დაბრუნების მექანიკა – მერაბ დვალიშვილი
ავტორი: ტატო ჩანგელია
მერაბ დვალიშვილს დასამტკიცებელი აქვსო, რომ ვთქვათ, მოვიტყუებით – დასამტკიცებელი არაფერია, ყველა კარი ფართოდ არის გაღებული და შეგიძლიათ შეიხედოთ, იქ ჩემპიონებისა და ნახევრად ჩემპიონების “გვამები” ყრია.
საქმე დაბრუნებისაა. იმის დაბრუნების, რაც დაიკარგა და რაც ერთადერთს ეკუთვნის, სახელად მანქანა შერქმეულს – UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი.
ქამარი, რომელიც ერთ წელს მოიპოვა, მეორე წელს კი სამჯერ დაიცვა, დივიზიონი სრულად გაწმინდა, გდებების რეკორდიც დაამყარა და მოგებათა სერიის დიდ გარბენზეც წავიდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჭამა მადაში მოდისო.
მერაბმა დაუჯერებელიც კი მოინდომა – ერთ კალენდარულ წელს ქამრის ოთხჯერ დაცვა. თავს ზევით ძალის ნაცვლად ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აღმოჩნდა და საბოლოოდ ტიტული უკვე ერთხელ გალახულ პიოტრ იანს გადააბარა.
მოწინააღმდეგეზე აუგის თქმა არ დაგვცდება – ასეთია ჩვენი წესი, და ასეც რომც არ იყოს, საერთოდაც, მერაბის საქმე ეგრეა – არც ცხოვრებაში და არც რვაკუთხედში მარტივი არაფერი ჰქონია. მუდამ დიდი დაპირისპირებები, დიდი წინააღმდეგობები. იანიც ასეთია – ტექნიკური, ძლიერი კრივითა და ძიუდოს ცოდნით.
მერაბის ცხოვრების სირთულეები ვიცით, „ამერიკული ოცნების“ ტიპის – ფსკერიდან მწვერვალამდე, მშენებლობიდან რვაკუთხედამდე. აღარ გადავიღლები კაპიტალისტური მითოლოგიებით, ბრძოლის სირთულეებზე გადავალ.
ჯერ იყო და მთელი დივიზიონი გაწმინდა, ყველა მაგარ ბიჭს გაუმწარა დინამიკურობითა და დაუღლელობით საქმე. საჩემპიონო ბრძოლა ძლივს გამოინახა მისთვის, თითქოს ეს თავკაცი – დანა უაითი, მაინცდამაინც არ სწყალობდა.
თუმცა ბოლოს იმდენი ქნა, სხვა რა გზა იყო – შონ ო’მალი გამოუყვანეს, ისტორიულ ღონისძიებაზე, სფეროში, მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს.
შთამბეჭდავ ვიზუალურ ღონისძიებას ფინალიც შესაფერისი ჰქონდა. დვალიშვილზე კია აზრი, ვერ იქნევს მთლად სანახაობრივად მუშტებსო, მაგრამ პირიქით წავიდა ამბავი – მერაბს თავისი შოუ აქვს, მანქანის შოუ, რომელიც სავსეა დინამიკურობითა და სიცოცხლით.
ამერიკელების ამომავალ ვარსკვლავსა და დიდ იმედს, ო’მალის, მეორე შანსიც მისცეს, მაგრამ ამჯერად საქმე ბევრად მძიმედ წავიდა და დვალიშვილმა, იშვიათად რომ აკეთებს, ეგ გააკეთა – დააძინა მოწინააღმდეგე და ნაადრევად მოიპოვა გამარჯვება.
მერე იყო დაღესტნელების დინასტიის პრინცი, უმარ ნურმაგომედოვი, და ჰქონდა ამ ბრძოლას თავისებურად ცირკის ელემენტებიც – აქაც მანქანა დომინანტი აღმოჩნდა.
