fbpx

გზამკვლევი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

24-27 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქი თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს. 

რამდენიმე დღის განმავლობაში ფესტივალი მწერლებს, მთარგმნელებს, გამომცემლებსა და მკითხველებს გააერთიანებს. ქართულ აუდიტორიას კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა შეხვდეს ცნობილ ავტორებს, უკეთ გაიცნოს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული კულტურა და დაესწროს მრავალფეროვან ღონისძიებებს. 

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს დაარსდა და საქართველოს მსოფლიო კულტურულ რუკაზე უფრო მკვეთრად წარმოჩენის პროცესში მთავარ მედროშედ იქცა. ფესტივალი თანამედროვე სახელოვნებო პროცესების გაცნობის  შესაძლებლობას აძლევს ლიტერატურით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. ფესტივალის არსებობის ისტორიაში 50-მდე ქვეყნიდან თბილისს 200-ზე მეტი ავტორი ეწვია, ჩატარდა 350-მდე საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიება. 

ფესტივალი 24 სექტემბრის 17:00 საათზე გაიხსნება მიხეილ ზანდუკელის ქუჩის #16-ში. საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი 27 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს ამ დიდ ლიტერატურულ ფორუმს და ქვეყნის ადგილს კიდევ ერთხელ გაამკვეთრებს მსოფლიოს ლიტერატურულ რუკაზე. 

ფესტივალი მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს აერთიანებს. სტუმრებს შეეძლებათ დაესწრონ დისკუსიებს, თანამედროვე ლიტერატურის მნიშვნელოვანი წიგნების  პრეზენტაციებს, აუდიო-ვიზუალურ პერფორმანსებს და კიდევ უფრო ახლოს გაიცნონ ამ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესები.

ვინ ეწვევა თბილისს?

 

გახსნის დღეს ფესტივალის ფარგლებში თბილისს ავსტრიელი მწერალი დანიელ ვისერი ეწვევა. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება შეხვდეს ისეთ გამოჩენილ ავტორებს, როგორებიც არიან: დიმიტრის დიმიტრიადისი, ელიზა კონცკა, კრიპა, ლუკა ბრუნონი, ლუსინე ხარატიანი, მარკ ნოვაკი, ოლენა ჰერასიმიუკი, მარტონ შიმონი, ულრიკე ალმუტ ზანდიგი და პშემისლავ სუხანეცკი. 

განსხვავებული ლიტერატურული კულტურის წარმომადგენლებთან შეხვედრა, მათთან მათსავე რომანებსა და სხვა აქტუალურ ლიტერატურულ საკითხებზე საუბარი ღონისძიებას კიდევ უფრო მრავალფეროვან და საერთაშორისო კულტურულ მოვლენად აქცევს. 

 

ფესტივალის მთავარი კონცეფცია – მეხსიერება, როგორც წინააღმდეგობა 

 

ფესტივალის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მწერლები, მთარგმნელები და პოეტები მეხსიერების, თავისუფლებისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართებაზე იმსჯელებენ. 

ვინაიდან მეხსიერება მხოლოდ წარსულის მახსოვრობა არ არის და ის განმსაზღვრელია აწმყოსა და მომავლისა, ლიტერატურის როლი ამ პროცესში მნიშვნელოვანი ხდება. ლიტერატურას აქვს უნარი და ძალა, მისცეს ხმა მათ, ვისთვისაც ხმის წართმევას ცდილობენ. 

ამ თვალსაზრისით ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან სადისკუსიო თემებს, როგორებიცაა ავტორიტარიზმი და კოლექტიური მეხსიერება, ლიტერატურის, როგორც მეხსიერების შემნახველის ფენომენის განხილვა და სხვ. 

 

კიდევ რა სიახლეები გელით…

ღონისძიებათა მნიშვნელოვანი ნაწილი თანამედროვე ქართული დოკუმენტური პროზის განხილვას დაეთმობა, რადგან ის ასახავს კონკრეტულ დროსა და რეალობას, აღბეჭდავს ყოველივე იმას, რაც შეიძლება სამყაროში უკვალოდ გაქრეს. დოკუმენტური პროზაა სწორედ ის მთავარი იარაღი, რომელიც პირად გამოცდილებას გარდაქმნის კოლექტიურ ცოდნად და ქმნის ერთგვარ ისტორიულ არქივსაც კი. 

წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია იმითაც, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საუბრები გაიმართება XIX-XX საუკუნეების პერიოდში მოღვაწე ფემინისტ მწერალ ქალებზე. დისკუსია შეეხება იმ სირთულეებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც იდგა 1930-იანი წლებიდან ფემინისტური პროზა. ქალებს ჯერ წერა აეკრძალათ, შემდეგ კი საზოგადოებამ დაივიწყა მათი შემოქმედება. ფესტივალის ფემინისტური პროგრამა ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს უნიკალური ლიტერატურული მემკვიდრეობის არსებობას, გააცოცხლებს და დაუბრუნებს დაკარგულ ხმას.

ფესტივალის პროგრამა – ახალი დღე, ახალი ამბები

როგორც აღვნიშნეთ, ეს მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფორუმი ძალიან მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს სტუმრებს, ჩვენ კი საფესტივალო პროგრამას უცვლელად წარმოგიდგენთ: 

 

ფესტივალის პარტნიორები და მხარდამჭერები

თბილისის მე-11  საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის წარმდგენია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი. 

ფესტივალის პარტნიორები არიან პოეზიის ევროპული პლატფორმა ვერსეპოლისი და პოლონური ინსტიტუტი თბილისში. 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ამერიკის საელჩო, თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკა, მიეროშევსკის ცენტრი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, პოლონური წიგნის ინსტიტუტი, მანჰეტენვილის უნივერსიტეტი, სომხეთის პენ-ცენტრი, პოლონეთის პენ-ცენტრი, თიბისი, კომპანია „სარაჯიშვილი“, გამომცემლობა პალიტრა-L, ქართული ჩაი „გურიელი“ და სასტუმრო „რუმსი“.

ფესტივალის მედია პარტნიორია „ინდიგო“

არ გამოგრჩეთ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და გაატარეთ ყველაზე სასიამოვნო დღეები 24-27 სექტემბერს თბილისში დიდ ლიტერატურულ ფორუმთან ერთად. 



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.