ილუზიონიდან სინემატოგრაფამდე – თბილისური კინომატიანე
ავტორი: ლევან გელაშვილი
მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისი იქცა კავკასიის კულტურულ ცენტრად. ეს იყო მრავალეთნიკური, სწრაფად განვითარებადი და წინააღმდეგობებით სავსე ქალაქი, რომელიც ერთდროულად ატარებდა როგორც აღმოსავლური, ისე ევროპული ქალაქის ნიშნებს.
თბილისი იმ პერიოდში წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ ცენტრს კავკასიაში, რაც განაპირობებდა მის პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ მნიშვნელობას.
ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელი, გენერალი მაჯდ-სალტანე, რომელმაც 1894 წელს იმოგზაურა კავკასიაში, წერდა: „თბილისი მთელი კავკასიისა და საქართველოს საგუბერნიო ცენტრია. მასზე გადის ბათუმ-ბაქოს რკინიგზა, მდ. მტკვრის ორსავე მხარეზეა გაშენებული ერთი ფარსანგის მანძილზე. ქალაქის შუაში რამდენიმე ბულვარია, სადაც სახელმწიფო დაწესებულებათა უმრავლესობაა, სამხედრო და ქალაქის მუზეუმები, სასტუმროები (ლონდონი, კავკასია ვერსალი გრანდ-ოტელი), ეკლესიები, თეატრები, ცირკი, საზოგადოებრივი კლუბები“.
ადრეული კინემატოგრაფიის საწყისი ეტაპები და ის კულტურული სიახლეები, რომლებიც XIX საუკუნის მიწურულს მსოფლიოსა და საქართველოში იკიდებდა ფეხს, იმდროინდელ პრესაშია ასახული. თბილისში კინემატოგრაფიული სანახაობების გავრცელებაში დიდი როლი ითამაშა ძმები ნიკიტინების ცირკმა, სადაც 1896 წლიდან მდიდარ გასართობ პროგრამებს, მათ შორის აკრობატულ ნომრებს, პანტომიმებსა და მუსიკალურ წარმოდგენებს უჩვენებდნენ.
მოძრავი გამოსახულების შექმნის მცდელობები საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა, დაგროვილი სამეცნიერო ცოდნა XIX საუკუნის ბოლოს არაერთი ინოვაციური გასართობის გამოგონებით დასრულდა.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ილუმინაციური მოწყობილობების ხანაა. ლუმინესცენციის, ფოტომეტრიისა და ნათების საზომი მოწყობილობების საშუალებით იქმნება მოჩვენებები და ილუზიები. უმჯობესდება ჯადოსნური ფარნები. დასავლური მაგია და ბნელი დარბაზის მისტიკა ნელ-ნელა უფრო სრულყოფილი ხდება და ვრცელდება მთელ მსოფლიოში.
კინო, როგორც მსოფლიო სიახლე, მისი დაბადების პირველ წლებში ხშირად ერწყმოდა ილუზიონისტების შოუებს და ფანტასმაგორიას. საზოგადოებისთვის ეს იყო ყოველდღიური გასართობი – სანახაობრივი მოვლენა, რომელიც ყველაზე ახლოს სიზმართან და ხელოვნებასთან იდგა. სცენაზე იდგმებოდა ჯადოსნური ლამპრებით (Laterna Magica) და ე. წ. ფანტასკოპებით გაუმჯობესებული ფანტასმაგორიული წარმოდგენები. ეს მოწყობილობები სინათლისა და კვამლის ფონზე მოძრავ სურათებს (ხშირად აჩრდილებს, ჩონჩხებს, დემონებს) გამოსახავდა, რითაც შიშის მომგვრელ და ილუზიურ ეფექტებს ქმნიდა.
იმდროინდელი ქართული პრესა ასახავს ოპტიკური ილუზიის ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას. ძველი ჟურნალ-გაზეთების თვალის გადავლებით ისე ჩანს, თითქოს თბილისში ერთმანეთს ეჯიბრებოდა სხვადასხვა სისტემები (კინევიტოგრაფი, ვიტოგრაფი, სინემატოგრაფი).
