fbpx

Red Bull Dance Your Style-ის საქართველოს გამარჯვებული ცნობილია, – NAE NAE ქვეყანას მსოფლიო ფინალზე წარადგენს


გააზიარე სტატია

მოულოდნელად აჟღერებული მუსიკა და სრული იმპროვიზაცია – Red Bull Dance Your Style-ის ფინალური, შთამბეჭდავი შოუ კუს ტბაზე გაიმართა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, საუკეთესოს ტიტული ლევან ქურდაძეს, იგივე NAE NAE-ს ერგო. გამარჯვებული საქართველოს სახელით Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე შვეიცარიაში გაემგზავრება და 24 ოქტომბერს ციურიხში 30-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეს შორის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას შეეცდება. 

ქუჩის ცეკვების ჩემპიონატს საერთაშორისო წესების მიხედვით 16 მონაწილე ჰყავდა. მოცეკვავეები ერთმანეთს პირისპირ 1-1 ბეთლში, წითელ და ლურჯ ფერებად გაყოფილ სცენაზე დაუპირისპირდნენ. თითოეული ბეთლი ორი 1-წუთიანი რაუნდისაგან შედგებოდა. გამონაკლისი მხოლოდ გადამწყვეტი რაუნდი იყო, სადაც ფინალისტებმა – LUCAS-მა და NAE NAE-მ სამ-სამი ცეკვა შეასრულეს. არცერთმა მონაწილემ წინასწარ არ იცოდა, რა მუსიკაზე მოუწევდა ცეკვა. რიტმები მოულოდნელი იყო, შესრულება კი სრულად მოცეკვავეთა იმპროვიზაციაზე დამოკიდებული. უცხოურთან ერთად გაჟღერდა ქართველი შემსრულებლების მუსიკაც, მათ შორის – KayaKata-ს Polo Palace და 666uba & Mamaflex-ის – Kobra. Mamaflex სცენაზე თავადაც წარდგა და კუს ტბაზე შეკრებილებისთვის Hear Me Tonight შეასრულა.

 ფოკუსში მოცეკვავეები იყვნენ, მთავარ როლში კი – მაყურებლები.  სწორედ გულშემატკივარი წყვეტდა, ვინ გადავიდოდა მომდევნო რაუნდში. თითოეულ სტუმარს სპეციალური LED სამაჯური ჰქონდა და საკუთარ არჩევანს წითელი ან ლურჯი ფერის ანთებით აფიქსირებდა. ხმების რაოდენობას კი სცენიდან MC KOA აკონტროლებდა. Red Bull Dance Your Style-ის ეროვნულ ფინალს 800 მაყურებელი ესწრებოდა. 

მთავარ შოუმდე მოცეკვავეებმა შესარჩევი ეტაპი გაიარეს. ფინალისათვის 16 საუკეთესო სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, Red Bull-ის მოცეკვავე Kyoka-მ შეარჩია. თბილისში ვიზიტის ფარგლებში იაპონელმა არტისტმა ჰიპ-ჰოპის მოყვარულებისთვის ვორქშოფიც ჩაატარა და მოცეკვავეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. 

წინ მსოფლიო ფინალია. ციურიხში სცენაზე გამოსასვლელად NAE NAE უკვე ემზადება. მოცეკვავე, რომელიც ჰიპ-ჰოპს ანიჭებს უპირატესობას, Red Bull Dance Your Style-ის ეროვნულ ფინალში წელს მესამედ მონაწილეობდა. ამბობს, რომ სცენაზე ასვლისას საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს და სწორედ  ამ  განწყობით ახლა უფრო მასშტაბური შოუსათვის მოემზადება. 



 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.