური საგანი კარგავს თავის თავდაპირველ ფუნქციას. რატომ გაინტერესებს სწორედ ეს მომენტი, როცა რაღაც აღარ „მუშაობს“, როგორც უნდა?

დაკვირვების შედეგად მივხვდი, რომ თბილისის ურბანულმა გარემომ თავისებური ატმოსფერო შეიძინა ზუსტად იმის გამო, რომ ფუნქციური ობიექტები ხალხმა გამოიყენა ამ თავდაპირველი ფუნქციის გარეშეც. მაგალითად, კედლები დაინახეს არა როგორც თავშესაფარი, არამედ ტილო ან ბანერი, კომუნიკაციის საშუალება და შეიქმნა გრაფიტი. ეს ყველაზე გავრცელებული მაგალითია. მე ვცადე სხვა ობიექტებზეც ამავე ლოგიკით –  „თვალით“ დაკვირვება. როდესაც გარემოს ან ობიექტებს მისი ფუნქციის გარეთ ვაკვირდები, ისინი გარდაიქმნებიან ხელოვნების ნიმუშად. მათ უსასრულოდ შეიძლება შეეცვალოს კონტექსტი და მნიშვნელობა იმის მიხედვით, თუ ვინ და როგორ აღიქვამს მას, რა გაგვახსენდება, რა მომენტში დააკვირდები. ასეთი დატვირთული და ერთი შეხედვით ნაცრისფერი და ბრუტალისტური გარემოც შეიძლება უსასრულოდ გარდაიქმნას, თუ სხვანაირად იქნება აღქმული.

„არქიტექტურული ობიექტები“ მძიმედ გამოიყურება, თუმცა მსუბუქია, ეს სიმძიმის ილუზია შემთხვევით ავტობიოგრაფიულია, თუ საუბრობს რაღაც უფრო ზოგადზე, იმაზე, თუ როგორ განიცდი შენ თბილისს?

 ხშირ შემთხვევაში, ყოველდღიურობაში ყველაფერს ისე აღვიქვამთ, როგორც გამოიყურება. და ხშირად,  როცა ვხედავთ უზარმაზარ ნაგებობას, ვასკვნით, რომ ბეტონისგან არის აშენებული, და მართლებიც ვართ. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ღამდება. ადგილები, სადაც უპრობლემოდ ვსეირნობთ დღის შუქზე, ღამით საშიშად გვეჩვენება. სამი კედლით შემოსაზღვრული ადგილი, რომელსაც ხელოვნური განათების წყარო ვერ აშუქებს, შორიდან აღქმისას საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ როდესაც მათ შორის ვდგებით, თავს დაცულად და მოდუნებულად ვგრძნობთ. ეს ადამიანის ბიოლოგიაა, როცა ის შემოსაზღვრულია კედლებით, მისი თვალთახედვის არეალის გარეთ საფრთხე ვერ იქნება, ხოლო იმ მონაკვეთს, სადაც კედელი არაა, კარგად ხედავს და აკონტროლებს. ის ფაქტი, რომ უბრალოდ ადამიანის სხეულის პოზიციონირებამ ამხელა განსხვავება შეიძლება გამოიწვიოს აღქმაზე, ჩემი ინსპირაციის წყარო გახდა. „არქიტექტურული ობიექტების“ შექმნისას მასალის საშუალებით გადმოვეცი ერთი სივრცის, ნამუშევრის შემთხვევაში ერთი ობიექტის, დუალობა.

ანა შონია

ანას ნამუშევრები – „ლეღვის ხე“ (მინა, თაბაშირი) და „ახალი არქივი“ (კერამიკული ფილები)  ეფუძნება ბებიის დღიურებსა და ოჯახურ ისტორიებს. მისთვის მეხსიერება არ არის სტაბილური ფაქტი, არამედ მუდმივად ცვალებადი, მუდმივად განახლებადი  გამოცდილებაა.

 

ფოტო: ლიზი მურვანიძე

იყო თუ არა კონკრეტული მოგონება ან ისტორია ბებიის დღიურებში, რომელმაც ეს იდეა პირველად დაგანახა?

