რა იცის მუსიკამ ჩვენ შესახებ?
ავტორი: ანი თენიეშვილი
ზოგჯერ ერთი და იმავე ამბავს რამდენჯერმე ვყვებით. ფაქტები არ იცვლება, არც მათი თანმიმდევრობა, მაგრამ ყოველი მოყოლისას რაღაც სხვაგვარად ჟღერს. წინადადება, რომელიც ადრე უმნიშვნელო გვეგონა, მოულოდნელად მთელ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება. შეიძლება იმიტომ, რომ ამბავსაც თავისი დრო აქვს და ამ დროის განმავლობაში ჩვენც ვიცვლებით.
მუსიკას ამ გამოცდილების გამოხატვა სიტყვების გარეშეც შეუძლია. მელოდია ნაწარმოების დასაწყისში ჩნდება, შემდეგ ქრება და რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ბრუნდება. შეიძლება ზუსტად იმავე ნოტებითაც, მაგრამ ამ ორ გამოჩენას შორის სხვა ბგერები, დაძაბულობა, პაუზები მოვისმინეთ. თითქოს ნაცნობ ადამიანს ვხვდებით, რომელსაც დიდი ხანია არ შევხვედრივართ. ერთი შეხედვით, არაფერი შეცვლილა, თუმცა ძველებურად ვეღარ ვუყურებთ.
დღეს ეს ბუნებრივად გვეჩვენება, მაგრამ მუსიკალური ნაწარმოების ასეთი განვითარება ოდესღაც ახალი მხატვრული შესაძლებლობა იყო. XVIII საუკუნეში ევროპულ მუსიკაში თანდათან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა არა მხოლოდ ცალკეულმა მელოდიამ, არამედ მთლიანმა გზამ, რომელსაც ნაწარმოები გადიოდა. ერთი თემა მეორეს ამზადებდა, სხვა მას ეწინააღმდეგებოდა, დაბრუნება კი წინანდელ მუსიკას ახალ მნიშვნელობას ანიჭებდა.
ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე მუსიკა უძრავი იყო. ბაროკოს კომპოზიტორებმა რთული მრავალხმიანი სამყარო შექმნეს. ბახის ფუგებში ერთი თემა სხვადასხვა ხმაში ჩნდება, იცვლება და კვლავ იკვეთება. მაგრამ ჰაიდნისა და მოცარტის მუსიკაში სულ უფრო მკაფიოდ იგრძნობა ნაწარმოების საერთო მიმართულება: დასაწყისი, მოლოდინი, გადახვევა, დაბრუნება. მუსიკა ამბავს ემსგავსება, მიუხედავად იმისა, რომ მას არც პერსონაჟები ჰყავს და არც სიტყვებით მოთხრობილი სიუჟეტი აქვს.
დაახლოებით იმავე პერიოდში ევროპული რომანიც ახალ შესაძლებლობებს ეძებდა. მწერლებისთვის მნიშვნელოვანი ხდებოდა არა მხოლოდ ის, რა შეემთხვა ადამიანს, არამედ ისიც, როგორ შეცვალა მომხდარმა მისი წარმოდგენა სამყაროზე. პერსონაჟი აღარ იყო მხოლოდ ერთი თვისების ან მორალური იდეის განსახიერება. მას ვეცნობოდით ყოველდღიურად, შემთხვევით შეხვედრისას, ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო მოქმედებების დროს. რომანის ბოლოს პირველ გვერდზე წაკითხული წინადადებაც კი სხვაგვარად შეიძლებოდა გაგვეგო.
მუსიკაშიც მსგავსი რამ ხდება. მელოდიის მნიშვნელობას მხოლოდ მისი ნოტები არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რა უძღვის წინ, რა მოსდევს და რამდენი დრო გავიდა მის პირველ და უკანასკნელ “გამოჩენას” შორის. ბეთჰოვენის სიმფონიაში ნაცნობი მოტივის დაბრუნება მხოლოდ გამეორება არ არის: მას უკვე მთელი მანამდე მოსმენილი მუსიკა ახლავს. რაღაც უნდა დაბრუნდეს, რომ შევამჩნიოთ, რამდენად დავშორდით მას.
შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის მუსიკა ასე ახლოს მეხსიერებასთან. ბგერა ჩნდება და ქრება, მაგრამ მომდევნოს მნიშვნელობას ნაწილობრივ სწორედ ის განსაზღვრავს, რაც უკვე აღარ ისმის. მუსიკა თითქოს გამუდმებით გვთხოვს, გვახსოვდეს წარსული და იმავდროულად, ველოდოთ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა.
ამ მოძრაობას სივრცის განცდაც ახლავს. ტონალური ჰარმონია კომპოზიტორს საშუალებას აძლევს, საწყის ჰარმონიულ ცენტრს დაშორდეს, სხვა მიმართულებით წავიდეს და შემდეგ უკან დაბრუნდეს. მსმენელი არსად მიდის, მაგრამ შეიძლება იგრძნოს დაშორება, გაურკვევლობა და შინ დაბრუნება. სახლი იგივეა; გზა – უკვე გავლილი. სწორედ ამგვარ ურთიერთობებში იძენს მნიშვნელობას ის, რაც ცალკე აღებული უბრალოდ რამდენიმე ბგერა იქნებოდა.
დღეს ამ მუსიკას „კლასიკურს“ ვუწოდებთ. სიტყვას თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე მიჰყავს: ძველი, აღიარებული, მნიშვნელოვანი. საქართველოში მასთან პირველი შეხვედრა ხშირად მუსიკალურ სკოლას, მისაღებ ოთახში მდგარ ფორტეპიანოს, გამებსა და გამოცდებს უკავშირდება. ბავშვს შეიძლება წლების განმავლობაში ასწავლიდნენ, როგორ დაუკრას სწორად, მაგრამ იშვიათად ეკითხებოდნენ, რას გრძნობდა მოსმენისას. მუსიკა განათლებისა და დისციპლინის ნაწილად იქცეოდა; ზოგჯერ – კულტურული პრესტიჟის ნიშნადაც.
ამ გამოცდილებაში ცუდი არაფერია. რთული ნაწარმოების შესრულებას ცოდნა და შრომა სჭირდება. მაგრამ როდესაც წინასწარ ვიცით, რომ რაღაც შედევრია, შესაძლოა, მისი აღმოჩენა დაგვავიწყდეს. ბეთჰოვენის მუსიკა, რომელსაც დღეს მოწიწებულ სიჩუმეში ვუსმენთ, თავის დროზე მოლოდინებს არღვევდა. კომპოზიტორები, რომელთა სახელები ახლა სახელმძღვანელოებში წერია, ერთ დროს ახალი მუსიკალური ენის საზღვრებს ცდიდნენ.
იქნებ სწორედ ამიტომ ღირს ამ ნაწარმოებების ხელახლა მოსმენა არა იმის დასამტკიცებლად, რომ მათი მნიშვნელობა გვესმის, არამედ იმის გასაგებად, რას ვამჩნევთ მათში ახლა. ამისთვის ყოველთვის არ არის აუცილებელი ვიცოდეთ, რა არის სონატური ფორმა ან როგორ იცვლება ტონალობა. ზოგჯერ საკმარისია შევამჩნიოთ, როგორ ბრუნდება ერთი მელოდია და რატომ აღარ გვესმის ის ძველებურად.
რამდენიმე საუკუნის წინ დაწერილი მუსიკა დღესაც იმავე პირველი ბგერით იწყება. შემდეგ ისევ ვითარდება, შორდება საწყის მდგომარეობას და ზოგჯერ იქვე ბრუნდება, საიდანაც დაიწყო. მაგრამ ჩვენ ხომ აღარ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც პირველად მოვუსმინეთ.
ზოგჯერ ერთი და იმავე ამბავს რამდენჯერმე ვყვებით. ფაქტები არ იცვლება, არც მათი თანმიმდევრობა, მაგრამ ყოველი მოყოლისას რაღაც სხვაგვარად ჟღერს.
ნეტავ თავად ამბავი იცვლება თუ ის, ვინც მას უსმენს?






