fbpx

Unburned – “თავდასხმა” თავდაცვის ნაცვლად


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ამონაშვილი

“ვიღაცას სისხლის სმა უნდა” და ქართველ მაყურებელს თურმე კიდევ უფრო მეტი, ვიდრე აქამდე. 25 და 26 სექტემბერს მსმენელმა ბენდ “ქვემეხის” ლაივ-შოუ იხილა, რომელიც ხალხს პროექტ Unburned-ის სახელით გაეცნო. შოუს შემდეგ მივხვდი, რომ  ის ან უნდა გაგრძელებულიყო, ან სხვას დაეწყო რაიმე ახალი და ძალიან ბევრს დაენახა საკუთარი თავი სხვანაირად, ანდაც უკეთ აღექვათ  შესაძლებლობები. პროექტის კრეატიული დირექტორი გურამ მაცხონაშვილია, რეჟისორი, რომელმაც მოახერხა და გააკეთა მნიშვნელოვანი რამ: დაანახა სხვებს, რომ სინამდვილეში თუ სადმე ხალხის რაოდენობა იზრდება, იცვლება მასშტაბი და ჩნდება განსაკუთრებული გამოცდილება, ეს ხდება გემოვნებით, პრინციპულობით და იმის გააზრებით, თუ რა უნდა საზოგადოებას. ერთ-ერთ ინტერვიუში გურამმა აღნიშნა, რომ სახელოვნებო სფერო დიდი ხანია თავდაცვის რეჟიმშია და ეს ლაივ-შოუ მისთვის იყო “თავდასხმის” შანსი. მე ვთვლი, რომ ეს გამოვიდა. იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც დღეს გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იგრძნოს ენერგია სცენაზეც და საკუთარ თავშიც.

 

“ქვემეხის” ფეისბუქგვერდზე პირველი შესამზადებელი პოსტი რამდენიმე თვის უკან გაჩნდა. “შემზადებას” როდესაც ვწერთ, არ ვგულისხმობთ შოუს ელემენტებს, ან მხოლოდ კულისებს, ეს უფრო ემოციური სამზადისი იყო, მაყურებელი ემზადებოდა წარმოდგენის სპეციფიკისთვის, ვიზუალური რეფერენსებით  ფილმიდან, ფოტოდან, პერფორმანსიდან თუ სხვა. ისინი თანდათან აყალიბებდა იმ კონტექსტს, რომელშიც ეს წარმოდგენა უნდა აღგვექვა. ლაივამდე ბევრი რამ იყო ნაცნობი, მაგრამ ფინალში, ანუ სცენაზე, ახალი რაც იყო ქართველი მაყურებლისთვის, ეს იყო გადაწყვეტილებების სითამამე, მრავალფეროვნება და წარმოდგენის სტრუქტურა, რომელშიც გრძნობდი მონაწილეთა ვნებას იმის მიმართ, რასაც აკეთებდნენ. 

 

View this post on Instagram

 

ბოლო წლებში პროფესიული ნდობა იშვიათი და მყიფე გახდა როგორც კონკრეტული ადამიანების, ისე თავად შემოქმედებითი პროცესის მიმართ. მაგრამ პროფესიული სიმპათიები ზოგჯერ კარგი და საჭირო რამ არის, რადგან სწორედ სხვადასხვა საფუძველზე აღმოცენებულმა ურთიერთსიმპათიამ შეკრიბა ადამიანები ერთად და საბოლოოდ შექმნა ის, რაც სცენაზე ვიხილეთ. 

ბენდ “ქვემეხს” თეატრალურ გამოცდილებასთან შეხება შვიდი წლის უკანაც ჰქონია. ეს “თბილისის ახალი დრამის ფესტივალის” ერთ-ერთ წარმოდგენას ეხებოდა. “ცივსისხლიანი“ პაატა ციკოლიას ახალი პიესა და პერფორმანსია, რომელსაც ავტორი მსახიობებთან, მხატვართან და მუსიკოსებთან ერთად წარმოგვიდგენს იმპროვიზებულ LIVE ფორმატში. პერფორმანსში ტექსტი, როკმუსიკა, ელექტრონული მუსიკა, მხატვრული ინსტალაცია და მოძრაობა გაერთიანდება ხმოვანი კომიქსის სურათებად, რომ როგორმე წინასწარ დავინახოთ შემზარავი და გარდაუვალი მომავალი.” – ვკითხულობთ თბილისის ახალი დრამის ფესტივალის ფეისბუქგვერდზე. თუ ამ აღწერას დღეს გადავხედავთ, აღნიშნული იმ პროცესის ნაწილად შეგვიძლია მოვიაზროთ, რომელმაც 2026 წლის 25 და 26 სექტემბერს ახალი ფორმა და მასშტაბი შეიძინა, უკვე სხვების შრომითა და ავტორობით. 

