fbpx

კომპიუტერული თამაშები, რომელთა გამოსვლასაც გეიმერები ელოდებიან


გააზიარე სტატია

The Last of Us Part II

 სათავგადასავლო ჟანრის თამაშია survival horror-ის ელემენტებით. პროდუქტი სტუდია Naughty Dog-ს ეკუთვნის, რომელიც ხარისხზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი და პოპულარული კომპანიაა.

თამაშის პირველი ნაწილი 2013 წელს გამოიცა. მისი გმირები კონტრაბანდისტი ჯოელი და პატარა გოგონა ელი იყვნენ. მათ პოსტაპოკალიპსურ გარემოში გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდათ – უკაცრიელ ქალაქებში მონადირეებისგან, კანიბალებისა და ზომბებისგან თავის დაღწევა.

უმაღლესი ხარისხის გრაფიკული გამოსახულებისა და საინტერესო სიუჟეტის წყალობით, მან „წლის საუკეთესო თამაშის“ სტატუსი მოიპოვა და გამოსვლიდან რამდენიმე თვეში 17 მილიონზე მეტი დისკი გაიყიდა.

სწორედ ამგვარმა წარმატებამ განაპირობა გეიმერების დიდი ინტერესი თამაშის მეორე ნაწილის მიმართ. The Last of Us Part II-ის სიუჟეტი პირველი ნაწილის 5 წლისთავზე ვითარდება. გეიმერები ელის პროფილით ითამაშებენ, ხოლო კონტრაბანდისტი ჯოელი სიუჟეტის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი იქნება.

პროექტის ავტორების თქმით, მეორე ნაწილში მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული გრაფიკული გამოსახულება და მაქსიმალურად რეალურად გამოიყურება. ცვლილებები შეეხო მოძრაობისა და გადაადგილების ნაწილსაც, რომლებიც უფრო დინამიკური და მრავალფეროვანი გახდა. მეტი დაძაბულობის შესაქმნელად მთავარი გმირების მტრები ერთმანეთთან კომუნიკაციას შეძლებენ, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს გეიმერის მისიას.

თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. სხვადასხვა წყაროებით, 2018 წლის ბოლო და 2019 წლის პირველი ნახევარი სახელდება. თავსებადია PlayStation 4-ის კონსოლებთან.

Spider-Man (2018)

Marvel-ის კომიქსების მიხედვით შექმნილი თამაშია, რომლის გამოცემასაც კომპანია Insomniac Games მიმდინარე წლის 7 სექტემბერს გეგმავს.

პროექტის ავტორების თქმით, თამაშში გათვალისწინებული იქნება როგორც ადამიანი-ობობას, ასევე პიტერ პარკერის ცხოვრებისეული დეტალები, თუმცა, სიუჟეტს არაფერი ექნება საერთო აქამდე გამოცემულ კომიქსებთან და ფილმებთან, თამაშისთვის სცენარი დამოუკიდებლად დაიწერა, შესაბამისად – ორიგინალურია.

პროექტის შინაარსის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. Insomniac Games-მა მხოლოდ რამდენიმე დეტალი გაახმაურა. ეს იქნება „სათავგადასავლო ექშენის“ ჟანრის თამაში, რომლის მოქმედებაც ნიუ-იორკში ვითარდება.

გეიმერებმა რთული მისიების წარმატებით შესასრულებლად ადამიანი-ობობას შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ: ობობას ქსელებით გადაადგილება, კედლებზე ცოცვის უნარი. თუმცა, თამაშის ხიბლი იმაშია, რომ მთავარ გმირს ისეთი ფუნქციები დაემატა, რომლებიც აქამდე არც ერთ წინა პროექტში არ ჰქონია. მაგალითად: პარკური, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესაძლებლობები.

Spider-Man 2018-ში გეიმერები კომიქსის ისეთ პერსონაჟებსაც იხილავენ, როგორებიც არიან: მარტინ ლი, უილსონ ფისკი, დეტექტივი ურიკო ვატანაბე და მაილს მორალესი.

თამაში თავსებადია PlayStation 4-ის კონსოლებთან.

 

Forza Horizon 4 

ავტორბოლის სიმულატორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სერიაა. Microsoft-ისა და Playground Games-ის წარმომადგენლებმა თამაშის მე-4 სერიის გამოცემის თარიღად მიმდინარე წლის 2 ოქტომბერი დაასახელეს. Microsoft-ის სხვა დანარჩენი ექსკლუზიური პროდუქტების მსგავსად, Forza Horizon 4 უფასოდ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე იქნება ხელმისაწვდომი Xbox Game Pass-ის მფლობელებისთვის.

მე-4 ნაწილში რბოლის ადგილი დიდი ბრიტანეთია. ერთ-ერთი მთავარი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ გათვალისწინებულია სეზონების დინამიკური შეცვლის შესაძლებლობა – გეიმერი ითამაშებს როგორც ცხელ ზაფხულში, ასევე ზამთრის ქარბუქიან ამინდში. წლის დროები ყოველ კვირაში შეიცვლება და აისახება თამაშის მიმდინარეობაზე.

კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება  დამატებას, სახელწოდებით Horizon Life:  მოთამაშეები ფაქტობრივად ვირტუალურ ბრიტანეთში იცხოვრებენ – გარდა იმისა, რომ შეიძენენ მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილებს, იყიდიან სახლებს, შეძლებენ მუშაობას, მაგალითად, ტაქსის მძღოლებად და ა.შ.

Forza Horizon 4  გეიმერებს 450 მოდელს სთავაზობს, შესაბამისად,  მათ საკუთარი გემოვნების მიხედვით დახვეწენ.

თამაში თავსებადია Windows 10-ის ოპერაციულ სისტემებთან და Xbox One-ის კონსოლებთან


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.