fbpx

ლიფტის ყუთების წარმოშობა და ევოლუცია


გააზიარე სტატია

 

თხუთმეტიოდე წლის წინ დედაქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებში ხურდის ჩასაყრელი პირველი ყუთების დამონტაჟება დაიწყო და დღეისათვის თბილისის კორპუსების დიდი ნაწილი მოიცვა. გამოჩენის დღიდან ეს მექანიზმი მოსახლეობაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, თუმცა, მეორე მხრივ, ლიფტის მომსახურების საფასურის გადახდის ყველაზე ეფექტიანი საშუალება აღმოჩნდა.

„ხურდიანი ლიფტები“ წმინდად ქართული ფენომენია, მას სხვაგან ვერსად შეხვდებით და ის, ისევე როგორც ბევრი სხვა დანარჩენი, „ეპოქის მონაპოვარია“, რომელმაც “იმუშავა”, შემორჩა და განვითარების სხვა საფეხურზეც გადავიდა.

ლიფტის ყუთის ისტორია რიგით მოქალაქეს, ბაჩო შარაშენიძეს უკავშირდება, რომელმაც 90-იანი წლების ბოლოს თბილისის ერთ-ერთ კორპუსში, მე-16 სართულზე შეიძინა ბინა. ლიფტი მუდმივად გაუმართავი იყო და მან საკუთარ თავზე აიღო მეზობლებში თანხის შეგროვება და ლიფტის შეკეთებაზე ზრუნვა. ეს საქმე ძალიან გართულდა, რადგან ფულის აგროვება, მით უმეტეს 90-იან წლებში, რთული ამოცანა იყო.

ამის გამო ბაჩო შარაშენიძემ, რომელიც ტექნიკაში კარგად ერკვეოდა და ხელობაც ეხერხებოდა, “ურჩ გადამხდელებს” ლიფტში საკუთარი ხელით დამზადებული კუსტარული მოწყობილობა დაუმონტაჟა, რომელიც ხურდის ჩაგდების გარეშე ლიფტის კაბინას დაძვრის საშუალებას არ აძლევდა. ლიფტში დამონტაჟებულმა მექანიზმმა გაამართლა და ბაჩო შარაშენიძემ გადაწყვიტა, ეს საქმე ბიზნესად ექცია. ასე დაარსდა საქართველოში პირველი კომპანია “კომპიუტერ ლენდი”, რომელმაც ლიფტის ყუთების წარმოება დაიწყო.

“კომპიუტერ ლენდი” დღესაც არსებობს და ის ლიფტის ყუთების ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. 2003 წლიდან ჩნდება „კომპიუტერ ლენდის“ კონკურენტი კომპანიებიც, და დღეს თბილისში ამგვარ მექანიზმებს უკვე 10-ზე მეტი საწარმო ამზადებს. ეს კომპანიები, ძირითადად, მომხმარებელს კომუნიკაციისა და მომსახურების ორნაირ სერვისს სთავაზობენ:

  1. კომპანია მხოლოდ ყუთის დაყენებაში ითხოვს ერთჯერადად თანხას და „ამხანაგობა“ ლიფტის შემდგომი მომსახურებისთვის სხვა კერძო კომპანიასთან ან კერძო პირთან აფორმებს ხელშეკრულებას, თავად განკარგავს ლიფტიდან ამოღებულ თანხას, იხდის სადარბაზოს განათების და სხვა საჭირო მომსახურების საფასურს.
  2. კომპანია, რომელიც ამონტაჟებს აპარატს, ასევე იღებს ვალდებულებას, ლიფტის დაზიანების შემთხვევაში, მის შეკეთებასა და ასევე სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებაზეც იზრუნოს. იხდის სადარბაზოში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს (ხანდახან ამ თანხაში შედის სადარბაზოს დასუფთავება, მცირე რემონტი და სხვა).

როგორც ყველა მექანიზმს, ლიფტებში დაყენებულ ბოქსებსაც აქვთ ტექნიკური განვითარების პერსპექტივა. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში იხვეწება და თანამედროვეობას ერგება. მაგალითისათვის, კომპანია „ნიუ ლიფტ ჯორჯია“-მ შეიმუშავა ახალი მექანიზმი, რომელიც საბარათე სისტემით მუშაობს, თუმცა ხურდის მიღების ფუნქციასაც ინარჩუნებს. ბარათი 2 ლარი ღირს და მასზე თანხის შეტანა ფეი-ბოქსითაა შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ ამ სერვისის საშუალებით მოსახლეობა თავისუფლდება “ხურდის შეგროვების სინდრომისაგან”, ახალ ბოქსებს სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაც აქვთ: ლიფტის გაფუჭების შემთხვევაში, კაბინაში მყოფი ადამიანი ღილაკის მეშვეობით ოპერატორს უკავშირდება და დანიშნულების ადგილზე სასწრაფოდ იგზავნება ტექნიკური სამსახური.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი კოტე მჭედლიშვილი ამბობს, რომ მომავალში შესაძლოა ამ ბარათით საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობაც იყოს შესაძლებელი.

როგორც ჩანს, ფასიანი ლიფტები ჯერ კიდევ განვითარების და დახვეწის პროცესშია. უნდა ვივარაუდოთ, რომ “ნიუ ლიფტ ჯორჯიასაც” გაუჩნდება ახლად გამოჩეკილი კონკურენტები, რომლებიც ლიფტების მომსახურების სფეროს ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ და “ექსკლუზიურად ქართულ” სერვისს შეჰმატებს. არადა 90-იანი წლების ბოლოს ეს კუსტარულად და სახელდახელოდ გამოგონილი ყუთი ისე მიიჩნეოდა, როგორც დროებითი გამოსავალი და მოვლენა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა – უსაფუძვლოდ.


რეკომენდებული სტატიები
10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტი მოიცვა საგანმანათლებლო რესურსების ბუმმა, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.