ურბანული უშეცდომობა – დაიდო მორიამა
ავტორი: ნინო ამონაშვილი
თავდაპირველად იყო ქალის პორტრეტი. უმისოდ არაფერი იქნებოდა. (“მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.”) ეს პორტრეტი დაიდო მორიამას აღმოჩენის გზის დასაწყისი იყო, მისი შემჩნევისა და ძიების. ავტორის ბიოგრაფია იწყება ოსაკიდან, იაპონიიდან, სადაც იგი 1938 წელს დაიბადა. მორიამა იყო ფოტოგრაფი, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ ბუნდოვან, მარცვლოვან და „არასწორად” კადრირებულ სურათს ქალაქზე სიმართლის თქმა მკვეთრ სურათზე არანაკლებ კარგად შეუძლია.
მისმა ომისშემდგომი იაპონიის გამოსახულებებმა – ნეონით, აფიშებით, მიყრუებული ჩიხებით, გზატკეცილებითა და ცნობილი, მაწანწალა ძაღლით, ქუჩის ფოტოგრაფია იაპონიის ფარგლებს გარეთაც შეცვალა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემზეც დიდი გავლენა მოახდინა, რადგან არასდროს არავისთან არ მომწონებია მსგავსი ფოტოგრაფიული მიდგომა, როგორც მასთან.
დაიდო მორიამას სახელი მჭიდროდ უკავშირდება Provoke-ს, ჟურნალს, რომელიც 1968 წელს შეიქმნა და მხოლოდ სამი ნომერი გამოიცა, თუმცა ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემად იქცა. ჯგუფის ესთეტიკური მიდგომა სამი სიტყვით გამოიხატებოდა: „არე, ბურე, ბოკე” (Are-bure-boke), ანუ მარცვლოვანი, გადღაბნილი, ფოკუსიდან გასული. ეს შეცდომები კი არა, რაღაც უკვე არსებულზე უარის თქმა იყო. სტუდენტური პროტესტის, აშშ – იაპონიის უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და მზარდი კონსუმერიზმის იაპონიაში Provoke-ს ფოტოგრაფები არ მიჰყვებოდნენ სუფთა დოკუმენტური კადრების აღბეჭდვის მეთოდს და იმ ოფიციალურ ენას, რომელსაც ისინი ემსახურებოდა. მათ სურდათ გამოსახულებები, რომლებიც ინფორმაციას კი არა, უშუალო შეგრძნებას გადმოსცემდა.
დაიდოს სტილზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. Პირველ რიგში, რასაც მაყურებელი მკაფიოდ ამჩნევს მის შავ-თეთრ ფოტოებში, არის შავისა და თეთრის მკაფიო კონტრასტი, შემდეგ კი რეალობასა და წარმოსახვას შორის არსებული ზღვარიც და ახლო კავშირიც.
ფოტოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიაა “გამოსამშვიდობებელი ფოტოგრაფია”, რომელზე მუშაობაც 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო. სერიამ აღბეჭდა ომისშემდგომი იაპონიის სწრაფად ცვალებადი პეიზაჟი, რომელიც ირეკლავს ქვეყნის სოციალურ და კულტურულ აჯანყებას, რადგან იმ პერიოდის ტოკიო ხასიათდებოდა ქუჩის აქტიური ცხოვრებით, სუბკულტურებით, ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის არსებული კონტრასტებით. სწორედ ამიტომ ეს შემოქმედება სავსეა ხალხმრავალი ქალაქური პეიზაჟებით, ხმაურიანი ტროტუარებით და ურბანული ცხოვრების ყოველდღიური აურზაურის დემონსტრირებით, ტოკიოს განწყობებით და ატმოსფეროთი, ნეონის განათებით, ადამიანებისა და საგნების მუდმივი ნაკადით. მორიამას ნამუშევრები იყო იმჟამინდელი იაპონიის ფსიქოლოგიური პორტრეტის ჩვენების მცდელობა, კონსუმერული საზოგადოების ყოველდღიური რუტინით, პოსტერებითა და რეკლამებით, გამოხატული ემოციური ფონით, ფარული სურვილებითა და თვითგამორკვევის ნიშნებით.
