შირმა, როგორც არტ ობიექტი – TRIPTYCH Studio-ს პირველი კოლექცია
შირმა საინტერესო ობიექტია – ყოფს სივრცეს, მაგრამ კედელი არ არის; რაღაცას მალავს, თუმცა ამავე დროს დაფარულისკენ გვახედებს. შეიძლება იყოს ავეჯი, არქიტექტურის ნაწილი, გამოსახულების ზედაპირი ან ხელოვნების დამოუკიდებელი ნამუშევარი.
სწორედ ამ შუალედურ მდგომარეობაში იპოვეს საკუთარი საკვლევი სივრცე ანა ფატლაძემ და ირინა მასხულიამ, რომლებმაც TRIPTYCH Studio შექმნეს. მათი პირველი კოლექციის შირმები ფერს, სხეულის სილუეტებს, ვერცხლს, პიგმენტებსა და ხელით დამუშავებულ ზედაპირებს აერთიანებს და მუდმივად იცვლება იმის მიხედვით, თუ საიდან უყურებ და რა სივრცეში ხედავ.
ანა ფატლაძესა და ირინა მასხულიას ვესაუბრეთ იმაზე, თუ რატომ აირჩიეს სწორედ შირმა, რა იმალება და რა ჩნდება მის მიღმა, როგორ იყოფა ერთი იდეა ორ ავტორს შორის და სად გადის – თუ საერთოდ გადის – ზღვარი ხელოვნებას, დიზაინსა და არქიტექტურას შორის.
რატომ შირმა?
შირმამ იმიტომ დაგვაინტერესა, რომ მგონია, ძალიან ცოტა ნივთია, რომელიც ასე ბუნებრივად იტევს თავის თავში ხელოვნებას, დიზაინსა და არქიტექტურას. ამ სამი სფეროს დაახლოების პროცესი განსაკუთრებით გასული საუკუნის დასაწყისიდან გააქტიურდა. ბაუჰაუსმა, მაგალითად, სცადა, ხელოვნება, ხელობა და ინდუსტრიული დიზაინი ერთიან შემოქმედებით პროცესში გაეერთიანებინა, მოგვიანებით კი ეს საზღვრები თანამედროვე ხელოვნებაშიც სულ უფრო პირობითი გახდა. ავეჯი აღარ განიხილებოდა მხოლოდ გამოსაყენებელ ნივთად – ბევრი ხელოვანისთვის ის თავისი იდეების გამოხატვის დამოუკიდებელ მედიუმად იქცა.
თუმცა შირმას რაღაც განსაკუთრებული აქვს. თავისი ფორმის, ფუნქციისა და იმ ინტიმურობის გამო, რომელიც მას ისტორიულად ახლავს, ის თითქოს თავიდანვე გულისხმობს ამ სამი სფეროს თანაარსებობას. ერთდროულად ყოფს სივრცეს და თავადაც მისი ნაწილია, გამოსახულებას ატარებს და ამავე დროს დამოუკიდებელ ობიექტად არსებობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არქიტექტორისა და ფოტოგრაფისთვის შირმაზე საინტერესო საკვლევი ობიექტის პოვნა ძნელი წარმოსადგენია. მგონია, იმდენ შესაძლებლობას იტევს, რომ შეიძლება დიდხანს იმუშაო მასზე და მაინც აღმოაჩინო რაღაც ახალი.
შირმა ერთდროულად მალავს და აჩენს, ყოფს და აერთიანებს. თქვენთვის ამ წინააღმდეგობებიდან რომელია ყველაზე საინტერესო?
ალბათ, ის მომენტი, როდესაც დაფარვა თავად ხდება ხილვადობის ფორმა. შირმა რაღაცას მალავს, მაგრამ ამით ყურადღებას სწორედ დაფარულისკენ მიმართავს. პირველ კოლექციაში ეს განსაკუთრებით სხეულთან მიმართებით გვაინტერესებდა – არა იმდენად ჩრდილი, რამდენადაც სილუეტი, რომელიც უფრო კონკრეტულ, თითქმის მატერიალურ ფორმას იძენს. ვერცხლის გამოყენებაც ამ ინტერესიდან მოდის: გამოსახულება მხოლოდ ზედაპირზე დატანილი ორნამენტი კი არ არის, ის ობიექტის ნაწილად იქცევა.
