fbpx

„ლიკანი“ – ქუჩის მუსიკის პირველი კონცერტი რიყეზე


გააზიარე სტატია

გუშინ რიყეზე სიცოცხლე ჩქეფდა. საბაგიროს ქვედა სადგურთან დამონტაჟებული ლიკანის სცენა რამდენიმე ფერში ანათებდა. სცენაზე კი 3 საათის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მუსიკოსები, რომელთა უმრავლესობამაც კარიერა ქუჩაში სიმღერით დაიწყო. თორნიკე ყიფიანი, იოანე არაბული  და ულტრატონი, Young Georgian Lolitaz  და ასევე, ბენდი MokuMoku, რომელიც სულ რამდენიმე დღეში ფესტივალზე მიემგზავრება. პირველ კონცერტს, რომლის ფარგლებშიც შედგა პროექტის : ლიკანი – ქუჩის მუსიკის ტალღა პრეზენტაცია, ბახვა ბრეგვაძე და ნათია ბუნტური უძღვებოდნენ.

 

სცენის ირგვლივ, ბალახზე მოკალათებული ხალხი “ლიკანის” წყლით გრილდებოდა და  მუსიკას უსმენდა. აქტიური მსმენელი კი სცენის წინ განთავსებულ მოედანზე ცეკვავდა. საღამო მართლაც არაჩვეულებრივი გამოვიდა და რაც მთავარია, ეს სცენა სექტემბრის ბოლომდე არაერთ ძალიან ნიჭიერ და საინტერესო მუსიკოსსა და ბენდს დაეთმობა. “ლიკანის“ მიზანია ეს  სცენა გახდეს ასპარეზი ახალი თაობისთვის და საღამოს თავშეყრის საყვარელი ადგილი.

“ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან საინტერესო კოლაბორაციის შედეგია. ერთის მხრივ „ლიკანი“, როგორც იდეის ავტორი და ორგანიზატორი, მეორეს მხრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქუჩის მუსიკა“ და მესამე მხარე, ქალაქ თბილისის მერიაა, რომელმაც გამოგვიყო ტერიტორია რიყის პარკში სცენის დასადგმელად. ეს პროექტი დიდი ხანია მზადდება ჩვენი გუნდის მიერ, მაგრამ ქუჩის მუსიკოსების გარშემო ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად, მოხდა მისი ტრასფორმაცია უფრო დიდი მასშტაბის ღონისძებაში. რიყის პარკის ტერიტორიაზე „ლიკანის“ სცენის განთავსება ქუჩის მუსიკოსებმა მოითხოვეს, რადგან რიყე დღესდღეობით თბილისში ყველაზე ხალხმრავალი და დატვირთული ადგილია.  ჩვენი მიზანია „ლიკანის“ სცენა გახდეს ასპარეზი იმ ხელოვანებისთვის,  რომლებიც საკუთარ თავს ქუჩის მუსიკოსებს უწოდებენ. აუცილებელია, მათი შემოქმედება უფრო დიდიმა აუდიტორიამ გაიცნოს, რადგან სწორედ ქუჩა და „ანდერგრაუნდია“ ერთ-ერთი ის ადგილი სადაც იქმნება ტრენდები, რომლითაც შემდგომში ბევრი ხელმძღვანელობს” ამბობს  ნიცა ჩოლოყაშვილი , მინერალური წყლის „ლიკანის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ქალაქში  დარჩენილ თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სექტემბრის ბოლომდე  ეძლევათ საშუალება  “ლიკანთან”  და ქუჩის მუსიკოსებთან  ერთად გაატარონ სასიამოვნო და მხიარული საღამოები.

დიტო კურტანიძე, ქუჩის მუსიკოსების ასოციაციის ხელმძღვანელი: “ქუჩის მუსიკოსების ფესტივალი ჩვენი ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით აქამდეც არაერთხელ ჩატარებულა, თუმცა პროექტი, რომელიც კომპანია “ლიკანთან” ერთად ხორციელდება აბსოლუტურად სხვა ფორმატისაა. ქუჩის მუსიკოსებს, აქამდე თბილისის პარკებში დაკვრის უფლება არ ჰქონდათ, არადა სწორედ პარკებია ის ადგილი, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება მუსიკა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში, ქუჩის მუსიკოსებს თითქმის 3 თვით დაეთმობათ სცენა და მომავალში მათთვის სხვა პარკების კარიც გაიხსნება. პროექტი ასევე ქუჩის მუსიკოსების შემოსავალზეც დადებითად აისახება, ვინაიდან სცენასთან დაიდგმება სპეციალური ბოქსები, სადაც მსურველებს შეეძლებათ მუსიკოსებს თანხა გაუზიარონ. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩის მუსიკის პოპულარიზაციისთვის. დიდი მადლობა “ლიკანს”, რომელთან ერთადაც მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ”.

გუშინდელ ღონისძიებას ქალაქის მერი, კახა კალაძეც დაესწრო:

“ეს პროეტი “ლიკანთან ერთად, დედაქალაქის მერიამ განახორციელა და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მე მივესალმები ამ პროექტს. ქუჩის მუსიკოსების მხარდაჭერა და ხელშეწყობა  მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და  სექტემბერში იგეგმება ძალიან საინტერესო და დიდი ფესტივალი” განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ლიკანი ქუჩის მუსიკის ტალღაზე”  პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია “ქუჩის მუსიკასთან” და ქალაქ თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტთან ერთად.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.