fbpx

Ad Black Sea 2026 – კრეატიული ინდუსტრია შემოქმედებითი წინააღმდეგობის ზღვარზე


გააზიარე სტატია

 

10-12 სექტემბერს ბათუმში Ad Black Sea 2026 იმართება. ფეტივალი მეათე, საიუბილეო სეზონს აღნიშნავს და წელს მისი მთავარი კონცეფციაა ON THE EDGE (ზღვარზე). ზღვარზე ყოფნა შემოქმედებით ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მდგომარეობაა – ეს არის წერტილი, სადაც შესაძლოა სრულიად ახალი იდეები დაიბადოს. სწორედ ამას გულისხმობს Ad Black Sea-ს წლევანდელი გზავნილიც. წლევანდელი ფესტივალი ტრადიციულად აერთიანებს ინდუსტრიის წამყვან სახეებს, რომელთა შორისაც არიან დევიდ დროგა (David Droga), სინდი გელოპი (Cindy Gallop) და სხვა გლობალური ლიდერები.

როდესაც 2015 წელს Ad Black Sea-ს ისტორია იწყებოდა, მთავარი მამოძრავებელი ძალა ინდუსტრიის განვითარებაზე ფიქრი იყო. ფესტივალის დამფუძნებლები მალევე მიხვდნენ, რომ საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გარეშე საქართველოში ეს სფერო ვერ განვითარდებოდა, დარგობრივი ფესტივალები კი ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

At.ge 2026 წლის Ad Black Sea-ს მედია პარტნიორია. ჩვენთან ინტერვიუში ვატო ქავთარაძე გვიყვება, თუ როგორ შეიქმნა რეგიონის წამყვანი კრეატიული ინდუსტრიის ფესტივალი. 

„ჩვენი, დამფუძნებლების მთავარი მიზანი იყო, საქართველო კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო რუკაზე მოგვენიშნა. დღეს ფესტივალი სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს: ქვეყანა ბევრად მეტმა საერთაშორისო პროფესიონალმა გაიცნო, როგორც კრეატიული ინდუსტრიის კერა; ქართულმა სააგენტოებმა საერთაშორისო კონკურსის პერსპექტივით დაიწყეს ფიქრი, ხოლო მარკეტერებსა და სააგენტოებს შორის არსებული დისტანცია შემცირდა. რაც ჯერ ვერ შევძელით, ამ პოტენციალის სრულად და სტაბილურად რეალიზებაა. ქართულ ინდუსტრიას მეტი შედეგზე ორიენტირებული კამპანია, ძლიერი და ხარისხიანი ქეისი, მეტი სითამამე და გლობალური ამბიცია სჭირდება. ფესტივალსაც სჭირდება შესაძლებლობა მხოლოდ სამდღიან მოვლენად არ დარჩეს და მთელი წლის განმავლობაში მოქმედი ფუნქცია შეიძინოს, თუმცა ამისთვის შესაბამისი გარემო, რესურსი და ინფრასტრუქტურაა საჭირო.“

წლევანდელი ფესტივალის მთავარი კონცეფციაა „ON THE EDGE – ზღვარზე: შემოქმედებითი წინააღმდეგობის ფესტივალი“, რაც განსაკუთრებით მძაფრად ჟღერს არსებული პოლიტიკური პროცესებისა და თავისუფალი სივრცის შემცირების ფონზე. ვატო ქავთარაძის თქმით, დღევანდელ რეალობაში შემოქმედებითი წინააღმდეგობა მხოლოდ ფესტივალის თემა აღარ არის. როდესაც ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვისა და თავისუფალი არსებობის სივრცე ვიწროვდება, შემოქმედებითი საქმიანობაც საერთო წინააღმდეგობის ნაწილი ხდება.

„კრეატიულობას შეუძლია წინააღმდეგობის ფორმა იყოს, რადგან ის ინარჩუნებს, იცავს და ავითარებს თავისუფალ აზრს, ხილულს ხდის მნიშვნელოვან სათქმელს და ადამიანებს აერთიანებს. თუ კულტურისა და შემოქმედებითი თავისუფლების სივრცე შეიზღუდება, ეს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებზე, არამედ მთლიან ინდუსტრიასა და ფესტივალის მომავალზეც იმოქმედებს.”