რატომ TRIPTYCH? პირველად სახელი გაჩნდა თუ ობიექტი?
ობიექტი გაჩნდა პირველად, სახელი კი შემდეგ მოვიდა. Triptych სამნაწილიან კომპოზიციას აღნიშნავს და, ბუნებრივია, შირმის ფორმასთანაც აქვს კავშირი. ამასთან, სიტყვა მხატვრულ კომპოზიციასაც უკავშირდება, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია – შირმას ერთდროულად ვუყურებთ როგორც სივრცულ კონსტრუქციას და როგორც გამოსახულების მქონე ზედაპირს. სახელი ამ ორ მიმართულებას აერთიანებს და პროექტის ხასიათსაც გამოხატავს.
TRIPTYCH ორმა შექმენით – როგორ იყოფა ერთი იდეა ორ ადამიანს შორის? სად მთავრდება ერთის ავტორობა და იწყება მეორის?
ჩვენი თანამშრომლობა კონკრეტული საზღვრებით არ იყოფა. ირინას, როგორც არქიტექტორის, სივრცესა და კონსტრუქციასთან მუშაობის გამოცდილება აქვს, მე კი ფოტოგრაფიისა და გამოსახულების მიმართ ჩემი ხედვა მაქვს. თუმცა პროცესში ეს საწყისი განსხვავებები ერთმანეთს ერწყმის. იდეა შეიძლება ერთმა წამოიწყოს, მაგრამ საბოლოო ფორმას ერთობლივი მსჯელობისა და მუშაობის შედეგად იღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ავტორობის მკაცრად გამიჯვნა, არამედ ის, რომ საბოლოო ობიექტში ორივეს ხედვა იყოს ისე, რომ არც ერთი მათგანი მეორისგან დამოუკიდებლად არ იკითხებოდეს.
თქვენს შირმებზე ადამიანის ფიგურებიც ჩნდება. კონკრეტული პროტოტიპები ხომ არ ჰყავთ?
კონკრეტული პროტოტიპები არ ჰყავთ. მხატვრებმა იცოდნენ, რომ პირველი კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ხაზი სხეულის სილუეტის კვლევას ეთმობოდა, ხოლო ის, თუ როგორ განავითარებდნენ ამ იდეას და როგორ გამოსახავდნენ ფიგურას, უკვე მათი გადაწყვეტილება იყო. თითოეულმა მათგანმა ეს შირმის ფორმიდან და საკუთარი მხატვრული ხედვიდან გამომდინარე გადაწყვიტა. ჩვენთვის საინტერესო სწორედ ის იყო, თუ რამდენად განსხვავებული ინტერპრეტაციები შეიძლებოდა გაჩენილიყო ერთი საერთო იდეიდან.
როდესაც თქვენი შირმები ფოტოებზე ჩნდება, თითქმის პატარა არქიტექტურას ჰგავს. რა არის ისინი თქვენთვის – ავეჯი, ხელოვნების ნიმუში თუ სივრცის ნაწილი?
ამ განსაზღვრებებიდან არცერთი არ მიესადაგება. თითქოს როგორც თავად შირმა ამბობს უარს, მხოლოდ ერთ კატეგორიას მიეკუთვნოს, ჩვენც მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ. ზოგადად, ნებისმიერი ნივთი შეიძლება იქცეს ხელოვნების ნიმუშად და თანამედროვე ხელოვნებაში ეს იდეა დიდი ხანია ახალი აღარ არის.
სკოლის ასაკში, ორსეს მუზეუმში, არტ ნუვოს ავეჯის ექსპოზიცია ვნახე, რომელიც იმპრესიონისტების ნამუშევრების გვერდით იყო წარმოდგენილი. მაშინ გამიკვირდა, რომ საწოლს ან სკამს შეიძლებოდა რენუარის ნახატის გვერდით დაეკავებინა ადგილი. ამავე დროს, ავეჯის ესთეტიკამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ დავინახე, რამდენად მკრთალი და მოქნილია ხელოვნებაში ზღვარი დიზაინს, მხატვრობასა თუ ქანდაკებას შორის.
