„საკუთარი თავის პირველი გულშემატკივარი“ – ინტერვიუ თათია წულაძესთან
„ის, რამაც შემქმნა და რაც მამღერებს,
ვიცი, არ მომკლავს, არ დამაბერებს“.
ავტორი: ანი თენიეშვილი
ფოტო: Alexandra Blajovici
მსოფლიო კინოეკრანზე ქართული სახელების გამოჩენა ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, თუმცა თათია წულაძის შემოქმედებითი ტრაექტორია სცდება მხოლოდ ლოკალური წარმატების ჩარჩოებს. ბელგიიდან პარიზამდე განვლილი გზა, მოკლემეტრაჟიანი ექსპერიმენტები, საავტორო პროექტები და ბოლოს კანის კინოფესტივალის მთავარი საკონკურსო პროგრამა რეჟისორ ლეა მისიუსის ფილმით „დაბადების დღის წვეულება“, სადაც ის მონიკა ბელუჩისა და ბენუა მაჟიმელის გვერდით ჩნდება. ეს არის არტისტის მიზანმიმართული, დამოუკიდებელი და შრომატევადი პროფესიული მოძრაობა.
როგორია ევროპული კინოინდუსტრია შიგნიდან, რა ფასად უჯდება ახალგაზრდა არტისტ ქალს საკუთარი ავთენტურობის შენარჩუნება, როგორ იკვეთება „male gaze“-ის ალტერნატივა თანამედროვე ეკრანზე და რა ადგილი აქვს ამ პროცესში დამოუკიდებელ შემოქმედებით ხმას – გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობ თათია წულაძესთან.
ევროპული კინო თითქოს უფრო თავისუფალი და მრავალფეროვანია, თუმცა მსახიობი ქალისთვის გარკვეული სტერეოტიპები, ასაკობრივი თუ ვიზუალური ჩარჩოები მაინც არსებობს. როგორ ხედავ ამ სისტემას შიგნიდან, რასთან გიწევს ყველაზე ხშირად კომპრომისზე წასვლა და რა გაძლევს ძალას, რომ საკუთარ არტისტულ იდენტობას არ უღალატო?
ბოლო წლებში ვფიქრობ, რომ ზოგადად კინო მართლაც ცდილობს, უფრო მეტი ადგილი დაუთმოს სხეულებისა და ასაკის მრავალფეროვნებას. სულ უფრო ხშირად ვხედავ სურვილს, რომ ყურადღების ცენტრში მოექცნენ უფროსი ასაკის ქალები და მოვყვეთ ისტორიები, რომლებიც male gaze-ზე (მამაკაცურ მზერაზე) არ არის კონცენტრირებული. მაგალითად მახსენდება ისეთი ფილმები, როგორებიცაა კორალი ფარჟას The Substance, მოლი მენინგ უოკერის How to Have Sex, ივ ვიქტორის Sorry, Baby, ქლოი ჟაოს Hamnet, ჟუსტინ ტრიეს Sibyl და კიდევ ბევრი სხვა.
თუმცა, კინოინდუსტრია მაინც სექსისტური, მიზოგინიური და ასაკობრივი დისკრიმინაციით სავსე სივრცეა. პირადად მე ვცდილობ, ამ სამყაროში ისე გავაგრძელო გზა, რომ მთელი ჩემი ენერგია ამ რეალობაზე არ გადავიტანო. ეს რეალობა მაღიზიანებს და მაბრაზებს, არც თვალის დახუჭვას ვცდილობ, მაგრამ უფრო მეტად იმ პოზიტიურ ცვლილებებზე ვამახვილებ ყურადღებას, რომლებსაც ვამჩნევ. სხვაგვარად, ვფიქრობ, ამ ყველაფრის ატანა გამიჭირდებოდა.
იმ დიდ პროექტებში, რომლებშიც მუშაობის შესაძლებლობა მქონდა, ყოველთვის არ შემხვედრია მნიშვნელოვანი როლები და ეს ზოგჯერ გულდასაწყვეტი და დამღლელია. კარგად ვიცნობ საკუთარ თავს, ვიცი, როგორი მსახიობი ვარ და რისი გაკეთება შემიძლია. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემში არსებული პოტენციალის მხოლოდ 10 პროცენტის გამოყენების საშუალება მეძლევა.
