fbpx

თბილისის ჩრდილოეთი: დროის ფენებს შორის დაბადებული მომავალი


გააზიარე სტატია

Terrain vague – მიტოვებული ტერიტორია, რომელმაც დაკარგა თავისი პირვანდელი ფუნქცია და თავისუფლება მოიპოვა.

ზოგისთვის ის შეიძლება ქაოსურად ან დაკარგულად გამოიყურებოდეს, თუმცა სხვები მასში ახალ შესაძლებლობებსა და იდეებს ხედავენ. ეს არის სივრცე წარსული ისტორიით, რომელიც ახალ, განსხვავებულ მომავალს ელოდება. 

სწორედ ეს წინააღმდეგობა ცოცხლდება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში: საბჭოური ინდუსტრიის ჩონჩხები, ბუნება, რომელიც ამ მოცემულობაში საკუთარი ლოგიკით ვითარდება – არც ერთი და არც მეორე დაგეგმილი არ არის. კითხვა კი, რომელიც ამ ლანდშაფტს თან სდევს, ისეთივე ფილოსოფიურია, როგორც ურბანისტული: შეიძლება თუ არა, რომ ის, რასაც ჩვენ ქალაქის „წარუმატებლობად” მივიჩნევთ, სინამდვილეში მისი ყველაზე გულწრფელი მომავალი იყოს?

ეს არ არის რიტორიკული კითხვა მარკუს აპენცელერისთვის. ურბანისტი და კომპანია MLA+-ის დამფუძნებელი მომავლის ქალაქს სწორედ დროის ფენების ურთიერთქმედების ჭრილში განიხილავს – როგორც სუბიექტს, რომელსაც საკუთარი ნება აქვს და არა როგორც ობიექტს, რომელსაც ჩვენ ვმართავთ. მისთვის ქალაქის სული არ არის ის, რასაც გეგმა აწესრიგებს, არამედ ის, რაც ამ გეგმის მიღმა თავად წარმოიშობა. მისი თეორიის მიხედვით, მომავლის ქალაქი სუფთა ფურცლიდან არ შენდება – ის უკვე არსებულიდან აღმოცენდება. შესაძლოა, ეს ქალაქი არ იყოს დახვეწილი, მაგრამ ის აუცილებლად იქნება ცოცხალი.

ვინ ან რა „ფლობს“ ტერიტორიის მომავალს, როცა ის თავად წყვეტს, რა გახდეს. სწორედ ამ პოზიციიდან გვესაუბრა მარკუს აპენცელერი. თბილისთან მიმართებით ეს ხედვა მან სწორედ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის კონტექსტში წარმოადგინა – ტერიტორიის, რომელიც, მისივე ლოგიკით, თავისი „დაუსრულებლობით“ შეიძლება ყველაზე მეტად აღმოჩნდეს მზად მომავლისთვის.

თქვენ ამბობთ, რომ მომავლის ქალაქი წარსულს არ შლის, ის მას ახალი ფენებით ავსებს. მაგრამ ყოველი შენარჩუნების გადაწყვეტილება ასევე გამორიცხვის აქტია: რაღაც უნდა დარჩეს, რაღაც – არა. ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას ისეთი მასშტაბის ტერიტორიაზე, სადაც ინდუსტრიული მემკვიდრეობა და თვითნებურად აღმოცენებული ბუნება ერთმანეთს ეჯახება? 

შენარჩუნება არასდროს არის ნეიტრალური. იმ მომენტში, როცა რაღაცას მემკვიდრეობად ვაცხადებთ, მას მეტ ღირებულებას ვანიჭებთ, ვიდრე სხვა რამეს. ნამდვილი კითხვა, ამრიგად, არ არის ის, გაკეთდება თუ არა არჩევანი, არამედ ის, თუ რომელი ღირებულებებისა და ტერიტორიის რომელი გაგების საფუძველზე კეთდება ეს არჩევანი.

