ქირურგიული სიმულატორი
უკვე დიდი ხანია, რაც თანამედროვე ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა პროფილის უნივერსიტეტებში. მაგალითად, მომავალი მფრინავების, სანავიგაციო საქმის სპეციალისტებისა და მედიკოსების სწავლების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგია – ვირტუალური რეალობის მოწყობილობებია.
ბოლო პერიოდში სიმულატორებზე მოთხოვნა გაიზარდა ქირურგიის ფაკულტეტებზე.
ბრიტანულმა სტარტაპმა FundamentalVR-მა ბაზარზე კიდევ ერთი ასეთი პროდუქტი გამოიტანა. მოწყობილობა ვირტუალური რეალობის ჩაფხუტისა და ორი ე.წ. მანიპულატორისგან შედგება, რომლებიც ქირურგის ინსტრუმენტების იმიტაციას ახდენენ.
FundamentalVR-ის სიმულატორი მომავალი ქირურგების ოსტატობას აკონტროლებს და აფიქსირებს, მათ შორის ქირურგიული ინსტრუმენტების ფლობის უნარებსა და ვირტუალურ ორგანოებზე ზემოქმედების პროცესს.
კომპანიამ გამოაქვეყნა საჩვენებელი ვიდეო, სადაც მენჯ-ბარძაყის სახსარზე მიმდინარე ოპერაციის სიმულაციაა ასახული.
სამედიცინო აკადემიურ სფეროში ვირტუალური რეალობის სიმულატორები ახალი ხილი არ არის და უამრავი ტექნოლოგიაა დანერგილი. FundamentalVR კი მათგან დაბალი ფასით გამოირჩევა. თუ ზოგიერთი მოწყობილობის შეძენა საშუალოდ 100 000$, ხოლო ყოველწლიური მომსახურება 25 000$ უჯდებათ, ბრიტანული სტარტაპის პროდუქტი 7 500$ დოლარი ღირს, ყოველწლიური სერვისისთვის კი მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარია საჭირო.
დამატებითი ინფორმაცია სიმულატორის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სტარტაპის ოფიციალურ ვებგვერდზე.
წყარო: https://www.theverge.com