საბოლოოდ, თავს ყველაზე მეტად შედარებით მცირებიუჯეტიან პროექტებში ვგრძნობ კარგად. ხშირად ეს ჩემი ასაკის ადამიანების მიერ დაწერილი ისტორიებია ავტორების, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ფართო აღიარება ან ე.წ. „გარღვევა“. სწორედ ასეთ გარემოში მაქვს შესაძლებლობა, მთავარი როლები ვითამაშო, მეტი რისკი გავწიო და ჩემი სამსახიობო შესაძლებლობები რეალურად განვავითარო.
გარდა ამისა, თავადაც ვწერ და მინდა ჩემი ისტორიები თავად მოვყვე და მათშივე ვითამაშო. დღემდე აღფრთოვანებული ვარ Fleabag-ითა და ფიბი უოლერ-ბრიჯის ნიჭით. ის ჩემთვის იმის მაგალითია, რომ შესაძლებელია ერთდროულად წერო, გადაიღო და ითამაშო. ზოგჯერ ეს ერთადერთი რეალური გზაა იმისთვის, რომ საკუთარ თავს ნამდვილად ღრმა, კომპლექსური და პირადი როლი მისცე.
ძალიან ბევრ რამეზე მინდა წერა. რამდენიმე წლის წინ დავწერე თეატრალური პიესა, სახელწოდებით „ველური“, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ქალის როლს ეხება. ამ საკითხზე ქართული სუფრისა და თამადის ტრადიციის პრიზმით ვსაუბრობ. დღესაც ვწერ, თუმცა ჯერ კიდევ არ გამომიყენებია მთელი ის მასალა, რაც დამიგროვდა. ბევრი რამ ჩემს უჯრებში რჩება. მაგრამ ვიცი, რომ ერთ დღესაც მომინდება, ეს ყველაფერი იქიდან გამოვიტანო.
გადასაღებ მოედანზე მონიკა ბელუჩისა და ბენუა მაჟიმელის გვერდით დგომა გარედან ზღაპრულ წარმატებად ჩანს. რეალურად როგორი იყო შენი შინაგანი მდგომარეობა ამ პროცესში, როგორ შეცვალა უშუალო პარტნიორობამ „ვარსკვლავური მითები“ და რა იყო ის მთავარი პროფესიული გაკვეთილი, რაც ამ გამოცდილებამ დაგიტოვა?
ჩემთვის ლეა მიზიუსის ფილმთან (The Birthday Party) დაკავშირებული მთელი პროცესი მართლაც ძალიან ძვირფასი იყო. პირველ რიგში, ეს იყო ჩემი პირველი როლი ასეთი მასშტაბის პროექტში. გარდა ამისა, მანამდეც ვიცნობდი ლეას ნამუშევრებს და ძალიან მხიბლავდა მისი შემოქმედება. ამიტომ მის ფილმში მოხვედრა ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, დიდი პატივი და ჩემი, როგორც მსახიობის, პირველი ნამდვილი აღიარება გახლდათ.
როცა გავიგე, ვინ იქნებოდა მსახიობთა შემადგენლობაში, სრულიად გაოგნებული დავრჩი. მონიკა ბელუჩისა და ბენუა მაჟიმელის გარდა, ფილმში ფრანგული კინოს არაერთი დიდი სახელია. ამ ანსამბლის ნაწილად ყოფნამ მომცა განცდა, რომ ამ საკმაოდ რთულ ინდუსტრიაში ჩემი ადგილი ნამდვილად არსებობს. თუმცა, გადაღებების დაწყებამდე, რა თქმა უნდა, თვითმარქვიას სინდრომის (impostor syndrome) ნამდვილი კრიზისი გამოვიარე – იმდენად არარეალური მეჩვენებოდა ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის მჯერა და ვიცი ჩემი შესაძლებლობები, ამ ყველაფრის წინაშე თავი მაინც პატარა ადამიანად ვიგრძენი.