სადაც ინდუსტრიული მემკვიდრეობა და თვითნებურად აღმოცენებული ბუნება ერთმანეთს ეჯახება, მე ავირიდებდი დაშვებას, რომ ერთმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს მეორე. ნანგრევი შეიძლება დარჩეს დაუსრულებელი; სახურავი შეიძლება გაქრეს, რომ წვიმამ და მცენარეულობამ შიგნით შემოაღწიოს; ფასადმა, საკვამურმა, კონსტრუქციულმა ჩონჩხმა ან მექანიზმის ფრაგმენტმა შეიძლება გაძლოს, სანამ დანარჩენი ტერიტორია ჰაბიტატად გარდაიქმნება. მემკვიდრეობას ყოველთვის არ სჭირდება აღდგენა წარმოსახვით „სრულყოფილ“ მომენტამდე. ზოგჯერ მისი ყველაზე გულწრფელი ფორმა ნაწილობრივია, გამოფიტული და სხვა სახეობებთან გაზიარებული.

ეს განსაკუთრებით რელევანტურია თბილისის ჩრდილოეთ ნაწილისთვის, სადაც შეგვიძლია მოვიაზროთ თემქა, სანზონა და მიმდებარე ტერიტორიები. ამ ადგილების ძალა სწორედ სხვადასხვა მდგომარეობის თანაარსებობაშია: ინდუსტრიული კვალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი გარემო, ღია ტერიტორია და ბუნება, რომელიც ფორმალური სივრცითი გეგმის მიღმა განვითარდა. ამ ტერიტორიისადმი, როგორც „სუფთა ფურცლისადმი“ მოპყრობა გაანადგურებდა ზუსტად იმ თვისებებს, რომლებსაც შეუძლია, მას მომავალში გამორჩეული იდენტობა შესძინოს.

ამრიგად, გადაწყვეტილება არ უნდა ჩამოყალიბდეს როგორც „მშენებლობა ბუნების წინააღმდეგ“, არამედ როგორც ძიება იმ მინიმუმისა, რაც უნდა შენარჩუნდეს, რომ კულტურული მეხსიერება წაკითხვადი დარჩეს, და იმ მაქსიმალური თავისუფლებისა, რომელიც ეკოლოგიურ პროცესებს შეიძლება მიენიჭოს. შენარჩუნებამ უნდა დაიცვას ურთიერთობები და ისტორიები – და არა აუცილებლად ყველა ფიზიკური ობიექტი.

თქვენ წერთ ბუნებასთან თანამშრომლობაზე და არა მის დამორჩილებაზე. მაგრამ „მოვლილი ველურობა“ საბოლოო ჯამში მაინც ადამიანის გადაწყვეტილებაა – ჩვენ ვირჩევთ, სად დავუშვათ ეს ველურობა. ხომ არ არის ეს თანამშრომლობის ილუზია, კონტროლის უფრო დახვეწილი ფორმა, ვიდრე უბრალოდ სტანდარტული ბაღის შემთხვევაში? 

დიახ, ფრაზაში „მოვლილი ველურობა“ წინააღმდეგობა დევს და ვფიქრობ, ეს უნდა ვაღიაროთ. ქალაქი უკვე ღრმად შეცვლილი გარემოა. გადაწყვეტილება, რომ არ ჩავერიოთ, უკვე გადაწყვეტილებაა – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მიწის საკუთრებას, ინფრასტრუქტურას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მოვლის რეჟიმებს. 

განსხვავება არ არის კონტროლსა და კონტროლის არარსებობას შორის – ის კონტროლის სხვადასხვა ხარისხსა და ფორმას შორისაა. სტანდარტული ბაღი გულისხმობს მისი საბოლოო სახის განსაზღვრას: რომელი სახეობა გაიზარდოს, სად გაიზარდოს, რა სიმაღლეს მიაღწიოს და როდის მოცილდეს. მეორე მხრივ კი, ეკოლოგიური თანამშრომლობა ადგენს საწყის პირობებსა და საზღვრებს, მაგრამ იღებს იმ მოცემულობას, რომ შედეგი ბოლომდე პროგნოზირებადი ვერ იქნება. 

