fbpx

ანდრო დადიანის წიგნი „განსაწმენდელი“ ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოიცა


გააზიარე სტატია

 

მულტიდისციპლინარული ხელოვანი, ანდრო დადიანი, როგორც ბევრი სხვა ხელოვანი,  არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ემიგრაციაშია. წასვლის წინ ხელოვანმა დაწერა, რომ მუქარის  გზავნილებს იღებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რაც მის სახელოვნობო და სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირდებოდა. ახლა ის ბელგიაში, ბრიუსელში ცხოვრობს. გასულ წელს მას ერთთვიანი პერფორმანსი „თევზის სიმღერა“ ჰქონდა ბრიუსელში, სადაც ბელგიის პენცენტრის ხელმძღვანელი იყო სტუმრად, ანდრო იხსენებს:  ქართული პენცენტრის რეკომენდაციით პერფორმანსზე მწერალი და დრამატურგი ვინსენტ ენგელი მოვიდა. ფიზიკურად რთული პერფორმანსი მქონდა, მთელი თვე კუთხეში ვიდექი და ერთ დღესაც, დილის 11 საათიდან კუთხეში მდგარს, საღამოს სრულიად ძალაგამოცლილს მეგონა, ცარიელ საგამოფენო დარბაზში ვიყავი,  საკუთარი თავისთვის ოროველას ვღიღინებდი, თურმე იქ ვინსენტი იდგა და მისმენდა. პერფორმანსს რომ მოვრჩი,  მითხრა, გისმენდი, შენი რამდენიმე თარგმანიც წავიკითხე შენივე სიმღერის ფონზე ინტერნეტში და მინდა წიგნის თარგმნა შემოგთავაზოო.

 

მე მერჩია  ქვიარ პოეზიის ანთოლოგია გვეთარგმნა მისი სტილური მრავალფეროვნების გამო, მაგრამ ენგელის  დაჟინებული მოთხოვნით, ჯერ ჩემი კრებულით დავიწყეთ და სამომავლოდ ქვიარ პოეზიის ანთოლოგიაც ითარგმნება.

 

ანდროს წიგნი,  რომელიც ქართულ ენაზე დაწერილი პირველი ქვიარ პოეზიის საავტორო კრებულია, ქვიარ გამოცდილებებთან ერთად, ქართულ სოციალურ, პოლიტიკურ სურათს ხატავს და საკუთარ სულიერ დინებებს აჩვენებს მისთვის დამახასიათებელი ენით. წიგნის ფრანგული ვერსია ბაჩანა ჩაბრაძეს ეკუთვნის, ხოლო ინგლისურად ინგა ჟღენტმა თარგმნა.

ანდრო:  დიდი სიამოვნება იყო ინგასთან და ბაჩანასთან მუშაობა, მთელი წელი ინტენსიური მიმოწერა გვქონდა, წიგნში გაფანტული ნიუანსების ერთმანეთთან გასარკვევად. ბაჩანა დიდი გამოცდილების მქონე მთარგმნელია, ერთი სიამოვნებაა მასთან მუშაობა, ბევრი რამ ვისწავლე მისგან და მოუთმენლად ველი მასთან შემდეგ თანამშრომლობას. ინგლისურად მთარგმნელი ინგა ჟღენტი ნიუ–იორკში, DeVry University უნივერსიტეტში ასწავლის აკადემიურ წერას, რიტორიკას და კრიტიკულ აზროვნებას. თითოეულ ფრაზას გულმოდგინედ უტრიალებდა აქეთ-იქიდან ინგა, რომ მაქსიმალურად შეენარჩუნებინა მუსიკალური ჟღერადობა, მღელვარება და სინტაქსის დისონანსები. საგულდაგულოდ ვინახავ მათთან მიმოწერას, როგორც საგანგებო გაკვეთილებს წერაში. 

 

2021 წელს გამომცემლობა „კალმოსანის“ მიერ პირველად გამოცემული „განსაწმენდელი“ ხელოვანმა 84-საათიანი უწყვეტი პერფორმანსით წარუდგინა მკითხველს, მაშინ ავტორი დანტე ალიგიერისა და ვერგილიუსის მოგზაურობის იმიტაციას ქმნიდა პერფორმანსით, რომელსაც წიგნში შევყავდით. 

 

 

ამჟამად ფრანგული და ინგლისური თარგმანები ბრიუსელის საერთაშორისო ლიტერატურულმა ფესტივალმა poetic bazar-მა წარუდგინა მკითხველს. ავტორმა ისევ პერფორმატიული ხასიათი მისცა მის გამოსვლას და როგორც გვითხრა, პერფორმანსი საქართველოში ქვიარ ადამიანების დაუცველობას ეხებოდა.

                     „ამოგეკერა საშო, ან ჩამოგეხრჩვე ჩემსავ ჭიპლარზე,
                      თუკი არ გქონდა დედობის ძალა.
                      ამოეჭედებინა ის ებრაელიც ქალწულს ბაგაში,
                    ან ამოეჭამათ დამშეულ ვირთხებს,
                    თუკი ღმერთობას ერთხელ მაინც ვერ გამიწევდა…“

 



ფსევდონიმით მომუშავე ხელოვანი თავისი უსაფრთხოებისთვის ყოველთვის ნიღაბს ატარებს, რაც მისი იმიჯის ნაწილად ჩამოყალიბდა, ამჯერად ის მოჭრილი თმისგან შექმნილი ნიღბით იყო სცენაზე, – გადახოტრილი, მოჭრილი თმა  დამორჩილების, თავისუფლების დათმობის სიმბოლოა, – ამბობს ის, – როცა წმინდა ნინომ თმა მოიჭრა და ჯვარი შეკრა თმით, ამით მორჩილება, მსახურება აღუთქვა ქრისტეს. ჯარში წასულებსაც თმას პარსავენ,  სამშობლოსთვის მსახურების წინ; მილოშ ფორმანის მიუზიკლშიც ასეა, თუ გახსოვთ, ჰიპ ბუკოვსკის თმას ჭრიან. თავისუფლების, ინდივიდუალობის ჩამორთმევის სიმბოლოა ეს და ჩემთვის – ქართველი ქვიარების მეტაფორა ამ პერფორმანსში. საქართველოში ქვიარების მიმართ არამარტო ინდივიდუალობის წართმევა, ქვიარ ადამიანების ზიზღია და სიცოცხლის მოსპობაა დაკანონებული უკვე. – ამიტომაც დგას ხელოვანი პლასტმასისთოჯინებიან მუცელზე ხელებაფარებული. მისი ხმა ისტერიკის, სიგიჟის ზღვარზე გადის, კარგავს თხრობაში თანმიმდევრულობას და დიდ, აბსტრაქტულ, ემოციურ ლაქებად ჟღერს მისი ფრაზები.

პერფორმანსის ბოლოს ანდრო, როგორც ყოველთვის, გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს, სოლიდარობა გამოუცხადა თურქეთში ფსევდოპატრიოტული მოტივებით დაკავებულ 60 ლგბტ ადამიანს,  ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს და ხაზგასმით – პოეტ ზვიად რატიანს. 

 

 

წიგნის შეძენა შესაძლებელია ამაზონზე და Cufay-ზე.

ფოტო: KOI, Ketrevani, Egoo Dallas, ერეკლე აბაშმაძე.




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.