მოთვინიერებული „ესთეტიური“ პროდუქტი
თვითცენზურაზე დაფუძნებულ სახელოვნებო პროცესებზე დაკვირვება, სადაც კონფორმიზმი სუბიექტის მატერიალური წარმატების უმთავრეს პირობას წარმოადგენს, „მოთვინიერება“ ხდება ის ნამუშევარი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს თავს. პოლიტიკური ძალაუფლების მიერ ერთ დროს დაცენზურებული სალომე ჯაშის ეს ფილმი უნდა განვიხილოთ არა როგორც უბრალოდ ეკოლოგიურ მოტივებზე არსებული რეფლექსია, არამედ რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტი. პოლ მაკართის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი პროვოკაციული, მძაფრი და გროტესკული ნამუშევრის კონტექსტში, ეს სცენარი იძენს ირონიულ ელფერს, რომელიც კარგად აშიშვლებს ავტორიტარული ძალაუფლების ბუნებას. მაკართის “The garden” ეხმიანება დენდროფილიას, როგორც ადამიანურ გადახრას და არა მხოლოდ მას. ნამუშევარში სექსუალური ლტოლვების დაკმაყოფილების სცენის მიღმა არსებობს კიდევ ერთი კაცის ფიგურა, რომელიც ძირს წევს უსიცოცხლოდ. ცხადია, ივანიშვილის შემთხვევაში ეს გადახრა სხვა მიმართულებით ვითარდება და ის პოლიტიკური ძალაუფლებისადმი სწრაფვაში ვლინდება, სადაც “მიწაზე დაგდებული” ინდივიდი შეიძლება ზუსტად ისე იყოს იგნორირებული, როგორც მაკართის ნამუშევრის შემთხვევაშია. ამრიგად, ცნება „მოთვინიერება“ ჩვენს სოციო-პოლიტიკურ კონტექსტში აღწერს ორ პარალელურ, თუმცა საერთო პროცესს: ბუნებრივი ლანდშაფტის ძალადობრივ დამორჩილებასა და სახელოვნებო ელიტის ინსტიტუციურ ნეიტრალიზაციას ან სულაც გაჩუმებას.
ჯაშის დოკუმენტური ნარატივი ეფუძნება რეალურ, თუმცა თავისი არსით აბსურდულ პოლიტიკურ აქტს, რომელიც გულისხმობს ასწლოვანი ხეების ამოძირკვასა და მათ ტრანსპორტირებას კერძო დენდროლოგიურ პარკში. ეს პროცესი სცილდება უბრალო ეკოლოგიურ ინტერვენციას და წარმოადგენს საზოგადოებრივი სივრცის ტოტალური პრივატიზაციის აქტს, სადაც სახელმწიფო მანქანა ერთი ინდივიდის ესთეტიკურ კაპრიზს ემსახურება.
ჩვენ, როგორც საზოგადოება, შევეჩვიეთ “მოთვინიერების” სხვადასხვა ფორმას. სწორედ ამის გამოძახილია ის ფაქტიც, როგორ ავლენს თბილისის სახელოვნებო სივრცე კულტურულ კონფორმიზმს. სანამ ქვეყანაში სოციო-პოლიტიკური და ეკოლოგიური კრიზისი მიმდინარეობს, საგამოფენო სივრცეები იფუთება ბურჟუაზიულ ესთეტიკაში. თუ კი უახლოეს წარსულში რეჟიმი მიწიდან გლეჯდა ასწლოვან ხეებს, რათა ისინი ხელოვნურ, კონტროლირებად გარემოში გადაერგო, დღესდღეობით სახელოვნებო ელიტა საკუთარი ნებით იგლეჯს სოციალურ და კრიტიკულ ფესვებს, რათა კომფორტულად მოთავსდეს საგამოფენო სივრცეების უსაფრთხო ჩარჩოებში. ორივე შემთხვევაში შედეგი ერთგვაროვანია – კრიტიკული მუხტისაგან დაცლილი, სტერილური გარემოს ჩამოყალიბება. ისეთი ხელოვნება, რომელიც უარს ამბობს რეფლექსიაზე, ემსგავსება მფლობელის სტატუსის განმამტკიცებელ, მოთვინიერებულ ესთეტიკურ პროდუქტს. თუ ხე ბუნებრივ ეკოსისტემას წყდება, ხელოვნება წყდება იმ სოციალურ კონტექსტს, რომელმაც იგი წარმოშვა.
