fbpx

Chemical Brothers: ქიმია რუსთავში


გააზიარე სტატია

Image result

სულაც არაა საჭირო ელექტრომუსიკის გურუ ვიყოთ და ზოგადად, ყველა ახალი რელიზი ზედმიწევნით კარგად ვიცოდეთ, არსებობენ მუსიკოსები, რომელთა შემოქმედებაც მაინც სულ თან დაგყვება. მნიშვნელობა არა აქვს, მოგვწონს თუ არა რომელიმე კონკრეტული მელოდია, ის უბრალოდ ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება და გავიგონებთ თუ არა, წამიერად ვიაზრებთ – ეს ის რიტმია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.

ელექტრომუსიკაში ასეთი სულ რამდენიმე მუსიკოსია, მაგალითად, 90-იანებში გაზრდილებს შეუძლებელია ოდესმე The prodigy დაგვავიწყდეს, თავისი მაშინ ზედმეტად ანდროგინული გარეგნობის კით ფლინტით და გამორჩეული ვიდეორგოლებით; მეორე ალბათ Fatboy Slim-ია ზედმიწევნით დასამახსოვრებელი რიტმებით და ჰიტებად ქცეული კომპოზიციებით; მესამე კი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ დაიპყრო ჩვენი გონება, ბრიტანული დუო The Chemical Brothers გახლავთ.

მანჩესტერში დაარსებული დუო ჩვენთან უპირობო ჰიტით – Hey Boy Hey Girl-ით შემოიჭრა და დიდი ხნით დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი, ხოლო ალბომი Surunder ბრიტანელების შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია და დღემდე მოწინავე ადგილი უკავია ელექტრომუსიკის მოყვარულთა შორის. თუმცა დუოს შემოქმედება გაცილებით უფრო ადრე დაიწყო – სახელწოდებით The Dust Brothers.

The Dust Brothers დუოს პირველი არჩევანი გახლდათ და უნდა ვაღიაროთ, საკმაოდ უცნაური არჩევანიც, რადგანაც კონკრეტული სახელწოდებით მუსიკოსებმა პატივი უკვე არსებულ ამერიკულ პროდიუსერულ დუოს მიაგეს, რის გამოც „ძმებს“ სულ მალე ახალ სახელზე მოუწიათ ფიქრი. ახალი სახელწოდებით – The Chemical Brothers – კმაყოფილი თვითონ მუსიკოსებიც არ დარჩენილან, თუმცა მოსალოდნელმა წარმატებამ სახელი პოპულარული გახადა და „ქიმიკოსებს“ სახელწოდების შეცვლაზე აღარც უფიქრიათ.

ედ საიმონსმა და ტომ როულენდსმა ერთმანეთი მანჩესტერში გაიცნეს. როგორც ხდება ხოლმე, მათ საერთო მუსიკალური გემოვნება აღმოაჩნდათ, ორივეზე ზეგავლენა The Smiths-მა და New Order-მა მოახდინა. Big Beat-ის ერთ-ერთი დამაარსებლების შემოქმედებაში მანკუნიანელების ზეგავლენა ყოველთვის აღინიშნებოდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ გამორჩეული პოპულარულობა ძმებს არა მშვენიერმა ალბომებმა, არამედ კონკრეტულმა ჰიტებმა მოუტანეს. თითქოს სკოლის მასწავლებელს საზეპირო დავალებად მიეცა, ისე აითვისა მსმენელმა კომპოზიციები: Hey Boy Hey Girl, Galvanize, Do It Again და Believe.

პირველი ალბომი დუომ 1995 წელს გამოუშვა – სახელწოდებით exit planet dust, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ალბომმა მათ არა მხოლოდ პოპულარობა მოუტანა, არამედ ისეთ მუსიკოსებთან დაახლოვა, რომლებთანაც მომავალში The Chemical Brothers-მა არა ერთი კომპოზიცია ჩაწერა. ზუსტად ორ წელიწადში ძმებმა ალბომი Dig Your Own Hole გამოუშვეს და პირველად მოექცნენ ჩარტების სათავეში. ეს უკვე სრულ აღიარებას ნიშნავდა, რაც ერთი მხრივ, ჩარჩოებისგან ათავისუფლებს ხოლმე მუსიკოსებს, რისი მაგალითიც უკვე ზემოთ ნახსენებ მესამე ალბომში – Surunder-ში ნათლად გამოჩნდა.

წლების განმავლობაში ქიმიურმა ძმებმა არაერთ საინტერესო პროექტზე იმუშავეს, ჯონ რაიტის ფილმისთვის „ჰანა“ საუნდტრეკიც ჩაწერეს, თუმცა Surunder-ის შემდეგ ყველაზე გამორჩეული ალბომი – სახელწოდებით Further 2010 წელს გამოუშვეს. ალბომი იმითაც გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ პირველად დუოს ისტორიაში მასში არ ფიგურირებს მოწვეული სტუმარი, ხოლო ყველა ვოკალურ პარტიას ტომ როულენდსი თვითონ ასრულებს.

ბოლო ჩანაწერი The Chemical Brothers-მა 2015 წელს გამოუშვა – სახელწოდებით Born In The Echoes, რომელშიც ისეთმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან St. Vincent და Beck. კრიტიკოსებმა ჩანაწერი დადებითად შეაფასეს და Further-ის ერთგვარ გაგრძელებადაც კი მონათლეს.

ცალკე თემად შეიძლება ჩაითვალოს ქიმიური ძმების ლაივები, რომელიც არა მხოლოდ მუსიკალურად არის მნიშვნელოვანი, არამედ სანახაობრივადაც – ფსიქოდელიური გამოსახულებებით დახუნძლული უზარმაზარი ეკრანები, ლაზერები და საოცრად ენერგიული აუდიოვიზუალური შოუ. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომაა გასახარი, რომ კონკრეტული შოუს ხილვა პირველ სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში იქნება შესაძლებელი.

წინასწარ დანამდვილებით ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, იქ მისულებს გაჩერება და ერთ ადგილზე დგომა (ეს საერთოდ, დაკვირვებული ვარ, როცა საჭიროა, მაშინაც არ გამოგვდის) ნამდვილად არ მოგვიწევს, ხოლო დუოს ახლანდელ ლაივებსაც თუ თვალს გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ მუსიკოსები ახალ კომპოზიციებთან ერთად ძველ ჰიტებსაც არ მოაკლებენ მსმენელს. აღსანიშნავია, რომ სივრცე The Chemical Brothers-ის შოუსთვის საკმაოდ კარგად არის შერჩეული, რადგანაც დიდი ტერიტორია შოუს ვიზუალურ აღქმაში ძალიან დაგვეხმარება.

8 სტუდიური ალბომი, 4 გრემის ჯილდო და არაერთი უმნიშვნელოვანესი ჰიტი გვაძლევს იმის განცდას, რომ თამამად განვეწყოთ გამორჩეული საღამოსთვის. წინასწარ კი ერთი პატარა რჩევა – პირველ სექტემბრამდე თუ ძველ ჰიტებთან ერთად ქიმიური ძმების ალბომებსაც მოუსმენთ, მერწმუნეთ, იქ მისული უფრო მეტად მომზადებული იქნებით გასართობად და რაც მთავარია, ენერგიის დასახარჯად.
ენერგია კი რუსთავს ნამდვილად არ მოაკლდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.