თინა კილაბერიძის ავეჯის გამოფენა ნიუ იორკის გალერეაში
“მირჩევნია ვიცხოვრო მონასტერში, ვიდრე არაორგანიზებულ ადგილას”, – ამბობს თინათინ კილაბერიძე, მსოფლიოს არტ წრეში საყოველთაოდ ცნობილი ქართველი დიზაინერი, რომლის ავეჯის ახალ კოლექციას ნიუ-იორკში ვალერი გუდმანის გალერეა 13 სექტემბრიდან მასპინძლობს.
თინათინის ბოლო კოლექცია ძირითადად იდეალური წრეებისა და სწორი კუთხეებისგან შედგება, რაც მიგვანიშნებს ავტორის სიყვარულზე წესრიგისა და იდეალიზმის მიმართ.
გამოფენის ერთ-ერთი ძლიერი ექსპონატი, ვიწრო და გრძელი სკამი, რომლის საყრდენი ნაწილიც მრავალი სწორი დანაყოფისგან შედგება, კოლონადის მყარ, სოლიდურ რიტმს გადმოგვცემს, ხოლო ჭარბად გამოყენებული ძვირფასი ხე თინას უაღრესად ფხიზელ და მკაცრ დიზაინს ფუფუნების უდარდელობას მატებს.
ფუფუნების უდარდელობას ეხმიანება მისი რბილი სავარძელი ფეხის დასადებით და კონტრლინეური ფაქტურით.
კოლექციის მორიგი იდეალისტური წევრი მუხის სკამია, იდეალურად სწორკუთხა ფრონტით და ქვემოთ მოულოდნელად გაფართოებული უკანა ფეხებით.
სპილოსძვლისფერში გარდამავალი აბრეშუმის თეთრი ბალიშები და ნატიფად დამუშავებული ხე იმავე თავშეკავებულ ფუფუნებაზე მიგვანიშნებენ, რაზეც წინა ეგზემპლარები. მთლიანად სკამი კი მინიმალისტურ ფეხსაცმელს მოგვაგონებს ექსტრავაგანტური ქუსლით.
თინა დიდ ყურადღებას უთმობს მასალის შერჩევას, დამუშავებასა და სრულყოფას. ის არ იყენებს არანაირ ლაქსა და საღებავს. “ობიექტის სული მდგომარეობს ხის ხაზებსა და წერტილებში, მის ფერსა და ტაქტილურობაში”, – ამბობს დიზაინერი.
თინას უყვარს სისადავე, გეომეტრია და წონასწორობა. მისი მოდერნისტული ფილოსოფია არასოდეს ეწინააღმდეგება ბუნებრიობის სიყვარულს.
თინათინ კილაბერიძის გამოფენა ნიუ-იორკში, ვალერი გუდმანის გალერეაში 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.