fbpx

აბსტრაქცია სახელად “ნონკონფორმიზმი”


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ამონაშვილი

ოლიგარქიული რეჟიმისთვის ცენზურა მაშინ ხდება გარდაუვალი აუცილებლობა, როდესაც მის წინაშე არსებობს ხელოვნება, რომლის გაჩუმებაც სისტემას სჭირდება. სწორედ ამიტომ, როდესაც თანამედროვე საქართველოში ხელოვნების მიმართ სახელმწიფოს აგრესიულ პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი საკითხი თავად ცენზურის სიმკაცრე კი არა, ის იყოს, თუ რამდენად ხშირად იქმნება ხელოვნება, რომლის გაჩუმებაც ხელისუფლებას რეალურად დასჭირდება და რატომ უნდა დასჭირდეს მთავრობას ხელოვანისთვის ხელის შეშლა მაშინ, როდესაც ხელოვნებიდან  საცენზუროც  ბევრი არაფერია? თუკი დღეს ბიძინა ივანიშვილის სისტემა არ ხდება უფრო მკაფიო ცენზორი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ლოიალურად არიან განწყობილი ქართული თანამედროვე ხელოვნების მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ძალიან მცირე ნონკონფორმისტი ხელოვანია. კოლექტიური თავდაცვითი, ან თუნდაც ნეიტრალური ქცევა, როგორც კი სცდება საჭიროების ნორმას, ის იქცევა რუტინად ან სიყალბედ, ხდება უსარგებლო და მექანიკური.

 

სანამ ხელოვანების დიდი ნაწილი საკუთარ სახელოსნოში იკეტება და თავს აჯერებს, რომ მათი შემოქმედება მსგავსი ფორმით უფრო ხანგრძლივად წაადგება ხალხს, იქამდე ქართული სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის წინ იბრძვის და ხმაურობს. დათო ქორიძის ნამუშევარი “Noise” 2024 წლის საპროტესტო აქციებს, რკინის ჯებირებსა და მათთან დაკავშირებულ ამბებს ეხება. დიდი ხანია ხელისუფლება მოქალაქეებს არ უსმენს. რეჟიმი, რომელიც საკუთარ თავში ახშობს სინდისის ხმებს, იმისთვის რომ კორუფციული მმართველობა მშვიდად განაგრძოს, მოისმენს კი შემოქმედებით ძახილს, რომელსაც ხელოვანები დახურული სივრცის მიღმა აჟღერებენ? ცხადია, არა. თუკი ხელოვანის  პროტესტი ხდება ფასადური და ამ ფასადურობას ზოგჯერ სახელოვნებო საუბრები ჰქვია ნონკონფორმიზმზე, ან უბრალოდ ხდება აბსტრაქტული ნამუშევარი, სახელად “წინააღმდეგობა”, მაშინ ჩნდება კითხვა: რა ფორმებით უპირისპირდება ხელოვნება რეჟიმს? ხელოვნებათმცოდნეებს გამოსახულებების უფრო გვჯერა, ვიდრე სიტყვების. 

 

View this post on Instagram

 

A post shared by DATO KORIDZE (@photomaker_d.k)

მაგრამ, ცხადია, არსებობს მაგალითები, რომლებიც დარჩება ისტორიას და თუ არ შეცვლის მას, შემოგვინახავს მაინც თანადგომის, კოლეგიალობის და მეგობრობის ამბავს. მსგავსი  სოლიდარობა ძალიან კარგად გამოაჩინა ვასო აბაშიძის ახალ თეატრში მიმდინარე პროცესმა. პროტესტის გამოხატვისთვის დაიჭირეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, უკვე მოგვიანებით კი გაუშვეს ამავე დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელი. მალევე დატოვეს თეატრი  ყველაზე დამსახურებულმა მსახიობებმაც. თეატრს ანდრო წაართვეს, მერე ხელმძღვანელი და ბოლოს მსახიობები იძულებულები გახადეს წამოსულიყვნენ და დაეთმოთ საკუთარი სამსახიობო კარიერა ამ  სივრცეში. თეატრმა ფუნქციონირება ანდროს დაკავების დღიდან შეწყვიტა. ფაქტობრივად სივრცე  დღემდე პარალიზებულია. არ ჰყავს ანდრო, არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და არ ჰყავს  ყველაზე ნიჭიერი მსახიობები. ჰელმუტ ნიუტონის ფოტოზე ქალი შიშველია და თეატრის შესასვლელ კარში დგას. გამოსახულება რამდენიმე წლის წინ ციფრულ სივრცეში ვნახე, მაშინ ჯერ კიდევ ახალი ამბავი იყო ხელისუფლების მხრიდან დაწყებული რეპრესიები, მაგრამ უკვე აშკარაც ჩანდა,  რა პოლიტიკა ექნებოდა მთავრობას თავისუფალი, კრიტიკული საზოგადოების მიმართ. ნიუტონის ნამუშევრის ყურებისას ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რომ რეჟიმის მსახურებს სწორედ ამ ფოტოს უნდათ დაამსგავსონ ქართული თეატრი: გარყვნან, კარშივე აგრძნობინონ გარყვნილება მაყურებელს და ბოლოს ისიც მიაძახონ, რომ ამ გარყვნილებას თავადვე დასთანხმდა. 