სანამ თბილისში კინო მოვიდოდა, მანამდე ძმები ნიკიტინების ცირკში ფიზიკოსი კ. ო. კრაუზე წარმოადგენდა კინევიტოგრაფს, ფატამორგანს, ვიტოგრაფს, ოპტიკურ ტრიუკებს და ფანტომურ პროექციებს, როგორც მსოფლიო სიახლეს და გასართობ ინოვაციას . „მე–3 მოქმედების დასასრულს სცენაზეა ცნობილი ფიზიკოსი კ. ო. კრაუზე, მისი სახელგანთქმული ბუნდოვანი სურათების წარმოდგენა ახალი გამოსახულებებით – კინევიტოგრაფი – გაცოცხლებული მოქმედება, უდიდესი სიახლე, ყველასათვის მეტად საინტერესო.“ – წერდა გაზეთი Тифлисскiй Листокь (1896 წ., 2 ნოემბერი, № 273, რუს. ენაზე). „მეორე გასტროლი სახელგანთქმული ფიზიკოსის, კ. ო. კრაუზეს გამოსვლა თავისი ცნობილი ფატამორგანით, ასევე, ნაჩვენები იქნება XIX საუკუნის მსოფლიო სიახლე, სეზონის მშვენება – კინევიტოგრაფი ყველგან ფურორი და სრული ანშლაგი“ (გაზ. Тифлисскiй Листокь, 1896 წ., 21 ნოემბერი, № 271, რუს. ენაზე.) „ხვალ, 20 ნოემბერს, გაიმართება წარმოდგენა ცნობილი ფიზიკოსით, კ. ო. კრაუზეთი. ის სცენაზე წარადგენს კინევიტოგრაფს — გასაოცარ მსოფლიო სიახლეს“(გაზ. Тифлисскiй Листокь, 1896 წ. 19 ნოემბერი, № 269, რუს. ენაზე).
ქართველი კინოოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი თავის მოგონებებში „ყალბ სინემატოგრაფს“ და „ყალბ ლუმიერს“ უწოდებს კრაუზეს სანახაობებს და აღნიშნავს, რომ კრაუზე 1896 წლის ნოემბრიდან 1897 წლის თებერვლის ჩათვლით გამოდიოდა ნიკიტინების ცირკში. მართლაც, ეს არ იყო კლასიკური გაგებით კინოჩვენება. კრაუზე იყენებდა დრუმონდის ძალიან ძლიერ, თეთრ სცენურ განათებას. ეს სინათლე მიიღებოდა ქიმიური და თერმული რეაქციების შედეგად: წყალბადი (ან ნახშირის გაზი, თუმცა თავდაპირველად წყალბადი) და სუფთა ჟანგბადი მაღალი წნევით მიეწოდებოდა სპეციალურ სანათურს. ეს ორი გაზი წარმოქმნიდა ჟანგბად-წყალბადის ალს. ალი მიმართული იყო ცეცხლგამძლე მასალის პატარა ნაჭერზე. სინათლის წყაროს მთავარი კომპონენტი იყო კალციუმის ოქსიდი. ჟანგბად-წყალბადის ალის უკიდურესად მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, კალციუმის ოქსიდი ინკანდესენციის მდგომარეობაში შედიოდა (იწყებდა ნათებას). ინკანდესენციის შედეგად წარმოიქმნებოდა უკიდურესად კაშკაშა, ინტენსიური თეთრი სინათლე.
დრუმონდის სინათლე პირველად 1820-იან წლებში შეიმუშავა ინჟინერმა თომას დრუმონდმა და თავდაპირველად გამოიყენებოდა გეოდეზიურ სამუშაოებში შორ მანძილზე სიგნალიზაციისთვის, მოგვიანებით კი თეატრალური განათების რევოლუციური საშუალება გახდა. მე-19 საუკუნეში მას აქტიურად იყენებდნენ თეატრებში, ცირკებში, კონცერტებსა და წარმოდგენებში. ის იყო პირველი განათება, რომელსაც შეეძლო ვიწრო სხივად ფოკუსირება, რის გამოც „პროჟექტორის“ წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ამ განათების ინტენსივობა გახდა აუცილებელი ფანტასმაგორიის შოუებისა და ადრეული კინოპროექციებისთვის. ალექსანდრე დიღმელოვიც თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ მსგავსი სანახაობებისთვის ელექტროენერგია არ გამოიყენებოდა. „მას ცვლიდა ეთერ-ჟანგბადოვანი განათება — „დრუმონდის სინათლე“; თანაც მე და მამაჩემი ყოველი საღამოს დემონსტრაციისთვის თავად ვამზადებდით (ვიღებდით) ჟანგბადს რეზინის ბალონებში“.