გადაღებების დაწყებამდე ამ შინაგან ეჭვებს გავუმკლავდი. საკუთარ თავს შევახსენე, რომ ეს ადამიანები, პირველ რიგში, ჩემნაირი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. გადავწყვიტე, სწორედ ასე აღმექვა ისინი და საკუთარი თავის რაიმე ფორმით „უფრო დაბლა“ დაყენება სრულიად უაზრობა იქნებოდა.
საბოლოოდ, გადაღებები ძალიან კარგი გამოცდილება აღმოჩნდა. საინტერესო იყო იმ მსახიობებზე რეალურ ცხოვრებაში დაკვირვება, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ეკრანზე ვხედავდი. მათი მუშაობის ყურება ჩემთვის ნამდვილი სამსახიობო მასტერკლასი გახდა.
ამ გამოცდილებიდან მთავარი გაკვეთილი, რაც დამრჩა, არის ის, რომ საკუთარი თავის სხვებზე მეტად უნდა გჯეროდეს. საკუთარი შესაძლებლობებისა და გზის რწმენა ყოველთვის იყო და დღესაც არის ჩემი საუკეთესო მოკავშირე. ვფიქრობ, ხშირად ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავთ საკუთარი თავის დაუფასებლობაში, შიშში, რომ ვერ შევძლებთ, იმაზე ფიქრში, რა შეიძლება არ გამოვიდეს… მე კი მირჩევნია, მთელი ეს ენერგია იმისთვის შევინახო, რომ საკუთარი თავის პირველი გულშემატკივარი ვიყო.
როდესაც წლებია ევროპულ ინდუსტრიაში მუშაობ, როგორ ჩანს შორიდან თანამედროვე ქართული კინო და აქაური მსახიობების მოცემულობა? რა გაკლია ან რა გხიბლავს ქართულ კინოპროცესში და როგორი ტიპის შემოქმედებითი შემოთავაზება გახდებოდა შენთვის საქართველოში მუშაობის მთავარი მოტივაცია?
უპირველეს ყოვლისა, ძალიან მიყვარს ქართული კინო და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, თვალყური ვადევნო მის განვითარებას. ლევან აკინის Crossing („გზაჯვარედინზე“) და ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი“ ბოლო წლების ჩემს საყვარელ ფილმებს შორისაა. ასევე ძალიან მომეწონა თამარ შავგულიძის „კომეტები“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“ და სხვა ნამუშევრები.
თუმცა, განსაკუთრებულად მიყვარს კლასიკური ქართული კინო. ჩემს Letterboxd-ის რჩეულ ოთხეულში, მაგალითად, თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეა“. არ ვიცი, ეს იმ სამყაროს ნოსტალგიაა, რომელშიც თავად არ მიცხოვრია, თუ სხვა რამ, მაგრამ იმ პერიოდის ქართულ ფილმებთან ძალიან ღრმა ემოციური კავშირი მაქვს. ჩემთვის ისინი ქართული სულის არსს იდეალურად გამოხატავენ. „ნატვრის ხე“ რამდენიმე ჟანრს აერთიანებს – ის სათუთი, ლამაზი, სასაცილო და აბსურდულია, მაგრამ ამავდროულად უაღრესად სევდიანიც. ნამდვილი ტრაგიკომედიაა: საოცრად თბილი ემოციებიდან წამებში გადადიხარ სიმწარესა და სევდაზე.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქართულ ფილმებში ნელ-ნელა კვლავ ვპოულობ ამ სიყვარულს ნიუანსების მიმართ, პოეზიის, ტრაგედიისა და იუმორის ეს ორგანული სინთეზი ზოგჯერ მაინც რთული საპოვნელია. მიუხედავად ამისა, მე ქართული კინოსა და ზოგადად ქართული ხელოვნების დიდი გულშემატკივარი ვარ. ახლახან დავასრულე ნინო ხარატიშვილის ბოლო რომანი „უკმარი სინათლე“, რომელიც ჩემთვის ფანტასტიკური აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ გავზრდილვარ, ჩემს ქვეყანასთან და მისგან წამოსულ ხელოვნებასთან კავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქართული კულტურის ნაწილად ყოფნა ყოველთვის იყო ჩემი, როგორც მსახიობის, ერთ-ერთი ოცნება. საქართველოზე წერა ჩემთვის მუდმივ შთაგონებად რჩება.