გულახდილობისა და გულწრფელობის კრიზისი გამოჩნდა თბილისის სახელოვნებო ბაზრობაზეც და ვთვლი, რომ ღონისძიებას არ გამოუვიდა უინტერესო რუტინის დარღვევა. თითქმის ყველაფერი აქტუალურისგან დისტანცირებული ეს ღონისძიება, საბოლოოდ ხასიათით თიკა რუხაძის გამოსვლებს და “ლუქს” დაემსგავსა: ყვავილებით, ღვინის წრუპვით, ერთმანეთის მოფერებით, მოფერების დაპირებით და იმაზე მსჯელობით, ვინ უფრო ტვინიანი იყო მაღალი შემოსავლისთვის. სახელოვნებო სივრცე თავს არიდებს სოციო-პოლიტიკურ საკითხებზე რეფლექსიას, შეძლებისდაგვარად “ყიდის” საკუთარ თავს, იმ თავს, რომელიც აღარც სიმპათიურია, აღარც მიმზიდველი და აღარც საინტერესო, მაგრამ იყიდება, რადგან ენდი უორჰოლის “სუპს” ჰგავს.
ამ ყველაფრის ფონზე როგორ ვისაუბროთ იმაზე, რაზეც საუბარი თითქოს უკვე წყლის ნაყვაა? იქნებ პირდაპირ წყლის ნაყვაზე უნდა გვესაუბრა? გავიხსენოთ 2014 წლის პერფორმანსი, რომელიც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებული კომუნიკაციის კრიზისს ასახავდა. პერფორმანსში მონაწილე ადამიანები კანცელარიის შენობასთან წყალს ნაყავდნენ. ეს იყო რეაქცია საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გარშემო განვითარებული მოვლენების კონტექსტის მიმართ.
სფეროში მომუშავე ადამიანები, ან ისინი, ვისაც იმ დროისთვის საყდრისის ბედი აწუხებდათ და ვერცერთი საკომუნიკაციო ფორმით ვერ დაარწმუნეს ხელისუფლება საყდრისის მნიშვნელობაში, ამ ფორმით აპროტესტებდნენ უშედეგო ბრძოლას. საყდრისი ააფეთქეს, ააფეთქა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. ბოლო პერიოდის კულტურული პროცესები ძალიან ახლოსაა იმ შინაარსთან, რომელსაც ეს პერფორმანსი გვთავაზობს.
ეს ფოტო კი ანდრეა ჰეიზერის პერფორმანსიდან არის და მახსენებს ჩვენი ამჟამინდელი კულტურის მინისტრის ცხოვრების იმ მონაკვეთებს, სადაც იგი აღფრთოვანებით საუბრობს ჩამოშლილ და დაუძლურებულ კულტურის სფეროზე, განადგურებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. 1989 წელს შექმნილი ფრეიზერის “Museum Highlights: A Gallery Talk” ინსტიტუციების კრიტიკას ეხმიანება. პერფორმანსში ფრეიზერი გამოგონილი სახელით და პროფესიით არის წარმოდგენილი და ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში ექსკურსიას უძღვება. ნამუშევრის მთავარი სტრატეგია პაროდიაა. ფრეიზერი ზუსტად იმეორებს მუზეუმის ოფიციალური გიდების აკადემიურ სტილს, მაგრამ ამას მუზეუმის ყოველდღიური ინფრასტრუქტურის აღსაწერად იყენებს. აღფრთოვანებით აღწერს ტუალეტებს, კაფეტერიას, მაღაზიას, დერეფნებსა და სხვა დამხმარე სივრცეებს, როგორც ჩვეულებრივი გიდი აღწერდა რემბრანდტის, სეზანისა თუ სხვათა ნამუშევრებს. კონკრეტული მონაკვეთი კი მახსენებს იმ მომენტს, როდესაც თინათინ რუხაძემ როიალის წინ მდგომ სკამს ხელი მოუთათუნა, იმისათვის, რომ ობიექტისთვის მნიშვნელობა გაეზარდა. ფაქტი დაკავშირებული იყო კულტურის სამინისტროსთან, რომელმაც გარკვეული ნივთები საჩუქრად გადასცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, მინისტრმა კი კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას ეს “საერთაშორისო მასშტაბის სიკეთე”. მაგრამ, როგორც ჰეიზერს გაუჭირდება რაღაცას ხელოვნურად მიანიჭოს კულტურული მნიშვნელობა, ისე თინათინ რუხაძე ვერ გახდის სკამს ქვეყნის მასშტაბით ღირებულს. მაგრამ მარტო თიკას პრობლემა არაა რაღაცაზე გადაჭარბებულად ზრუნვა ან საუბარი, ეს მთლიანად ქართულ სახელოვნებო ელიტას ახასიათებს.
და მაინც, როდესაც ხელოვნება უარს ამბობს რისკზე და ძალაუფლების კრიტიკაზე, იგი ფორმალურად ინარჩუნებს ავტონომიას, მაგრამ არსობრივად კარგავს საზოგადოებრივ ფუნქციას. ასეთ პირობებში ხელოვნების ღირებულება სულ უფრო მეტად განისაზღვრება მისი ინსტიტუციური აღიარებით, საბაზრო მიმზიდველობითა და ესთეტიკურობით, ვიდრე იმ უნარით, რომ საზოგადოებაში არსებული ძალაუფლებრივი ურთიერთობები ხილული გახადოს.
563 total views, 1 views today





