fbpx

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში


გააზიარე სტატია

ინტერნეტსივრცეში მრავლად შეგხვდებათ ვიდეოები, სადაც ადამიანებს “უცნაური“ ცხოველები ჰყავთ მოშინაურებული და მათ გარემოცვაში ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენს დედაქალაქში ბოლო წლებში საკმაოდ იმატა ე.წ. კომპანიონი ცხოველების მსურველთა რაოდენობამ, არც ისე ბევრი ადამიანი მოიძებნა, რომელსაც ეგზოტიკური, ანდა „უცნაური“ შინაური ბინადარი ჰყავს.

ამ ადამიანების ასაკი, ძირითადად 18 წელს არ აღემატება და თითქმის ყველა მოხალისედ მუშაობს თბილისის ზოოპარკში.

ტასო ლოსაბერიძე, 16 წლის:

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ვირთხა ძალიან საყვარელი და თავადაც მოსიყვარულე ცხოველია. უკვე მეორედ მყავს ლაბორატორიული თეთრი ვირთხა.

ადრე, თუ მხოლოდ მოსმენილი მქონდა, რომ ვირთხა ძალიან ჭკვიანი ცხოველია, ახლა ეს უკვე დანამდვილებით ვიცი. ჩემს წინა ვირთხას ლოკი ერქვა. სახელს რომ ვეძახდი, შორიდან მორბოდა, როგორც ძაღლი ან კატა. ძალიან უყვარდა მოფერება. საოცრად კომუნიკაბელური, თბილი ცხოველია. ცნობს პატრონს…

ვირთხა სიამოვნებით ჭამს ზაზუნასა და ზღვის გოჭისათვის განკუთვნილ მზა საკვებს, ეჭმევა ბოსტნეული, ორცხობილა, ნაკლებცხიმიანი ხორცი. ვირთხის კვების რაციონში აკრძალვებიც არის: შოკოლადი და ტკბილეული, გაზიანი სასმელი, ცხარე და შებოლილი საკვები, არ ეჭმევა ობიანი და ზედმეტად მარილიანი ყველიც.

ზოგადად, დამკვიდრებული სტერეოტიპი, მათ შორის ანიმაციურ ფილმებშიც, რომ თაგვს ან ვირთხას ყველი განსაკუთრებით უყვარს, მცდარია. ასევე უნდა უნდა მოვარიდოთ კომბოსტო და ის საკვები, რომელიც რთულად მოსანელებელია.

 

 

ვირთხა მშვიდად იცხოვრებს თავის გალიაში, ოღონდ პერიოდულად გარეთ გამოშვება აუცილებელია. ლოკი თავისითაც აღებდა გალიის კარს და თავისუფლად დასეირნობდა სახლში. სამწუხაროდ, ჩვენს ვეტერინარულ პრაქტიკაში ნაკლებად იციან ვირთხის მოვლის წესებისა და მათი დაავადებების შესახებ. ვფიქრობ, სწორედ ამას ემსხვერპლა წლი-ნახევრის ასაკში ლოკი. არადა საშუალოდ, ვირთხამ 7-8 წელი მაინც უნდა იცხოვროს.

ახლა მეორე ვირთხა მყავს. ჯერ ძალიან პატარაა, სახლში ახლახან მოვიყვანე და ადაპტაციის პერიოდს გადის. აუცილებელია, სახლის ვირთხის ყოველწლიური ვაქცინაცია, ისევე როგორც ნებისმიერი შინაური ცხოველის. ეს ვაქცინა მხოლოდ აგრარულ უნივერსიტეტთან არსებულ ვეტერინარულ კლინიკაში აქვთ.

ჩვენთან ადამიანები ვირთხის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი და მისი ყოლის სურვილი ნაკლებად აქვთ. ვფიქრობ, ესეც მწირი ინფორმაციისა და არსებული სტერეოტიპების ბრალია. შინაური ვირთხის ყოლის მსურველებმა არაერთი ზოომაღაზია უნდა მოიარონ, რადგან მოთხოვნის არარსებობის გამო, ეს ცხოველი რთულად მოსაპოვებელია.


ალისა სანაკოევა, 17 წლის:

ეგზოტიკური ცხოველები, ქვეწარმავლები, ამფიბიები – ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ჩემი მომავალი პროფესიაა. ეს ცხოველები ძალიან უცხო და საინტერესოა.

ჩხირულები მაჩუქეს. სულ ოთხი მყავს. რთული სათქმელია, რატომ მიყვარს ისინი… მათი ქცევის და მოძრაობის დაკვირვება, მათი სამყარო და ურთიერთობის ფორმა ძალიან მაინტერესებს. ჩხირულების შენახვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი კონტეინერში ცხოვრობენ და მთავარია, ნესტიანი კლიმატი შევუქმნათ.

ჩვენს ქვეყანაში ჩხირულების ველურ ბუნებაში გაშვება საფრთხეს წარმოადგენს, რადგან უცხო, ინვაზიური მწერია და ბუნებრივი მტრები არ ჰყავს.

ნარინჯისფერი მცურავი: ეს გველი მაჩუქეს იმისათვის, რომ უკეთ შემესწავლა მისი ქცევა და მოვლის თავისებურებები. უკვე 3 წელია მყავს. ეს უშხამო გველია. საერთოდ, დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ, არიქა, გველი ძალიან საშიშია, მცდარია. უცოდინრობა იწვევს შიშს, ხოლო შიში იწვევს აგრესიას…

ჩემს გველს სახელად სტრინგი ჰქვია. ის თავის ტერარიუმში ცხოვრობს და განსაკუთრებულ სირთულეს მისი მოვლა არ წარმოადგენს. გველებს ყნოსვა აქვთ ძალიან განვითარებული და ადამიანსაც ყნოსვით ცნობენ. სტრინგიც მცნობს, რადგან ყველაზე მეტ დროს მე ვატარებ მასთან, ხელში მიჭირავს, ვკვებავ… თავიდან, ხელში აყვანისას, იძაბებოდა, ახლა აბსოლუტურად მშვიდად გრძნობს თავს.