ჩვენ შეგვიძლია, მოვაცილოთ დაბინძურებული ნიადაგი, აღვადგინოთ წყალსადენის კავშირი, ხელმისაწვდომი გავხადოთ ტერიტორია, დავიცვათ დაუცველი ზონები მშენებლობისგან. ამის შემდეგ კი საშუალებას ვაძლევთ სეზონურ ცვლილებებს, მცენარეთა მონაცვლეობას, მწერებს, ფრინველებს, ნალექებსა და ტემპერატურულ სხვაობებს, გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ რად იქცევა ეს ადგილი საბოლოოდ. ამ მოდელში დიზაინერი დასრულებული კომპოზიციის ავტორის როლიდან განვითარებადი პროცესის კურატორის როლში გადადის. 

ეს არ ნიშნავს მიტოვების რომანტიზებას. ველურობამ შეიძლება გამორიცხვაც წარმოშვას, საფრთხეც, ინვაზიური სახეობები ან მიუწვდომელი სივრცეებიც. თანამშრომლობა მოითხოვს დაკვირვებასა და კორექტირებას. მაგრამ მიზანი აღარ არის ბუნების მუდმივად წინასწარ განსაზღვრულ ვიზუალურ წესრიგში დამწყვდევა. 

თბილისის ჩრდილოეთ ნაწილის მწვანე ზონები შეიძლება გახდეს ამ მიდგომის საცდელი ველი. ნაცვლად იმისა, რომ ბუნებრივად არსებული მცენარეები ჩანაცვლდეს გაპრიალებული გაზონებითა და დეკორატიული ბაღით, ქალაქს ჯერ შეუძლია გაიგოს, უკვე რომელი ეკოლოგიური სისტემები არსებობს მასში. ბილიკები, შეკრების ადგილები, დრენაჟი და მცირე საზოგადოებრივი ობიექტები კი ამ ლანდშაფტში შემდეგ უკვე ფრთხილად შეიძლება ჩაირგოს. შედეგი შეიძლება ნაკლებად კონტროლირებულად გამოიყურებოდეს, მაგრამ გაცილებით უკეთ იმუშაოს ეკოლოგიურად და გაცილებით მდიდარი ურბანული გამოცდილება შემოგვთავაზოს. 

ასე რომ, დიახ, ეს მაინც ადამიანური ჩარევაა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს მოკრძალებული, თავმდაბალი ჩარევა – ისეთი, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანები არ ვართ ქალაქის ერთადერთი ავტორები.

„დროის ელასტიკურობის“ თქვენეული კონცეფცია გულისხმობს, რომ სივრცე, დროის ხაზის მიხედვით, შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რამ იყოს. თუმცა პოსტსაბჭოური ურბანული მეხსიერება ხშირად თითქოს ერთი, გაყინული მომენტისკენაა მიდრეკილი – ნოსტალგია წარსულის კონკრეტულ მომენტზე. შესაძლებელია თუ არა, რომ ადგილმა, რომელსაც ასეთი ერთგვაროვანი მეხსიერება აქვს,  ვერ შეძლოს დროის მრავალშრიანობის დაბრუნება და ასეთ შემთხვევაში, რა როლი რჩება არქიტექტორს? 

მეხსიერება შეიძლება ერთგვაროვნად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში იშვიათადაა ასეთი. ის, რაც კოლექტიურ ნოსტალგიად გვევლინება, ხშირად ერთი ნარატივია, რომელიც სხვებზე ხმამაღალი ან ხილული გახდა. საბჭოთა პერიოდის უბანი შეიძლება ახსოვდეთ, როგორც სოციალური უსაფრთხოების, პოლიტიკური კონტროლის, ტექნოლოგიური პროგრესის, პირადი ახალგაზრდობის, იზოლაციის ან საზოგადოების ადგილი. ეს მოგონებები თანაარსებობს, მაშინაც კი, როცა საჯარო დისკუსიას ისინი ერთ ისტორიამდე დაჰყავს. 

