fbpx

მევლანას მუზეუმის სემიოტიკური ანალიზი


გააზიარე სტატია

ავტორი: თემური კოტორაშვილი

წინამდებარე კვლევა ეფუძნება სემიოტიკურ მიდგომას, რომლის მიხედვითაც არქიტექტურა განიხილება, როგორც ნიშანთა სისტემა და კულტურული ტექსტი. კომპლექსის ელემენტები გაანალიზებულია, როგორც გარკვეული მნიშვნელობის მატარებელი დეტალები, რომლებიც ერთიან კულტურულ კოდს ქმნის.  

,,სემიოტიკა (sema ბერძ. – ნიშანი) მეცნიერებაა ნიშანთა თვისებებისა და მათი სისტემების შესახებ.“

მევლანას მუზეუმი სემიოტიკური კვლევის ობიექტად განიხილება იმიტომ რომ ის არ არის მხოლოდ არქიტექტურული და მემორიალური სივრცე, ის არის გარკვეულ ნიშანთა სისტემა , სადაც სხვადასხვა კულტურული კოდი ერთიანდება. 

მუზეუმი მდებარეობს კონიაში, თურქეთის სამხრეთ ნაწილში. გუმბათის ფერიდან გამომდინარე მას მწვანე მავზოლეუმს უწოდებენ. შენობა სპარსი მეცნიერის, პოეტის, რელიგიური ლიდერისა და სუფი მისტიკოსის მევლანა ჯალალ ად-დინ რუმის საპატივსაცემოდაა აგებული, რომლის მშენებლობაც ქართველი დედოფლის თამარ ბაგრატიონის (გურჯი ხათუნი) სახელთან არის დაკავშირებული, 

მევლანა რუმი სპარსი პოეტი და სუფი-პრაქტიკოსი ითვლება სუფიზმის, ისლამის მისტიკური მიმდინარეობის დამაარსებლად.  ის დაიბადა ბალჰაში (ჩრდილოეთ ავღანეთი), მაგრამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა მცირე აზიაში (ქალაქი კონია), თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოში. 1244 წლამდე რუმი იყო მართლმორწმუნე ღვთისმეტყველი. მაგრამ ექსტაზური სუფის, შამს თაბრიზთან გაცნობის შემდეგ შეცვალა თავისი ქცევა.

 სუფიზმი ძალიან ღრმა ფილოსოფიური და ეზოთერული სწავლებაა, აღმსარებლობა, რომელიც უმეტესად დაკავშირებულია ღმერთისადმი სიყვარულის იდეასთან.

მწვანე მავზოლეუმი არის ორი რელიგიისა და ცივილიზაციის შერწყმა. აკლდამის ძირითადი ნაწილი ტიპიური მეჩეთის მსგავსი ნაგებობაა, ნახევარსფეროსებური სახურავებით და მინარეთებით, მაგრამ მთავარ ადგილს  ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი გუმბათი იკავებს, რომელიც ფირუზისფერი კრამიტითაა მოპირკეთებული და ვიზუალურად ძალიან ჰგავს ქართულ არქიტექტურულ ძეგლთა გუმბათებს.  

ნაგებობა მოიცავს მეჩეთს, სარიტუალო დარბაზს (სემაჰანე) დერვიშების კელიებს, სამზარეულოსა და სამარხებს. 

 გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად ამ ადგილას გაშენებული იყო ვარდების ბაღი, რასაც ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისლამურ ხელოვნებასა და პოეზიაში ვარდი ხშირად განასახიერებს სამოთხის სილამაზესა და სურნელს. ის ცნობილია, როგორც სამოთხის ყვავილი. სუფიურ ტრადიციაში ვარდი ღვთაებრივი სიყვარულისა და სულიერი სიწმინდის სიმბოლოდ მიიჩნევა. გადმოცემის თანახმად, როდესაც შუამავალ მუჰამედს ხილვა ჰქონდა ირგვლივ ვარდის სურნელი დგებოდა. სოწრედ ამ ადგილას დაკრძალეს სუფი მისტიკოსი მევლანა რუმი, რომლის პოეზიაშიც იესო ქრისტე სულიერი სრულყოფილების,სიყვარულისა და ღმერთთან მიახლოების სახედ გვევლინება.  

არსებული ცნობების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ  ქართველი დედოფლის გურჯი ხათუნისა და მევლანა რუმის დამეგობრება სუფიზმის იდეოლოგიის დამსახურებაა, რადგან რუმი ნეიტრალურად იყო განწყობილი რელიგიის დოგმატურ მხარეებთან, მისთვის, როგორც სუფი პრაქტიკოსისთვის მთავარი იყო სუფთა გულით ლოცვა და არა ფანატიკური წესების ზედაპირულად აღსრულება. ამიტომ მისი მსოფმხედველობა ქრისტიან დედოფალს ნუგეშს ჰგვრიდა.   

მევლანა რუმი სულთნის კარზეც მიღებული ადამიანი იყო, როდესაც ის გარდაიცვალა  სულიერ შვილებს სურდათ მოძღვრისთვის აკლდამის აშენება, თუმცა ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ისტორიული წყაროების თანახმად, ეს საქმე ქართველმა დედოფალმა დააფინანსა.

,,არქიტექტურას საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად და გამოსახატავად საკუთარი კოდი სჭირდება.“ ისლამურ არქიტექტურაში ქრისტიანული გუმბათი სწორედ ის კოდია, რომელიც გამოხატავს სუფიზმის იდეოლოგიას.  