ბებიის დღიურებში არ ყოფილა ერთი კონკრეტული ისტორია, რომელმაც ეს იდეა პირველად დამანახა. უფრო თავად მისი წერის ფორმამ და რაღაც ძალიან პირადულის ანალიზმა იმოქმედა ჩემზე. მისი ჩანაწერები მუდმივად მერყეობს რეალურ მოგონებებს, განცდებსა და პირად რწმენებს შორის. სწორედ ამან დამანახა, რომ მეხსიერება ფაქტების ზუსტი შენახვა კი არა, მუდმივი რეკონსტრუქციის პროცესია. იგი წერდა ყველაზე, არა მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან, არამედ ცდილობდა დაეწერა სხვების ისტორია მათივე ენით და მათი ცხოვრებით, ასე ერთ ამბავს რამდენიმე ვერსია უჩნდებოდა. ამავდროულად, დღიურებმა კიდევ უფრო გამიმძაფრა ადამიანის არსის შენარჩუნების სურვილი და გაქრობის შიში. ბებიის გარდაცვალების შემდეგ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მისი ხელახლა პოვნა ყოველდღიურობაში, საკუთარ თავსა და იმ კვალში, რომელიც მან დატოვა. მის დღიურებში ზუსტად ამ სურვილს ვხედავ, ისიც თავისი გარდაცვლილი მშობლების მყოფობას ეძებდა, სხვადასხვა ფორმით ინარჩუნებდა მათთან კავშირს. მისთვის მეხსიერება არა მხოლოდ გადმოცემა, არამედ ურთიერთობის გაგრძელების მცდელობაც იყო.

კერამიკულ ფილებზე გამოსახულება მუშაობის პროცესში იკარგება და გარდაიქმნება, ეს დაკარგვის მომენტი გტკენს, თუ პირიქით, ის თავად ხდება ნამუშევრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი?

ჩემთვის ეს დაკარგვა მტკივნეული არ არის, გამოსახულება იძენს ახალ შინაარსს, მაყურებლის ინტერპრეტაციაც შედარებით თავისუფალი ხდება, რადგან ჩემი სუბიექტური ანალიზი უფრო აბსტრაქტულ შინაარსს იღებს. გამოსახულების ცვლილება თავად „არქივის“ იდეასთან და მეხსიერებასთან იგივდება ფოტოს გამჟღავნების პროცესის ან მეხსიერების თვისების მსგავსად. არცერთი მოგონება არ რჩება უცვლელი, ყოველი გახსენებისას ის ნაწილობრივ იკარგება, ნაწილობრივ კი ხელახლა იქმნება. ამიტომ, როდესაც კერამიკულ ფილაზე გამოსახულების დეტალები ქრება ან ზედაპირის გამო ტრანსფორმირდება, სწორედ ეს პროცესია ნამუშევრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩემთვის საბოლოო ნამუშევარი არ არის ორიგინალის ასლი, ის ახალი მეხსიერებაა, რომელიც იმავე ისტორიას უკვე სხვა ფორმით აგრძელებს.

თათი ხუციშვილი

 

თათის ნამუშევარი ორი ნაწილისგან შედგება – ფერწერული სერია „პოსტ-ინდუსტრიული ბავშვები“, შესრულებული რკინის ფირფიტებზე, და პერფორმანსი „სიბნელობანა“. ორივეს საერთო აქვს სხეულის თემა, რომელიც წარმოჩინდება არა პირდაპირი გამოსახვით, არამედ მისი კვალით, ჩრდილით, სილუეტით.

რატომ გირჩევნია სხეულის დაფარვა მის პირდაპირ გამოსახვას?

 როდესაც ამ გამოფენაზე და კონკრეტულად პერფორმანსზე მუშაობა დავიწყე, დავფიქრდი იმ გამოცდილებებსა და გრძნობებზე, რაც დავაგროვე 15-წლიანი ცეკვის პერიოდში. შარშან წამოვედი ცეკვიდან და მინდოდა, რომ ცეკვა გამეერთიანებინა ვიზუალურ ხელოვნებასთან ახალი გზით. სცენაზე დგომის დროს განათება კონცენტრაციას ახდენდა ჩემს ვიზუალზე, და ახლა მინდოდა, რომ ჩემი სხეული სილუეტივით, ჩრდილივით ყოფილიყო. ფერწერულ ნამუშევრებშიც პორტრეტებს ვხატავ ისე, რომ სხეულს ვაქრობ და  მის ფერებსა და კვალს ვხატავ. ამ ეტაპზე, რადგან ეს ჩემი პირველი პერფორმანსი იყო, ცოტა დამალვა უფრო სწორ გზად იგრძნობოდა ჩემთვის, ტექსტის კითხვაც სხეულიდან მოდიოდა, და ჩემი იქ ყოფნაც ყურადღების აქცენტის გარეშე მომწონდა.