ქართულ თანამედროვე ნონკონფორმისტულ ხელოვნებაზე ფიქრისას შეუძლებელია გორის ხელოვნების სახლი არ გაგვახსენდეს, რადგან სწორედ ეს  სივრცეა წინააღმდეგობის ერთ-ერთი კერა. გორში, ლომჭაბუკის სკვერში, არტისტებმა ეფემერული ურბანული ინსტალაცია „სამი სტიკმენი“ შექმნეს. ავტორების განცხადებით, ნამუშევარი პასუხია გორის მერიის მიერ მომზადებულ ახალ წესზე, რომელიც ქალაქში ძეგლების, მემორიალური დაფებისა და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციების განთავსებას არეგულირებს. მერიის მიერ გამოქვეყნებული პროექტის მიხედვით, საჯარო სივრცეში განთავსებული ობიექტი უნდა იყოს „შინაარსობრივად მიზანშეწონილი“ და გამომდინარეობდეს „კულტურული და სახელმწიფოებრივი ფასეულობებიდან“. ამასთან, იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. პროექტის თანახმად, ობიექტის განთავსების ინიციირება შეეძლებათ მერს, საკრებულოს წევრს ან ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მერი სპეციალური კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღებს. სწორედ ამ ინიციატივის კონტექსტში შეიქმნა „სამი სტიკმენი“. 

ავტორების თქმით, ინსტალაციისთვის გამოყენებული მასალები თავად ლომჭაბუკის სკვერში მოიძიეს, ხოლო სამი გიგანტური ფიგურა სიმბოლურად იმ სუბიექტებს განასახიერებს, რომლებსაც ახალი რეგულაციის მიხედვით ურბანული ხელოვნების ბედის განსაზღვრის უფლება ენიჭებათ – მერს, საკრებულოს წევრსა და ამომრჩეველთა 1%-ს. „ჩვენი მონუმენტური კომპოზიცია სრულად აკმაყოფილებს მერიის მიერ შემოთავაზებულ კრიტერიუმებს – არ არღვევს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს და არ ისახავს მიზნად ვინმეს შეურაცხყოფას,“ – აცხადებენ პროექტის ავტორები. „სამი სტიკმენი“ დროებითი, ეფემერული ურბანული ინტერვენციაა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ კულტურულ რეგულაციებზე ირონიულ კომენტარად შეიძლება ჩაითვალოს.

გორის ხელოვნების სახლის საქმიანობა უკომპრომისო ბრძოლის იმედს აჩენს, განსაკუთრებით კი იმ დასუსტებული ინსტიტუციების ფონზე, რომლებიც დღეს გვაქვს, რომლის დასუსტებაზეც ეტაპობრივად იზრუნეს. მაგრამ არის კი ეს საკმარისი? მე ვთვლი, რომ არა. ჩნდება კითხვა: ვისგან ველით ბრძოლას? 

სინამდვილეში ქართული სახელოვნებო სივრცე მხოლოდ ამ  პერიოდში არ დასუსტებულა, უბრალოდ მძიმე სიტუაციამ ცალსახა გახადა იმ ხელოვანების სიმცირე, რომელთაც უნდათ და უნდოდათ, რომ ებრძოლათ ერთფეროვანი და სტერეოტიპული კულტურის წინააღმდეგ, ბოლოს კი ყველაზე მთავარი – გაებედათ და გაერისკათ! ქართულმა ხელოვნებამ ამ გულწრფელობასა და რისკზე უარი თქვა. ახლა კი ჩვენი ემოცია ძალიან ჰგავს ქეთი კაპანაძის ნამუშევარზე არსებულ ისტერიულ პერსონას, რომელსაც “ტერიტორიული უწესრიგობა” შეეხო. მას თითქოს აღარ აქვს კონტროლი იმაზე, რაც მის გარშემო ხდება. ჩვენც ხომ რაღაც მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამგვარად, თუკი ჩვენს პოლიტიკურ კრიზისში ნონკონფორმიზმი მხოლოდ თვითიდენტიფიკაციის ფორმად რჩება და მას არ ახლავს არსებულ სიტუაციაში ქმედების უნარი, მაშინ იგი წინააღმდეგობის პრაქტიკიდან ცარიელ კატეგორიად გარდაიქმნება – აბსტრაქციად, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური შინაარსი მხოლოდ სახელწოდების დონეზე აქვს. 



20 total views, 20 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.