 

View this post on Instagram

 

Unburned-მა უარი თქვა იერარქიულ მოდელზე, სადაც ერთი მედიუმი, იქნება ეს მუსიკა, ტექსტი თუ ცეკვა, წამყვანია, დანარჩენები კი მას ემსახურება. ამის ნაცვლად სცენაზე შექმნა სივრცე, სადაც სხვადასხვა შემოქმედებითი ენა თანაბარუფლებიანად არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ პროექტის გუნდმა მოახერხა სცენაზე თანაბარმნიშვნელოვანი, ენერგიით სავსე წარმოდგენა შეექმნა, შეძლეს რამდენიმე სათქმელი გაეერთიანებინათ, განსხვავებული პროფესიის ადამიანები მხოლოდ ერთი იდეის გამო კი არ შეკრებილიყვნენ, არამედ რამდენიმესთვის, მაგრამ დამდგარიყვნენ საერთო სცენაზე და სწორედ იქ დაწყებულიყო მათი დაკავშირება ცეკვით, აზრით, მუსიკით, ინტერესებით თუ სხვა. მაგრამ ქართველ მაყურებელში ზოგჯერ საერთო იდეაც დიდ ხიბლს იწვევს და თუკი ვინმეს უნდა მხოლოდ ერთი აზრის დანახვა ამ ყველაფერში, ამ მაყურებლის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ყველა ერთად ვთანხმდებოდით არსებული პოლიტიკური რეალობის სიმწვავეზე და ვითხოვდით დემოკრატიას. 

Unburned-მა უამრავი გამოწვევა დატოვა. ბევრი რამ გახდა ცხადი ანონსის დაწყებიდან: გავიგეთ, რომ არსებობს ხალხი, რომელსაც რაღაც ახალი ისე უნდა, როგორც ფილმში არსებულ მშიერ ვამპირს სისხლი, დავინახეთ საზოგადოება, რომელიც მზადაა სცენის საიდუმლო მონაწილეზე იფიქროს და ამით გაერთოს, ვიხილეთ მსმენელი, რომელიც ენდობა მისთვის საყვარელი ბენდს, დავინახეთ  კარგი მოცეკვავეები, მსახიობები, ადამიანები სახელოვნებო სფეროდან და ელიტები, რომლებსაც შეიძლება ბევრად უფრო იზიდავთ პროტესტის ენა, ვიდრე ამჟამინდელ ქართულ ანდერგრაუნდს და შეიძლება ბევრად უფრო უკმაყოფილოებიც არიან არსებული კულტურის პოლიტიკით, სოციო-პოლიტიკური მოცემულობით თუ სხვა. ვთვლი, რომ დროა ანდერგრაუნდმა რაღაც სხვაც  გვაჩვენოს.  

 

 

წარმოდგენა იწყებოდა ეზოდან და გრძელდებოდა “დოგვილის” პავილიონით. ეს კი ყველაფერს ემოციურად ამძაფრებდა, რადგან არსებობს “დოგვილის” სცენარი და ლარს ფონ ტრიერის ფილმის ასოციაცია. ცხადია, რომ ეს არ იყო მხოლოდ კრეატიული დირექტორის ესთეტიკური გადაწყვეტა, მით უფრო იმ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც მოქალაქეები იჩაგრებიან, მათ სცემენ, არბევენ, აგინებენ, იჭერენ, აუპატიურებენ. ტრიერის ამავე სახელწოდების ფილმი ძალიან ახლოსაა ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობასთან, რომელიც დროის გასვლასთან ერთად მძიმდება და იცვლება. 

 

“დოგვილის” პავილიონი დატვირთული იყო სხვადასხვა შინაარსის პერფორმანსებით. ძნელია იმაზე საუბარი, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პერფორმანსებში და საინტერესო, რადგან ეს იყო სოციუმიდან, ყოველდღიურობიდან ამოზრდილი ფენომენი, თითქოს ნაცნობი ადამიანებით და სცენებით. როგორც კი ვჩერდებოდით რომელიმესთან, ტვინი იწყებდა გარშემომყოფი ადამიანების და სიტუაციების გახსენებას, შინაარსების ცნობას, რაც იყო საინტერესო, მარტივი და ამავდროულად, ირონიული: მოსაწყენი კაცები, კარიერული ზრდის ხრიკები, თაობათა ცვლა, ძალაუფლება, შიში, სიყვარული, დროსთან აცდენა და ა.შ. დეტალებზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება ჩვენს თავს, ეს კი არანაკლებ მძიმეა, ვიდრე ტრიერის ფილმი და ცოტა აჩენს სურვილს, რომ ბოლოს ნიკოლ კიდმანის პერსონაჟივით მოვიქცეთ.

