ნიუ-იორკში მდგარი ყველა ხე რუკაზე აღრიცხეს
ნიუ-იორკში არსებული საჯარო სივრცეების, სკვერებისა და პარკების ადმინისტრირებას ქალაქის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტი ახდენს.
ბოლო წლებში ამ დაწესებულებამ ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში ურბანულ ლანდშაფტზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ასამაღლებლად ახალი პროგრამები შეიმუშავა.
ერთ-ერთი ასეთი პროგრამა TreesCount! იყო, რომლის ფარგლებშიც 2015 წელს 2300 მოხალისე შეგროვდა. მათ ქალაქში არსებული ხეების შესწავლა დაიწყეს. ისინი იკვლევდნენ, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ მცენარეები, რა სახის ზრუნვა სჭირდებოდათ, როგორი იყო მათი ზომები, რა სარგებელი მოჰქონდათ ადგილობრივი სამეზობლოებისათვის და ა.შ.
ნიუ-იორკის ქუჩის ხეები
ნიუ-იორკის ქუჩის ხეების რუკას ქალაქის ურბანული ტყე შენს ეკრანამდე მოაქვს. ისტორიაში პირველად შენ შეგიძლია მიიღო ინფორმაცია ნიუ-იორკის თითოეული ქუჩის ხეზე. გაიგე მეტი იმ ხეების შესახებ, რომლებიც შენი ქალაქის ურბანულ ტყეს ქმნიან, მონიშნე შენი ფავორიტები, გაუზიარე მეგობრებს, ჩაიწერე და გააზიარე ხეების მოვლის აქტივობები, რომლებშიც მონაწილეობ.
სტატისტიკა ქალაქის მასშტაბით:
რუკაზე დატანილი ხეები – 685 781
შეტყობინებები – 760
ფავორიტებში დამატებული ხეები – 898
თვეების განმავლობაში მოხალისეები ხუთი უბნის ქუჩებში დამკვირვებლების ჯგუფთან ერთად დადიოდნენ, რომლებმაც მათ ხეების ცნობა და მათი მახასიათებლები წინასწარ შეასწავლეს.
ამ გზით შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით შეიქმნა ურბანული ტყის რეესტრი, რომლის მონაცემებიც ნიუ-იორკის ხეების რუკაზე დაიტანეს. რუკის დახმარებით შეგიძლიათ 685 781 რეგისტრირებული ხიდან თითოეულის შესახებ იხილოთ სტატისტიკა. იქვე შეგხვდებათ ხეებზე ზრუნვის აქტივობების კალენდარი, სახეობების საერთო რაოდენობა და კიდევ ის, თუ რომელი ხეა თქვენს სამეზობლოში ყველაზე გავრცელებული.
რაც შეეხება ინფორმაციას თითოეულ ხეზე, აქ არცერთი დეტალი არ ყოფილა გამოტოვებული, რადგან ყველა მათგანს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭა, ისევე როგორც ფერი, რომელიც მის სახეობას აღნიშნავს. გარდა ამისა, იქვეა ხის ზუსტი მდებარეობა, რომელსაც Google Street View-ს შესაბამისი ფოტო ახლავს თან, რისი საშუალებითაც ადამიანებს ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში შეტყობინების გაგზავნა შეუძლიათ. რუკაზე ასევე მოცემულია ინფორმაცია, რომელიც თითოეული ხის ეკოლოგიურ სარგებელს ეკონომიკურ ღირებულებაში გამოსახავს.
როდესაც რუკაზე რომელიმე ხეს ავარჩევთ, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა ოდენობის წვიმის წყალს აკავებს იგი ყოველწლიურად (გამოსახული გალონებში) და თანხა, რომლის ეკონომიასაც თითოეული მცენარე გვაკეთებინებს. გარდა ამისა, გამოთვლილია დაზოგილი ელექტროენერგიის მაჩვენებელი კილოვატ/საათში (კვ/სთ) და, ასევე ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებაში შეტანილი წვლილი.
ყველა ეს გამოთვლა გაკეთებულია აშშ-ს სატყეო სამსახურის მონაცემების მიხედვით, რომელიც ხეების ეკოლოგიურ სარგებელს დოლარებში გამოსახავს. ქვემოთ მოცემული ხის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის მცენარიდან მიღებული სარგებელი ყოველწლიურად $500-ზე მეტს შეადგენს.
ეკოლოგიური სარგებელი
სარგებელი გამოთვლილია აშშ-ს სატყეო სერვისის ფორმულების მიხედვით.
შეკავებული წვიმის წყალი – 7 539 გალონი
ღირებულება: $74.64
ყოველწლიურად დაზოგილი ელექტროენერგია – 2 604 კვ/სთ
ღირებულება: $328.77
ყოველწლიურად განადგურებული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები – 5 ფუნტი
ღირებულება: $23.84
ყოველწლიურად შემცირებული კარბონის დიოქსიდის რაოდენობა – 15 301 ფუნტი
ღირებულება: $51.10
ჯამური წლიური სარგებელი $529.46
თუ რუკის დათვალიერება გსურთ, შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ.
ავტორი: კონსტანსა მარტინეს გაეტე
წყარო: https://archdaily.co