ამგვარად, კრაუზეს შოუები ვერ ჩაითვლება კინოსეანსად და მით უფრო პირველ კინოსეანსად საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულების მიღებას ახერხებდნენ, ეს კინოსგან ტექნიკურად სრულიად განსხვავებული პროცესი იყო.
გერმანელი ვილჰელმ კარლ ოტო კრაუზე (1874-1940, ბერლინი) იყო თეატრის დირექტორი და თეატრის რეჟისორი, კინორეჟისორი და კინოპროდიუსერი, სცენარისტი, კომპოზიტორი და უხმო კინოს ეპოქაში მუსიკალური კინოს პიონერი. ამ ეტაპზე ვერ ხერხდება რაიმე სანდო ინფორმაციის მოძიება გერმანელ ფიზიკოს კრაუზეზე, რომელიც კავკასიაში ან თბილისში მოგზაურობდა. შესაძლებელია, დამატებითი მონაცემები იმ პერიოდის რუსულ პრესაში იყოს შემონახული. არ არის გამორიცხული ისიც, რომ კრაუზე სინამდვილეში ევროპელი უცხოელი საერთოდ არ ყოფილიყო და წარმოდგენებს სხვა პიროვნება სასცენო ფსევდონიმით მართავდა. ცნობილია, რომ იმ ეპოქაში ავანტიურისტები და ცრუ მეცნიერები მსგავსი ტიპის სანახაობებს ხშირად აწყობდნენ და თავს მეცნიერებად ან გამომგონებლებად ასაღებდნენ.
1896 წელი გარდამტეხი იყო თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. კინემატოგრაფი, რომელიც თავდაპირველად ცირკისა და თეატრის დამხმარე ნომრად აღიქმებოდა, სწრაფად იქცა დამოუკიდებელ და ყველაზე მიმზიდველ სანახაობად, რომელმაც „მთელი ევროპა მოიარა“ და თბილისშიც სრული ანშლაგით დაიმკვიდრა თავი. გასართობი, რომელიც აერთიანებდა დიდსა და პატარას, თავდაპირველად ხალხის მიერ აღიქმებოდა, როგორც ამოძრავებული ფოტოგრაფია. თუ მანამდე ფოტოგრაფია მხოლოდ გაყინულ მომენტს ასახავდა, კინემატოგრაფმა ეს მომენტი გააცოცხლა და მაყურებელს საშუალება მისცა, სხვა ქვეყნების ცხოვრება და ბუნების მოვლენები დინამიკაში დაენახა. კინემატოგრაფია, გარდა იმისა, რომ ფინანსურად მომგებიანი სანახაობა იყო, თავის ბნელი დარბაზის მისტიკით სიზმრისა და კოლექტიური ჰიპნოზის სეანსს ჰგავდა. ამავდროულად, ის სწრაფად იხვეწებოდა, როგორც სახელოვნებო დარგი და ხელოვან ადამიანებსაც იზიდავდა.
სათავადაზნაურო თეატრი
ქართველი პროგრესული საზოგადოება ცდილობდა, რომ ქართული თეატრალური წარმოდგენები რეგულარულად ჩატარებულიყო. 1878 წელს სცენის მოყვარულთა წრე გამდიდრდა ახალი, ნიჭიერი წევრებით. ამ ჯგუფის ხელმძღვანელობა დროებით დაევალა „დრამატულ კომიტეტს“, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ იმ დროის გამორჩეული საზოგადო მოღვაწეები: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, დავით ერისთავი, ნიკო ავალიშვილი, გიორგი თუმანიშვილი და სხვები.
