Collect Art Gallery-ში მარიამ შაქარაშვილისა და არტურას სავიცკასის ერთობლივი გამოფენა – “პირადი სივრცეები” გაიხსნა.
გააზიარე სტატია
28 აგვისტოს თანამედროვე ქართველი და ლიეტუველი ხელოვანების, მარიამ შაქარაშვილისა და არტურას სავიცკასის ერთობლივი გამოფენა – “პირადი სივრცეები” გაიხსნა. გამოფენა იკვლევს პერსონალურ სივრცეს, მეხსიერებას, ადამიანსა და გარემოს შორის არსებულ უხილავ კავშირებს.
ექსპოზიცია აერთიანებს ორ განსხვავებულ მხატვრულ პრაქტიკას, რომლებიც ერთმანეთთან დიალოგში შედიან. მარიამ შაქარაშვილის სერია: ხვალინდელი წერილები ატარებს მეხსიერებასა და საიდუმლოს, ხელნაწერები თითქოს წარსულიდან არის გამოგზავნილი და ადრესატებმა ისინი მომავალში უნდა მიიღონ. ასემიური წერის საშუალებით გამოსახული ტექსტი შაქარაშვილის ნამუშევრებში გარდაიქმნება ვიზუალურ ენად, ნიშნად და ემოციურ გამოცდილებად.
არტურას სავიცკასის უახლეს სერიაში “ნაწილები” ფრაგმენტაცია ხდება ფორმის, ფერის, დროის, სივრცისა და მნიშვნელობის კვლევის საშუალება. მისი აბსტრაქტული კომპოზიციები გვაფიქრებენ კავშირისა და განცალკევების იმ ფიზიკურ-ემოციურ და კონცეპტუალურ საზღვრებზე, რომლებსაც საკუთარ გამოცდილებაში ვქმნით.
ორი ინდივიდის, მარიამ შაქარაშვილისა და არტურას სავიცკასის ერთ სივრცეში შეხვედრა იქცევა ორი განზომილების თანაარსებობად, რომელსაც ერთმანეთის საზღვრების დარღვევის გარეშე შეუძლიათ ერთი მთლიანი სივრცის შექმნა, ადგილად, სადაც ხელოვნება სიტყვების გარეშეც აგრძელებს საუბარს.
გამოფენა გაგრძელდება 2 სექტემბრამდე
მისამართი: Collect Art Gallery, მცხეთის ქუჩა 48/50
სამუშაო საათები: 16:00 – 20:00