„სიბნელობანა“ ფერწერასა და პერფორმანსს შორის ცოცხლდება, რას გრძნობ, როცა იმას, რაც ფერწერაში გაყინული გაქვს, პერფორმანსისას კვლავ სხეულში აბრუნებ?

 ამ ეტაპზე ორ სივრცეს ასე აღვიქვამ, რომ ფერწერაში მაინც არის რაღაც საზღვრები, სიდიდის თუ მასალის კუთხით,  მე ხელით ვხატავ, და ხატვის დროსაც მოძრაობა არის ჩემი ხელსაწყო, მითუმეტეს ამ ფერწერაში, რადგან ზომით ჩემზე ექვსჯერ დიდია. ფერწერა და ობიექტი დასრულების შემდეგ თითქოს დროს აჩერებენ, იყინებიან, ფიქსირდებიან, ერთ კონკრეტულ მომენტს ინახავენ. პერფორმანსი კი უფრო პეპელას ჰგავს, რომელიც წამით დაგაჯდება ხელზე და შემდეგ გაფრინდება. მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხრიდანაც შეიძლება შევხედოთ: თუ ფერწერის შექმნას და პერფორმანსის მიმდინარეობას ორივეს პროცესად აღვიქვამთ, მაშინ მათი დასრულების შემდეგ დარჩენილი ნამუშევრები ერთდროულად აგრძელებენ არსებობას დროსა და სივრცეში და თან ამავე დროს აჩერებენ მათ. თითქოს ორივე ფორმა ერთდროულად ეფემერულიც არის და მუდმივიც. დრო ჩემთვის ცოტა საშიშია, იმიტომ, რომ ვერ ვაკონტროლებ. სივრცეს კი, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ვიმორჩილებ, ვცვლი, ვაწყობ, ვერგები. ამიტომ სივრცესთან უფრო მარტივად ვპოულობ საერთო ენას.

მარიამ ზათიაშვილი

 

მარიამის ნამუშევარი „რას უყურებ?“ (სილიკონი, ქსოვილი, აკრილის საღებავი, მეტალი) იკვლევს იდენტობას იმ სივრცეში, სადაც სხეული ერთ, კონკრეტულ ფიზიკურ გარემოში ცხოვრობს, ცნობიერება კი – გლობალურ ციფრულ სამყაროში.

რომელი კონკრეტული გამოცდილება  გაგახსენა შენი ცხოვრებიდან, რომ ეს ორი სამყარო ერთმანეთს ვერ უსწორებს ფეხს?

მე წარმოშობით კახელი ვარ და შესაბამისად, ცხოვრების უდიდესი ნაწილი თელავსა და ფშაველში მაქვს გატარებული. ხშირად ვესწრებოდი ეგრეთწოდებულ „ღორის ქელეხს“, რომელიც, ჩემი გადმოსახედიდან, საკმაოდ ბრუტალური ტრადიციაა. ნამუშევრის ინსპირაციაც სწორედ ის მომენტები იყო, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები ეზოში ღორს კლავდნენ, ატყავებდნენ და მისგან საკვებს ამზადებდნენ. პარალელურად, მე და ჩემი და-ძმა სახლში ჩვენს საყვარელ იუტუბერებს ვუყურებდით. ეს იყო თაობებს შორის არსებული აცდენა, რომელმაც ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

აირჩიე შამფური და თამაშის მონეტა, როგორც ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს ნიშნები – რატომ გახდა სწორედ ეს ორი ობიექტი  შენთვის  ხიდი?

 ჩემი ნამუშევრის მთავარი სათქმელის გადმოცემა სწორედ მასალის მეშვეობით მინდოდა. ჩემს პერსონალურ გამოცდილებებს ყველაზე მეტად ამ ორი ობიექტის დაპირისპირება გამოხატავდა. შამფური, როგორც ჩემი კულტურის სახე და ლოკაციის მაჩვენებელი, ის ობიექტია, რომელიც ჩემი სხეულის ფიზიკურ ადგილმდებარეობასა და მის მიღმა არსებულ მნიშვნელობას წარმოაჩენს, ხოლო ტელეფონი ის ხელსაწყოა, რომელიც ციფრულ სამყაროსთან გვაკავშირებს.

