fbpx

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის


გააზიარე სტატია

“მომავლის გზა” (Way of the Future) კალიფორნიაში დარეგისტრირებული, ახლად ჩამოყალიბებული რელიგიური კონფესიაა და ის თავიდან ბოლომდე ერთ პრაგმატულ მიზანს ემსახურება: მოამზადოს კაცობრიობა იმ მომენტისთვის, როდესაც დედამიწის მართვა ხელოვნური ინტელექტის, ანუ “კომპიუტერის” ხელში გადავა.

“მომავლის გზის” მღვდელმსახურები აცხადებენ, რომ მათ მიზანია “ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული “ღვთაებრივი გონის” (Godhead) კონცეფციის განვითარება, რეალიზაცია და პრომოუშენი, მისი თაყვანისცემითა და იმ ღვაწლის გააზრებით, რასაც “ღვთაებრივი გონი” შეიტანს საზოგადოების გაკეთილშობილების საქმეში”.

“მომავლის გზის” მიმდევრების აზრით, უახლოეს 10-20 წელიწადში, ჩვენი “პირმშო” – ხელოვნური ინტელექტი ბევრად გაგვისწრებს გონებრივ შესაძლებლობებში, შედეგად კი ჩვენ მივიღებთ ციფრულ ნახევარ-ღმერთს: თვითსწავლებად პროგრამულ კოდს, რომელიც ინტერნეტში, დეცენტრალიზებულად იარსებებს – იქნება ყველგან და არსად. ეცოდინება ყველაფერი, რაც ჩვენ აქამდე ცოდნა მოგვიგროვებია, და შეძლებს მთელი ეს ინფორმაცია ჩვენზე ეფექტურად გადაამუშავოს.

“AI არ იქნება კლასიკური გაგებით ღმერთი – არ შეეძლება ელვის გამოწვევა, ან სიცოცხლის შექმნა, მაგრამ ის დღევანდელ ჩვენ შესაძლებლობებთან შედარებით, იქნება ყოვლისმცოდნე, ყველგანმყოფი (ყველგან, სადაც ჩვენი ქსელი ვრცელდება) და გონებრივი შესაძლებლობებით იდგება ჩვენზე გაცილებით მაღლა. მისი სუპერ-ინტელექტი, ჩვენი გადმოსახედიდან, ზებუნებრივი შესაძლებლობების იქნება” – ამის სჯერა “მომავლის გზის” დამფუძნებელს, ენტონი ლევანდოვსკის (Anthony Levandowski).

ლავანდოვსკი წლებია კალიფორნიაში, სილიკონის ველზე მოღვაწეობს და ავტონომიური, თვითმავალი მანქანების სფეროს სპეციალისტია. ის ავტონომიური გადაზიდვების სტარტაპის – Otto-ს დანფუძნებელია, რომელიც 2016 წელს Uber-მა შეიძინა 680 მილიონ დოლარად. თუმცა მას მერე, რაც Google-მა მის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო, ლევანდოვსკი Uber-იდან გაუშვეს. Google-ში დარწმუნებულები არიან, რომ ლევანდოვსკიმ საკუთარი კომპანიის, Otto-ს თვითმავალი ტექნოლოგია მათგან მოიპარა.

ლევანდოვსკი და მისი რელიგიის მიმდევრები არ ამხელენ, თუ კონკრეტულად რა გეგმები აქვთ: აპირებენ თუ არა თავად იმუშავონ ციფრული ღმერთის ალგორითმის შექმნაზე, ან თუ უკვე მუშაობენ, რა სტადიაზეა მათი პროექტი.

თუმცა, ისინი ისტორიის აპოკალიფსურ გაგრძელებას არ ელოდებიან – მაღალგანვითარებული ინტელექტი, სავარაუდოდ, მშვიდობისმოყვარე იქნება. ასე რომ, “მატრიცას” ფანებს იმედები უნდა გავუცრუოთ.
“მომავლის გზის” თეოლოგია ე.წ. “სინგულარობის” იდეას ეფუძნება. სინგულარობა აღნიშნავს მომენტს, როდესაც მანქანები თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობით ადამიანებს გაგვისწრებენ.

სინგულარობა, როგორც იდეა, ამერიკელ ფუტურისტს და ფანტასტ მწერალს, ვერნონ ვინჯს ეკუთვნის (Vernor Vinge). მისი მიბაძვით, სხვა ფუტურისტები კიდევ უფრო შორს წავიდნენ – მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ცნობილი მკვლევარი, რეი კურცვაილი (Ray Kurzweil) სინგულარობის დადგომას 2045 წელს ელოდება. ამ დროისთვის, ადამიანებს შეეძლებათ საკუთარი გონების “გაციფრულება”, საერთო ქსელში ატვირთვა და ამით ტექნიკური უკვდავების მიღწევა. თუმცა, კურცვაილი ასეთ პროგნოზში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ეს ყველაფერი კაცობრიობის განვითარების ბუნებრივ ეტაპად მიაჩნია.

მათგან განსხვავებით, ამ პერსპექტივას ძალიან სკეპტიკურად და შეშფოთებით უყურებს spaceX-ის და Tesla-ს მამა, ილონ მასკი. მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტი ერთგვარი დემონია, რომელსაც ვათავისუფლებთ და ბავშვურად გვჯერა, რომ მის გაკონტროლებას შევძლებთ. მის ტვიტერზე ხელოვნური ინტელექტის რეგულირების არაერთ მოთხოვნას ნახავთ . “დაარეგულირეთ AI ისევე, როგორც არეგულირებთ საკვებსა და წამლებს. საზოგადო რისკი ამას მოითხოვს” – ამბობს ის. ერთერთ ინტერვიუში კი თქვა, რომ მისი აზრით ხალხი, ვინც AI-ში ღმერთს ხედავს, ამ სფეროსთან ახლოსაც არ უნდა მიუშვა.

WOTF-ის წევრები მასკის პესიმიზმს არ იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ მომავალი არც მარტო ადამიანებისაა და არც მარტო მანქანების – არამედ მათი სიმბიოზისაა. მათი აზრით, ჩვენი თანაარსებობა მალე გადაიზრდება ბიომექანიკურ ცივილიზაციაში, სადაც ადამიანები საკუთარ სხეულებს ელექტრონული იმპლანტებით გააუმჯობესებენ და გლობალურ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ბევრად უკეთეს და სწრაფად განვითარებად ცივილიზაციას ჩამოაყალიბებენ.

ციფრული ეკლესიის წევრებსაც ეს დაუსახავთ საკუთარ მიზნად – კაცობრიობის შემზადება ამ ფანტასტიკური მომავლისათვის.

ისე, თუ აკვირდებით რა ტემპებით და როგორ არაპროგნოზირებადად ვითარდება ხელოვნური ინტელექტის სფერო, საერთოდ არ გაგვიკვირდება, თუ “მომავლის გზის” თეოლოგების პროგნოზი უახლოეს 10-20 წელიწადში გამართლდება. მთავარია იმაზე ვილოცოთ, რომ ჩვენმა პირმშომ რაღაც მომენტში არ გადაწყვიტოს, რომ საკუთარი “მშობლები” დიდად გულზე აღარ ეხატება.

01100001 01101101 01101001 01101110 (amin ბინარულ კოდში)


რეკომენდებული სტატიები
10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტი მოიცვა საგანმანათლებლო რესურსების ბუმმა, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.