მძიმე ბრძოლა გამოდგა, განსაკუთრებით პირველი ორი რაუნდი. მერე ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მაგრამ ბევრი ვინერვიულეთ, რაც იქამდე არ გვინერვიულია, სულ ერთად ვინერვიულეთ. და ჩვენც ვიფიქრეთ, ტელევიზორებთან მსხდომებმა, რიგითმა ქართველებმა, მერაბ დვალიშვილი ასე საოჯახო ქომაგობის წყაროდ რომ ვაქციეთ, დაისვენებს ცოტახანს, განიტვირთება და ტახტზე ჯდომით დატკბებაო…
მაგრამ რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ბრძოლა აიღო კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ. კი ვერ არის ქვიშის კაცი ნურმაგომედოვივით და ო’მალივით საშიში, მაგრამ საშინლად ტექნიკურია. ნერვიულობა ნაკლები გამოვიდა, მერაბმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
და, აი, უკვე ნამდვილად დასვენებისკენ უნდა წასულიყო საქმე, მაგრამ მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანს უხმო და ბრძოლაც შედგა.
ლას-ვეგასში ყველაფერი თავდაყირა წავიდა. რვაკუთხედში გამომშრალი, დაღლილი სხეული იდგა, დაქვეითებული კოორდინაციითა და არასწორი სტრატეგიით. მის წინ კი ძლიერი მუშტის მომქნევი ბიჭი, რომელმაც თავით მიწაზეც ჩასცა ჩვენებური. მერაბმა სცადა, მხარზე ტომარასავითაც გამოიდო, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, თავს ზევით ძალა არ არის.
იმის თქმა, რომ მანქანა არ იღლება, მითია. მანქანასაც სჭირდება ზოგჯერ გათიშვა, ზეთი, შეკეთება. მერაბმა კი გადათელა სისტემა თავისივე დაწესებული რიტმით – წელიწადში ოთხი ბრძოლა ადამიანური ბიოლოგიის ზღვარია. ლას ვეგასის რვაკუთხედში იანმა არა იმდენად მერაბი დაამარცხა, რამდენადაც იმ უსასრულო მარათონმა იმსხვერპლა, თავად რომ აიკიდა მხრებზე.
წინ აბუ-დაბის ოქროსფერი სიცხეა, სადაც სცენა მზადდება მესამე, ყველაფრისმთქმელი ეპოსისთვის. საბრძოლო სპორტების მოყვარულნიც ლეგენდარული ტრილოგიის მოლოდინში არიან – სენტ-პიერისა და მეტ ჰიუზის, ველასკესისა და დოს სანტოსის, მიოჩიჩისა და კორმიეს დონის ტრილოგიის. გასარკვევია, ვისი სიმართლე უფრო მძიმეა, ვისი ყბა უფრო გამძლე და, საერთოდაც, ვისი მანქანა დააწვება გაზის პედალს.
ტრილოგიებს ერთი უცნაური თვისება აქვთ – მესამე ბრძოლა მხოლოდ მესამეს არ წყვეტს, წინა ორსაც თავიდან გვიყვება. გამარჯვებული წარსულის პატრონიც ხდება, დამარცხებულს კი ისღა დარჩენია, საკუთარი სიმართლე ძველ ჩანაწერებში ეძებოს.
ქამარი ნივთია, ოქროსფერი, მძიმე, ძვირფასი ნივთი, რომელსაც ხან ერთ წელს შემოარტყამენ, ხან მეორეს. მაგრამ არსებობს რაღაც, რაც არც დანა უაითს ეკუთვნის და არც UFC-ის რომელიმე კომისიას – საკუთარი ისტორიისთვის დიდი სიტყვის დაწერის უფლება.
დვალიშვილის მარცხის შემდეგ ჭადრაკის ეფექტივით წავიდა საქმე – ქართველ სპორტსმენებს ცუდი დღეები დაუდგათ. ჯერ იყო და ილია თოფურიამ ტრიუმფებს მარცხი მიაყოლა თეთრ სახლში, რამდენიმე დღის წინ კი სულაც, მსოფლიოს საუკეთესო მობურთალეობის პრეტენდენტმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ისეთი ტრავმა მიიღო, საერთოდ სეზონს გამოტოვებს.
მერაბ დვალიშვილმა დაწყებული თავდაყირა უნდა დააყენოს – დამარცხება გამარჯვებად უნდა შემოატრიალოს.
უნდა იპოვოს თავის თავში ის, რასაც სულ პოულობდა – ერთი შეხედვით შეუძლებელი. თავისი მანქანური დინამიკა უნდა აამოძრაოს და გატეხოს ნავსი.
მერაბის გამარჯვება ყველაფერს წაღმა, ისევ გამარჯვებებისკენ დაატრიალებს.
ასეთია რწმენა.