რა ხდება მაშინ, როდესაც თქვენი ნამუშევარი თქვენგან მიდის და სხვის სახლში აღმოჩნდება? მნიშვნელოვანია თქვენთვის, რა გარემოში იცხოვრებს?
რა თქმა უნდა, ეს შეგრძნება ჩვენთვის ახალი არ არის. როდესაც სახლს აპროექტებ ან ფოტოს ყიდი, ბუნებრივია, გინდა, რომ ის ემოცია და დამოკიდებულება, რომელიც მის შექმნაში ჩადე, ახალ სივრცეშიც გაგრძელდეს. მაგალითად, ფოტოს გადაღებისა და დაბეჭდვისას მას რაღაც პირადს ატან და გინდა, რომ ეს ემოცია მასთან ერთად დარჩეს. სახლის დაპროექტებისას კი წარმოდგენილი გაქვს, როგორ იცხოვრებენ ამ სივრცეში ადამიანები. ამ თვალსაზრისით, Triptych Studio ჩვენი ხედვის გაგრძელებაცაა და, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ნამუშევრები იმ გარემოში მოხვდეს, სადაც მათი ხასიათი და ჩანაფიქრი იგრძნობა.
თუმცა, ამავე დროს, საინტერესოა ისიც, რომ ობიექტი ჩვენგან დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. ახალ სივრცეში სხვა სინათლეში ხვდება, სხვა მასალებსა და საგნებს შორის, სხვა ადამიანის ყოველდღიურობაში და ამ ურთიერთობების შედეგად ახალ ხასიათს იძენს. ეს არ ნიშნავს, რომ საწყისი ჩანაფიქრი იკარგება – პირიქით, ის ახალ გამოცდილებას ემატება. ერთი და იგივე შირმა სხვადასხვა გარემოში შეიძლება სრულიად განსხვავებულად აღიქმებოდეს და სწორედ ეს ცვლილება მგონია განსაკუთრებით საინტერესო.
შირმას ისტორიულად საკმაოდ ინტიმური ფუნქციაც ჰქონდა – მის უკან იცვლიდნენ ტანსაცმელს, იმალებოდნენ, იქმნებოდა პირადი სივრცე. გაინტერესებთ ეს ინტიმური მეხსიერებაც, რომელიც ამ ობიექტს თან მოჰყვება?
დიახ, ეს პირველი კოლექციის მთავარი ხაზი და ერთგვარი ლაიტმოტივი იყო. შირმა ყოველთვის უკავშირდებოდა პირად სივრცეს – იმას, რაც დაფარულია, თუმცა ფარულის არსებობა მაინც იგრძნობა. ვფიქრობ, ბევრს, ვინც შირმაზე დაფიქრდება, თვალწინ სწორედ სამოსის გამოცვლის მომენტი დაუდგება: შიშველი სხეულის წამიერი გაელვება, ნაჭრის ჩრდილებში მოქცეული ფიგურა. ეს ძალიან ინტიმურია და სწორედ მისი გადააზრება გვინდოდა.
არ გვაინტერესებდა ამ ისტორიული ფუნქციის პირდაპირ გამეორება ან ნოსტალგიური ინტერპრეტაცია. რადგან ნაჭერს არ ვიყენებდით და უფრო მძიმე, მყარ მასალებზე ვმუშაობდით, ვცადეთ, ეს ფაქიზი, თითქმის მოუხელთებელი განცდა ვერცხლის მსუბუქი ხაზებითა და სხივებით გადმოგვეცა.
თქვენ იყენებთ ვენეციურ პიგმენტებს, ვერცხლს, ალუმინს, ინკრუსტაციას… მასალა ემორჩილება იდეას თუ ზოგჯერ თავად მასალა გიკარნახებთ, რად უნდა იქცეს?