ეს კონცეფცია კიდევ უფრო ორგანულად ებმის შარშანდელი ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მრავალგზის დაჯილდოებულ ნამუშევარს – „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“, რომლის რეჟისორიც გიორგი ოკმელაშვილია, ხოლო ვიდეოს ნარატორი – ანდრო ჭიჭინაძე.

„წლევანდელი კონცეფცია პირდაპირ უკავშირდება იმ რეალობას, რომელშიც დღეს ქართველი შემოქმედები და მთლიანად საზოგადოება იმყოფება. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ყოველი მომდევნო ფესტივალიც კი გადარჩენისთვის იბრძვის – არ ვიცით, რა და როგორ მოხდება და იქნება თუ არა ყველაფერი ისე, როგორც ვგეგმავთ. დახურულ გარემოში, სადაც თავისუფალი გამოხატვის სივრცე მცირდება, შემოქმედებით ინდუსტრიებს განვითარება უჭირთ. ამიტომ Creative Resistance ჩვენთვის ამ გარემოზე ბუნებრივი პასუხია: მცდელობა, რომ შემოქმედებითმა ადამიანებმა შეინარჩუნონ და დაიცვან თავისუფალი აზრის, თვითგამოხატვისა და ერთმანეთთან გაერთიანების სივრცე.“

როდესაც ქვეყანაში თავისუფლების სივრცე ვიწროვდება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა კრეატიული ადამიანის დამატებით პასუხისმგებლობაზეც – სად გადის ზღვარი პროფესიულ საქმიანობასა და მოქალაქეობრივ პოზიციას შორის? ვატო ქავთარაძე აღნიშნავს, რომ ასეთ დროს პროფესიული და მოქალაქეობრივი პოზიციის ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელი ხდება, რადგან შემოქმედებითი საქმიანობა თავისთავად უკავშირდება აზრის გამოხატვას, კულტურასა და საზოგადოებას. ამ დროს განსაკუთრებით იკვეთება მორალური ზღვარი, რომელიც თავად ფესტივალის პრინციპებს განსაზღვრავს.

ბოლო ათ წელიწადში კრეატიული ინდუსტრია რადიკალურად შეიცვალა – სოციალური მედია, ალგორითმები თუ ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. თუმცა, ამ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ფონზე მაინც რჩება ის ფუნდამენტური რამ, რასაც ტექნოლოგია შემოქმედ ადამიანში ვერასდროს ჩაანაცვლებს. Ad Black Sea-ს გუნდის ხედვით, ეს არის ადამიანური ურთიერთობები, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.

„ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი იდეა თავიდანვე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო – შესაძლებლობა, რომ ადამიანებს დარგის ვარსკვლავებთან და მთავარ მოქმედ პირებთან არა მხოლოდ ვირტუალური, არამედ პირადი ურთიერთობა ჰქონოდათ. ტექნოლოგიას შეუძლია ბევრი პროცესი შეცვალოს, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს იმ ენერგიასა და ურთიერთობას, რომელიც ადამიანების რეალურ შეხვედრაში, აზრების გაცვლასა და საერთო გამოცდილებაში ჩნდება. სწორედ ეს ქმნის ფესტივალის სულს.“ ათწლიანი ისტორიის შეჯამებისას, კითხვაზე – თუ რომელი ერთი სიტყვა, ემოცია ან მოგონება აღწერს საუკეთესოდ Ad Black Sea-ს განვლილ გზას – პასუხი ერთია: რწმენა. „თავიდან არც მე და არც ჩვენი გუნდის წევრებს ფესტივალის შექმნის გამოცდილება არ გვქონდა. წინ დიდი შრომა და უამრავი ლოგისტიკური, ტექნიკური თუ ფინანსური სირთულე გველოდა, მაგრამ იმდენად დარწმუნებულები ვიყავით ამ წამოწყების სისწორეში, რომ გზაზე შემხვედრ დაბრკოლებებს მოვერიეთ. სწორედ ეს რწმენა გვეხმარებოდა პირველი სპიკერებისა და პარტნიორების დარწმუნებაშიც და ფესტივალის გაგრძელებაშიც ყველა რთულ ეტაპზე.” – ვატო ქავთარაძე, Ad Black Sea-ს თანადამფუძნებელი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.