იური ტრუშეჩკინი: „მე ჩამოვაგდე მაკკეინი“
ავტორი: გიგი გულედანი
2008 წლის აშშ საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსულ პრესაში გამოჩნდა პერსონაჟი – ყოფილი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე იური ტრუშეჩკინი, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ მაკკეინი და მისი თვითმფრინავი ვიეტნამის ომის დროს სწორედ მან ჩამოაგდო. ტრუშეჩკინის სიტყვებით, მას ვიეტნამიდან წამოღებულიც კი ჰქონდა მაკკეინის პარაშუტის საბუთები და სხვა პირადი ნივთები, თუმცა ისინი საცხოვრებლიდან საცხოვრებელში გადასვლისას დაკარგა.
დანამდვილებით რთულია იმის თქმა, სიმართლეს ამბობდა თუ არა ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცი, მაგრამ ის ნამდვილად მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, რომლის დროსაც ინსტრუქტაჟს უწევდა ჩრდილოეთ ვიეტნამელებს. ტრუშეჩკინის სიტყვებით, ერთ-ერთი ასეთი სწავლების დროს სწორედ მისი ხელით გასროლილმა “დვინას” ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო თვითმფრინავი, რომელსაც პილოტი მაკკეინი მართავდა. თვითმფრინავი ჰანოიში მდებარე ტბაში ჩავარდა, რისი ამსახველი ფოტოც, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, Getty Images-ის არქივებშიც იძებნება.
ფოტო: მფრინავი მაკკეინი ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიის ჯარისკაცებს წყლიდან ამოჰყავთ / Getty Images
რუსული წყაროების მიხედვით, სწორედ ტრუშეჩკინის დამსახურებაა, რომ ვიეტნამელებმა პარაშუტით გადარჩენილი მაკკეინი ადგილზე არ ჩაქოლეს. „როგორც წესი, ჩამოგდებულ ამერიკელ მფრინავებს მოსახლეობა ადგილზე უსწორდებოდა,“ – თქვა ტრუშეჩკინმა. გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოთა უშიშროების აგენტების მიერ ამერიკელი პილოტის დაკითხვის შემდეგ იგი ჰანოის საპყრობილეში გადაიყვანეს, სადაც მარქსის „კაპიტალსა” და სხვა საბჭოთა იდეოლოგიურ ლიტერატურას აკითხებდნენ.
რაოდენ ზღაპრულადაც არ უნდა ჩანდეს, არსებობს ასევე ფრანგული ტელევიზიის გადაღებული მაკკეინის ვიდეოკადრებიც ვიეტნამის ციხიდანაც, სადაც ის ემოციურად აღწერს თავისი ტყვედ ჩავარდნის გარემოებებს.
ჯონ მაკკეინმა ჰანოის ციხეში 5 წელზე მეტი გაატარა. ის 1973 წელს, აშშ-ვიეტნამის პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს.
ასევე, იძებნება მაკკეინის ტყვეობიდან გათავისუფლების ვიდეოქრონიკაც.
არსებობს მოსაზრება, რომ მაკკეინი იყო ცნობილი კინოგმირის – ფორესტ გამპის პროტოტიპი ამერიკის პრეზიდენტ ნიქსონთან აუდიენციის სცენებში. გათავისუფლების შემდეგ მაკკეინი პრეზიდენტმა ნიქსონმა მიიღო.
პრეზიდენტ ნიქსონს ხვდება ასევე ფორესტ გამპიც.
რაც შეეხება ვიეტნამიდან საბჭოთა კავშირში დაბრუნებულ იური ტრუშეჩკინს, ის დააწინაურეს და ლატვიის საჯარისო ნაწილში გადაანაწილეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან ბევრი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა და საბოლოოდ პეტერბურგის მახლობლად, სოფელ კრასნოე სელოში დასახლდა, სადაც 2009 წელს მელანომის დიაგნოზით გარდაიცვალა.