Georgian Objects – თანამედროვე ქართული დიზაინის ახალი საგამოფენო ფორმატები
Georgian Objects კურატორული პლატფორმაა, რომელიც თანამედროვე ქართული დიზაინისთვის ახალი საგამოფენო ფორმატების შექმნაზე მუშაობს. პროექტი დიზაინ-ობიექტს განიხილავს არა მხოლოდ როგორც ფუნქციურ ნივთს, არამედ როგორც სივრცესთან, საზოგადოებასა და მიმდინარე პროცესებთან დიალოგის საშუალებას. მისი მთავარი მიზანი არის არასტანდარტული სივრცეებისა და ექსპოზიციების შექმნით დამთვალიერებლისთვის გახადოს გამოფენა დასამახსოვრებელი და გააცნოს აუდიტორიას როგორც მოქმედი, ისე დამწყები დიზაინერები.
პლატფორმა 2025 წელს დაიწყო გამოფენების სერიით – Common Muse, რომელიც Weseeitems-ში გაიმართა. პირველი გამოფენა კერამიკას ეძღვნებოდა და მონაწილეებს საერთო მედიუმი აერთიანებდა. თუმცა, პროექტის მთავარი ღირებულება სწორედ ამ საერთო ჩარჩოს შიგნით განსხვავებული ავტორების, გამოცდილებებისა და ხედვების შეკრება იყო. Common Muse დაემთხვა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესებს და ამ განწყობამ ბუნებრივად იპოვა ადგილი გამოფენაშიც. სხვადასხვა შემოქმედებითი სფერო ერთ სივრცეში გაერთიანდა საერთო განცდით, პროტესტით, გაურკვევლობითა და გადაწურული იმედით.
Georgian Objects-ის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი თავიდანვე ნათელი ჩანდა – გამოფენა არ უნდა ყოფილიყო თვითმიზანი. პროექტი ცდილობდა შეექმნა თანამშრომლობის პლატფორმა, რომელსაც რეალური შედეგი ექნებოდა მონაწილეებისთვისაც და თავად დიზაინის სფეროსთვისაც. სწორედ ამან განაპირობა მისი წარმატება და ამ პერიოდიდან დაიწყო პლატფორმის მჭიდრო თანამშრომლობა გალერეა Weseeitems-თან.
შემდეგი პროექტი არქიტექტორ ნიკა ლეკვეიშვილის წინადადებით Team-ის სივრცეში განხორციელდა. პატარა სათათბირო ოთახი დიდი ვიტრაჟით დროებით საგამოფენო სივრცედ გარდაიქმნა. აქ წარმოდგენილი იყო სანათების გამოფენა, სადაც სინათლე თავად იქცა ინსტალაციის მთავარ ელემენტად, ხოლო სივრცე ერთიან, თითქმის შავი კუბის მსგავს გარემოდ. ექსპოზიცია შედგებოდა ჭადრაკისებური განლაგებით მცირე კუბებისგან, თითოეულ კუბში განთავსებული იყო სანათი, როგორც სიბნელეში სინათლის წყარო, როგორც პირდაპირი, ისე მეტაფორული მნიშვნელობით. საგამოფენო სივრცეში იატაკზე გამოიყენეს უჟანგავი მეტალის ფაქტურა წყლის ეფექტით, რომელზეც სინათლე და სარკე ქმნიდა სხვა სამყაროში შესვლის ილუზიას.
ამის შემდეგ განხორციელდა პროექტი Less is More, რომელიც სამ ეტაპად განვითარდა: ღია კონკურსი, პროტოტიპების გამოფენა და საბოლოო ობიექტების პრეზენტაცია. მისი მიზანი იყო მინიმალური რესურსით მაქსიმალურად გამორჩეული დიზაინის შექმნა. იდეა კურატორის დაკვირვებიდან გაჩნდა: კულტურულ სივრცეებში ხშირად გვხვდება სტანდარტული, მასობრივი წარმოების ავეჯი, მაშინ როცა საქართველოში არსებობს დიზაინერების რესურსი, რომელსაც შეუძლია შექმნას ობიექტები ყოველდღიური გამოყენებისთვისაც. Less is More სწორედ ამ პოტენციალის წარმოჩენის პირველი მცდელობაა. პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა მონაწილეებისგან სრულყოფილ ნახაზებსა და პროტოტიპებს, მოეწყო გალერეა WESEEITEM-ის სივრცეში. პროექტის ფინალური გამოფენა, რომელიც გულისხმობდა უკვე განხორციელებული ობიექტების პრეზენტაციას, მოეწყო მულტიფუნქციური სივრცის, კომბინატის მხარდაჭერით.
Georgian Objects-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი TAF-ზე წარდგენა იყო. ინსტალაცია ინდუსტრიულ მასალებს – მეტალს, მავთულს და სამშენებლო ნარჩენებს განიხილავდა, როგორც უხილავი შრომისა და სოციალური მეხსიერების მატარებლებს. ამ კონტექსტში მასალა მხოლოდ კონსტრუქციული ელემენტი აღარ იყო; ის იმ ადამიანების გამოცდილების კვალად იქცა, რომელთა შრომაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
დღეს Georgian Objects ეტაპობრივად აყალიბებს საკუთარ ენას ქართული დიზაინის სცენაზე. მისი პრაქტიკა ეფუძნება სივრცის გადააზრებას, ადგილობრივ დიზაინერებთან თანამშრომლობას და იმ რწმენას, რომ დიზაინი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ობიექტი, არამედ კულტურული და სოციალური დიალოგის ფორმა.
27 total views, 27 views today








