 

Unburned-ის სტრუქტურის აღსაწერად ყველაზე ზუსტი ანალოგი, შესაძლოა, მუსიკიდან მოდის, კერძოდ, ფუგიდან. ფუგაში რამდენიმე დამოუკიდებელი ხმა ერთდროულად ჟღერს და არცერთი არ წყვეტს ჟღერადობას, მაგრამ მთავარი თემა მათ შორის გადადის: ერთ მომენტში მას ერთი ხმა ატარებს, დანარჩენები კი მის გარშემო საკუთარ ხაზს აგრძელებენ, შემდეგ თემა მეორე ხმაზე გადადის და ახლა უკვე პირველი იქცევა ფონად. მსგავსი პრინციპით იყო აგებული Unburned. როკ-ბენდი და თეატრალური მოქმედება სცენაზე ერთდროულად არსებობდნენ, მაგრამ „თემა“, ანუ მაყურებლის ყურადღების ცენტრი, მათ შორის მუდმივად გადაინაცვლებდა. როცა წინა პლანზე სცენური მოქმედება იყო, მუსიკა არ ქრებოდა, ის ფონად აგრძელებდა არსებობას და მოქმედებას ახალ შრეს სძენდა. და პირიქით, როცა ბენდი გადმოდიოდა წინ, სასცენო სივრცე ცოცხალი რჩებოდა. ასე ორი თანაბარუფლებიანი ხაზი არც სრულად ერწყმოდა ერთმანეთს და არც ერთმანეთს ექვემდებარებოდა. ისინი, როგორც ფუგის ხმები, ერთ მთლიანობას ქმნიდნენ და საერთო თემას სხვადასხვა ენით ავითარებდნენ.

 

ზოგადად ადამიანებს რაღაცები ძირითადად მაშინ გვიყვარდება, თუკი ისინი გვაინტერესებს, მოგვწონს ან გველამაზება, ამ პროექტში არსებობდა სილამაზე, სიხისტე, ვნება და თავხედობა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი პოლიტიკური ირონია იყო. ამ ნაწილში წარმოდგენას კიდევ უფრო სახალისოს ხდიდა სცენაზე მდგომი ყოფილი პრეზიდენტების საყვარელი ქალები: მაკა ჩიჩუა და სოფო ნიჟარაძე. მიმზიდველი და საინტერესო იყო ჭიდაობის სცენაც, სადაც პერსონაჟების სპორტულ ფორმას ზურგზე კაენის და აბელის სახელები ეწერა. კრეატიულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს იყო სიმბოლური აქტი მუდმივი დაპირისპირების საჩვენებლად, ასევე იმის საკვლევად, თუ როგორ ეხმიანება სპორტი და ხელოვნება ერთმანეთს. 

სცენა დაეთმო შემოქმედებითი ინდუსტრიის კრიტიკასაც და ზოგადად შემოქმედებით კრიზისს, ეს ყველაფერი კი ნინო კასრაძის მონაწილეობით ხდებოდა. სხვა დანარჩენი ასევე არანაკლებ მნიშვნელოვან დეტალებია, სოციუმიდან ამოჭრილი ფრაგმენტებია, რომლითაც გურამ მაცხონაშვილმა რაღაც გაგვახსენა, ვიღაცები გააკრიტიკა და წარმოდგენა უფრო ინტენსიური გახადა: სკამერები, პროექტი „ვინ ვინ არის“, ბალეტი, გაზეთი, პატრიოტიზმი, ქვეყნიდან წასვლის სურვილი, ქვეყანაში დარჩენის და ბრძოლის სურვილი, ინტერვიუ, რელიგიური მითები, ინსტალაციები და ჩიხები. ალბათ მენტალური ჩიხებია ჩვენი საზოგადოების ამჟამინდელი მდგომარეობა. 

მაგრამ მოდით, დავუბრუნდეთ სახელს, რომელიც ნიშნავს “დაუწველს”.  მე მინდა ეს პროექტი დარჩეს თავისი სახელის მნიშვნელობით და გამოვიყენებ კრეატიული დირექტორის მრავალჯერ ნახსენებ სიტყვას: “მნიშვნელობს”. როდესაც რაღაც მნიშვნელობს, ის უნდა იქცეს ცეცხლის ალად და ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ვის არ შეეშინდება, ვინ განაგრძობს ხელოვნურად აუტსაიდერად ყოფნას, ვინ დათმობს ამპარტავნებას მსმენელის გამო და ვინ მიხვდება, რომ საზოგადოებას ახლა სჭირდება საკუთარი ძალების შეგრძნება, ეს იქნება ბიზნესზე დამოკიდებული და ძალებზე, რომელიც ყველამ ერთად უნდა მოვიკრიბოთ ერთმანეთის გამო, იმისთვის, რომ მომავალი გავაძლიეროთ.  

 

View this post on Instagram

 




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.