ამავე დროს, ვაცნობიერებ, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან პროფესიულად ბელგიასა და საფრანგეთში ვმუშაობ, სადაც სოციალური გარანტიები უფრო სტაბილური ცხოვრების საშუალებას იძლევა. მაქვს ხელოვანის სტატუსი, რომელიც მეხმარება, მშვიდად მივუძღვნა თავი კარიერას. საქართველოში კი ვხედავ, რამდენად რთულია მხოლოდ შემოქმედებით ირჩინო თავი. ბევრ ხელოვანს მეორე სამსახურის შეთავსება უწევს ელემენტარული ყოფითი პირობებისთვის.
ძალიან მინდა, რომ ქართულმა კინომ კვლავ განაგრძოს განვითარება და მეც მომეცეს შანსი, ოდესმე მისი ნაწილი გავხდე.
შენი ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი ბელგიასა და პარიზს უკავშირდება. სხვადასხვა კულტურულ და ენობრივ გარემოში ყოფნა მსახიობისთვის იდენტობის მუდმივი გადააზრებაა. რამდენად შეცვალა ამ გზამ შენი შინაგანი ოპტიკა და რა არის ის მთავარი „ქართული კოდი“, რომელიც ევროპაში შენს ინდივიდუალურ შტრიხად იქცა?
სამსახიობო სწავლის დასაწყისში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი სწორედ იმ ფრანგული ბურჟუაზიის წარმომადგენლებთან შეხვედრა აღმოჩნდა, რომლებთან ერთადაც ვსწავლობდი. როდესაც მსახიობობა გადავწყვიტე, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს სფერო ისტორიულად ასე მჭიდროდ იყო დაკავშირებული გარკვეულ ინტელექტუალურ და სოციალურ ელიტასთან.
მე კი ემიგრანტების შვილი ვიყავი, რომელიც ბელგიის პატარა სოფელში გაიზარდა. გამიმართლა, რომ ჩემში პოტენციალი დაინახეს და ბელგიის თეატრის ეროვნულ სკოლაში მოვხვდი. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც არსებობს გარკვეული კოდები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ამ სამყაროში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. 18 წლის ასაკში, როდესაც მისაღები გამოცდები ჩავაბარე, ამ კოდებიდან თითქმის არაფერი ვიცოდი. იყო სოციალური ნიუანსები, რომლებსაც ვერ ვიგებდი, კულტურული რეფერენსები, რომლებიც ჩემთვის უცხო ჩანდა.
სწავლის პირველ წლებში ძირითადად იმისთვის ვიბრძოდი, რომ ის კულტურული ცოდნა ამომევსო, რაც არ მქონდა: არ მქონდა წაკითხული კლასიკოსები, არ მენახა უამრავი ფილმი, არც თეატრში დავდიოდი ხშირად. ეს კლასობრივი ბარიერი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოცდილება იყო.
დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ის, რაც საინტერესო მსახიობად გაქცევს, ნანახი ფილმების ან წაკითხული წიგნების რაოდენობა კი არა, ის განცდაა, რისი მოყოლაც თავად შეგიძლია. ნელ-ნელა ვისწავლე, როგორ მექცია ჩემი ორმაგი კულტურა ძალად. ის ჩემი ამბების თხრობისა და თამაშში საკუთარი სიმართლის პოვნის მთავარ წყაროდ იქცა. მივხვდი, რომ არ იყო აუცილებელი ბავშვობაში მიუღებელი გამოცდილების ხელოვნურად კომპენსირება, ჩემი განვლილი გზა თავისთავად იყო ჩემი კულტურული და ადამიანური რესურსი.
