ეკიპაჟი „სიზმარა“ – Red Bull Soapbox Race 2026-ის გამარჯვებული გუნდი ბაქოში ფორმულა 1-ის გრან-პრიზე გაემგზავრება
ხელნაკეთი ბოლიდები, კოსტიუმირებული პერფორმანსი და წლის ყველაზე სანახაობრივი რბოლა, რომელმაც ასობით სტუმარი ღვინის აღმართზე შეკრიბა. Red Bull Soapbox Race 2026-ის გამარჯვებული ეკიპაჟი „სიზმარა“ გახდა. ხუთი წევრისაგან შემდგარი გუნდი აზერბაიჯანში ფორმულა 1-ის გრან-პრიზე დასასწრებად ემზადება. თამარ ჯინჭარაძე, სანდრო ხოსიტაშვილი, კონსტანტინე ჩუბინიძე, ცოტნე გიორგაძე, ამირან ქართველიშვილი ბაქოში სექტემბრის ბოლოს გაემგზავრებიან.
Red Bull Soapbox Race-ს წელს 19 მონაწილე გუნდი ჰყავდა. ეკიპაჟები მაყურებლის, მხარდამჭერების და ჟიურის წინაშე კოსტიუმირებული პერფორმანსით წარდგნენ. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი სტარტის ხაზიდან დაშვება იყო. არამოტორიზებული ბოლიდით კაპიტნებს წინაღობებით დაფარული 300-მეტრიანი ტრასა მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დაეძლიათ. ფინიშის ხაზის გადაკვეთა ყველასათვის მარტივი არ აღმოჩნდა.
საუკეთესოები წინასწარ შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, სცენარისტი ირაკლი ვახტანგიშვილი, ქროსფიტის ათლეტი ნიკო მაისურაძე, ქროსფითის და ფუნქციური ფიტნესის მწვრთნელი ნინო გოგუაძე და კონტენტ-კრეატორი გიორგი დანელია, – ასეთი იყო ჟიურის შემადგენლობა. თავქარიან მრბოლელებს ისინი ერთ-ერთი თბილისური აივნიდან აკვირდებოდნენ. საბოლოო შედეგები სამი კრიტერიუმით შეფასდა: ბოლიდის დიზაინი, პერფორმანსი და სისწრაფე.
ასპარეზობისთვის ეკიპაჟები თითქმის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. მონაწილეებს სულ ორი სავალდებულოდ შესასრულებელი დავალება ჰქონდათ: არ გამოეყენებინათ ძრავა და ბოლიდი წინასწარ დადგენილი ზომების მიხედვით აეწყოთ. დანარჩენი უკვე მათ ფანტაზიაზე იყო დამოკიდებული და გუნდებს სრული თავისუფლება ჰქონდათ.
ცნობისთვის, Red Bull Soapbox Race მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ექსტრემალური შოუა, რომელიც პირველად 2000 წელს ბელგიაში ჩატარდა, მას შემდეგ კი 54 ქვეყანაში 170-ზე მეტი ღონისძიება მოეწყო.








