fbpx

ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე


გააზიარე სტატია

საქართველოში სილიკონის ველი რომ არ გვაქვს, ვიცით, მაგრამ შეიძლება ახლა ირჩევთ დეველოპერის პროფესიას, ან ამ სფეროში ინვესტირება გსურთ…

AT_ შეეცადა თქვენთვის პატარა გზამკვლევი შეექმნა და ზოგადი წარმოდგენის შექმნაში დაგხმარებოდათ.

Android Devs. Misha Akopov:

“10 წელია დეველოპმენტით ვარ დაკავებული, ანდროიდის დეველოპმენტით – ბოლო 5 წელი. ჩემი პირველი აპლიკაცია 2013-ში დავწერე – “ლარი” – ლარის კურსს და მის დინამიკას გიჩვენებდათ. ლარის კურსი მაშინაც აქტუალური იყო.

ქართული ბაზარი ძალიან პატარაა, ამიტომ აქაური ბაზრისთვის იშვიათად ვწერ აპლიკაციებს – უფრო თვითგანვითარებისთვის, ვიდრე კომერციული მიზნებისთვის. სირთულეს წარმოადგენს ქართულ ბაზარზე ტარგეტირება, რადგან საქართველოში არ ჩანს სხვადასხვა მონეტიზაციის საშუალების მქონე აპლიკაციები.

მაგალითად, მთლიანად ფასიანი აპლიკაციები, ნაწილობრივ ფასიანი აპლიკაციები (in – app purchase), აპლიკაციები გამოწერებით (subscription). თუმცა ხელმისაწვდომია მონეტიზაციის სხვა საშუალებები, როგორიცაა ჩაშენებული რეკლამა ან ბარათით გადახდა. თუმცა აქაც არაა ტკბილად საქმე, რადგან ქართული ბაზრიდან რეკლამაზე კლიკს გაცილებით ნაკლები თანხა მოაქვს, ვიდრე უცხოურიდან.

ისე, გერმანული და შვეიცარიული ბაზრებისთვის ვმუშაობ – გერმანული პოლიციისთვის მაქვს რამდენიმე აპი დაწერილი. ჩემი საინტერესო პროექტები? მაგალითად, Justlo, სოციალური ქსელი მილიონამდე გამომწერით… ან Novelan, ჭკვიანი სახლის აპი.

ქართველ დეველოპერებს Google Store-ში აპების განთავსებაზე პრობლემა არ გვაქვს, არც მონეტიზაციაზე, თუმცა, როგორც ვთქვი, ქართული ბაზარი იმდენად პატარაა, რომ თითქმის ყველა აქაური დეველოპერი ან მხოლოდ დიდი კომპანიების აპებზე მუშაობენ, ან უცხოურ ბაზარზე.

ადგილობრივ ინვესტორებს ვურჩევ “Internet of Things” პროექტებში ჩადონ ფული, მზარდი სფეროა და ამ პროდუქტის გაყიდვა ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე თანაბრად მარტივად შეიძლება. აი, ჩემი “ჭკვიანი სახლის” მსგავსი პროდუქტების. ”ასევე, თამაშები. თამაშებიც მომგებიანი სფეროა.”

iOS Devs. Dora’s Lab, Gio Matiashvili

“ქართულ დეველოპერულ ბიზნესში წლებია ვმუშაობ. 63 Bits, Dora’s Lab… ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ დეველოპერულ კომპანიასთან – Lemondo-სთან, რომელიც ყველას გეცოდინებათ. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ქართული კლავიატურის პირველი აპი დაწერა 2008 წელს, iOS პლატფორმისთვის.

Dora’s Lab მთლიანად თამაშების დეველოპმენტზე ორიენტირებული პროექტია. უმეტესად ამერიკული ბაზრისთვის ვქმნით პროდუქტს, მარკეტინგსა და გაყიდვებისთვის კი Lemondo-სთან ვთანამშრომლობთ.

ყველაზე წარმატებული პროექტი? Split Masters-ს გამოვყოფდი. ჩვენი ბოლო პროექტია. უნიკალური მექანიკით, რომლის მსგავსსაც ბაზარზე ვერ ნახავთ. საკმაოდ კარგად გაიყიდა შტატებში. აპლიკაცია უფასოა, მაგრამ in-app შესყიდვებით და პრემიუმ-კონტენტის გაყიდვით ვაკეთებთ მონეტიზაციას.

დეველოპერობა თუ გინდათ, კარგი არჩევანია. ეს სფერო მუდმივად იზრდება, იცვლება და მრავალფეროვანი ხდება. Augmented Reality-ს მიმართულება ხდება ახლა ტრენდული და ეცადეთ ამ ტრენდს აჰყვეთ.

ინვესტირება? ალბათ იმავეს გირჩევდით, რასაც ჩემს თავს – თამაშები. ყველაზე მზარდი და დიდი კაპიტალიზაციის მქონე მიმართულებაა.”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.