ამოცანა არ არის ნოსტალგიის გასწორება. ნოსტალგია რეალურია და ხშირად ჩნდება მაშინ, როცა აწმყო გაურკვეველი ეჩვენებათ. მაგრამ ის შემზღუდველი ხდება, როცა ერთ ისტორიულ მომენტს ადგილის ერთადერთ ლეგიტიმურ იდენტობად აქცევს. 

არქიტექტურას შეუძლია დახმარება, რომ სივრცის დამატებითი ისტორიები და მომავალი შესაძლებლობები ხილული გახდეს. ეს არ მოითხოვს დრამატულ რეკონსტრუქციას. ყოფილ ინდუსტრიულ შენობას შეუძლია კვირის განმავლობაში წარმოება ჰქონდეს, შაბათ-კვირას – ბაზარი, საღამოს – კულტურული ღონისძიებები, ხოლო მთელი წლის განმავლობაში – ეკოლოგიური ფუნქციები. ეზო შეიძლება დარჩეს ნაცნობ სამეზობლო სივრცედ და ამავე დროს ემსახურებოდეს კულტურულ შეკრებებს, ურბანულ გაგრილებას, თამაშსა და მცირე მასშტაბის ვაჭრობას. დროის ელასტიკურობა იწყება მაშინ, როცა ადგილს აღარ ეკისრება მხოლოდ ერთი ფუნქციის შესრულება ან მხოლოდ ერთი პერიოდის წარმოდგენა. 

ისეთ ინდუსტრიულ უბნებში, როგორებიცაა, მაგალითად თემქა, სანზონა, არქიტექტორის როლი არ უნდა იყოს მემკვიდრეობით მიღებული გარემოს ჩანაცვლება ვითომდა თანამედროვე იმიჯით; არც უბნის, როგორც ერთი ეპოქის ძეგლის გაყინვა. მისი როლი მდგომარეობს იმ შესაძლებლობების გამოვლენაში, რომლებიც უკვე არსებობს: ფართო სივრცეები, მყარი კონსტრუქციები, მცენარეული საფარი, სოციალური და ინფრასტრუქტურული კავშირები და დაუსრულებელი თუ ნაკლებად გამოყენებული ტერიტორიები. 

არქიტექტურას შეუძლია შექმნას პირობები, რომლებშიც ადამიანები ადგილს ხელახლა გაიაზრებენ. მას შეუძლია გახსნას კარები, ტერიტორია ხელმისაწვდომი გახადოს, დაშორებული სივრცეები ერთმანეთთან დააკავშიროს, უზრუნველყოს სერვისები მიტოვებულ ნაგებობებში, ან შექმნას ჩარჩო-სტრუქტურა, რომელსაც დროთა განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფი აითვისებს. 

ადგილი დროის მრავალშრიანობას მაშინ იბრუნებს, როცა ადამიანებს კვლავ შეუძლიათ, საკუთარი ფენა დაამატონ მას. 

თუ მართლაც არსებობს მმართველობა, რომელიც სცდება ადამიანურ ხელს – სადაც გადაწყვეტილების მიღებაში ეკოლოგია, ინფრასტრუქტურა და კლიმატი თანაბრად მონაწილეობენ –  მაშინ საიდან მოდის პასუხისმგებლობა, თუ რაიმე არასწორი მიმართულებით წავა? შეიძლება თუ არა, ეს ხედვა ადამიანური პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საბაბი გახდეს?

