ყველაზე გიჟური რბოლა ბრუნდება: Red Bull Soapbox Race საქართველოში მეორედ გაიმართება
თბილისი ყველაზე სანახაობრივი შეჯიბრებისთვის ემზადება. 13 სექტემბერს დედაქალაქი Red Bull Soapbox Race-ის ყველაზე გაბედულ მონაწილეებს უკვე მეორედ უმასპინძლებს. ღონისძიებისთვის წელს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული უბანი შეირჩა – არამოტორიზებული ავტომობილების რბოლა ღვინის აღმართზე გაიმართება.
რბოლაში მონაწილეობის სურვილი 150-მდე ეკიპაჟმა გამოთქვა, თუმცა ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 24 გუნდი გადავიდა – ისინი, ვინც ყველაზე თამამი და ორიგინალური კონცეფცია წარადგინა. თითოეული გუნდი 3-5 წევრისაგან შედგება. აქტიური სამზადისი უკვე დაწყებულია. მრბოლელები საჭირო ნაწილებსა და მასალებს აგროვებენ, ზოგიერთი კი უკვე საკუთარი ხელით აწყობილი კონსტრუქციის სატესტო ეტაპზეა. მონაწილეებს სულ ორი სავალდებულო დავალება აქვთ: არ გამოიყენონ ძრავა და ბოლიდი წინასწარ დადგენილი ზომების მიხედვით ააწყონ. დანარჩენი უკვე მათ ფანტაზიაზეა დამოკიდებული და გუნდებს სრული თავისუფლება აქვთ.
სტარტის ხაზიც უკვე მონიშნულია – ღვინის აღმართიდან მონაწილეები ევროპის მოედნისკენ დაეშვებიან. ღონისძიებისთვის თბილისის ეს ავთენტური და ისტორიული უბანი სრულიად განსხვავებულ, შთამბეჭდავ იერსახეს მიიღებს. ეკიპაჟებს ნამდვილი გამოცდა ელოდებათ: მათ ქვაფენილზე მოწყობილი 300-მეტრიანი, წინაღობებით სავსე ტრასა უნდა დაძლიონ და ფინიშის ხაზთან მცირე დროში ავტომობილში მჯდომ მძღოლთან ერთად მივიდნენ. თუმცა, მხოლოდ სიჩქარე გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის: სისწრაფესთან ერთად, შესაბამისი ქულით ფასდება ავტომობილის დიზაინი და სტარტამდე შესრულებული 30-წამიანი პერფორმანსი.
საუკეთესოებს წინასწარ შერჩეული ჟიური გამოავლენს. ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, სცენარისტი ირაკლი ვახტანგიშვილი, ქროსფიტის ათლეტი ნიკო მაისურაძე, ქროსფიტის და ფუნქციური ფიტნესის მწვრთნელი ნინო გოგუაძე და კონტენტ კრეატორი გიორგი დანელია მონაწილეებს 10-ქულიანი სისტემით შეაფასებენ. ჟიურის წევრები თავქარიან მრბოლელებს ერთ-ერთი თბილისური აივნიდან დააკვირდებიან.
ღონისძიებაზე დასწრება სრულიად თავისუფალია. ნებისმიერი ასაკის მაყურებლისათვის შეჯიბრება თანაბრად სახალისო და შთამბეჭდავი იქნება. ამასთან ერთად სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, რბოლის დაწყებამდე ხელნაკეთი ავტომობილები სპეციალურად გამოყოფილ საგამოფენო ზონაში დაათვალიერონ, ფავორიტი წინასწარ შეარჩიონ და უგულშემატკივრონ. მანამდე კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია გუნდების მზადების პროცესს თვალი რედ ბულის Instagram გვერდზე მიადევნოს.
ცნობისთვის, Red Bull Soapbox Race მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ექსტრემალური შოუა, რომელიც პირველად 2000 წელს ბელგიაში ჩატარდა, მას შემდეგ კი 50-ზე მეტ ქვეყანაში 150-ზე მეტი ღონისძიება მოეწყო.




