თბილისში თბილისის სცენოგრაფიის VI საერთაშორისო ბიენალე მიმდინარეობს
ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის (YTA UNION) ორგანიზებით, თბილისში გაიმართება სცენოგრაფიის VI საერთაშორისო ბიენალე, რომელიც მოიცავს 9 ქვეყნის საერთაშორისო გამოფენას, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამას – MASTERLAB 2026 და საერთაშორისო სიმპოზიუმს.
თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალე დაარსდა 2016 და ყოველ ორ წელიწადში ფართოვდება და იზრდება. თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალე არის სცენოგრაფიის დარგში ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმა კავკასიის რეგიონში, რომელიც ქმნის კულტურულ ქსელს სცენის დიზაინის განვითარებისათვის.
წელს ბიენალეს მეექვსე გამოშვება შედგება საერთაშორისო გამოფენების, პროგრამა MASTERLAB 2026-ის და სიმპოზიუმისაგან. მასში მონაწილეობენ როგორც ახალგაზრდა, ასევე საშუალო და უფროსი თაობის სახელგანთქმული სცენოგრაფები და დიზაინერები პოლონეთიდან, კვიპროსიდან, უნგრეთიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, ლიეტუვიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, საქართველოდან.
ბიენალეს საერთაშორისო გამოფენა შედგება პროფესიული და სტუდენტური სექციებისგან. ორივე სექცია განთავსებულია MOMA-ში – ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რუსთაველის გამზ., ქ #27.
საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების პროექტებით.
გამოფენაზე წარმოდგენილია კოსტიუმები, ინსტალაციები, ფოტოები და ვიდეოები.
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა MASTERLAB 2026 გაიმართება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის თემებია თეატრი და ომი & თეატრი და მოდა, გაიმართება 15 ოქტომბერს შერეულ ფორმატში. მასში მონაწილეობას მიიღებენ 9 ქვეყნის წარმომადგენლები.
სიმპოზიუმი ორგანიზებულია სცენოგრაფთა საერთაშორისო ორგანიზაციის, OISTAT-ის თანადგომით.
სიმპოზიუმის ვიდეოჩანაწერები და პრეზენტაციების ბეჭდური ვერსია განთავსდება თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალეს ვებგვერდსა და სხვადასხვა სოციალურ გვერდებზე.