 

სტრინგი კვირაში ერთხელ ჭამს ორ თაგვს. ახლა მეტრ-ნახევარია, თუმცა მისი სიგრძე ორ მეტრს მიაღწევს. ზოგადად, გველის სახეობები საქართველოში საკმაოდ რთული მოსაპოვებელია. თბილისში ერთადერთი ზოომაღაზია „ნომ-ნომია“, სადაც გველების სახეობების არცთუ ისე ფართო არჩევანია. ასევე შესაძლებელია მათი ინტერნეტით გამოწერაც.

 


ლევან ოდიშელიძე, 18 წლის:

ცხოველების დამცველი ბავშვობიდან ვიყავი. განსაკუთრებით იმ სახეობების, რომლებსაც სრულიად დაუმსახურებლად, უცოდინრობის გამო ერჩის ადამიანი. არაერთი გველი მყავს გადარჩენილი.

ოჯახი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ამ ჩემს „გატაცებას“. გველის კი არა, ძაღლის ან კატის მოყვანის უფლებასაც არ მაძლევდნენ. ამიტომ გამოსავალი ვიპოვნე და ობობებს ვიჭერდი, ჩუმად მყავდა ჩემთან და ვუვლიდი.

დღეს, ცხადია ვითარება შეიცვალა და სახლში მყავს ბოა-კონსტრუქტორი (მახრჩობელა გველი) – ჰოლი; ტარანტული, სახელად – სმიტი; ლაბორატორიული ვირთხა და თაგვები.

ჰოლი ჯერ მხოლოდ 1 წლის არის და 85 სანტიმეტრია. თუმცა, ზრდასრული ბოა-კონსტრუქტორი 4 მეტრს აღწევს. ჩვენ ერთად წინ გრძელი ცხოვრება გვაქვს, რადგან მახრჩობელა გველის ეს სახეობა,საშუალოდ, 35 წელს ცოცხლობს. ბოა-კონსტრუქტორი ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს და ამის გამო მას საკმაოდ ტენიანი მიკროკლიმატის შექმნა სჭირდება.

 

ჰოლი ახლა ცხოვრობს საშუალო ზომის ეგზოტერიუმში, მაგრამ ნელ-ნელა მას საკუთარი, მოზრდილი ოთახი დასჭირდება. ჰოლი კვირაში ერთხელ 3 თაგვს გეახლებათ.

ზოგადად გველი ნაკლებ კომუნიკაბელურია, თუმცა პატრონს ყნოსვით ცნობს. პირადად მე, ჰოლის ზრდასთან ერთად, არაფერი მემუქრება. პრინციპში არც სხვას, რადგან ჰოლი სულ მცირე ასაკიდან “ადამიანის ხელს” არის შეჩვეული. მთავარია, მასსა და ადამიანს შორის არასდროს გაწყდეს კონტაქტი და ის საკვებით მუდმივად იყოს უზრუნველყოფილი.

პრობლემა ის არის, რომ გველის დაავადებებზე ჩვენს ქვეყანაში ბევრი არაფერი ვიცით, და ერთადერთი, სადაც შესაძლებელია რჩევისა და საჭირო მედიკამენტების მიღება, თბილისის ზოოპარკის ტერარიუმია.

შინაური ვირთხები და თაგვები, ჰოლისგან განსხვავებით, საკმაოდ კომუნიკაბელურები არიან. უყვართ მოფერება და ითხოვენ კიდეც ამას. თაგვები და ვირთხა ცალ-ცალკე ცხოვრობენ, რადგან ვირთხა, თაგვებს დაჯაბნის და შესაძლოა შეჭამოს კიდეც.

ტარანტული სმიტი ახლა დაახლოებით 7 სანტიმეტრია და ის მწერებით, ძირითადად – ჭრიჭინებით იკვებება. ტარანტულის ეს სახეობა უშხამოა და სრულიად უსაფრთხოა ადამიანისათვის. როგორც აღვნიშნე, ობობები ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარს, იმის მიუხედავად, რომ მათთან კონტაქტის დამყარება შეუძლებელია. ის თავისთვის, „მარტოხელა“ არსებაა და მისი „ცალმხრივად“ სიყვარული უნდა ვისწავლოთ. სმიტისათვის მხოლოდ ტემპერატურის კონტროლია საჭირო, ამიტომ მის ტერარიუმში მუდმივად ანთია ნათურა. ტარანტულს ჩვენთან, პრაქტიკულად, ვერ შეიძენთ. მისი გამოწერა ინტერნეტის საშუალებითაა შესაძლებელი.


რეკომენდებული სტატიები
ლიფტის ყუთების წარმოშობა და ევოლუცია

ლიფტის ყუთების წარმოშობა და ევოლუცია

ლიფტის ყუთების წარმოშობა და ევოლუცია
თხუთმეტიოდე წლის წინ დედაქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებში ხურდის ჩასაყრელი პირველი ყუთების დამონტაჟება დაიწყო და დღეისათვის თბილისის კორპუსების დიდი ნაწილი მოიცვა. გამოჩენის დღიდან ეს მექანიზმი მოსახლეობაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, თუმცა, მეორე მხრივ, ლიფტის მომსახურების საფასურის გადახდის ყველაზე ეფექტიანი საშუალება აღმოჩნდა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.