ამის შემდეგ ამ გარემოში მოძრაობა ბევრად გამარტივდა. თუმცა, ვფიქრობ, ეს სფერო დღემდე საკმაოდ დახურული რჩება, სადაც ნეპოტიზმს ისევ დიდი ადგილი უკავია.
არის ინოლა გურგულიას ერთი სიმღერა, რომელიც წლებია თან დამყვება და ერთგვარ მანტრად მექცა: „არ დავბერდები“. ის ასე იწყება:
„ის, რამაც შემქმნა და რაც მამღერებს,
ვიცი, არ მომკლავს, არ დამაბერებს“.
კინოკამერას აქვს უნარი, ადამიანი კონკრეტულ წამში უკვდავყოს. როგორ აღიქვამ ეკრანზე საკუთარი თავის ყურებას წლების შემდეგ – ეს შენთვის არქივია, შემოქმედებითი დღიური თუ სრულიად დამოუკიდებელი, გაუცხოებული ობიექტი?
ერთ-ერთი რამ, რაც კინოში ყველაზე მეტად მხიბლავს, სწორედ ის დროა, რომელიც გადაღებებსა და პრემიერას შორის გადის. თეატრი მყისიერი სიამოვნებაა, კინო კი – დროში გაწელილი, ნელ-ნელა დაგროვილი პროცესი.
როდესაც ეკრანზე საკუთარ თავს ვუყურებ, ყოველთვის ვცდილობ, გარკვეული დისტანცია შევინარჩუნო. საკუთარი თამაშის ყურება რთულია, რადგან ყველა დეტალს აკვირდები: ყოველ მოძრაობას, სუნთქვას, მზერას… ძალიან მარტივია, ზედმეტად კრიტიკული გახდე. სიმართლე გითხრათ, იმ ფილმებს, რომლებშიც ვთამაშობ, ხშირად არ ვუბრუნდები. შეიძლება ერთხელ ან ორჯერ ვნახო და მერე არქივს მივანდო.
ვფიქრობ, იმისთვის, რომ ეკრანზე საკუთარ გამოსახულებაზე აკვიატებული არ გახდე, დისტანციის დაჭერა სასიცოცხლოა. ვიცი, რომ ვერასდროს შევძლებ საკუთარი თავის სრულიად ობიექტურად შეფასებას. ამიტომ ხშირად მეგობრების ხედვას ვეყრდნობი, რათა გარედან დავინახო, რამდენად ზუსტი იყო ჩემი ნამუშევარი.
კინო დროს უძლებს – შესაძლოა, ეს კადრები ათწლეულების შემდეგაც ნახონ. ეს მშვენიერი განცდაა, თუმცა შორეულ მომავალში საკუთარი თავის წარმოდგენა ჯერ მიჭირს. ჩემი პროფესია მჭიდროდ არის დაკავშირებული გაურკვევლობასთან, ამიტომ ვცდილობ, უბრალოდ აწმყოში ვიყო. მსახიობის მთავარი თვისებაც ხომ სწორედ მოცემულ წამში სრულად ყოფნის უნარია.
მე ჯერ კიდევ გზის დასაწყისში ვარ, ჯერ კიდევ ვიკვლევ საკუთარ თავს ამ პროფესიაში. საბოლოო ჯამში, დასრულებულ ფილმთან განსაკუთრებული მესაკუთრული მიჯაჭვულობა აღარ მაქვს – ჩემთვის უფრო ძვირფასია გადაღების მოგონებები, ადამიანები და ის შინაგანი მდგომარეობა, რაც გადასაღებ მოედანზე გავიარე.
დასრულებული ფილმი უკვე მაყურებელს ეკუთვნის. ის ჩემგან დამოუკიდებელ ობიექტად იქცევა. ადამიანი კი, რომელიც იმ კონკრეტულ კადრში ვიყავი, დღეს უკვე აღარ არსებობს – ის დროში გაიყინა.












