16 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იხსნება
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეექვსე გამოშვება 16-22 ოქტომბერს ჩატარდება.
ერთი კვირის განმავლობაში კინოთეატრ საქართველოში ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი გააერთიანებს მასტერკლასებს, დისკუსიებს, მუსიკალურ საღამოებსა და საჯარო ლექციებს.
წელს ფესტივალის ფოკუსში არა მხოლოდ ერთი ქვეყანა, არამედ ევროპა და ევროპული კინო მოექცევა.
მთავარ საკონკურსო პროგრამაში ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი და გამარჯვებულებს ფესტივალის პრიზს – ოქროს დინოზავრს გადასცემს.
ფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან: კინორეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი და მსახიობი ჯასტინ ვედელი, კინოოპერატორი რეინ კოტოვი, პროდიუსერი რინგაილე ლესჩინსკიენე, მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, კინორეჟისორი და საქართველოს კინოინსტიტუტის პრეზიდენტი ნუცა ალექსი-მესხიშვილი კი ჟიურის თავმჯდომარე იქნება.
ფავორიტს გამოავლენს ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა ჟიურიც, რომელიც კინოკრიტიკის სახელოსნოს მონაწილეებითაა დაკომპლექტებული.
გარდა საკონკურსო პროგრამისა, ფესტივალზე ნაჩვენები იქნება უნგრული ახალი ტალღის ფილმები, იტალიური კინოკლასიკა – შრომა დრო და მეხსიერება, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში წარმოგიდგენთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სელექციას, ფრანგული ინსტიტუტი კი კრის მარკერის რეტროსპექტივას შემოგვთავაზებს.
ვუჩვენებთ საბავშვო პროგრამას – უკრაინა ბავშვების ობიექტივში, სამეცნიერო-პოპულარულ დოკუმენტურ ფილმებს, ასევე ნაჩვენები იქნება უახლესი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა და ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს პანორამა, კავკასუს სინემა წარმოგიდგენთ და სტუდენტური ფილმები.
ფესტივალზე წელსაც ტრადიციულად აღინიშნება გამორჩეულ კინემატოგრაფისტთა საიუბილეო თარიღები – რეზო გაბრიაძის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ფესტივალს გახსნის ლევან გაბრიაძის ფილმი “ჰარი-ჰარალე, დედაო!”, ამასთანავე ფესტივალის ფარგლებში ვუჩვენებთ მისი სცენარებით გადაღებულ ფილმებს “ფეოლასა” და “ქვევრს”. ნანა მჭედლიძის 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ “პირველი მერცხალის” ჩვენებით.
კინოოპერატორ ლევან პაატაშვილის მე-100 დაბადების დღესთან დაკავშირებით ვუჩვენებთ თენგიზ აბულაძის “სხვის შვილებს”; სესილია თაყაიშვილის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად კი მაყურებელი ლანა ღოღობერიძის “ფერისცვალებას” იხილავს.
ფესტივალის ფარგლებში დაიხურება ევროპული კინო-ტური საქართველოში, რის ფარგლებშიც ვუჩვენებთ ანიმაციურ ფილმ “დინებასა” და ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სელექციას.
2026 წელს გერმანული ექსპრესიონისტული კინოს გამორჩეულ ნამუშევარს, ფ.ვ მურნაუს ფაუსტს 100 წელი უსრულდება, სწორედ ამიტომ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკალური გაფორმებით.
ფესტივალის ფარგლებში რეჟისორი დიმიტრი მამულია წაიკითხავს საჯარო ლექციას ნელ კინოზე. გაიმართება შეხვედრა მსახიობ ლუკა ჩიქოვანთან.გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით კი გაიმართება პანელური დისკუსია რეგიონის ახალი ხედვა: ქალთა ხმები და რეპრეზენტაცია, ამასთანავე მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს სომხური მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა.
ფესტივალის სტუმრები ტრადიციულად შეძლებენ დაესწრონ ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმების ქუთაისურ პრემიერებს. ქართველი მაყურებელი პირველად იხილავს უტა ბერიას “ცრემლსადენ გაზს”, ანა ურუშაძის “მეორეხარისხოვან როლს” და ნანა ჯანელიძის “ქმნილების ხელოსანს”, რითაც ფესტივალი დაიხურება.
ქუთაისში პირველად იქნება ნაჩვენები: თამარ კალანდაძისა და ჟულიენ პებრელის “ქართლის ცხოვრება”, მაკა გოგალაძის ფილმები – “შენზე ვფიქრობდი ახლა” და “რაც თავი მახსოვს”, ინეკე სმიტსის “პუტინის დედა”, ივან სულუეტას “აღტაცება”, მარლენ ედოიანის “ცეცხლი იქ”.
ამასთანავე ფესტივალზე ვუჩვენებთ კოტე კალანდაძის დოკუმენტურ ნამუშევარს “არავინ არ ჩანს” და პაპუნა მოსიძის მხატვრულ ფილმ “ქალაქის ხმაურს”.
გარდა კლასიკური კინოჩვენებებისა, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს ხმის დიზაინის სტუდია “უზუპოს” ნამუშევრის, “დამალობანასა” და გიორგი მრევლიშვილის “მდუმარების ქვიშების” ექსპერიმენტულ ჩვენებებს.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება:
რეზო გაბრიაძის სახელობის კინოსახელოსნო, რომელსაც რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ინეკე სმიტსი და პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი გაუძღვებიან;
კინოკრიტიკის სახელოსნოს გაუძღვება ფემინისტი მკვლევარი, ჟურნალისტი და პროგრამისტი ლაურა ვან ჟაულენი, კინოკრიტიკის სახელოსნოს მონაწილეები წელს ფესტივალზე ახალგაზრდა კრიტიკოსთა ჟიურისაც წარმოადგენენ და საკონკურსო პროგრამიდან ფავორიტს აირჩევენ.
ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან – AT.ge და პუბლიკა. ქართულ გამოცემებთან ერთად ფესტივალს გააშუქებს საერთაშორისო გამოცემები.
დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება 22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ საქართველოში.