არქიტექტორს შეეძლო ტრადიციული მეჩეთის შექმნა, მაგრამ შენობას ქართულის მსგავსი გუმბათი დაადგა, ამით მან ორი კულტურის ნაზავი შექმნა და სუფიზმის მთავარი არსი და იდეა გამოხატა აკლდამის არქიტექტურაში. 

შენობას საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტა აქვს და მთელი ყურადღება მთავარი გუმბათისკენაა მიმართული. ,,არქიტექტურაში გუმბათი განასახიერებს ზეცას, სამყაროს (კოსმოსს) და ღვთაებრივ სრულყოფილებას. ტრადიციულად, სფერული ფორმა სიმბოლოა მარადისობისა და უსასრულობისა, რომელიც მიწიერ სამყაროს ღვთაებრივ ძალასთან აკავშირებს.“  

თუ განვიხილავთ კლასიკური მეჩეთების მაგალითს მათ ძირითადად მინარეთები ამშვენებს, მაგრამ აქ აქცენტი მწვანე გუმბათისკენაა მიმართული. 

ვფიქრობ, გუმბათის ასეთ ფერში გადაწყვეტაც არაა შემთხვევითი. მზის სხივებს ისე ირეკლავს, რომ დღის სხვადასხვა მონაკვეთში ხან ფირუზისფერია და ცისფერი ელფერი დაჰკრავს, ხან მწვანედ ჩანს. რატომ მწვანე და არა სხვა ფერი? ვფიქრობ იმიტომ რომ ისლამურ სემიოტიკაში ეს ფერი უკავშირდება სიცოცხლეს, განახლებას და სამოთხეს. ამრიგად, შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ მწვანე ფერი ეს არ არის უბრალო ესთეტიკური არჩევანი, არამედ ეს არის კოდირებული მესიჯი. ფერი მუშაობს, როგორც გარკვეული კოდი, რომელიც შენობას მისტიკურ შინაარსს ანიჭებს.

 მევლანას მუზეუმი ფუნქციონირებს როგორც ნიშანთა სისტემა, რომელიც ვიზუალური ფორმების მეშვეობით რელიგიურ და ფილოსოფიურ იდეებს გადასცემს დამთვალიერებელს. შენობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც მრავალდონიანი ტექსტი, რომლის თითოეული არქიტექტურული ელემენტი კონკრეტული მნიშვნელობის მატარებელია. 

კომპლექსის სტრუქტურა ისეა დაგეგმილი, რომ მნახველი ეტაპობრივად გადაადგილდება ერთი სიმბოლური ზონიდან მეორეში. ეს გადაადგილება მხოლოდ ფიზიკური არ არის; ის წარმოადგენს სულიერი გზის მეტაფორას, რომელიც სუფიზმის მთავარ იდეას – ადამიანის შინაგან ტრანსფორმაციასა და ღვთაებრივთან მიახლოებას გამოხატავს. შესაბამისად, მუზეუმის სივრცე შეიძლება განიმარტოს, როგორც ინიციაციის გზა, სადაც ყოველი არქიტექტურული ელემენტი მნახველს ახალ მნიშვნელობათა შრეს უხსნის. 

მავზოლეუმში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქართული არქიტექტურის მსგავსი გუმბათის არსებობა ისლამურ შენობაში. სემიოტიკური თვალსაზრისით ეს ელემენტი კულტურათაშორისი კავშირის მანიშნებელია. ამ კავშირის მეშვეობით შენობა გამოხატავს სუფიზმის მსოფლმხედველობას, რომლის მიხედვითაც ღმერთი ერთია და სიყვარულია და ეს გრძნობა სცდება რელიგიურ და ეთნიკურ საზღვრებს. 

შენობა ორი ცივილიზაციის და კულტურის შერწყმაა. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას რომ ის ახალი რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობის სუფიზმის შენობაა, ისევე როგორც ქრისტიანობაში ეკლესიაა, ხოლო ისლამში მეჩეთი. 

იდეოლოგია რასაც მოიცავს სუფიზმი, არქიტექტორმა ჩააქსოვა აკლდამის არქიტექტურაში და ამ ნაგებობის ვიზუალით მან გარკვეული კოდიც ჩადო თავის შემოქმედებაში.  

თუ შენობას მოვაშორებთ ფირუზისფერ გუმბათს მაშინ მივიღებთ მეჩეთს, მაგრამ თუ მინარეთს, მაშინ შენობა ეკლესიას ემსგავსება. 

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მუზეუმი გარდა არქიტექტურული ნაგებობისა არის სიმბოლოთა ქსელი, რომელშიც ფერი, ფორმა, სივრცე და არქიტექტურული დეტალები ერთობლივად ქმნის გზავნილს სულიერი ერთიანობისა და კულტურათა თანაარსებობისა შესახებ. სწორედ ეს აქცევს მუზეუმს სემიოტიკური კვლევისთვის საინტერესო ობიექტად. 

 

ლიტერატურა:

დ. ბოსტანაშვილი. უმბერტო ეკო და არქიტექტურის სემიოტიკა

ევგენი ტორჩინოვი. სუფიური ფსიქოტექნიკა

Annemarie Schimme The Mystical Rose in Islam (1978)

https://www.orthodoxy.ge

წყარო:

სურ.8 https://eskapas.com/mevlana-museum 

სურ. 3 ოშკი X ს. ავტორი: Guram Graphy

სურ. 4 https://www.dzeglebi.ge/dzeglebi/a/alaverdi.html 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.