ეს ურთიერთობა ორმხრივია. საწყისი იდეა გარკვეულ მიმართულებას გვაძლევს, მაგრამ მასალასთან მუშაობისას თავად მასალის თვისებები ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ვერცხლი, მაგალითად, უბრალოდ დეკორატიული დეტალი არ არის – მისი ზედაპირი სინათლესთან ურთიერთქმედებს და გამოსახულების აღქმას ცვლის. ვენეციური პიგმენტებიც მხოლოდ ფერს არ განსაზღვრავს; ისინი ზედაპირის ხასიათს და სიღრმეს ქმნის. ამიტომ მუშაობის პროცესი ყოველთვის მოიცავს გარკვეულ აღმოჩენასაც. საბოლოო ფორმა არც მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული იდეის შედეგია და არც მასალის შემთხვევითი კარნახი – ის ამ ორის ურთიერთობაში ყალიბდება.
ხელით მუშაობის გამო ორი შირმა სრულიად იდენტური ვერასოდეს იქნება. ამ მინიმალურ განსხვავებულობასა და „არასრულყოფილებაში“ თქვენთვის ალბათ მეტი ხიბლია?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელით მუშაობის კვალი ობიექტში დარჩეს. ეს არ ნიშნავს, რომ არასრულყოფილებას მიზნად ვისახავთ ან ტექნიკურ სიზუსტეს ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ. უბრალოდ, ხელით დამუშავებულ ზედაპირს აქვს თავისი ხასიათი, რომელიც სრულად ვერ გამეორდება. ერთი და იმავე ფორმისა და მასალის შემთხვევაშიც მცირე განსხვავებები გარდაუვალია. სწორედ ეს აძლევს თითოეულ ობიექტს ინდივიდუალურობას და გვახსენებს, რომ საქმე გვაქვს არა ინდუსტრიულად გამეორებულ პროდუქტთან, არამედ კონკრეტულ მატერიალურ ნამუშევართან.
თუ ადამიანმა მხოლოდ ერთი მხრიდან ნახა თქვენი შირმა, ფიქრობთ, რომ ნამუშევრის ნახევარი აქვს ნანახი?
აუცილებლად ასეა მეთქი, ვერ ვიტყვი, თუმცა მხოლოდ ერთი მხრიდან დანახვა მის აღქმას ზღუდავს. შირმა სივრცეში არსებობს და მისი ფორმა, ზედაპირი და გამოსახულება სხვადასხვა კუთხიდან განსხვავებულად იკითხება. ერთი მხრიდან ის შეიძლება თითქმის სიბრტყედ აღიქმებოდეს, მეორე მხრიდან კი მისი სივრცული ხასიათი უფრო აშკარა გახდეს. ჩვენთვის საინტერესოა, რომ ნამუშევარს ერთი ფიქსირებული ხედვა არ აქვს – მისი აღქმა მნახველის მოძრაობასთან ერთად იცვლება.
რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის – შირმა თვითონ იყოს ლამაზი ობიექტი თუ მის გარშემო არსებული სივრცე გახადოს უკეთესი?
ჩვენთვის ეს ორი რამ ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის. გვაინტერესებს ობიექტი, რომელსაც თავისი ვიზუალური ხასიათი აქვს, მაგრამ რომლის აღქმაც სივრცესთან ურთიერთობით კიდევ უფრო ფართოვდება. შირმა შეიძლება დამოუკიდებლადაც არსებობდეს, როგორც გამოსახულება ან ფორმა, თუმცა კონკრეტულ გარემოში მოხვედრისას ახალ მნიშვნელობებს იძენს.
პირველი კოლექცია პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს ფერების მიხედვით – შავი, წითელი და ცისფერი. მიუხედავად საერთო კონცეფციისა, თითოეულ ნამუშევარს საკუთარი ხასიათი აქვს, რაც, პირველ რიგში, ფერითა და გამოსახულებით განისაზღვრება. ჩვენთვის საინტერესო იყო ამ განსხვავებულობის შენარჩუნება და იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ შირმას რაც შეიძლება განსხვავებულ სივრცეში ეპოვა ახალი სიცოცხლე.
საბოლოოდ, ალბათ, სწორედ ეს ურთიერთობაა მთავარი – ობიექტის დამოუკიდებელი ხასიათი და მისი უნარი, სხვადასხვა გარემოში სხვადასხვაგვარად განაგრძოს არსებობა.