ხელოვანი უმეტესწილად ფოკუსირებულია ქუჩაში არსებულ ენერგიასა და ქაოსზე, რომლებიც მარცვლოვან და ხშირად ბუნდოვან კადრებშია აღბეჭდილი. Ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ქალაქის ქუჩების გაშმაგებულ, თავშეუკავებელ კინეტიკურ ენერგიას. მორიამა თითქოს ისწრაფვის ქალაქის დინამიკაში გაშლილი “ნაპერწკლების” შემჩნევისკენ, რაც საბოლოოდ ქმნის ინკადესენტურ გამოსახულებას. სინათლე აქ თავისთავადი არსებობის გარდა, და უკვე არსებულის ჩვენებით, თავად ცდილობს იყოს მოქმედი, მუხტის შემტანი ან მიზიდულობის წერტილი და ზოგჯერ ამ პროცესში ის ემსგავსება ფოტოზე არსებულ სინათლის “შხეფს”. მორიამა ცდილობს აჩვენოს ქალაქი თავისი მოურიდებელი ბუნებით, წინააღმდეგობებით, ეროტიკით სავსე და უხეში. იაპონელ ფოტოგრაფთან სინათლე ჩნდება მოულოდნელობის ეფექტით და ზოგჯერ კონკრეტული შუქის წყაროს გარეშე, ან თანაბარმნიშვნელოვანი წყაროებით.
მისი პორტრეტები კი ერთგვარი ძიებაა პირადისა და საჯაროს შორის ურთიერთობის. ის ადამიანებს ერთდროულად აჩვენებს ურბანული ლანდშაფტის ნაწილად და ცალკეულ ინდივიდებად, ამახვილებს ყურადღებას მათ გულწრფელ ემოციებზე, ასახავს მათ განწყობებსა და ჟესტებს. მაღალ ნაგებობებში, მანქანების გადაადგილებაში და ქალაქის ხმაურში ვხედავთ პერსონაჟებს, რომლებსაც ამ ყველაფრის ფონზეც აქვთ განრიდების მომენტი, მარტოობის, რომლის დარღვევასაც ისევ ურბანულ გარემოში დამკვიდრებული წესები ცდილობენ. ესაა მაგალითი იმისა, თუ როგორ იჭრება გარემო ადამიანის პირადში, მის უკითხავად, გარემო, რომელიც შეიძლება ბოლომდე ვერ გვაკონტროლებდეს, მაგრამ ზემოქმედებდეს ჩვენზე, გვაიძულებდეს მოქმედებას, არ გვაძლევდეს მისი უგულებელყოფის საშუალებას, გვიქმნიდეს დისკომფორტს.
მორიამას შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ეროტიკული ფოტოგრაფია, Რომელიც ცალკეული ინდივიდების, ან მათი სხეულის ცალკეული ნაწილების აღბეჭდვის გარდა, ეხება საჯარო სივრცესაც. ავტორი წარმოგვიდგენს ქალაქს, რომელიც ბუნებით ეროტიკულია, მას აქვს ბუნებრივი ეროტიზმი, როგორც რაღაც ცოცხალს. ამ საჯარო სივრცეს ყველაფერი ზედაპირზე ამოაქვს თავისი ბნელი მხარეებით და მაყურებელს მის წინ აყენებს, ან აჩვენებს მოვლენებს კიდიდან.
დაიდო მორიამას ფოტოგრაფია არ გვთავაზობს მშვიდ ჭვრეტას ან დასრულებულ პასუხებს, არამედ გვაიძულებს, ქალაქს ისე შევხედოთ, როგორც ის სინამდვილეში გვხვდება: ხმაურიანი და წინააღმდეგობრივი. სწორედ ამიტომ არ კარგავს მისი ნამუშევრები აქტუალურობას. დღეს, როცა ჩვენი ქალაქებიც და ჩვენი ცხოვრებაც გამუდმებულ ცვლილებაშია, მორიამა გვახსენებს, რომ ჩვენი ინტიმური სურვილები ოთახს გარეთაც კარგად ჩანს, ისევე როგორც ჩვენი ემოციური მდგომარეობა, ჩვენი ხასიათი და ის, თუ რისი შეცვლისთვის ვართ მზად.







