30 აგვისტო დილიდან
29 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით კუნძული ლიდო ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი წელს 75-ედ ტარდება. ფესტივალის კინოჩვენებების პროგრამა ოსკაროსანი რეჟისორის, დემიენ შაზელის ახალი ბიოგრაფიული ისტორიული დრამით, First Man-ით გაიხსნა. ფილმის მთავარი გმირი ცნობილი ამერიკელი ასტრონავტი ნილ არმსტრონგია, რომლის როლსაც რაიან გოსლინგი ასრულებს. ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალის საპატიო სტუმარი 81 წლის ოსკაროსანი მსახიობი ვანესა რედგრეივია, რომელსაც ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე შემოქმედებითი და ცხოვრებისეული მიღწევებისათვის ოქროს ლომი გადასცეს. რედგრეივისთვის ჯილდოს გადაცემა არა მხოლოდ სამსახიობო კარიერას, არამედ მის სამოქალაქო აქტივობასა და ქველმოქმედებასაც უკავშირდება. მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი, რეჟისორი გილერმო დელ ტორო, რომელმაც ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მსოფლიო ფესტივალების ნომინანტებს შორის გენდერულ დისბალანსზე ისაუბრა, მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ქალ ნომინანტებს, განსაკუთრებით კი ქალ რეჟისორებს.
ვენეციის კინოფესტივალი 8 სექტემბერს დასრულდება. სწორედ ამ დღეს გამოვლინდებიან ფესტივალის საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები.
წყარო: http://www.labiennale.org/en
აკა მორჩილაძის “მამლუქი” 2018 წლის სექტემბრის საუკეთესო წიგნების მოკლე სიაში მოხვდა
სია 30 კრიტიკოსის შეფასების საფუძველზე გერმანულმა რეგიონულმა მაუწყებელმა ვებგვერდზე გამოაქვეყნა. “მამლუქი” გამომცემლობა Weidle Verlag-მა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამოსცა. წიგნი გერმანულად იუნონა გურულმა თარგმნა.
წყარო: https://www.swr.de/swr2/literatur/bestenliste/-/id=98456/1fuhjty/index.html
Hiroshima-ს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა “ჯიბის კაცი” ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ჯიბის კაცი ანა ჩუბინიძის სადებიუტო ნამუშევარია, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო მოიპოვა. რაც შეეხება Hiroshima-ს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალს, ის იაპონიაში 1985 წელს დაარსდა. ფესტივალი 23 აგვისტოს გაიხსნა და 27-ში დაიხურა.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) ორგანიზატორებმა 2018 წლის ფესტივალის პროგრამა გაასაჯაროვეს
სექციაში „დიდოსტატთა კოლექცია“ 8 უცხოელი რეჟისორის ბოლო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი:
- „ალმოდებული“ – ლი ჩანგ-დონგი, სამხრეთ კორეა
- „ექსტაზი“ – გასპარ ნოე, საფრანგეთი
- „ცივი ომი“ – პაველ პავლიკოვსკი, პოლონეთი/საფრანგეთი/დიდი ბრიტანეთი
- „ყველამ ყველაფერი იცის“ – ასგარ ფარჰადი, ესპანეთი/საფრანგეთი/იტალია
- „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“ – ლარს ფონ ტრიერი, დანია/შვედეთი/საფრანგეთი/გერმანია
- „ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი“ – კიმ კი დუკი, სამხრეთ კორეა
- „ფერფლი წმინდა თეთრი ფერია“ – ძია ჯანკე, ჩინეთი/საფრანგეთი
- „ველური მსხლის ხე“ – ნური ბილგე ჯეილანი, თურქეთი/მაკედონიის რესპუბლიკა/ საფრანგეთი/ გერმანია/ბოსნია-ჰერცოგოვინა/ბულგარეთი/შვედეთი
რაც შეეხება სპეციალურ კინოჩვენებას, სექციის ფარგლებში წარმოდგენილია:
1.. „ზაფხული“ – კირილ სერებრენიკოვი, რუსეთი/საფრანგეთი
- “B-ფილმები: ვნება და ხმაური დასავლეთ ბერლინში 1979-1989” – კლაუს მაეკ, იორგ ჰოპპე, ჰეიკო ლანგე, გერმანია
- „სიმონ პეტლიურას საიდუმლო დღიური“ – ოლეს იანჩუკი, უკრაინა
კინოჩვენებები გაიმართება „აპოლოში“, სასტუმრო Wyndham-ის კონფერენსდარბაზში და ღია ცის ქვეშ, ერას მოედანზე
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 16 – 23 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
წყარო: https://www.facebook.com/BIAFFBATUMI/
ეროვნულმა ბანკმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ახალი საკოლექციო მონეტა მიუძღვნა
წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მოვლენას გამოეხმაურა და მის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა – “ქართული წიგნი” გამოუშვა. პრეზენტაცია 29 აგვისტოს ეროვნულ ბანკში გაიმართა. ახალი მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა. საკოლექციო მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 75 ლარია.
წყარო: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3434
არეტა ფრანკლინს ხვალ, 31 აგვისტოს მშობლიურ ქალაქ დეტროიტში დაკრძალავენ
ამ დღეს მუსიკოსს პატივს კოლეგები სპეციალური მუსიკალური გამოსვლებით მიაგებენ. არეტა ფრანკლინის დაკრძალვაზე სტივ ვანდერი, ჯენიფერ ჰადსონი, ჩაკა ხანი და სხვები იმღერებენ. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსების სიას 25 წლის პოპ შემსრულებელი არიანა გრანდე დაემატა. დაკრძალვის ცერემონიალი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას ამერიკული ტელეარხები პირდაპირ ეთერში გადასცემენ.
წყარო: https://pitchfork.com/news/aretha-franklins-funeral-to-be-live-streamed-broadcast-on-tv/
ახლახან ინტერნეტში ნატალი პორტმანის მონაწილეობით გადაღებული მუსიკალური დრამის, Vox Lux-ის პირველი კადრები გავრცელდა
რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადის მთავარი გმირი სცენაზე. მედიისა და ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება ნატალი პორტმანის გმირის სასცენო იმიჯმა მიიქცია. დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ კოსტიუმის დიზაინის კონცეფცია დევიდ ბოუის სასცენო ჩაცმულობით არის შთაგონებული, ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ ინსპირაცია ნატალი პორტმანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლიდან – “შავი გედიდან” იღებს სათავეს. ფილმის დახურული პრემიერა 4 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალზე შედგება.
წყარო: https://www.indiewire.com/2018/08/vox-lux-first-footage-natalie-portman-pop-star-1201998346/
Manchester United F.C.-ის მთავარ მწვრთნელზე – ალექს ფერგიუსონზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
პროექტზე ბრიტანული კინომწარმოებელი კომპანია DNA Films მუშაობს. კომპანიაში შექმნილ ცნობილ ფილმებს შორისაა Trainspotting, Love actually, The Last King Of Scotland, EX Machina და სხვა. დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ალექს ფერგიუსონის შვილი, ჯეისონ ფერგიუსონი იქნება. ინფორმაცია DNA Films-ის პროდიუსერებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/news/manchester-united-icon-alex-ferguson-doc-works-1137950