როცა ვამბობ, რომ პროცესში ეკოლოგია, ინფრასტრუქტურა ან კლიმატი „მონაწილეობს“, ვგულისხმობ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ მათი შეზღუდვები და ქცევები უნდა აისახოს. წყალდიდობის ველს უნდა ჰქონდეს „ხმა“ იმ გაგებით, რომ მისი ჰიდროლოგიური რეალობა არ უნდა იქნას უარყოფილი. უკიდურესმა სიცხემ, ნიადაგის მდგომარეობამ, ბიომრავალფეროვნებამ, წყლის ხელმისაწვდომობამ და ინფრასტრუქტურის სიმძლავრემ უნდა იფუნქციონირონ, როგორც რეალურმა შეზღუდვებმა და არა როგორც ინფორმაციამ, რომლის იგნორირებაც შესაძლებელია. ეს კი მოითხოვს მეტ, და არა ნაკლებ, ანგარიშვალდებულებას. გადაწყვეტილებებმა მკაფიოდ უნდა ასახონ, თუ რა მტკიცებულებები იქნა გამოყენებული, რომელი რისკები იქნა შეფასებული, ვინ სარგებლობს მათით, ვინ რჩება დაუცველი და ვინ არის პასუხისმგებელი შედეგების მონიტორინგზე. მმართველობა ასევე უნდა დარჩეს ადაპტირებადი. თუ ეკოლოგიური ან კლიმატური პირობები შეიცვლება, გეგმასაც უნდა შეეძლოს მათთან ერთად შეცვლა. 

ამრიგად, მომავლის ქალაქი არ უნდა იმართებოდეს ჰარმონიის ფანტაზიით, რომელშიც ყველა ადამიანური და არაადამიანური ინტერესი როგორღაც თავად დაბალანსდება. კონფლიქტი აუცილებლად დარჩება. არსებითი ცვლილება აქ ის არის, რომ გარემოსდაცვითი სისტემები აღარ განიხილება, როგორც პასიური დეკორაცია ან შეუზღუდავი რესურსი. პასუხისმგებლობა რჩება, როგორც ადამიანური, ასევე პოლიტიკური. ეკოლოგიური მმართველობის უფრო განვითარებული ფორმა არ გადასცემს ანგარიშვალდებულებას ბუნებას. პირიქით, ის უფრო ართულებს გადაწყვეტილების მიმღებთათვის იმის მტკიცებას, რომ ბუნების ესა თუ ის რეაქცია გაუთვალისწინებელი იყო. 

სცადეთ, წარმოიდგინოთ არა გენერალური გეგმა კონკრეტული ტერიტორიისთვის, არამედ ერთი მინიმალური ჩარევა – ისეთი, რომელიც შეცვლის არა ადგილის იერსახეს, არამედ იმას, თუ როგორ ფიქრობებ მასზე ის ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობენ. რა იქნებოდა ის? 

მე შევქმნიდი ბილიკს – არა მონუმენტურ პრომენადს და არა კეთილმოწყობის პროექტს, არამედ ფრთხილად შერჩეულ, უწყვეტ მარშრუტს არსებულ ტერიტორიაზე. ის დააკავშირებდა სამეზობლოებს, ინდუსტრიულ ნაშთებს, ბუნებრივ ზონებს, ინფრასტრუქტურას, ეზოებს, სათვალთვალო წერტილებსა და ისეთ ადგილებს, რომლებთან მისვლაც დღეს რთული ან შეუძლებელია. ეს მოითხოვდა ძალიან მცირე არქიტექტურას: უსაფრთხო საფარს, რამდენიმე გადასასვლელს, დასასვენებელ ადგილებს, მოკრძალებულ განათებასა და აღნიშვნებს, რომლებიც აღწერს არა მხოლოდ იმას, რაც ეს ადგილი ადრე იყო, არამედ იმასაც, რაც აქ ახლა ხდება. 

ეს ბილიკი მისცემდა ადამიანებს საშუალებას, განეცადათ თუნდაც თემქა, სანზონა და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის მიმდებარე ტერიტორიები,როგორც ერთი ლანდშაფტის ნაწილები და არა როგორც დაშორებული საცხოვრებელი უბნები, მიტოვებული ინდუსტრიული ტერიტორიები ან ცარიელი მწვანე სივრცე. ის გამოავლენდა, რომ ის, რაც ცარიელად გამოიყურება, ხშირად ეკოლოგიურად აქტიურია; რომ ის, რაც მოძველებულად ჩანს, შეიძლება მოიცავდეს კოლექტიურ მეხსიერებას; და რომ ის, რაც პერიფერიულად ჩანს, შეიძლება იყოს ცენტრალური თბილისის მომავლისთვის. 