1879 წლის მაისში კომიტეტმა გამართა სხდომა მუდმივი თეატრის შექმნის საკითხზე. თათბირზე გადაწყდა დრამატული საზოგადოების დაარსება და დამტკიცდა მისი წესდება. საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს ილია ჭავჭავაძე. იმავე წლის მაისში ჩამოყალიბდა მუდმივი ქართული თეატრის პირველი დასიც. ქართულმა თეატრმა შეძლო სპექტაკლებისთვის მუდმივი შენობის შოვნა. ეს იყო სასახლის ქუჩაზე მდებარე ქარვასლის ნაწილი, რომელიც თეატრად გადააკეთეს. დღეს იმ ადგილზე გალერეა “თბილისი” და მეტროსადგური “თავისუფლების მოედანი” მდებარეობს. აქ ერთად იყო განთავსებული როგორც თეატრი, ისე სხვა კულტურული დაწესებულებები.
„შენობაში ინახებოდა ამპირული სტილის ნაგებობის საინტერესო ფრაგმენტი — მძლავრი კოლონადა, რომელიც ქარვასლის მეორე სართულის ღია გალერეას წარმოადგენდა.
ქართულმა თეატრმა ამ შენობაში 1914 წლამდე იმუშავა. შემდგომ, გაურკვეველი მიზეზით, როგორც ძველი თეატრის ნაგებობა მთლიანად დაანგრიეს“.
სათავადაზნაურო თეატრის მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა ფინანსების უქონლობა. შემოსავლების მოზიდვის მიზნით თეატრი შენობას ხშირად აქირავებდა ხოლმე. სწორედ ასე მოხდა 1896 წელს, როდესაც შენობა სინემატოგრაფს დაეთმო პირველი კინოჩვენებისთვის.
ეს იყო კინოსა და მაყურებლის შეხვედრა თბილისში. თბილისმა თითქმის სინქრონულად აუღო ალღო მსოფლიო ტექნოლოგიურ პროგრესს.
ამის შესახებ ცნობას პირველად კინომცოდნე გოგი დოლიძემ მიაკვლია:
სათავად-აზნაურო თეატრი
დღეს, 16 ნოემბერს,
აჩვენებენ განთქმულს მთელს ევროპაში
კ ი ნ ე მ ა ტ ო გ რ ა ფ ს
ცხოველი ფოტოგრაფიული სურათები
ლუმიერისა (люмiера)
დასაწყისი 8 საათზედ.
ადგილების ფასი ძლიერ დაკლებულია.
გაზ. ცნობის ფურცელი, 1896 წ., 16 ნოემბერი, № 28
ამ ცნობის აღმოჩენამდე საქართველოში ყველაზე ადრეულ კინოჩვენებად 1897 წლის 1 მაისის გაზეთ Тифлисскiй Листокь-ის ცნობა ითვლებოდა, რომელსაც პირველად კარლო გოგოძემ მიაკვლია და არაერთ ბროშურაში, სტატიაში თუ შრომაში იყო გამეორებული.
კინომცოდნე გოგი დოლიძე ვარაუდობდა, რომ შესაძლებელია 1896 წლის 16 ნოემბრის კინოჩვენება არ ყოფილიყო პირველი, რადგან განცხადებაში იყო ფრაზა: „ადგილების ფასი ძლიერ დაკლებულია“, თუმცა ცნობები საქართველოში გამართულ უფრო ადრინდელ კინოჩვენებაზე დღემდე არაა მიკვლეული.
აღსანიშნავია, რომ 1896 წლის 16 ნოემბრის კინოჩვენებას ასევე აშუქებს გაზეთი Новое Обозрьнiе (1896 წ., 16 ნოემბერი, № 4426, რუს. ენაზე) და (გაზ. Тифлисскiй Листокь, 1896 წ., 16 ნოემბერი, რუს. ენაზე). დღემდე არაა მიკვლეული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ გაუკეთა ორგანიზება პირველ კინოჩვენებას ან კონკრეტულად რა შინაარსის კადრები უჩვენეს მაყურებელს.
ისტორიკოსი და პედაგოგი ზვიად დოლიძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შესაძლოა თბილისში თავად ლუმიერების ერთ-ერთი „კადრებზე მონადირე“ იყო ჩამოსული.
