Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია
Immersion
ვიგენ ვართანოვის ფოტოებს მის რთულ, მრავალშრიან შავ-თეთრ სამყაროში მივყავართ. მისი ფოტოხელოვნება ვერ პასუხობდა საბჭოთა კავშირისეულ ესთეტიკურ მოთხოვნებს, რის გამოც ავტორს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუფენია.
ვიგენ ვართანოვი (1941-2016) თბილისში, პლეხანოვზე დაიბადა და მთელი ცხოვრება თავის ძველ სახლში გაატარა. ფოტოგრაფიამ ბავშვობიდანვე დააინტერესა და კინოოპერატორობაზე ოცნებობდა. ფოტოების გადაღება ვართანოვის ცხოვრების აზრი და მისი არტისტული ბუნების გამოხატვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება გახდა. ფოტოგრაფიამ ვიგენ ვართანოვი უფროსი სამუდამოდ დააკავშირა კინემატოგრაფთან.
1967 წელს ვიგენ ვართანოვმა მუშაობა დაიწყო კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მხატვარ ფოტოგრაფად. 30 წლის მანძილზე ის 14 ქართული ფილმის შექმნაში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვართანოვს არც საკუთარი კამერა გააჩნდა და არც ლაბორატორია, ფოტოების გადაღება არასოდეს შეუწყვეტია.
1965-75 წლებში ვიგენ ვართანოვი ძირითადად ტექნიკურად რთულად შესასრულებელ მხატვრულ ნამუშევრებს ქმნიდა. მას არასოდეს იზიდავდა უბრალოდ ფაქტის, ანდა ამა თუ იმ ობიექტის დაფიქსირება. ის ცდილობდა, რომ ფოტოს მაქსიმალურად გამოეხატა მისი ემოციური ჩანაფიქრი.
ვიგენის ფოტოებში შუქი მთავარი გამომსახველი საშუალებაა, რომელიც ხაზებთან და ობიექტის ფაქტურასთან ერთად იდეალურად გადმოსცემს მხატვრის სურეალისტურ ჩანაფიქრს. ავტორისეული ჩანაფიქრი კი ბოლომდე გასაგები აუდიტორიისთვის ვერასოდეს გახდება.
ამ პერიოდის პორტრეტები და ნატურმორტები ვიგენმა ძირითადად საკუთარ სახლში, სასტუმრო ოთახში შექმნა. მისი მოდელები მისივე მეუღლე, დედა, ოჯახის სხვა წევრები და მეგობრები იყვნენ, რომლებიც ყოველთვის სიხარულით თანხმდებოდნენ პოზირებაზე.
ვართანოვი ფოტოგრაფირებისას სხვადასხვა ტექნიკას იყენებდა – ზღაპრული, საინტერესო მხატვრული ეფექტის მისაღწევად. რამდენიმე კადრის ერთდროულად დასხივება ფოტოებს განუმეორებელ, იდუმალ ეფექტს აძლევდა.
სტუდიისა და ლაბორატორიის უქონლობის გამო, 70-იან წლებში ვართანოვმა, როგორც თვითონ ამბობდა, “ფოტოგრაფიას უღალატა” და სხვადასხვა ტიპის კოლაჟების, სკულპტურებისა და ასამბლაჟების შექმნაზე გადაერთო. სამწუხაროდ, თბილისელმა დამთვალიერებელმა ფოტოხელოვანის კოლაჟებიც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ იხილა.
იმედია, ამ დიდი და ამავდროულად უცნობი ხელოვანის მემკვიდრეობას ეტაპობრივად ვიხილავთ გამოფენებზე.