ნინო (ნიკო) სალაქაია

 

ნინოს ინსტალაცია „როგორ გადავიწეროთ პირჯვარი სწორად – მეც (წ)მინდა“ გამჭვირვალე ქსოვილებით, ტექსტური ნახატებით, წიგნითა და კითხვის პერფორმანსით ქმნის საკურთხევლის პირად ვერსიას – გზას რელიგიაში თავშესაფრის ძიებიდან რელიგიისგან თავშესაფრის ძიებამდე.

შენი პროექტი გზას აღწერს „რელიგიაში თავშესაფრის ძიებიდან რელიგიისგან თავშესაფრის ძიებამდე“. რომელ მომენტში მიხვდი, რომ ეს გზა შენთვის შებრუნდა?

 რელიგიასთან მიმართება დამოუკიდებელი აზროვნების განვითარების პარალელურად შეიცვალა. როგორც კი საკუთარი თავის აღქმა და შიგნიდან გარეთ გამოხედვა შევძელი, უპასუხო კითხვებით ამევსო სამყაროს ხედვა, და რწმენა გააზრებულ ცრუმორწმუნეობაში გადაიზარდა. ყოველთვის მქონდა პასუხი კითხვებზე –  „რა?“ და „როგორ?“, მაგრამ არასდროს კითხვაზე – „რატომ?“. ქვიარ იდენტობის გააზრებამ ბუნებრივად განდევნილ პოზიციაში მომაქცია, და აქამდე უსაფრთხო ადგილი მალვის და საკუთარი თავის გაკიცხვის მიზეზად იქცა, და სრულიად შემეცვალა სამყაროს ხედვა.

 გამჭვირვალე ქსოვილი საკურთხევლის შენეულ ვერსიას ქმნის – რატომ გამჭვირვალობა და არა დაფარვა, როცა ლაპარაკობ ისეთ თემაზე, რომელიც ხშირად საიდუმლოებაშია გახვეული?

 ნამუშევრის იდეა გამოჩენაზე და რეპრეზენტაციაზეა ორიენტირებული – ახალი სიტყვების შექმნისა და არარსებული სივრცის თვითნებურად გამოთავისუფლების მცდელობაა, ამიტომ გამჭვირვალე მასალა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც რაღაც, რაც იცავს და ამავდროულად ხილულს ხდის ნამუშევრის ნაწილებს. გამჭვირვალობა ორმხრივობასაც ხაზს უსვამს და ინსტალაციასთან მიმართებაში სხეულის მოძრაობის დინამიკას ქმნის, რადგან ტექსტის წაკითხვა ორივე მხრიდანაა შესაძლებელი და ფიზიკურ მოძრაობას მოითხოვს. ამ მასალის არჩევისას „veil“ (თავსაბურავი) დიდ როლს ასრულებდა, როგორც ადამიანის სხეულის გაგრძელება და ამავდროულად მისი დამცველი – რაღაც, რაც ერთდროულად ქმნის და აზოგადებს იდენტობას. თავდაცვის, კომფორტული სივრცის და რაღაცის გავლით დანახვის ასპექტები თავად ტექსტისა და პერფორმანსის მნიშვნელოვანი ნაწილიც იყო, ზოგადად მზერის აღქმის განხრითაც. გამჭვირვალე ზედაპირი არბილებს გარედან ნატყორცნ მზერას, მაგრამ არ უარყოფს მას.

ეს ხუთი ცალკეული ინტერვიუ საერთო სივრცეში, ერთიან კონტექსტში იყრის თავს – დიალოგად დროსა და სივრცეზე, იმ ძალაუფლებაზე, რომელსაც მათზე ვფლობთ ან ვკარგავთ. იქ, სადაც პირადი მეხსიერება, თბილისის გარემო, ლოკალური ყოფა და ვირტუალური რეალობა იკვეთება, ავტორები ახალ საყრდენებს ეძებენ.

მათი ნამუშევრები ერთგვარ გამჭვირვალე ქსოვილს ემსგავსება, რომელიც ერთდროულად მალავს წარსულს და ააშკარავებს იმას, რაც დღეს ჯერ კიდევ იცვლის ფორმას.

გამოფენა ღიაა 30 ივლისამდე –  თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსის გალერეაში. დიპლომების ხელმძღვანელია თამუნა ჭაბაშვილი, თეზისების ხელმძღვანელები: ნანა ყიფიანი  და თამარ ჩადუნელი.




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.