fbpx

ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას ახალი ფილმის „Tear Gas“ პრემიერა, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, 12 აგვისტოს გაიმართება.


გააზიარე სტატია

ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას ახალი ფილმის „Tear Gas“ პრემიერა, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, 12 აგვისტოს გაიმართება.

ფილმი საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა. ქართული მხრიდან ფილმის პროდიუსერია 1991 Productions, ფრანგული პარტნიორი — Tripode Productions, გერმანული კი — 70 Steps. (Filmportal⁠)

ფილმის მოქმედება თბილისის საპროტესტო მოვლენების ფონზე ვითარდება. უტა ბერია რეალურ, ჯერ კიდევ ძალიან ახლოს მყოფ გამოცდილებას ოჯახის ისტორიად გარდაქმნის, ერთმანეთის დაკარგვისა და კვლავ პოვნის ამბად.

თბილისის საპროტესტო მოვლენების ფონზე განვითარებული ისტორია მხოლოდ პოლიტიკური მოვლენების ქრონიკა არ არის. ფილმის მოქმედება თბილისის საპროტესტო მოვლენების ფონზე ვითარდება. უტა ბერია რეალურ, ჯერ კიდევ ძალიან ახლოს მყოფ გამოცდილებას ოჯახის ისტორიად გარდაქმნის, ერთმანეთის დაკარგვისა და კვლავ პოვნის ამბად.

„Tear Gas“-მა ლოკარნომდე უკვე მიიპყრო საერთაშორისო კინოინდუსტრიის ყურადღება: პროექტმა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის პროფესიულ პროგრამაში ორი ჯილდო მიიღო — Hubert Bals Fund-ის Empowerment Award და Outward Gaze Prize. (iffr.com⁠)

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ტაისია ერაძე, მზია არაბული, კატო კალატოზიშვილი, გაგა შიშინაშვილი და ბორის ანდრონიკაშვილი.

ლოკარნოში ფილმის მსოფლიო პრემიერამდე ვესაუბრეთ უტა ბერიას — იმაზე, რატომ აირჩია პოლიტიკური მოვლენების მოსაყოლად ოჯახური ისტორია, როგორ გადაიქცა რეალური პროტესტი კინემატოგრაფიულ ამბად და რას ელოდება იმ მაყურებლისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს შესახებ თითქმის არაფერი იცოდეს.

ლოკარნოს პროგრამის ოფიციალურ აღწერაში „Tear Gas“ უბრალოდ „პოლიტიკურ დრამად“ არ არის წარმოდგენილი. მას უწოდებენ ოჯახის ისტორიას, რომელიც თბილისში  დემონსტრაციების და ძალადობრივი დაშლის ფონზე ვითარდება. თქვენ ფილმზე თავად როგორ გვიამბობთ?

ფილმი მოგვითხრობს დევნილ ოჯახზე, მთავარი გმირი 16 წლის ელენეა, რომელიც ბებიასთან ერთად სამოქალაქო აქციაზე აღმოჩნდება და აქ, ათასობით დემონსტრანტს შორის დაკარგულს, მოუწევს თვალი გაუსწოროს მისი ოჯახის დაშლის მიზეზებს. 

ეს არის მხატვრული ფილმი დოკუმენტური კადრებით?

ეს არის მხატვრული ფილმი, რომელიც უმართავ და არაპროგნოზირებად გარემოშია გადაღებული, სადაც კამერის წინ მიმდინარე მოვლენები ჩვენგან დამოუკიდებლად ხდებოდა და ვითარდებოდა. ამ გარემომ დაბადა ფილმის ვიზუალური ფორმა.

კამერასა და მსახიობს შორის ათასობით ადამიანის მოძრაობისას, ხშირად ვკარგავდით ერთმანეთს, მე ვცდილობდი, ყოველთვის ოპერატორ გოგა დევდარიანთან ახლოს ვყოფილიყავი, რომ ასეთ მომენტებშიც გადაღება არ შეგვეწყვიტა.

მსახიობებმაც იცოდნენ რომ შეიძლება ნებისმიერ დროს კადრში მოხვედრილიყვნენ და ამიტომ რჩებოდნენ პერსონაჟის შესაბამის მდგომარეობაში, ხანდახან საათობითაც, და როცა კამერა თითქოს შემთხვევით აღმოაჩენდა მათ, ვიწყებდით მათზე დაკვირვებას მანამდე, სანამ ისევ ქაოსში არ დაიკარგებოდნენ. 

როდესაც დარბევები დაიწყო და არამარტო გადაღებები, უბრალოდ ქუჩაში ყოფნაც სახიფათო გახდა, ჩვენთვის გადაღების გაგრძელება წინააღმდეგობის აქტს დაემსაგავსა, თითქოს ეს გახდა ჩვენი პროტესტის ფორმა. როგორც დარბევის მიუხედავად მოქალაქეები არ ნებდებოდნენ, ბრუნდებოდნენ და ჯიუტად აგრძელებდნენ პროტესტს, ჩვენც – არ ვწყვეტდით გადაღებას. 

ლოკარნოში თქვენი ფილმის მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე დღე რჩება. ამ მომენტში, როცა ფილმს ჯერ მხოლოდ თქვენ და ფილმის გადამღები გუნდი იცნობთ სრულად, რას ელოდებით ყველაზე მეტად მაყურებლისგან, რისი განცდა გინდათ, მაყურებელმა დარბაზიდან გამოსვლისას წაიღოს — განსაკუთრებით იმ მაყურებელმა, რომელმაც შეიძლება არაფერი იცის საქართველოში  ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ?

მინდა, წაიღოს ფიქრები ელენეზე, ერთ ახალაგზრდა გოგონაზე საქართველოდან, ფიქრები მის წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე, მის იმედებსა და იმედგაცრუებებზე, მის ტრავმებსა და ოცნებებზე, მის თვალებზე.

გამოქვეყნდა ამბავი, რომ ხორვატულმა კომპანია Split Screen-მა ფილმი საერთაშორისო გაყიდვებისთვის აიღო — სწორედ ლოკარნოს პრემიერის წინ. 

ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ფილმისთვის რომ ბევრ ფესტივალზე იმოგზაუროს, ბევრმა მაყურებელმა ნახოს და საერთაშორისო დისტრიბუცია მოიპოვოს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.