თბილისში გამართულ პირველ კინემატოგრაფიულ სანახაობას აღწერს გაზეთი „ცნობის ფურცელიც“: „დღეს სათავადაზნაურო თეატრში წარმოდგენაა დანიშნული კინემატოგრაფისა, რომელიც ცხოველ სურათად დაანახვებს მაყურებელთ – ფოტოგრაფიულ ნახატებს. სიცხოველე იმაში მდგომარეობს, რომ სურათები მიმოძრაობენ. ამ უკანასკნელმა გამოგონებამ ლიუმიერისამ მთელი ევროპა მოივლო და ყველგან ძალიან მოსწონებია საზოგადოებას (გაზ. ცნობის ფურცელი, 1896 წ., 16 ნოემბერი, № 28).
კინო გადიოდა გზას ბაზრობის ატრაქციონიდან მძლავრ ინდუსტრიამდე. დასაწყისშივე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, გახდა საოჯახო და საზოგადოებრივი გასართობი და დაიმკვიდრა ადგილი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.
იმდროინდელი პრესის მიხედვით, 1897 წლის ოქტომბრისთვის კინოს მიმართ ქართველი საზოგადოების ინტერესი იყო მზარდი; 5 ოქტომბრის ჩვენებაზე „საზოგადოება ბლომად დაესწრო“. ამ პერიოდის რეპერტუარი მოიცავდა ისეთ სურათებს, როგორიცაა: საფრანგეთის პრეზიდენტის ყოფნა რუსეთში, მღელვარე ზღვა, ცელქი ბავშვები და მოჩხუბარი ქალები და სხვა.
გაზეთი Тифлисскiй Листокь წერდა: „შაბათს, 29 მარტს, ქართული თავადაზნაურობის თეატრში შედგა პირველი სეანსი „ლიუმიერის კინემატოგრაფისა“. საგაზეთო რეკლამა ამჯერად გამართლდა და უნდა ითქვას, რომ ტფილისს ამგვარი ჯერ არაფერი უნახავს. სურათებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა „საქანელა“, ფრიად სასაცილონი არიან „ვირები“, რომლებიც თავდაღმართზე ეშვებიან, საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა სურათმა, სადაც ორი პაწია ბავშვის საუზმეა ნაჩვენები, ცხოვრებისეული სინამდვილით ხასიათდებიან აგრეთვე: „ცხენოსანთა ჯირითი“, „მატარებლებისა და გემების მიმოსვლა“. დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ სურათები „შავი ზღვის ხედი“, „სცენა ზანგების ცხოვრებიდან — ბანაობა“, „აზიური ტომების დეპუტაცია“, „ლიუმიერების ოჯახი“, „საბანაო მილანში“. ერთი სიტყვით, ლიუმიერის კინემატოგრაფი უთუოდ დიდ ყურადღებას იმსახურებს“…“.
მიუხედავად შთამბეჭდავი ეფექტისა, კინოს ჯერ კიდევ ჰქონდა ხარვეზები რეალობის სრულყოფილი ილუზიის გამოსახვისას. გაზეთ „ახალი მიმოხილვის“ რეცენზენტი წერდა: „რომ არა სინათლის ციმციმი (მეტად არა სასიამოვნო და დამღლელი თვალისათვის), ეკრანზე სხეულების მეტისმეტი სიმკვეთრე და წყვეტურობა (განპირობებული იმ გარემოებით, რომ ფოტოგრაფიას ძალუძს მოძრაობის მხოლოდ ცალკეული მომენტების გადმოცემა, ამიტომაც მცირე ინტერვალები მათ შორის გარდაუვალია), მზის სითბოსა და ცოცხალი, მკაფიო კოლორიტის უქონლობა, აგრეთვე ჰაეროვანი პერსპექტივის უკმარისობა, რის გამოც სხეულები უკანა პლანზე მეტად მომცრონი ჩანან, ხოლო წინ კი, პირიქით, — კარიკატურულად გაზრდილნი, — მოკლედ, ეს დასანანი გარემოებანი რომ არა, ლიუმიერის კინემატოგრაფი ყველაზე უფრო გაწაფულ თვალსაც კი შეცდომაში შეიყვანდა“..
