გუდიაშვილის მოედნის უახლესი არქეოლოგია და რეაბილიტაციის პრობლემები
რამდენიმე ათეული ქვევრი, სამი თონე, კერამიკის ჭურჭელი და მონეტები გუდიაშვილის მოედნის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. სპეციალისტების წინასწარი შეფასება, რომ ეს ტერიტორია არქეოლოგიური კუთხით ჯერ კიდევ შესასწავლია, მიწისქვეშა სამუშაოების დაწყების შემდეგ სრულად გამართლდა.
მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლით და შენობების საძირკვლის გამაგრებით დაიწყო. სახლების სარდაფები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მიწით იყო დაფარული, გაიწმინდა და გამოჩნდა არქეოლოგიური ფენები.
შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ არქეოლოგების ჯგუფი გამოყო. არქეოლოგები ადგილზე მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან და თავადაც მონაწილეობენ სამუშაოებში.
არტეფაქტების კვლევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა წინასწარი შეფასებით არქეოლოგიური მასალა მე-18 საუკუნის ბოლო პერიოდით და მე-19 საუკუნის დასაწყისით თარიღდება.
თბილისის ჰამქარის წარმომადგენლის, ცირა ელისაშვილის თქმით, ამ აღმოჩენებს ქალაქის ისტორიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს:
„დღევანდელი ძველი თბილისი მე-19 საუკუნის ქალაქია, მაგრამ იგივე გუდიაშვილის მოედანზე ამ არქიტექტურის ნაფუძარი არის კიდევ უფრო ძველი. სარდაფებში აიყარა იატაკი და გამაგრებითი სამუშაოები რამდენიმე მეტრის სიღრმეში დაიწყო. შენობების ქვევით გამოჩნდა ნასახლარი ტერიტორია.“
სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს იყენებდნენ კონსტრუქციული გამაგრების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს შენობის გამაგრების მიზნით საძირკვლის სიღრმეში ბეტონის ჩასხმას. არქეოლოგიური ფენის და ნასახლარების აღმოჩენამ შენობების გამაგრების ეს მეთოდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუ მუშაობას ისევ ამ გეგმით გააგრძელებდნენ, ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი არქეოლოგიური ფენა ბეტონის ქვეშ მოექცეოდა. კონსტრუქტორებთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამაგრების მეთოდი შეეცვალათ.
ცირა ელისაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში გამოსავალია ეგრეთ წოდებული ლენტური გამაგრება, რომელიც მხოლოდ საძირკვლის კედლებთან მიმართებაში კრავს შენობას და სხვა სივრცეები თავისუფალი რჩება. კორექტირებული პროექტი „თბილისის განვითარების ფონდმა“ დასამტკიცებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიაწოდა, თუმცა ბიურომ პროექტის შეცვლაზე უარი განაცხადა და მისი გაგრძელება ისევ ძველი გეგმით მოითხოვა.
„თბილისის ჰამქარში“ აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო ექსპერტიზის ბიურომ ამგვარი გადაწყვეტილება: „თუ დასაბუთება არ იყო საკმარისი რატომ იცვლება პროექტი და გამაგრების მეთოდი, მაშინ მესმის სამხარაულის მხარის პოზიცია. თუ ეს ყველაფერი ნათლად იყო განმარტებული, მათი ექსპერტები ადგილზე იყვნენ და მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს უკვე ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპებს. საბოლოოდ როგორ დასრულდება მოლაპარაკების პროცესი, რთული სათქმელია. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თუნდაც საზოგადოების ჩართულობით მივაღწიოთ ისეთ შედეგს, რაც ქალაქის ინტერესებში შედის.“
“თბილისის ჰამქარის” იდეაა გუდიაშვილის მოედანზე მომავალში სამუზეუმო სივრცე განთავსდეს: „ბევრს ვფიქრობთ, როგორი უნდა იყოს გუდიაშვილის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ – ეს ადგილი იძლევა შესაძლებლობას როგორც ფართობიდან, ასევე ახალი აღმოჩენებიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ტიპის მუზეუმი გაკეთდეს. ერთ-ერთი უნდა იყოს გუდიაშვილის მოედნის მუზეუმი, სადაც განთავსდება არქეოლოგიური მონაპოვარი და არქეოლოგიური პლასტები“.
2018 წლის მარტში თბილისის მერიისა და „თბილისის განვითარების ფონდის“ ეგიდით გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის შემდგომ სავარაუდო სურათს წარმოგვიდგენს. მოახდენს თუ არა გავლენას ამ გეგმაზე ბოლოდროინდელი არქეოლოგიური აღმოჩენები, ჯერჯერობით უცნობია.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტზე საუბარი 2007 წლიდან დაიწყო. პროექტის განხორციელება დროში გაიწელა და ამ პერიოდში ერთი შენობა დაინგრა, კიდევ რამდენიმე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ცირა ელისაშვილის შეფასებით, პროექტებს, რომლებსაც „თბილისის განვითარების ფონდი“ სხვადასხვა პერიოდში საზოგადოებას სთავაზობდა, არანარი კავშირი არ ჰქონდა ისტორიული მოედნის რეაბილიტაციასთან:
„ყველა ეს პროექტი ითვალისწინებდა არა რესტავრაციას და კონსერვაციას, არამედ დანგრევას და ხელახლა აშენებას, ძველთან მიმსგავსებას, სართულის დაშენებას. იმას, რასაც მივეჩვიეთ და რეაბილიტაციის დეფინიციით კეთდება, მაგრამ არანაირი კავშირი არ აქვს მემკვიდრეობის დაცვასთან. გუდიაშვილის ორ ნომერს, რომელიც იმ პერიოდის თბილისის სავიზიტო ბარათი იყო, გამაგრების პროცესი იმდენად ცუდად ჩაუტარდა, რომ დღეს შენობაზე არასწორად გაკეთებულ ძველ გამაგრებას ხსნიან.“
2011 წელს კომპანია „ზეჰნერ ენდ ზეჰნერის“ არქიტექტორთა საიტზე გუდიაშვილის განახლებული მოედნის ესკიზები / humanrights.ge
გუდიაშვილის მოედნის გარშემო სულ 11 შენობა დგას. პრაქტიკულად ყველა მათგანი ისტორიული მნიშვნელობისაა, თუმცა განსაკუთრებით გამორჩეულია მოედნისა და ლერმონტოვის ქუჩის კუთხეში მდგარი სახლი, რომელშიც საბჭოთა პერიოდში „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქცია იყო განთავსებული, რუსეთის იმპერიის დროს კი – რუსული არმიის შტაბი და ჰაუპტვახტი.
ვანგოგენ მედია გრუპ / vangogen.blogspot.com