ეს ჩარევა არ განსაზღვრავდა საბოლოო სახეს. ამის ნაცვლად, არსებულ ტერიტორიას ხილულსა და ხელმისაწვდომს გახდიდა. ამ მარშრუტის გასწვრივ შეიძლება გაჩენილიყო დროებითი გამოყენებები: ბაზრები, წარმოდგენები, სემინარები, ბაღები, საკლასო ოთახები ღია ცის ქვეშ ან პატარა კაფეები. მოსახლეობა შეძლებდა, დაემატებინა საკუთარი ისტორიები და გამოეყო ადგილები, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია; ეკოლები შეძლებდნენ აღეწერათ ჰაბიტატები; ბავშვები შეძლებდნენ იმ სივრცეების აღმოჩენას, რომელიც ქალაქის ოფიციალურ იერსახეს აკლია. 

სანამ ადამიანები შეძლებენ, სხვაგვარად წარმოიდგინონ ადგილის მომავალი, ჯერ უნდა შეძლონ, სხვაგვარად დაინახონ ის. ზოგჯერ ყველაზე ტრანსფორმაციული ურბანული პროექტი არა ახალი ობიექტი, არამედ ახალი გზაა, თუ როგორ მოძრაობ იმაში, რაც უკვე არსებობს. 

მარკუსის შემოთავაზება – ბილიკი, რომელიც არაფერს აშენებს და მხოლოდ ადგილის ხელახლა აღქმას ემსახურება, სინამდვილეში მთავარი გასაღებია მისი მთლიანი ხედვის გასაგებად. ყველა ეტაპზე, სადაც მან საკუთარი მეთოდი აღწერა, გამორიცხა ორი ურთიერთსაპირისპირო უკიდურესობა: ერთი მხრივ, ტერიტორიის, როგორც „სუფთა ფურცლის“, სრული წაშლა, ხოლო მეორე მხრივ, მისი გაყინვა ერთადერთ ისტორიულ ფორმაში. მისი მოდელი მესამე, განსხვავებულ გზას გვთავაზობს – არა უბრალო კონსერვაციას ან ჩანაცვლებას, არამედ ადგილის სიღრმისეულ გააზრებას, რომელიც ნებისმიერ ფიზიკურ ჩარევამდე იწყება. 

სწორედ ეს მიდგომა აქცევს თეორიულ კონცეფციას მუშა ინსტრუმენტად და სწორედ აქ იკვეთება ის, რაც თბილისის ჩრდილოეთ ნაწილს – ადგილს, სადაც ინდუსტრიული მემკვიდრეობა და თვითნებურად აღმოცენებული, თითქმის ხელუხლებელი ბუნება ერთმანეთს ერწყმის –  ამ მიდგომის ყველაზე ცოცხალ სივრცედ აქცევს. არაფრის ხელოვნურად გამოგონება საჭირო არ არის: არც ინდუსტრიული ნაშთების თავზე მოხვეული შენარჩუნება და არც ბუნების ძალით „მოწვევა“. ორივე უკვე აქ არის, თანაარსებობს და იმ მრავალშრიან ისტორიას ქმნის, რომელზეც მარკუსი საუბრობს. რჩება მხოლოდ ერთი – დავინახოთ ეს ურთიერთობა და წაშლის ნაცვლად მას კიდევ ერთი ახალი ფენა დავამატოთ. თუ მომავლის ქალაქი არ უნდა აშენდეს, არამედ ბუნებრივად აღმოცენდეს, მაშინ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილი უკვე დიდი ხანია იმ პროცესშია, რომელსაც ურბანისტიკა ჯერ კიდევ თეორიულად ეძებს.

 



125 total views, 112 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.