მიუხედავად აღნიშნულისა, საზოგადოება ლიუმიერების ქმნილებაში ხედავდა არა მხოლოდ გასართობ საშუალებას, არამედ მძლავრ სამეცნიერო-საგანმანათლებლო რესურსსაც. გაზეთ Кавказ-ის რეცენზენტი წერდა: „ჩვენის აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ლიუმიერის გამოგონება გეოგრაფიის გაკვეთილებისა და ლექციებისათვის მიგვესადაგებინა მეცნიერული თვალსაზრისით. ალბათ ამას ჩვენ კიდევ მოვესწრებით, ჯერჯერობით კი დავკმაყოფილდეთ იმ წმინდა მხატვრული სიამოვნებითა და ინტერესით, რომელსაც სიახლე გვთავაზობს“.
სათავადაზნაურო თეატრის გარდა, კინოჩვენებები 1896-1904 წლებში ეწყობოდა ნემენცების ბაღში (დღევანდელი მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ბაღი (ყოფილი „ვარდების ბაღი“), რუსთაველის გამზირზე (ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) არაფელოვის სახლში, ბაბანასოვის სახლში და ბოიარების სასტუმროში (ორბელიანების სახლში, ახლანდელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობაში), ქართული თეატრის ფოიეში და მუშთაიდის ბაღში…
პრესის მასალების მიხედვით, ბუნდოვან სურათებს, როგორ წესი, უწოდებდნენ მ. ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების ჩვენებას, რომელიც სტატიკური კადრების (სურათების) მონაცვლეობა იყო. დღევანდელი გაგებით კინოს და კინემატოგრაფიის აღსანიშნავად კი გამოიყენებოდა ტერმინი „ლიუმიერის სინემატოგრაფი“ (გაზ. “ცნობის ფურცელი”, 1897 წ., 31 მარტი, № 158), „ელექტრული პროჟექტორი“ (გაზ. Тифлисскiй Листокь 1905 წ. 29 ოქტომბერი № 215), „ელექტრონის საკვირველებათა მშვენიერი მოძრავი სურათები“ (გაზ. “ცნობის ფურცელი” 1905 წ., 23 ნოემბერი, № 2956), „კინემატოგრაფი“ (გაზ. Тифлисскiй Листокь, 1908 წ., 1 იანვარი, № 1), „ცოცხალი სინემატოგრაფი“ (გაზ. “დროება”, 1910 წ., 1 იანვარი, № 1), „ძმები ლუმიერების გაცოცხლებული ფოტოგრაფია“ (გაზ. Новое Обозрьнiе, 1896 წ., 16 ნოემბერი, № 4426), (გაზ. Тифлисскiй Листокь, 1896 წ., 16 ნოემბერი), „მოძრავი ცოცხალი სურათი“ (გაზ. Кавказ, 1897 წ., 31 მარტი, № 85).
პარიზული ჟანრის სახელით ხშირად მოიხსენიებოდა ზრდასრულთათვის განკუთვნილი ფილმები (+18) (გაზ. Тифлисскiй Листокь, 1905 წ., 5 მაისი, № 90 ), (გაზ. Тифлисскiй Листокь, 1908 წ., 1 იანვარი, № 1).
კინოთეატრების აღსანიშნავად გამოიყენებოდა სიტყვები: „ელექტრო-თეატრი“, „სინემატოგრაფი“ (გაზ. Тифлисскiй Листокь, 1908 წ., იანვარი) ან თავად კინოთეატრის დასახელება, მაგალითად, „მულენ-ელექტრიკი“, „სახალხო სახლი სინემატოგრაფი“, „როზეტის თეატრი“, „თეატრი ფარსი როზეტი“, „ივანიცკაიას ილუზიონი“, რ. მ. ამჩისლავსკაიას პრიმო ვივანტოგრაფი „მოდერნი“, „ელექტრო-თეატრი ფურორი“, იტალიური ძმ. რიჩჩის და ამხ. სინემო-თეატრი და სხვა.



















